დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1033-2024 6 მარტი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ....“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოსარჩელე შპს „კ...“-ის წარმომადგენელმა, 2022 წლის 18 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „თ–ის“ წინააღმდეგ, დაკისრებული პირგასამტეხლოს უკან დაბრუნებისა და მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელეს მითითებით, მოდავე მხარეთა შორის, 2019 წლის 21 ოქტომბერს, დაიდო N4600003941 ხელშეკრულება შესყიდვების შესახებ. რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 კვირაში უნდა მიეწოდებინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 247 799.71 ლარის სანაცვლოდ. 2019 წლის 8 ნოემბერს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე. შეთანხმებით შევიდა ცვლილება გაფორმებულ ხელშეკრულებაში, შეიცვალა (გაიზარდა) ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 272 577.16 ლარით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 დეკემბერი.
2.2. 2020 წლის 2 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ N4700001856, რომლის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიეწოდებინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 28 815.60 ლარის სანაცვლოდ.
2.3. 2020 წლის 17 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ N4700001872, რომლის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 19 088.98 ლარის სანაცვლოდ. ხელშეკრულებათა შესრულების დროს, წარმოიშვა ფორს-მაჟორული მდგომარეობა და შეფერხდა პროდუქციის მოწოდება, შეფერხება განაპირობა იმან, რომ პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც უზრუნველყოფდა შეკვეთის დამზადებას მდებარეობდა ჩინეთში, კერძოდ უჰანში. პროდუქციის მოწოდებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანდემიამ. COVID 19-ის პანდემიის გამო საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტით საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და კარანტინმა, კიდევ უფრო შეაფერხა პროდუქტის მიწოდება მოპასუხისთვის. არსებული გარემოებები შპს „კ....“-ისთვის წარმოადგენდა გადაულახავ და მისი კონტროლისგან დამოუკიდებელ დაბრკოლებას და იგი არ იყო წარმოქმნილი მოსარჩელის შეცდომის ან დაუდევრობის გამო.
2.4. მიუხედავად ფორს-მაჟორული გარემოებისა, მოპასუხემ უკანონოდ მოახდინა პირგასამტეხლოს სახით N4600003941 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის - 36 278.49 ლარის დაკავება, ხოლო 4700001856 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 609.51 ლარის დაკავება. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 8.2. მუხლის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო მიწოდებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. თუმცა, ანაზღაურება მოპასუხის მხრიდან სამივე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ვადაგადაცილებით.
2.5. შესაბამისად, მოპასუხეს N4600003941 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 10 792.1 ლარი, N4700001856 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 753 ლარი, ხოლო N4700001872 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1155.36 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, დადებული ხელშეკრულებები შეიცავდა მითითებას და შეთანხმებას არსებით პირობებზე. მათ შორის შესყიდული საქონლის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების წესს, მოქმედებებს რაც დაგვიანების შემთხვევაში უნდა შესრულებულიყო, მხარეთა პასუხისმგებლობას, პირგასამტეხლოს ოდენობასა და დარიცხვის პრინციპს, ფორს-მაჟორული გარემოებების დადასტურების წესს.
3.3. მოსარჩელეს არ დაუცვია ხელშეკრულებით შეთანხმებული წესები, შესაბამისად, მოპასუხეს გააჩნდა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელისთვის დაეკისრებინა ხელშეკრულებით ორმხრივად შეთანხმებული პირგასამტეხლო - 0.1.% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელეს არ ჰქონია საფუძველი, დაგვიანებული მიწოდებები დაეკავშირებინა ფორს-მაჟორული მდგომარეობასთან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „კ....“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს „თ–ს“ შპს „კ....“-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაკავებული 36 888 ლარიდან, 29 510.4 ლარის დაბრუნება დაევალა. სს „თ–ს“ შპს „კ....“-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 2 540.27 ლარის ოდენობით; სს „თ–ს“ შპს „კ....“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 961.52 ლარის ანაზღაურება.
4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ორივე მოდავე მხარემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მის შეფასების საგანს წარმოადგენდა მხარეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობის განსაზღვრა და პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების შემოწმება. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შპს „კ....“-ის მხრიდან შესრულების შეუძლებლობის ფაქტი არ დასტურდებოდა, თუმცა გარემოებათა ერთობლიობის მხედველობაში მიღებით, დგინდებოდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების გართულება. ვალდებულების შესრულებისათვის გართულებული პირობები, მოცემულ შემთხვევაში, არ ქმნიდა შესრულების შეუძლებლობის შემადგენლობას, ვინაიდან არ დასტურდებოდა შესრულების იმგვარი გართულება, რომელიც შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავდა, თუმცა ქმნიდა შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებებს. სააპელაციო პალატის აზრით, მართალია აღნიშნული, თავის მხრივ, არ გამორიცხავდა მოვალის, როგორც შესრულებაზე ვალდებული სუბიექტის ბრალს, თუმცა პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის მხედველობაში იყო მისაღები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „კ....“-ის გათავისუფლების საფუძველი, თუმცა, მისი მხრიდან ვალდებულების გართულებულ გარემოებებში შესრულება, გავლენას ახდენდა მოვალისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს, როგორც ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ფულადი სანქციის ოდენობის განსაზღვრაზე.
5.3. სს „თ–ისთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ N4600003941 ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა აენაზღაურებინა. მოსარჩელემ, 2020 წლის 18 მაისს, მოპასუხეს 236 132.16 ლარის საქონელი მიაწოდა, რომლის ღირებულებაც, ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს გამოკლებით, მოპასუხემ მოსარჩელეს 2020 წლის 31 ივლისს (54 დღის ვადაგადაცილებით) ჩაურიცხა. N4700001856 ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა აენაზღაურებინა. მოსარჩელემ, 2020 წლის 18 მაისს, მოპასუხეს მიაწოდა 12 968.20 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც, ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს გამოკლებით, მოპასუხემ მოსარჩელეს 2020 წლის 7 აგვისტოს (61 დღის ვადაგადაცილებით) ჩაურიცხა. N4700001872 ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა აენაზღაურებინა. მოსარჩელემ, 2020 წლის 26 ივნისს, მოპასუხეს 19 088.98 ლარის საქონელი მიაწოდა, რომლის ღირებულებაც, 2020 წლის 16 ივლისს უნდა ანაზღაურებულიყო. მოპასუხეს თანხა ორ ეტაპად უნდა ჩაერიცხა: მოსარჩელეს, 2020 წლის 10 აგვისტოს (25 დღის ვადაგადაცილებით), აუნაზღაურდა 5726.69 ლარი, ხოლო 2020 წლის 3 სექტემბერს (49 დღის ვადაგადაცილებით) - 13 362.29 ლარი.
5.4. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ–მა“ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულებები, თავის მხრივ, ვადის გადაცილებით აუნაზღაურა, რაც შპს „კ....“-ს და სს „თ–ს“ შორის დადებული ხელშეკრულებების 10.5.-ე მუხლის თანახმად, მიმწოდებელს უფლებას ანიჭებდა, გადახდის ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შემსყიდველს გადასახდელი თანხის 0.1 პროცენტის გადახდა დაკისრებოდა. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სს „თ–ის“ მიერ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ან ვალდებულების შესრულების გართულება, თუმცა, სახელშეკრულებო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო, ორივე სუბიექტთან მიმართებით, ერთიანი პრინციპით უნდა დაანგარიშებულიყო.
5.5. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა 0.1%-ის ოდენობით (შესაბამის შემთხვევაში - დაგვიანებით მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0.1%; ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%; გადასახდელი თანხის 0.1%) იყო შეთანხმებული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება, ვალდებულების დარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს წარმოშობდა.
5.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი შპს „კ....“-ს წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სს „თ–ი“ მოსარჩელის მხრიდან, მის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას არ შედავებია, ვინაიდან სს „თ–მა“ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, იმავდროულად სადავო გახადა პირგასამტეხლოს სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, მისი დაანგარიშების წესი.
5.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არსებობდა, იმავდროულად, შპს „კ....“-სათვის დაქვითული პირგასამტეხლო, ასევე პირგასამტეხლო, რომელიც მიწოდებული საქონლის ღირებულების ვადის დარღვევით მიწოდებიდან გამომდინარეობდა და ასევე, სს „თ–ისათვის“ მიწოდებული საქონლის ღირებულების ვადაგადაცილებით ანაზღაურებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მართლზომიერად შემცირდა.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მოდავე მხარემ. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების დაგვიანებით შესრულება მოხდა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, რაც გამორიცხავდა მოვალის ბრალეულ ქმედებას და შესაბამისად, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებს.
6.2. კასატორის აზრით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.1 პუნქტი სრულად ითვალისწინებდა იმგვარი მოვლენებისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საფუძვლებს, როგორიც მოცემულ შემთხვევაში დადგა. სახელდობრ, უდავოა, რომ სადავო პერიოდში მსოფლიოში გავრცელდა პანდემია, სწორედ უჰანიდან, სადაც მდებარეობდა HP-ის ქარხანა. მიუხედავად იმისა, რომ სს „თ–ს“ წარედგინა ინფორმაცია, ასევე HP-ის ოფიციალური წერილები, აღნიშნული გარემოება მათ მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისას.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ ასევე, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, ვინაიდან სს „თ–ს“ დავის განხილვისას არ მოუთხოვია დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება, სასამართლოს მიერ ხსენებული მუხლის გამოყენებას კი, სჭირდება პროცესუალური შედავება, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა. კასატორი დასძენს, რომ ორივე მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანაბრად შემცირება უსამართლო იყო, ვინაიდან კასატორის ვალდებულების დარღვევა გამოიწვია „შესრულების ობიექტურმა გაძნელებამ“, სს „თ–ის“ მიერ ვალდებულების მიღების დაყოვნება კი, არ ყოფილა გამოწვეული რაიმე ობიექტური გარემოებებით. მეტიც, კასატორი მიიჩნევს, რომ სს „თ–მა“ ვალდებულების მიღება ბრალეულად დააყოვნა, რის გამოც პირგასამტეხლო არა თუ უნდა შემცირებულიყო, არამედ უნდა გაუქმებულიყო.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შპს „კ....“-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- შპს „კ....“-სა და სს „თ–ს“ შორის, 2019 წლის 21 ოქტომბერს, დაიდო შესყიდვის შესახებ N4600003941 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების პირობების თანახმად მიაწოდოს და გადასცეს შემსყიდველს საკუთრებაში კომპიუტერული ტექნიკა, რომლის რაოდენობა, სახეობა და ტექნიკური აღწერილობა მითითებული იყო ხელშეკრულებების დანართებში. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 247 799.71 ლარით. შესყიდვის შესახებ N4600003941 ხელშეკრულებაზე, 2019 წლის 8 ნოემბერს, დაიდო დამატებითი შეთანხმება. შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2019 წლის 21 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 272 577.16 ლარით, ხოლო სასაქონლო_მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადად - 2019 წლის 20 დეკემბერი; ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, ანგარიშსწორება წარმოებს მიმწოდებლის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდების მიხედვით. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო უნაღდო ფორმით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, მიმწოდებლის მიერ მთლიანი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლოსატრანსპორტო ზედნადები და ორმხრივად დამოწმებული მიღება_ჩაბარების აქტი) წარდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 10.1. მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხადოს შემსყიდველს მიუწოდებელი ან დაგვიანებით მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0.1%. ხელშეკრულების 10.4. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილი ვადების (3.5 და 7.2 პუნქტი) დარღვევისთვის მიმწოდებელს ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. 10.5.-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს გადასახდელი თანხის 0.1 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- შპს „კ....“-სა და სს „თ–ს“ შორის, 2020 წლის 02 მარტს, დაიდო შესყიდვის შესახებ N4700001856 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების პირობების თანახმად მიაწოდოს და გადასცეს შემსყიდველს საკუთრებაში კარტრიჯი, რომელთა რაოდენობა და სახეობა მითითებული იყო ხელშეკრულებების დანართში. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 28 815.60 ლარით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, ანგარიშსწორება წარმოებს მიმწოდებლის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდების მიხედვით. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო უნაღდო ფორმით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, მიმწოდებლის მიერ მთლიანი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლოსატრანსპორტო ზედნადები და ორმხრივად დამოწმებული მიღება_ჩაბარების აქტი) წარდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 10.1. მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხადოს შემსყიდველს მიუწოდებელი ან დაგვიანებით მიწოდებული სასაქონლო_მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0.1%. ხელშეკრულების 10.4. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილი ვადების (3.5 და 7.2 პუნქტი) დარღვევისთვის მიმწოდებელს ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. 10.5. მუხლის შესაბამისად, გადახდის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს გადასახდელი თანხის 0.1 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- შპს „კ....“-ს და სს „თ–ს შორის“, 2020 წლის 17 ივნისს, დაიდო შესყიდვის შესახებ N4700001872 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების პირობების თანახმად მიაწოდოს და გადასცეს შემსყიდველს საკუთრებაში კომპიუტერული ქსელის აქსესუარები, რომელთა რაოდენობა და სახეობა მითითებული იყო ხელშეკრულებების დანართში. ხელშეკრულების ფასი 19 088.98 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, ანგარიშსწორება წარმოებს მიმწოდებლის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდების მიხედვით. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო უნაღდო ფორმით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, მიმწოდებლის მიერ მთლიანი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლოსატრანსპორტო ზედნადები და ორმხრივად დამოწმებული მიღება_ჩაბარების აქტი) წარდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 10.1. მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხადოს შემსყიდველს მიუწოდებელი ან დაგვიანებით მიწოდებული სასაქონლო_მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0.1%. 10.4. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით დადგენილი ვადების (3.5 და 7.2 პუნქტი) დარღვევისთვის მიმწოდებელს ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. 10.5. მუხლის თანახმად, გადახდის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს გადასახდელი თანხის 0.1 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- N4600003941 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 18 მაისს დაიდო. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 154 დღე შეადგინა. მიწოდებული საქონლის ღირებულება 214 665.60 ლარი იყო, რის გამოც მოსარჩელეს, პირგასამტეხლო სახით, 33 058.50 ლარის გადახდა დაეკისრა. N480000766 შეთანხმების ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 18 მაისს დაიდო. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 150 დღე შეადგინა. საქონლის ღირებულება 21 466.56 ლარი იყო. ვადაგადაცილების გამო, მოსარჩელეს, პირგასამტეხლო სახით, 3219.98 ლარი დაეკისრა. N4700001856 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოპასუხეს 2020 წლის 5 მარტს მიაწოდა 1852.60 ლარის საქონელი, 2020 წლის 24 მარტს - 13 944.80 ლარის საქონელი, 2020 წლის 18 მაისს - 12 968.60 ლარის საქონელი, რაზეც დაიდო მიღება-ჩაბარების აქტები. 18 მაისს მიწოდებულ საქონელზე, 47 დღის ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 609.51 ლარი. (ტომი I, ს.ფ. 42-44; 61-63; 79; მხარეთა ახსნა-განმარტებები);
- N4600003941 ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს სასაქონლო_მატერიალური ფასეულობების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა აენაზღაურებინა. მოსარჩელემ, 2020 წლის 18 მაისს, მოპასუხეს მიაწოდა 236 132.16 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც, ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს გამოკლებით, მოპასუხემ მოსარჩელეს 2020 წლის 31 ივლისს (54 დღის ვადაგადაცილებით) ჩაურიცხა. N4700001856 ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს სასაქონლო_მატერიალური ფასეულობების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა აენაზღაურებინა. მოსარჩელემ, 2020 წლის 18 მაისს, მოპასუხეს 12 968.20 ლარის საქონელი მიაწოდა, რომლის ღირებულებაც, ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს გამოკლებით, მოპასუხემ მოსარჩელეს 2020 წლის 7 აგვისტოს (61 დღის ვადაგადაცილებით) ჩაურიცხა. N4700001872 ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს სასაქონლო_მატერიალური ფასეულობების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის დადებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა აენაზღაურებინა. მოსარჩელემ, 2020 წლის 26 ივნისს, მოპასუხეს მიაწოდა 19 088.98 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც უნდა ანაზღაურებულიყო 2020 წლის 16 ივლისს. მოპასუხეს თანხა ორ ეტაპად უნდა ჩაერიცხა: მოსარჩელეს, 2020 წლის 10 აგვისტოს (25 დღის ვადაგადაცილებით), აუნაზღაურდა 5726.69 ლარი, ხოლო 2020 წლის 3 სექტემბერს (49 დღის ვადაგადაცილებით) - 13 362.29 ლარი;
- სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „კ....“-ის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურების შემსყიდველისათვის დაგვიანებით მიწოდების ობიექტური მიზეზების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება;
12. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) 417-ე-418-ე მუხლები და (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „კ....“-სა და სს „თ–ს შორის“, 2019 წლის 21 ოქტომბერს, დადებული შესყიდვის შესახებ N4600003941 ხელშეკრულების, ასევე 2020 წლის 02 მარტის შესყიდვის შესახებ N4700001856 ხელშეკრულებისა და 2020 წლის 17 ივნისს დადებული შესყიდვის შესახებ N4700001872 ხელშეკრულების 10.1. მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულია მიმწოდებლის ვალდებულება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხადოს შემსყიდველს მიუწოდებელი ან დაგვიანებით მიწოდებული სასაქონლო_მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0.1%. ხელშეკრულების 10.4. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილი ვადების (3.5 და 7.2 პუნქტი) დარღვევისთვის მიმწოდებელს ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. 10.5.-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს გადასახდელი თანხის 0.1 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14. კასატორის პირველი პრეტენზია ისაა, რომ შესრულების დაყოვნება გამოიწვია დაუძლეველმა ძალამ, რაც უნდა გამხდარიყო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საფუძველი. ხოლო, მეორე არგუმენტი მიემართება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის არასწორად გამოყენებას, ვინაიდან ერთი მხრივ, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სს „თ–ის“ შედავება, ხოლო მეორე მხრივ, მან ბრალეულად დააყოვნა შესრულების მიღება, რაც გამორიცხავდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერად მიჩნევას.
15. საკასაციო საჩივრის შესწავლისა და საქმის მასალების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-925-2022, 30.09.2022წ). ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს _ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1475-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი). შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს (იხ. ჩიტაშვილი ნ., სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17).
16. საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია შესრულების ვადის გადაცილებაში მოვალის არაბრალეულობის მტკიცების ტვირთის - ფორსმაჟორული გარემოებების არსებობასა და შესრულების ვადის გადაცილებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადასტურების აუცილებლობის შესახებ (მრავალთა შორის იხ., სუსგ-ები №ას-7-2025, 13 მაისი, 2025წ.; №ას-374-2024, 14 ივნისი, 2024წ.; №ას-1185-2023, 30 ნოემბერი, 2023წ.). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული N4600003941 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქონლის მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 18 მაისს დაიდო. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 154 დღე შეადგინა. მიწოდებული საქონლის ღირებულება 214 665.60 ლარი იყო, რის გამოც მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 33 058.50 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ N480000766 შეთანხმების ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 18 მაისს დაიდო. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 150 დღე შეადგინა, საქონლის ღირებულება 21 466.56 ლარი იყო. ვადაგადაცილების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 3219.98 ლარი. გასაჩივრებული განჩინებით, ასევე დადგენილია, რომ N4700001856 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოპასუხეს 2020 წლის 5 მარტს მიაწოდა 1852.60 ლარის საქონელი, 2020 წლის 24 მარტს - 13 944.80 ლარის საქონელი, 2020 წლის 18 მაისს - 12 968.60 ლარის საქონელი, რაზეც მიღება-ჩაბარების აქტები დაიდო. 18 მაისს მიწოდებულ საქონელზე, 47 დღის ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 609.51 ლარი (ტომი I, ს.ფ. 42-44; 61-63; 79; მხარეთა ახსნა-განმარტებები). საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შპს „კ....“-ის მხრიდან შესრულების შეუძლებლობის ფაქტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ფორსმაჟორული გარემოებების არსებობასა და შესრულების ვადის გადაცილებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას დაადასტურებდა, არ დასტურდება, თუმცა გარემოებათა ერთობლიობის მხედველობაში მიღებით, იკვეთება კასატორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების გართულება, რაც გახდა კიდეც დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა. ამასთან, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზეპირსიტყვიერი შედავების გარდა, კასატორმა ვერცერთი განკუთვნადი მტკიცებულებით დაადასტურა, რომ N4600003941 ხელშეკრულების ფარგლებში მისაწოდებელი საქონელი 11 მაისს მზად იყო მისაწოდებლად, თუმცა მოპასუხემ არ მიიღო თავისივე ბრალით, რადგან მოსარჩელეს, დამატებით, ლიცენზირებული ვინდოუსის ინსტალაცია სთხოვა, მხარის მიერ შესრულების ბრალეულად დაყოვნების მტკიცება კი, მხოლოდ დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებას ვერ დაეფუძნება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
17. როგორც უკვე აღინიშნა, კასატორის პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სს „თ–ისთვის“ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობასაც შეეხება. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა შემცირებულიყო, რადგან არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სს „თ–ის“ შედავება.
18. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
19. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და არცერთი მხარე ხდის სადავოდ, რომ მოპასუხე სს „თ–მა“ მოსარჩელეს მიწოდებული პროდუქციის ღირებულებები ვადის გადაცილებით აუნაზღაურა, რაც შპს „კ....“-ს და სს „თ–ს შორის“ დადებული ხელშეკრულებების 10.5.-ე მუხლის თანახმად, მიმწოდებელს უფლებას ანიჭებდა, დაეკისრებინა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო.
18. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
19. ვერ იქნება გაზიარებული ის მოსაზრება, რომ მოპასუხე არ შედავებია პირგასამტეხლოს ოდენობას, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით (ტომი 1., ს.ფ. 116-131) ცალსახად დასტურდება, რომ შედავებულია, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ასევე, პირგასამტეხლოს სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, მისი დაანგარიშების წესი. შესაბამისად, მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა 0.1%-ის ოდენობით (შესაბამის შემთხვევაში - დაგვიანებით მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0.1%; ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%; გადასახდელი თანხის 0.1 %) იყო შეთანხმებული, თუმცა პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება (პირგასამტეხლოს ნაწილი გამოითვლებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რაც ეწინააღმდეგება, როგორც დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე), ვალდებულების დარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს წარმოშობდა (იხ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე №ას-896-846-2015, http://prg.supremecourt.ge/, შდრ. სუსგ. 2015 წლის 6 მარტის №ას1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება, სუს 2021 წლის 25 მარტის განჩინება, საქმე №ას-186-2021, http://www.procurement.gov.ge/News/recomendacia-pirgasamtexlo.aspx.).. ამიტომ, პალატა ადგენს, რომ მისი შემცირება მართლზომიერად მოხდა და ამ ნაწილშიც, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
შპს „კ....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „კ....“-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 12/08/2024წ. №7357 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 876,90 ლარის 70% – 613,83 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი