საკასაციო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-784-2024 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი.ი.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სს „ი.ი“-ს დირექტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 10 აგვისტოს N2-07/9288 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 46 888.48 ლარისა და 2019 წლის 26 მარტის N2-07/3406 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 46 888.48 ლარის, ჯამურად 93 776.96 ლარის, გაუქმება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. სარჩელის თანახმად, მხარეებს შორის 2016 წლის 09 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №:5-16 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს დაევალა ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისათვის განკუთვნილი საპროექტო მომსახურების და საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურებისა და საავტომობილო გვირაბის მშენებლობისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
2.2. პროექტის კომპლექსურობისა და მოცულობის, ასევე, სამუშაოს შესრულების პროცესში წარმოშობილი სირთულეების გათვალისწინებით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა 2018 წლის 15 იანვარს და 2018 წლის 03 დეკემბერს.
2.3. 2018 წლის 10 აგვისტოსა და 2019 წლის 26 მარტის წერილებით მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო, თითოეულ შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 1%, რაც შეადგენდა 46 888,48 ლარს (ჯამურად 93 776,96 ლარს). პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
2.4. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა შემსყიდველს არაერთხელ წარუდგინა შეხვედრების ოქმები (ტექნიკური დავალების თანახმად), თუმცა მოპასუხე ოქმებს არ ადასტურებდა. პროექტის მომზადების პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური პარამეტრები მუდმივად იცვლებოდა მოპასუხის მიერ, რაც ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნიდა მოსარჩელეს, რამაც საბოლოოდ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანდართული ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის განრიგის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ღონისძიება 1-ისა და ღონისძიება 2-ის ფარგლებში 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით წარედგინა ანგარიშის პროექტი, ხოლო 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით - საბოლოო საპროექტო ანგარიში. აღნიშნული ანგარიშების წარდგენის ვადები დეპარტამენტის მიერ არაერთხელ გაგრძელდა (2017 წლის 23 ოქტომბრისა და 2018 წლის 15 იანვრის დანართები).
3.2. 2018 წლის 30 აპრილისა და 2018 წლის 31 მაისის წერილებით მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა შესაბამისად სამუშაო და საპროექტო ანგარიშები. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა ძირეული შეუსაბამობები ხელშეკრულების პირობებთან, ტექნიკურ დავალებასთან და საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან. დეპარტამენტის 2018 წლის 15 მაისისა და 2018 წლის 21 ივნისის წერილებით მიმწოდებელს ეცნობა აღნიშნული შეუსაბამობების შესახებ.
3.3. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ წარდგენილი საპროექტო ანგარიშის სამუშაო ვერსია და საბოლოო საპროექტო ანგარიშები არ იყო მისაღები, საჭიროებდა ფუნდამენტურ გადამუშავებას და მიმწოდებელს სთხოვა წარედგინა შემდგომი წინადადება. წარდგენილი ანგარიშის პროექტის ხელშეკრულების №8 დანართში მითითებულ ვადაში (2018 წლის 30 აპრილი) დეპარტამენტი არაჯეროვან ანგარიშის პროექტს მიღებულად ვერ ჩათვლიდა.
3.4. 2018 წლის 10 აგვისტოს წერილით დეპარტამენტმა მიმწოდებელს სრულიად სამართლიანად დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 46 888,48 ლარი. ხელშეკრულებაზე თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად, 2019 წლის 31 იანვრის წერილით მიმწოდებელმა დეპარტამენტში წარადგინა ღონისძიება 1-ის და ღონისძიება 2-ის ფარგლებში მომზადებული რეაბილიტაცია და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
3.5. 2019 წლის 07 თებერვლის წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი იყო არასრულად. მოსარჩელეს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა დამატებითი ვადა 2019 წლის 12 თებერვლამდე. 2019 წლის 12 თებერვლის წერილით მიმწოდებელმა მოითხოვა ვადის გაგრძელება 2019 წლის 15 მარტამდე. მიმწოდებელმა მომსახურება ვერც დამატებით ვადაში შეასრულა, რის შესაბამისადაც შემსყიდველმა მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 10 აგვისტოს №2-07/9288 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 46 888,48 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ, საქმის გარემოებების კვლევის შედეგად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 30 აპრილსა და 2018 წლის 31 მაისს წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა 2019 წლისა 31 იანვრამდე და 2019 წლის 28 თებერვლამდე. ამდენად, პალატის მითითებით, 10/08/2018 წლის წერილით პირგასამტეხლო დაკისრებული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, რაც ნიშნავდა, რომ მოვალეს ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა მოეთხოვა პირველადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რომელი შესაძლებლობაც მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით მიენიჭა. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მასზედ, რომ ვადის გაგრძელებით მოვალეს მიეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეთანხმებული პირობებით შესრულების კიდევ ერთი შანსი და აღნიშნულ ვადაში (2019 წლის 31 იანვრამდე და 2019 წლის 28 თებერვლამდე) ვალდებულების დარღვევისათვის - არაჯეროვანი შესრულებისათვის (3.1. პუნქტი და 5.1.5. ქვეპუნქტი) პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღდმგებოდა პირგასამტეხლოს მიზანსა და მის ფუნქციას.
5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს სათანადო გულმოდგინებით არ გამოუკვლევიათ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ დანართი N9 და წერილი N2-07/9288.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ პირგასამტეხლოს განმსაზღვრელი საკანონმდებლო დანაწესების, ხელშეკრულების პირობებისა და სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პირგასამტეხლოს დაკისრებისას მოპასუხეს უკვე დარღვეული ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადა, რომელიც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების N9 დანართით. მხარე ამტკიცებს, რომ შემსრულებელს დამატებითი ვადა განესაზღვრა უკვე დარღვეული ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, პროექტების სამუშაო ვერსიების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 31 იანვარი, ხოლო საბოლოო საპროექტო ანგარიშების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 28 თებერვალი, ხოლო მანამდე, დანართი N6-ის შესაბამისად, მიმწოდებელს უკვე ჰქონდა „ანგარიშის პროექტის“ წარდგენის ვადა გაგრძელებული 2018 წლის 25 ოქტომბრამდე. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ დანართი N9 დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმდა 2018 წლის 3 დეკემბერს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებიდან 4 თვის შემდგომ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპარტამენტის მიერ კომპანიას დამატებითი ვადა მიეცა სამუშაოების წარმოდგენის ხელშეკრულებით უკვე დარღვეული ვალდებულების შესასრულებლად, რაც არ წარმოადგენდა სამუშაოს შესრულებისთვის დამატებითი ვადის დაწესების წინაპირობას.
6.3. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით არაა დასაბუთებული პირგასამტეხლოს დაკისრების მომენტში - მომსახურების შესრულების ვადა, რატომ იყო 2019 წლის იანვრამდე და 2019 წლის თებერვლამდე და არა 2018 წლის 30 აპრილამდე და 2018 წლის 31 მაისამდე. აღნიშნული გარემოების დაუსაბუთებლობას მოწმობს თავად მოსარჩელის N3564 წერილი (2018 წლის 22 მაისი), სადაც მხარე აღიარებს მის პროექტში დაშვებულ დარღვევებს.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ან თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია.
8. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნას დასაშვებად და მიღებულ იქნას განსახილველად.
2. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა საკასაციო საჩივარს არსებითად განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი