დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-647-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-647-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ვ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორისათვის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტების გადაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ე.ვ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ–ის“ მიმართ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორისათვის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტების გადაცემის თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. შპს „ნ–ი“ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებაა, რომლის პარტნიორები არიან: ე.ვ–ა - 25% წილი, ზ.გ–ძე - 25% წილი, ა.ე–ძე - 25% წილი და კ.ჩ–ძე - 25% წილი.

2.2. მოსარჩელემ წერილობით მიმართა შპს „ნ–ის“ დირექტორს - კ.ჩ–ძეს და მოითხოვა სამეწარმეო საზოგადოების საქმიანი, კერძოდ, ფინანსური, საბუღალტრო, სამართლებრივი, სამშენებლო/საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემა. მიუხედავად ლეგიტიმური მოთხოვნისა, კომპანიის დირექტორს მოსარჩელისათვის საქმიანი დოკუმენტაცია არ გადაუცია.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე შპს „ნ–ის“ 25% წილის ფორმალური მესაკუთრეა. რეალურად, კომპანიის წილს განაგებს მისი მეუღლე - მ.ო–ი, რომელიც 2022 წლის 23 ივნისამდე იყო კომპანიის დირექტორი. იგი ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა კომპანიის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის. კერძოდ, პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კონკურენციის წესის დარღვევით, დააზარალა კომპანია. მ.ო–ი, დანარჩენი პარტნიორებისაგან მალულად, დასაქმებული იყო იგივე საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაში და იყენებდა კომპანიის დირექტორობისას მიღებულ ინფორმაციას პირადი ფინანსური სარგებლის მისაღებად.

3.3. მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა გაუმართლებელი იყო, რადგან ეს ინფორმაცია შესაძლებელია გამოეყენებინათ სხვა კონკურენტ საწარმოში, რის შედეგადაც მოსარჩელისათვის ინფორმაციის გაცემა გახდებოდა შპს „ნ–ის“ ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ე.ვ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ნ–ს“ დაევალა მოსარჩელე ე.ვ–ასთვის გადაეცა შპს „ნ–ის“ 2019 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრამდე პერიოდის ფინანსური, საბუღალტრო, სამართლებრივი, სამშენებლო/საპროექტო დოკუმენტების ასლები.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ნ–მა“.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2 სააპელაციო პალატამ მოიხმო სამეწარმეო დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი და აღნიშნა, რომ მართალია კომპანია შესაძლო ზიანის მიყენების თაობაზე აპელირებდა, თუმცა შპს „ნ–ის“ მხრიდან საქმეში წარმოდგენილი არ იყო განკუთვნადი და საკმარისი მტკიცებულება, რაც სასამართლოს კომპანიის არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკის არსებობაში დაარწმუნებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს „ნ–ი“ აღარ ფუნქციონირებს და არც ლიკვიდური აქტივი გააჩნია.

5.3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის იმ პოზიციაზეც, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი შესაძლებელია კომპანიაში არც არსებობდეს. სააპელაციო პალატამ ამ არგუმენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოცემული კატეგორიის დავის განხილვისას, არაა აუცილებელი დადგინდეს სადავო დოკუმენტებზე მოპასუხის მფლობელობის ფაქტი. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური არ არის, არამედ დავის საგანი პარტნიორის მიერ შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვებაა, რაც მისი შეუზღუდავი უფლებაა, თუკი კანონით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევა არ დადასტურებულა. ამდენად, პალატის აზრით, თუკი დოკუმენტების ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს, ეს მხოლოდ დადგინდებოდა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა შპს „ნ–მა“.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. კასატორის მტკიცებით, მართალია საწარმოს პარტნიორს კანონით აქვს მინიჭებული სამეწარმეო დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება, თუმცა ამ კანონითვე დაწესებულია ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა.

6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ შეფასების მიღმა დატოვა დავის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ მოსარჩელე ფორმალური მეწილეა. რეალურად, კომპანიის წილს განაგებს მისი მეუღლე - მ.ო–ი, რომელიც 2022 წლის 23 ივნისამდე იყო კომპანიის დირექტორი. იგი ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა კომპანიის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის. კერძოდ, პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კონკურენციის წესის დარღვევით დააზარალა კომპანია. მ.ო–ი, დანარჩენი პარტნიორებისაგან მალულად, დასაქმებული იყო იგივე საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაში და იყენებდა კომპანიის დირექტორობისას მიღებულ ინფორმაციას პირადი ფინანსური სარგებლის მისაღებად, რაც ცალსახას ხდის, რომ მოსარჩელის მიერ დოკუმენტაციის მოპოვება არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოს პარტნიორის მიერ, კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლიანობა. დავის გადაწყვეტის დამფუძნებელი ნორმაა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 172-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი (აქციონერს უფლება აქვს კანონითა და წესდებით დადგენილი წესით გაეცნოს სააქციო საზოგადოების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები ბეჭდური ფორმით ან ელექტრონულად, თუ აქციონერს წინასწარ აქვს განცხადებული თანხმობა ინფორმაციის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებაზე, აგრეთვე სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია ამ კანონის 202-ე მუხლითა და წესდებით დადგენილი წესით) და 173-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ხმათა 5 პროცენტის მფლობელ აქციონერებს, ამ კანონის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის ან წესდების შესაბამისად, უფლება აქვთ სააქციო საზოგადოების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოს მოსთხოვონ სააქციო საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები. სააქციო საზოგადოების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, სააქციო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს ამ ასლების/ინფორმაციის გაცემაზე).

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამეწარმეო საზოგადოების აქციონერი/პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად იძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეწარმეო საზოგადოების აქციონერებს/პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული აქციონერის/პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე აქციონერთა/პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ აქციონერის/პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს მისი უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (შდრ. სუსგ №ას-1571-2018, 02.08.2019წ; №ას-54-2022, 28.09.2022წ; №ას-719-2022, 20.04.2023წ; №ას-205-2023, 16.11.2023წ.).

14. ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა აქციონერის ცალკეულ უფლებათა ეფექტიანი განხორციელების წინაპირობაა (მაგალითად, ხმის მიცემის უფლება, დერივაციული ან კლასობრივი სარჩელის აღძვრის უფლება, აუდიტის დანიშვნის, სხვა). დაუშვებელია ინფორმაციაზე წვდომის უფლების წესდებით ჩამორთმევა. ამგვარი უფლება ყველა აქციონერს, განურჩევლად მისი აქციის კლასისა, აქვს მინიჭებული. მათ შორის, ხმის უფლების არმქონე კლასის აქციასაც (იხ: ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 2022წ., გვ. 574). მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის, კანონი საგანგებოდ ადგენს ხმის უფლების სულ მცირე 5%-ის მქონე აქციონერის ან აქციონერთა ჯგუფის უფლებას საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლების გამოთხოვის თაობაზე (იქვე, გვ. 576).

15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აქცია ქონების ცნების კატეგორიაში მოიაზრება (ბურდული ი., სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010წ., გვ.264). სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები) (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 191; Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის №8588/79, 8589/79), 1982). აქცია ერთდროულად აღნიშნავს საზოგადოების კაპიტალის წილს, გამოხატავს წევრთა უფლებამოსილებათა და მოვალეობათა ერთობლიობას და ფასიანი ქაღალდია (ბურდული ი., სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010წ., გვ.259). წილზე ვრცელდება საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი რეჟიმი. წილი საკუთრების უფლების ობიექტს წარმოადგენს კერძო პირის თუ სახელმწიფოს მხრიდან მასზე უკანონო ჩარევის შემთხვევაში (ბურდული ი., სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2019, გვ.28).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

17. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელე არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მეწილე, მას უფლება აქვს სამეწარმეო საზოგადოებიდან მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ფლობს შპს-ს 25% (შდრ. სუსგ №ას-1101-1037-2015, 27.09.2016წ.).

18. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ მოსარჩელე წილის ფორმალური მესაკუთრეა, ხოლო რეალურად წილს განაგებს მისი მეუღლე, რომელიც იყო კასატორი კომპანიის დირექტორი, ვინც კომპანიის მიმართ ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო გათავისუფლდა პოზიციიდან, განმარტავს რომ მოპასუხე საწარმოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება რაც შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურებდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამეწარმეო დოკუმენტაცია აღმოჩნდებოდა იმ იმ პირის ხელში, რომელსაც იგი უთითებდა. ამდენად, კასატორის მიერ, სარჩელით მოთხოვნილი ინფორმაციის მეწილისთვის გადაცემის შესახებ უარის საფუძვლად საწარმოს ზიანზე მითითება, დაუსაბუთებელია და ვერ მტკიცდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში (იხ. საქმე №ას-1183-2025, 2025 წლის 18 დეკემბერი; №ას-873-2024, 2025 წლის 13 მარტი).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „ნ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ვ.კ–ძის მიერ 30/05/2025წ. №1992 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% –210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი