დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.03.2026
საქმის ნომერი
ას-717-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-717-2025 5 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ქ–ძე, ბ.ბ–ი, ლ.ბ–ი, მ.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ.ბ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ქ–ძის, ბ.ბ–ის, ლ.ბ–ის, მ.ბ–ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. გ.ბ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით: №..........., არ გააჩნია კავშირი საჯარო გზებთან (არც საფეხმავლო და არც საავტომობილო), ასევე, მასში საჯარო გზიდან, არ იყო შეყვანილი კომუნიკაციები (ელექტრო ენერგია, წყლის მილი, წყალარინების მილი).

2.2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გარშემო მდებარეობს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ........ / ......... | ........ / ........ / ....... / ......... / ..........

2.3. მოსარჩელეს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისვლისა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა არ ეძლეოდა ნაკვეთთან მისასვლელი გზისა და მეზობლებთან ამგვარი გზის გამოყოფასთან დაკავშირებული შეთანხმების მიუღწევლობის გამო.

2.4. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა უნდა დადგენილიყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ–ის“ დასკვნისა და ი/მ ვ.ე–ის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის შესაბამისად.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. თავდაპირველმა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა მიწის ნაკვეთში მისასვლელი გზის მოწყობისთვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში დასახელებული სამი ვარიანტიდან კონკრეტულად სარჩელით მოთხოვნილი მე-2 ვარიანტის უალტერნატივობას.

3.2. მოპასუხეებმა ბ.ბ–მა, ი.ქ–ძემ, ლ.ბ–მა და მ.ბ–მა ასევე, არ ცნეს სარჩელი და მის დაუსაბუთებლობაზე მიუთითეს. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა ესარგებლა დასკვნაში მითითებული მე-2 და მე-3 ვარიანტების გაერთიანებით, რადგან სახელმწიფოს კერძო პირთან შედარებით მომეტებული ვალდებულება აქვს უზრუნველყოს მესაკუთრე აუცილებელი კავშირით საჯარო გზებთან და ამდენად, საავტომობილო გადაადგილების უზრუნველყოფა სწორედ მან უნდა იკისროს. მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ კომუნალური გაყვანილობის მოწყობა შესაძლებელია მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მოეწყოს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, დადგინდა აუცილებელი გზა №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №00320522 დასკვნაში მითითებული მე-2 ვარიანტისა და ამ ვარიანტის მიხედვით დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ ექსპერტიზის დასკვნის დანართი №3-ის მიხედვით, ი/მ ვ.ე–ის მიერ მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, 56 კვ.მ ფართობზე აუცილებელი გზა დადგინდა ს/კ №......... მიწის ნაკვეთზე, 31 კვ.მ ფართობის აუცილებელი გზა - ს/კ №....... მიწის ნაკვეთზე და 56 კვ.მ ფართობის აუცილებელი გზა - ამ ნაკვეთების გვერდით დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე.

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრეს ი.ქ–ძემ, ბ.ბ–მა, ლ.ბ–მა და მ.ბ–მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

5.2. სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და განმარტა, რომ მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებისათვის. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არ არსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოებების არსებობა ყველა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი.

5.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ, რომ მოსარჩელემ დაადასტურა სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის განსაზღვრული პირობების არსებობა, კერძოდ, პალატამ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან წვდომა არ გააჩნდა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ვარიანტი აუცილებელი გზის მოსაწყობად ყველაზე გონივრული იყო. სახელდობრ, პალატამ მოიხმო საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ–ს“ მიმართა ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.01.2022 წლის №000320522 დასკვნაში მითითებული გზის მოწყობის სამი ვარიანტიდან ოპტიმალური ვარიანტის განსასაზღვრად. 2022 წლის 4 მარტის №03/05 ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ს/კ №......... ჯეროვანი გამოყენებისათვის, მათ შორის სამშენებლოდ განვითარების უზრუნველსაყოფად (გზის სიგანე 3,5 მეტრი), აუცილებელი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგების ქსელებთან უნდა მომხდარიყო კ.გ–ის ქუჩიდან მიწის ნაკვეთების ს/კ №........, ს/კ №......... ფართებისა და დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით (ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 20.01.2022წ გაცემული №00320522 დასკვნაში მითითებული №2 ვარიანტი). ამავე დოკუმენტით დადგინდა, რომ აუცილებელი გზის მოწყობა უნდა მომხდარიყო დანართი №2-ზე მიწის ნაკვეთის ს/კ №.......... საჯარო გზასთან დასაკავშირებელი გზების სქემატური ნახაზის მიხედვით, რომელზეც აღნიშნული გზა წითლად იყო მონიშნული.

5.4. სააპელაციო პალატის შეფასებით, ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ემყარებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არ შეიცავდა ბუნდოვან ჩანაწერებს, მეტიც, მისი კვლევითი და დასკვნითი ნაწილების შინაარსი მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული და კითხვის ნიშნებს არ ტოვებდა. მეტიც, ექსპერტი არგუმენტირებულად მსჯელობდა მასზედ, რომ შპს „ვ–ის“ დასკვნაში არა მხოლოდ საუბარი იყო აუცილებელი გზის დასადგენად არსებულ ალტერნატივებზე, არამედ კვლევით ნაწილში განხილული იყო თითოეული შესაძლებლობის ობიექტურობა. სასამართლომ აგრეთვე ყურადღება მიაპყრო ექსპერტის მითითებას თითოეულ ალტერნატივასთან დაკავშირებით, და მიუთითა, რომ დასკვნაში ასახული პირველი ალტერნატივის თაობაზე, ექსპერტმა განმარტა, რომ გზის მოწყობის შემთხვევაში იგი მთლიანად გაივლიდა მიწის ნაკვეთზე ს/კ №........, რომელზეც არ იყო საკომუნიკაციო ქსელები და ამავდროულად, ამ ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე ს/კ №......... მოსაჭრელი იქნებოდა ნაკვეთზე არსებული ხეები. მესამე ვარიანტად მითითებულ გზაზე მიუთითებდა, რომ გზის მოწყობა ამ ლოკაციაში დაუშვებელი იყო მაღალი ძაბვის ხაზის ანძის არსებობის გამო. შესაბამისად, სწორედ მეორე შესაძლებლობა მიიჩნია ექსპერტმა ოპტიმალურად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ კ.გ–ის ქუჩის ნაპირზე მოწყობილი იყო წყალმომარაგების ჭები, იდგა ელ. მომარაგების ბოძი და ამ ვარიანტით გზის გაყვანის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისთვის კომუნიკაციების გაყვანა დაკავშირებული იქნებოდა მინიმალურ დანახარჯებთან. ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ ამგვარად გზის მოწყობის შემთხვევაში, გზის მოხვევის რადიუსი უფრო მეტია ვიდრე გზის მოწყობის პირველ ვარიანტში, რაც უფრო მოსახერხებელს ხდიდა სპეცტექნიკის (სახანძრო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ა.შ.) მისვლას მოსარჩელის მიწის ნაკვეთში. მოხმობილი გარემოება, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც იგი გეგმავდა საცხოვრებელი სახლის აშენებას კუთვნილ ნაკვეთში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ აპელანტის შედავება ექსპერტიზის დასკვნის შინაარსობრივ ბუნდოვანობაზე დაუსაბუთებელი იყო და ვერ იქნებოდა გაზიარებული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი მხრიდან სხვა, ალტერნატიული მტკიცებულება (საექსპერტო დასკვნა), რაც საქმეში წარმოდგენილი დასკვნით დადგენილ გარემოებებს გააბათილებდა, სასამართლოსთვის არ ყოფილა შეთავაზებული.

5.5. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების არც ის პრეტენზია, რომ შპს „ვ–ის“ მიერ მომზადებული ექსპერტის დასკვნა ეფუძნებოდა ძალადაკარგულ სამართლებრივ აქტს - საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის N139 დადგენილებას (ძალადაკარგულად გამოცხადდა 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ). პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა, ვინაიდან წარმოდგენილი დასკვნა არ ადგენდა მშენებლობისთვის საჭირო კონკრეტულ საკითხებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა ექსპერტიზის დასკვნის გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა ვერ უზრუნველყო.

5.6. გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, სააპელაციო პალატამ აპელანტების შედავების საფუძველზე, ასევე, იმსჯელა აუცილებელი გზის სანაცვლოდ მოსარჩელისთვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში ამგვარი მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევა და მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა გამორიცხული იყო.

5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრეს ი.ქ–ძემ, ბ.ბ–მა, ლ.ბ–მა და მ.ბ–მა, რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორები მიუთითებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების უზუსტობაზე და აღნიშნავენ, რომ შპს „ვ–ის“ დასკვნაში არასწორადაა მითითებული თითქოს გასავლელ გზაზე არ არსებობს საკომუნიკაციო ქსელები, მართალია კონკრეტულად დასკვნაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ......... არ არის საკომუნიკაციო ქსელები, თუმცა მის სიახლოვეს არსებობს ამგვარი კომუნიკაციები ვინაიდან გზის მეორე მხარეს ცხოვრობს მოსახლეობა და შესაბამისად სარგებლობენ ამგვარი კომუნიკაციებით. კასატორები ასევე უთითებენ, რომ სრულიად უმართებულოა დასკვნაში მითითებული გარემოება ამავე ნაკვეთზე, ხეების მოჭრის აუცილებლობის შესახებ, რადგან არსებობს ძველი გზა, რომელზეც ალაგ-ალაგ ამოსულია არა ხეები, არამედ ბუჩქები და რომელთა მოჭრაც დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. კასატორები ასევე, არ იზიარებენ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მესამე ვარიანტის გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე მითითებასაც და აღნიშნავენ, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების მიმდებარედ სამუშაოების საწარმოებლად არსებობს გარკვეული უსაფრთხო დისტანცია, რომელიც ნორმატიული აქტითაა მოწესრიგებული და რომელიც ექსპერტს გამოკვლეული საერთოდ არ აქვს.

6.2. კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით არ არის გამოკვლეული მოპასუხე ბ.ბ–ის მიერ სადავო ნაკვეთში დაწყებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტი, მას სახლის მშენებლობის მიზნებისთვის ნაკვეთზე მოჭრილი და გატანილი აქვს დიდი რაოდენობით მიწა, რაც ექსპერტის მიერ შეფასების შემთხვევაში, დასახელებული შესაძლებლობის აუცილებელი გზის გამოსაყენებლად დამაბრკოლებელი გარემოება გახდებოდა.

6.3. კასატორების მტკიცებით, მითითებული გარემოებების გამო, დასკვნა, რომელსაც დაეფუძნა გადაწყვეტილება ბუნდოვანია და დაუსაბუთებლად ხელყოფს მესაკუთრეთა ინტერესებს.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, ი.ქ–ძის, ბ.ბ–ის, ლ.ბ–ისა და მ.ბ–ის, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......... , ს/კ №............ საკუთრების უფლებით ირიცხება გ.ბ–ის სახელზე. უძრავ ნივთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგების ქსელებთან;

- საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონებები, მდებარე: ქ. თბილისი, ............., „ა–ნი“, 800.00 კვ.მ., ს/კ №...... და ქ. თბილისი, .........., „ა–ნი“, №.......-ის მიმდებარედ, 323.00 კვ.მ ს/კ №.......... საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხეების: ბ.ბ–ის, ი.ქ–ძის, ლ.ბ–ისა და მ.ბ–ის სახელზე.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის კანონიერება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.; სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

15. ხაზგასასმელია, რომ ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1901-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როცა აუცილებელ გზაზეა საუბარი, აქ, ცხადია, მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა არ იგულისხმება, მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 109; ასევე სუსგ საქმე №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები). აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 იანვრის N000320522 დასკვნა, რომლის თანახმად: ქ. თბილისი, ........., ......... მდებარე №.......... საკ. კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფაქტობრივი მდგომარეობით მისასვლელი გზა არ გააჩნია. რეგისტრირებული მონაცემებით №.......... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრება დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (დანართი №1), შესაბამისად საკვლევ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შეუძლებელია ისე, რომ არ მოხდეს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე გავლა. განხილულ იქნა გზის მოწყობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი (დანართი №2-3, ლურჯად მონიშნული), რომლის მოწყობისთვის საჭიროა შედგეს შესაბამისი პროექტი კომპეტენტური სამსახურების მიერ. აღნიშნულის შედგენის შემდგომ შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე უნდა გაიაროს გზამ და რა რაოდენობის ფართს მოიცავს. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვექტორის“ მიერ 2022 წლის 4 მარტს მომზადებული №03/05 ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთს ს/კ №......... ამჟამად არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგების ქსელებთან. მიწის ნაკვეთის ს/კ №......... ჯეროვანი გამოყენებისათვის, მათ შორის სამშენებლოდ განვითარების უზრუნველსაყოფად (გზის სიგანე 3,5 მეტრი), აუცილებელი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგების ქსელებთან უნდა მოხდეს კ.გ–ის ქუჩიდან მიწის ნაკვეთების ს/კ №..........., ს/კ №.......... ფართების და დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით (ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 20.01.2022წ გაცემული №00320522 დასკვნაში მითითებული №2 ვარიანტი). აუცილებელი გზის მოწყობა უნდა მოხდეს დანართი №2-ზე მიწის ნაკვეთის ს/კ №........ საჯარო გზასთან დასაკავშირებელი გზების სქემატური ნახაზის მიხედვით, რომელზეც აღნიშნული გზა წითლად არის მონიშნული. აუცილებელი გზა დადგენილი და გაყვანილი უნდა იქნას დანართი №3-ში შედგენილი სქემატური ნახაზის (ესკიზის) მიხედვით. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული დასკვნის კვლევით ნაწილში შეფასებულია თითოეული ვარიანტი, სადაც აღნიშნულია, რომ I ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, იგი მთლიანად გაივლის მიწის ნაკვეთზე ს/კ №............ (იხ. დანართი №1, №2). არც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და არც მის სიახლოვეს არ არის საკომუნიკაციო ქსელები (იხ. ფოტო №2, დანართი №1). ამ ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე ს/კ №.......... მოსაჭრელი იქნება ნაკვეთზე არსებული ხეები. II შესაძლებლობასთან მიმართებით ექსპერტი უთითებს, რომ გზის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთში ს/კ №.......... მისასვლელი გზა ნაწილობრივ განთავსდება დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე (იხ. ფოტო №1, №3, №4), რომელიც მდებარეობს მიწის ნაკვეთის ს/კ №.........-ის მარცხენა მხარეს (სიგანით 1.0 – 1.2 მ) და ნაწილობრივ გამოყენებული იქნება მიწის ნაკვეთების ს/კ №......... და №........... ფართები (იხ. დანართი №1, №2, №3). ........... ქუჩის ნაპირზე მოწყობილია წყალმომარაგების ჭები (იხ. ფოტო №7, №8, №9), დგას ელ. მომარაგების ბოძი (იხ. ფოტო №6) და ქუჩის ს/კ №.......... მხარეს გადის ბუნებრივი აირის მილი (იხ. ფოტო №10, №11, №12 დანართი №1). ამ ვარიანტით გზის გაყვანის შემთხვევაში მიწის ნაკვეთისთვის კომუნიკაციების (წყალმომარაგების, ელ.მომარაგების და ბუნებრივი აირის ქსელები) გაყვანა დაკავშირებული იქნება მინიმალურ დანახარჯებთან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ გზით შესაძლებელია შემდგომში ისარგებლოს მიწის ნაკვეთის ს/კ №..........-ის მფლობელმაც (იხ. ფოტო №5), ვინაიდან დღეის მდგომარეობით ეს მიწის ნაკვეთიც იზოლაციაშია და მას არ გააჩნია ჯეროვანი მისასვლელი გზა საერთო სარგებლობის გზასთან. ამ ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში გზის მოხვევის რადიუსი უფრო მეტია ვიდრე გზის მოწყობის I ვარიანტში, რაც უფრო მოსახერხებელს ხდის სპეცტექნიკის (სახანძრო, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების და აშ.) მისვლას მიწის ნაკვეთში ს/კ №........... ხოლო, ამავე დასკვნაში მითითებულ III ვარიანტით გზის მოწყობის შესაძლებლობასთან მიმართებით აღნიშნულია, რომ ამ პირობებში (კ.გ–ის მე-4 ჩიხის გავლით) გზა გაივლის მაღალი ძაბვის ხაზის გასწვრივ იქვე მდებარე მაღალი ძაბვის ხაზის ანძასთან (იხ. დანართი №1, №2, ფოტო №6). მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზს გააჩნია უსაფრთხოების ზონები, რომლის არეალში დაუშვებელია სხვადასხვა აქტივობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გზის მოწყობა ამ ლოკაციაში დაუშვებელია.

19. მოხმობილი შეუცილებადი მტკიცებულების კვლევის შედეგად, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიუთითა და დაადასტურა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნები, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეებზე გადადის. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები (კასატორი) შეედავნენ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებსს, ისინი შემოიფარგლა ზეპირსიტყვიერი შედავებით, ხოლო ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება ან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გაბათილდებოდა მოსარჩელის მტკიცება, წარმოდგენილ დასკვნაზე დაყრდნობით, და სასამართლოს დაარწმუნებდა ალტერნატიული გზის არსებობასა და მის ოპტიმალურობაში, მოპასუხეებს არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმატებით დაადასტურა მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებები და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა - აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობა დაადასტურა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1111-2024, 13.11.2024წ.).

20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საქმის განხილვაზე.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ი.ქ–ძის, ბ.ბ–ის, ლ.ბ–ისა და მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ი.ქ–ძეს, ბ.ბ–ს, ლ.ბ–სა და მ.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ ი.ჯ–ის მიერ 16.06.2025წ. №5907 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი