დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ას-891-2025
05 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი – შპს „ვ.დ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.პ–ვი, ს.ვ–ში (მოსარჩელეები)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.პ–ვისა და ს.ვ–შის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „მ.დ–ს“ მოსარჩელე ა.პ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა 250 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე ა.პ–ვს უარი ეთქვა მოპასუხე შპს „მ.დ–ისათვის“ ყოველწლიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე 250 000 აშშ დოლარის 10% სარგებლის დაკისრებაზე. მოპასუხე შპს „მ.დ–ს“ მოსარჩელე ს.ვ–შის სასარგებლოდ დაეკისრა - 250 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე ს.ვ–შს უარი ეთქვა მოპასუხე შპს „მ.დ–ისათვის“ ყოველწლიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე 250 000 აშშ დოლარის 10% სარგებლის დაკისრებაზე. მოსარჩელეებს ა.პ–ვსა და ს.ვ–შს უარი ეთქვათ მოპასუხე შპს „ვ.დ.ა–ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა.პ–ვმა, ს.ვ–შმა და შპს „მ.დ–მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „მ.დ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა.პ–ვის და ს.ვ–შის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2, 1.3, 1.4, მე-2, მე-3 და მე-4-7 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „მ.დ–სა“ და შპს „ვ.დ.ა–ს“ მოსარჩელე ა.პ–ვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 250 000 აშშ დოლარის გადახდა; შპს „მ.დ–სა“ და შპს „ვ.დ.ა–ს“ ა.პ–ვის სასარგებლოდ 2020 წლის 14 ივნისიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ 250 000 აშშ დოლარის ყოველწლიურად 2.5% სარგებლის გადახდა; შპს „მ.დ–სა“ და შპს „ვ.დ.ა–ს“ მოსარჩელე ს.ვ–შის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 250 000 აშშ დოლარის გადახდა; შპს „მ.დ–სა“ და შპს „ვ.დ.ა–ს“ ს.ვ–შის სასარგებლოდ 2020 წლის 14 ივნისიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ 250 000 აშშ დოლარის ყოველწლიურად 2.5% სარგებლის გადახდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, კასატორ შპს „მ.დ–ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.
აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 12 აგვისტოს.
2025 წლის 18 აგვისტოს, კასატორის წარმომადგენლმა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, შპს „მ.დ–ის“ შუამდგომლობა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „მ.დ–ს“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2025 წლის 26 ნოემბერს.
2025 წლის 01 დეკემბერს, კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე შპს „მ.დ–ის“ ფინანსური მდგომარეობა არ იძლევა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, კასატორ - შპს „მ.დ–ის“ შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორ - შპს „მ.დ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორ - შპს „მ.დ–ის“ დირექტორს - მ.ხ–ას ჩაბარდა 2026 წლის 06 თებერვალს (ტ-3; ს.ფ.415).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით, კასატორების ა.პ–ვის და ს.ვ–შის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ Nას-1305-2022 11.05.2023წ)
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, კასატორ - შპს „მ.დ–ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, შპს „მ.დ–ის“ შუამდგომლობა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „მ.დ–ს“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, კასატორ - შპს „მ.დ–ის“ შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორ - შპს „მ.დ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება, შპს „მ.დ–ის“ დირექტორს მ.ხ–ას ჩაბარდა 2026 წლის 06 თებერვალს (იხ. ჩაბარების დასტური ტ-3; ს.ფ.415), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 07 თებერვალს და ამოიწურა 2026 წლის 11 თებერვალს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრულ ხუთ დღიან ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. სუსგ Nას-840-2024 31.07.2024წ).
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად.
საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას, მძიმე მატერიალური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება №ას-1220-2018).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი