დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-876-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-876-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ა. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. რ.ა–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ა–ის მიმართ, განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე რ.ა–ი 2011 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2012 წლის 15 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ.ა–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, 2013 წლის 29 აგვისტოს დაბადებული მ.ა–ი, 2015 წლის 14 მარტს დაბადებული ა.ა–ი და 2016 წლის 2 ოქტომბერს დაბადებული ი.ა–ი.

2.2. მეუღლეთა შორის ხშირი კონფლიქტის გამო, რ.ა–ი იძულებული გახდა ფაქტობრივად შეეწყვიტა ქორწინება და დაბრუნებულიყო მშობლების სახლში, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობს დღემდე.

2.3. სარჩელის თანახმად, რ.ა–ი აღარ აპირებს მოპასუხესთან შერიგებას, ამიტომ მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება აზრს კარგავს და იგი უნდა შეწყდეს. ვ.ა–ი არ იღებს არანაირი ფორმით ბავშვების აღზრდაში მონაწილეობას და ბავშვებს არ უწევს მატერიალურ დახმარებას.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხე ვ.ა–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა უარყო ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით გადახდის შესაძლებლობა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა მოდავე მხარეთა შორის 2012 წლის 15 მარტს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №37201230155). მოპასუხე ვ.ა–ს არასრულწლოვანი შვილის მ.ა–ის (პ/ნ ..........), ა.ა–ის (პ/ნ ........ და ი.ა–ის (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულისათვის 120-120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2023 წლის 6 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე.

4.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.ა–მა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ვ.ა–ს მ.ა–ის (პ/ნ ........) და ი.ა–ის (პ/ნ ........) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაეკისრა 264 ლარის (ცალ-ცალკე) გადახდა ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან (2023 წლის 06 ივლისიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

5.2 სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით და განმარტა, რომ ვინაიდან სამივე არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად, ხოლო მამა არ მონაწილეობდა მათ რჩენა-აღზრდაში, ასევე რადგან სტაბილური დასაბეგრი შემოსავალი არცერთ მშობელს არ გააჩნდა და მამის ფინანსური შესაძლებლობები არ იყო დადასტურებული, არასრულწლოვანთა საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა ის მინიმუმია, რაც ალიმენტვალდებულ მშობელს უნდა დაჰკისრებოდა.

5.3. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენისთვის სასამართლო უპირატესად მაინც არასრულწლოვანთა საჭიროებებს ითვალისწინებს, რაც უნდა იყოს შრომისუნარიანი მშობლის მამოტივირებელი დასაქმებასა და მატერიალური შემოსავლის ქონისთვის ანდა გაზრდისთვის, რათა საკუთარი შვილების აუცილებელი საჭიროებები უზრუნველყოს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა არასრულწლოვანთა საჭიროებები და ფაქტობრივად ისინი სრულყოფილად არ გამოკვლეულა, თუმცა, პალატამ მიიჩნია, რომ პრეზუმირებულია არასრულწლოვანთა საჭიროებები მინიმუმ იმგვარად, რომ თითოეული მათგანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმითა და ერთი აქტივობის მატერიალური შესაძლებლობით მაინც.

5.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ალიმენტის ოდენობად თითოეულ ბავშვზე 264 ლარი უნდა განსაზღვრულიყო, რაც შესაბამისობაში მოვიდოდა ქვეყანაში არსებულ 2024 წლის მანძილზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ საარსებო მინიმუმის ოდენობასთან.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა რ.ა–მა.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

6.2. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მიემართება სასამართლოს მიერ დადგენილ ალიმენტის ოდენობას. კასატორის აზრით, მართალია სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებზე, თუმცა მხედველობის მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ საქართველოში ალიმენტის განსაზღვრის ზუსტი მექანიზმი/ფორმულა არ არსებობს. კასატორი მიიჩნევს, რომ მის შვილებს, ნორმალური მოვლა პატრონობისთვის მამისგან ესაჭიროებათ ალიმენტის სახით სულ მცირე 300 ლარის გადახდა (თითოეულ არასრულწლოვანზე).

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორია სასამართლოს მითითება თითქოს მოპასუხეს ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება, ვინაიდან იგი იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ, მუშაობს რუსეთის ფედერაციაში და ამგვარი შემოსავალი საქართველოში ფიზიკურად ვერ დაუფიქსირდება.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით, რ.ა–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- რ.ა–ი 2012 წლის 15 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ვ.ა–თან;

- რ.ა–სა და ვ.ა–ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი - 2013 წლის 29 აგვისტოს დაბადებული მ.ა–ი, 2015 წლის 14 მარტს დაბადებული ა.ა–ი და 2016 წლის 2 ოქტომბერს დაბადებული ი.ა–ი;

- ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. შვილები ცხოვრობენ დედასთან რ.ა–თან ერთად, ხოლო მამა არ არის ჩართული ბავშვების მოვლა-პატრონობაში.

13. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არასრულწლოვანი შვილებისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე მოთხოვნის დასაბუთებულობა. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1234.1-ე (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილებისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და ითხოვს მის გაზრდას 264 ლარიდან 300 ლარამდე, თითოეულ ბავშვზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).

15. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27.06.2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18.11.2021 წ.; №ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; №ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; №ას-495-469-2015, 01.07.2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04.02.2013 წ).

16. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14.06.2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17.10. 2017 წ.).

17. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

18. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

19. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის ოდენობის გაზრდის ნაწილში, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, იგი მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მამას არ უფიქსირდება ფაქტობრივი შემოსავალი, თუმცა იმყოფება საზღვარგარეთ და უზრუნველყოფს მისი ცხოვრების ხარჯებს, რაც ნიშნავს, რომ იგი საზღვარგარეთ მუშაობს და აქვს შემოსავალი, თუმცა ვერცერთი განკუთვნადი მტკიცებულებით ადასტურებს ამ მითითებას.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მოპასუხის შემოსავლის გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ საქმეზე მართებულად განისაზღვრა ალიმენტის ოდენობა, რაც შეესაბამება ქვეყანაში არსებულ 2024 წლის მანძილზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ საარსებო მინიმუმის ოდენობას, მოხმობილი არგუმენტაციის წინააღმდეგ კი, როგორც აღინიშნა, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki, v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).

24. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება მეორე ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, 264-264 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება თითოეულ ბავშვზე, ადეკვატური და სამართლიანია.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

რ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი