დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-632-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ბ.კ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ძირითადი სარჩელით (შეგებებული სარჩელით) დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ბ.კ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2022 წლის 19 მაისს სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსა და შპს „მ.ბ.კ–ის“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nპ-15 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შემსყიდველის მიერ ანაკლიაში არსებული ახალგაზრდული ბანაკის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო სახელშეკრულებო თანხად განისაზღვრა 927 577 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.
2.2. ხელშეკრულების მე-19 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 თვიანი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც, განხორციელდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავება (23189,43 ლარი). ამავე ხელშეკრულების 19.3 პუნქტის შესაბამისად, საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იყო, 19.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველეყო დაფიქსირებული დეფექტ(ებ)ის გამოსწორება, რისთვისაც შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავდა გონივრულ ვადას. დადგენილ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად (პუნქტი 19.5).
2.3. მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2022 წლის 7 სექტემბერს, რის შემდეგაც ამოქმედდა 15 თვიანი საგარანტიო ვადა, 2023 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით. ამ ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პერიოდში წარმოიქმნა ხარვეზები/დეფექტები, რის თაობაზეც 2023 წლის 21 აპრილის N01/127 წერილით ეცნობა მიმწოდებელს, დამატებით გაეგზავნა ფოტო-მასალა და განესაზღვრა 1 თვის ვადა მის მიერ შესრულებული სამუშაოების დათვალიერების, შესასრულებელი სამუშაოების შეფასების, დაგეგმვის, სამუშაო გრაფიკის წარმოდგენისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელად, თუმცა, მიმწოდებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა დაზიანებები.
2.4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 01 აგვისტოს N2196 განკარგულებით, მიმწოდებლის მიერ საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის მიზეზით (სარეზოლუციო ნაწილის 7.3 პუნქტი) შპს „მ.ბ.კ–ის“ მიეცა გაფრთხილება. მიმწოდებლის მიერ გამოვლენილი გულგრილობის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებისა და ხელშეკრულების 19.6 პუნქტის საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმწოდებელს არ აუნაზღაურდებოდა ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა- ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 2,5%, რის თაობაზეც, 2023 წლის 10 ოქტომბრის N01/384 წერილით, ეცნობა მოპასუხეს. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ 2023 წლის 22 მაისიდან (21 აპრილის წერილით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ამოწურვიდან) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო ჯამში 26155 ლარის ოდენობით და გადახდისთვის განესაზღვრა 10 დღის ვადა, რაც არ შესრულდა მოპასუხის მიერ.
2.5. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს 2023 წლის 22 მაისიდან 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით არსებული 142 დღის პირგასამტეხლოს - 26 341 ლარის, გადახდა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, 2023 წლის 21 აპრილის წერილით, მოსარჩელემ მიმართა და აცნობა მოპასუხეს დაზიანებების შესახებ, ასევე ითხოვა ადგილზე ჩასვლა, დათვალიერება და დაზიანებების შეფასება. მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხე ჩავიდა ობიექტზე, მოხდა დაზიანებების დათვალიერება, შეფასდა სიტუაცია და ინფორმაცია წერილობითი სახით - 2023 წლის 9 ივნისის წერილით წარედგინა მოსარჩელეს. აღნიშნული შეტყობინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ ობიექტზე წარმოქმნილი ხარვეზები გამოწვეული იყო შენობის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად და არ წარმოადგენდა მიმწოდებლის ბრალით გამოწვეულ დაზიანებებს. გარდა წერილობითი შეტყობინებისა, ახალგაზრდობის სააგენტოში იმყოფებოდა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი და სააგენტოს განემარტა დაზიანებების წარმოშობის მიზეზები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რომელ ქმედით ნაბიჯებზე და მოპასუხის უმოქმედობაზე მიუთითებდა მოსარჩელე, მაშინ როცა ადგილზე მდგომარეობის შესწავლის შედეგად მოპასუხემ დაასაბუთა და წარუდგინა შემსყიდველს ინფორმაცია, რომ არსებული დაზიანებების აღმოფხვრის ვალდებულება მას არ გააჩნდა.
4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძველი:
4.1. შპს „მ.ბ.კ–იმ“ მოითხოვა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის (შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის) დაბრუნება.
4.2. შეგებებული სარჩელის მიხედვით, 2022 წლის 19 მაისს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და შპს „მ.ბ.კ–ის“ შორის, ელექტრონული ტენდერის NAT220006057 ფარგლებში დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მენარდემ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით და ინსპექტირების ორგანოს დასკვნებით, რის საფუძველზეც შესრულებული სამუშაოები ანაზღაურდა შემსყიდველის მიერ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2023 წლის 21 აპრილს შემსყიდველმა წერილობით მიმართა მიმწოდებელს და მოითხოვა ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა. შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე მიმწოდებელი ჩავიდა ობიექტზე, მოხდა დაზიანებების დათვალიერება, შეფასდა სიტუაცია და ინფორმაცია წერილობითი სახით წარედგინა მოპასუხეს. აღნიშნული შეტყობინებით შემსყიდველს განემარტა, რომ ობიექტზე წარმოქმნილი ხარვეზები გამოწვეული იყო შენობის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად და არ წარმოადგენდა მიმწოდებლის ბრალით გამოწვეულ დაზიანებებს. ამასთან, შპს „მ.ბ.კ–ის“ ინიციატივით, გამოვლენილ ხარვეზებზე ჩატარდა ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 დეკემბრის დასკვნით დასტურდება, რომ ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზები გამოწვეულია მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი გარემოებებით, რისი აღმოფხვრის ვალდებულებაც ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰქონდა კომპანიას. მიუხედავად აღნიშნულისა, შემსყიდველმა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო და ამასთან უარი, განაცხადა დაკავებული თანხის შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაბრუნებაზე.
5. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:
5.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შემსრულებელმა დაარღვია მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებები და საგარანტიო პერიოდში არ უზრუნველყო შესრულებული სამუშაოდან გამოწვეული ნაკლის გამოსწორება, რის გამოც არ არსებობდა დაკავებული თანხის უკან დაბრუნების საფუძვლები.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „მ.ბ.კ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შპს „მ.ბ.კ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 23 189.43 ლარი.
6.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
7.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „მ.ბ.კ–იმ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო დამკვეთმა აღნიშნული სამუშაოები მიღება-ჩაბარებისა და ინსპექტირების აქტებით მიიღო, როგორც ჯეროვნად შესრულებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელი იყო სამუშაოთა ჩაბარების შემდეგ, ხელშეკრულების საგარანტიო პირობების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულების მე-19 პუნქტით მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულების სამართლებრივი ბუნება, მენარდის მიერ, ამ ვალდებულების შესრულების საკითხი და მითითებული მუხლის საფუძველზე დაკავებული საგარანტიო თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები.
7.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (7.09.2022წ) შვიდი თვის შემდეგ გამოვლენილი ფასადის დაზიანებების ექსპერტიზაში მითითებული მიზეზებიდან გამორიცხულია სამუშაოების დროს, ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა, რაც საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარებისა (#1,2,3,4) და ინსპექტირების, ასევე, ფარული სამუშაოების (2022 წლის 19 ივლისის, 25 ივლისისა და 1 აგვისტოს) აქტებით (ტ.2 ს.ფ. 77, დასტურდებოდა, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი, სამუშაოების ჩაბარების მომენტში, შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო დაზიანებები შვიდი თვის შემდეგ გამოვლინდა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზიანებები არ იყო გამოწვეული არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, შესაბამისად, ხელშეკრულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მიმწოდებელს არ დაურღვევია. ექსპერტიზის პირველი ვარაუდი კი (ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის ფაქტი) გამოირიცხებოდა, შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების აქტებით.
7.4. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-19 პუნქტი უნდა განმარტებულიყო მთლიან ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში. ხელშეკრულების აღნიშნული დათქმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგებოდა საგარანტიო შეთანხმების არსს და მნიშვნელობას. ხელშეკრულების სხვა პუნქტებთან ერთობლიობაში, სადავო მე-19 პუნქტი უნდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ გარანტიის ფარგლებში მხარე ვალდებულია აღმოფხვრას ის ნაკლი/ზიანი, რომელიც გამოწვეული იყო მისი ქმედებებით - მის მიერ შესრულებული სამუშაოების/გადაცემული ნივთის უხარისხობით. პალატის მოსაზრებით, არა მხოლოდ გარანტიის ფარგლებში, არამედ ზოგადად პასუხისმგებლობის დაკისრების მთავარი პრინციპია, რომ მხარე პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მისი ბრალით/გაუფრთხილებლობით. სამუშაოების უნაკლო შესრულების შემთხვევაში მხარეს არ წარმოეშობა საგარანტიო შემთხვევის აღმოფხვრა. სადავო დათქმის სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა, როგორც გარანტიის არსთან, ასევე პასუხისმგებლობის დაკისრების სამოქალაქო სამართლებრივ საფუძვლებთან, ვინაიდან დაუშვებელია მხარეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულებათა ჯეროვანი და სრულად შესრულების პირობებში. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საგარანტიო პერიოდში ვალდებულებათა შესრულება არ შეიძლება გაუთანაბრდეს სტანდარტული მომსახურების გაწევის ხელშეკრულებას და მიუხედავად მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხისა და უნაკლობისა, მან მხარეთა მის განსაზღვრულ ვადაში (საგარანტიო პერიოდში - 15 თვე) ნებისმიერ შემთხვევაში უსასყიდლოდ უნდა გასწიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. სარჩელით მხარე ითხოვდა საგარანტიო პერიოდში წარმოშობილი ხარვეზის აღმოფხვრას, რაც ნიშნავს, რომ იგი პასუხისმგებლობას აკისრებდა მხარეს იმ სამუშაოთა გამო, რომელზეც ვრცელდებოდა გარანტია - თავის მხრივ კი, პასუხისმგებლობის დაკისრება გულისხმობს მხარის ბრალეულობის შეფასებას. პალატის აზრით, თუ აპელანტი თავადვე გამორიცხავდა პასუხისმგებლობის ელემენტს და მიუთითებდა, რომ სამუშაოთა უნაკლობისა და მხარის არაბრალეულობის შემთხვევაშიც იგი ვალდებული იყო შეესრულებინა სამუშაოები, გამოდის, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა არა საგარანტიო შემთხვევის აღმოფხვრა (როგორც ეს 19.3 პუნქტშია გაწერილი), არამედ სტანდარტულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების ნაწილის ხელმეორედ უსასყიდლოდ შესრულება, აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი კი ვერ იქნებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 19.3 პუნქტი, მით უფრო, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნა დადგენილი შპს „მ.ბ.კ–ის“ ბრალეულობა.
7.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ.
8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ შეისწავლა საქმის მასალები და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან სრულად უგულებელყო ორმხრივი გარიგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, საგარანტიო პერიოდის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების არსებობა. კასატორი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჩაბარებიდან შვიდი თვის შემდგომ, საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში, აღმოჩენილი დაზიანებების აღმოფხვრა შემსრულებელს ეკისრებოდა.
8.2. კასატორის აზრით, გასაჩივრებული განჩინების არგუმენტაცია ეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პერიოდულად ხდებოდა სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა, თუმცა, მხარე უთითებს, რომ ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ მეტყველებს იმაზე, რომ მხარემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რადგან როგორც ინსპექტირების, ასევე საგარანტიო პერიოდის არსებობის შესახებ ცალ-ცალკე ჩანაწერები არსებობს ხელშეკრულებაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მხარეთა სურვილი, რომ ყოფილიყო მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ეს აისახებოდა კიდეც ხელშეკრულებაში, თუმცა ეს არ მომხდარა, რადგან იმთავითვე ცხადია, რომ შესრულებული სამუშაოს დეფექტები შესაძლებელია გამოვლინდეს მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ. შესაბამისად, კასატორი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებაში ინსპექტირებასთან დაკავშირებული ჩანაწერი ემსახურება პოტენციური რისკების შემცირებასა და საშუალო დონის კონტროლის განხორციელებას, ხოლო ჩანაწერი საგარანტიო ვადის შესახებ ემსახურება იმ რისკების დაზღვევას, რომლებიც შეუძლებელია წინასწარ იყოს ცნობილი.
8.3. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელობის მქონედ სარჩელში მითითებული ის გარემოება, რომ შპს „მ.ბ.კ–ი“, იდენტური ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით, მიჩნეულ იქნა ხელშეკრულების მე-19 მუხლის დამრღვევად და მიეცა გაფრთხილება, ეს გადაწყვეტილება კი მხარეს არ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა მასში ასახული ფაქტების სისწორეს.
8.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 19 მაისის განჩინებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2022 წლის 19 მაისს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და შპს „მ.ბ.კ–ის“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nპ-15 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შემსყიდველის მიერ ანაკლიაში არსებული ახალგაზრდული ბანაკის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო სახელშეკრულებო თანხად განისაზღვრა 927577 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 (ასი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის ჩათვლით);
- ხელშეკრულების მე-19 მუხლით განისაზღვრა საგარანტიო პირობები, კერძოდ: 19.1. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) თვიანი საგარანტიო ვადა. 19.2. შემსყიდველის მიერ, საგარანტიო ვადის გასვლამდე, განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავება. 19.3. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა. 19.4. შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების ეტაპზე დაკავებული თანხა (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%) წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას;
- მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის 19.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს დაფიქსირებული დეფექტ(ებ)ის გამოსწორება, რისთვისაც შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. დადგენილ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად;
- იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის ჩათვლით დაფიქსირებული დეფექტე(ებ)ის აღმოფხვრას მიმწოდებელი ვერ/არ უზრუნველყოფს შემსყიდველის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, შემსყიდველი მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხას (2.5 %) და დააკისრებს პირგასამტეხლოს ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად;
- სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5 %-ის დაბრუნება მოხდება საგარანტიო ვადის (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 თვის) გასვლის შემდეგ, თუ ობიექტზე შემსყიდველის ინსპექტირების ჯგუფის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ დეფექტ(ებ)ის არარსებობა (ტ.1 ს.ფ. 21-28);
- დამკვეთს სამუშაოს შესრულება ბარდებოდა ეტაპობრივად შედგენილი მიღება ჩაბარებისა (#1,2,3 და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი) და ინსპექტირების აქტებით, რომელთა თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს. თავის მხრივ მიღება ჩაბარების აქტების საფუძველი იყო შპს "ქ"-ის ექსპერტიზის დასკვნები). მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2022 წლის 7 სექტემბერს, რის შემდეგაც ამოქმედდა 15 თვიანი საგარანტიო ვადა, 2023 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით (ტ.1 ს.ფ. 40);
- 2023 წლის 21 აპრილის N01/127 წერილით ეცნობა მიმწოდებელს და განესაზღვრა ერთთვიანი ვადა მის მიერ შესრულებული სამუშაოების დათვალიერების, შესასრულებელი სამუშაოების შეფასების, დაგეგმვის, სამუშაო გრაფიკის წარმოდგენისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ამავე წერილით, მიმწოდებელი გაფრთხილებულ იქნა სამუშაოს შესრულების თავიდან არიდებისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის (2,5%) არ ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. 2023 წლის 25 აპრილის N01/129 წერილით დამატებით გაეგზავნა ფოტო-მასალა (ტ.1 ს.ფ. 51-64);
- 2023 წლის 12 ივნისს, ხარვეზების აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 22 დღის შემდეგ, სააგენტოში შევიდა მოპასუხის N134 წერილი, რომელშიც მხარე აღნიშნავდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ დაზიანებები გამოწვეული იყო უხვი ნალექით და მათი აღმოფხვრა არ განეკუთვნებოდა კომპანიის საგარანტიო ვალდებულებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზად იყო, დაეკვეთა ექსპერტიზა, რათა სრულიად გამორიცხულიყო კომპანიის ბრალეულობა (ტ.1 ს.ფ. 65);
- 2023 წლის 13 ივნისის N02/821 მოხსენებითი ბარათით, სააგენტოს თანამშრომელმა (ანაკლიის ბანაკის მენეჯერი) ლ.ნ–მა მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს და აცნობა, რომ სააგენტოს მიერ მოპასუხისთვის 2023 წლის 21 აპრილს გაგზავნილ წერილს არ მოჰყოლია არავითარი ნაბიჯები. მიმწოდებლის წარმომადგენელი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ბაზაზე ჩავიდა 2023 წლის 6 ივნისს, განსაზღვრულ ერთ თვიანი ვადის გასვლიდან 15 დღის დაგვიანებით, ხოლო, 9 ივნისს, ახალგაზრდობის სააგენტოში შედგა შეხვედრა სააგენტოს წარმომადგენლებსა და მიმწოდებლის წარმომადგენელს შორის, სადაც კიდევ ერთხელ იქნა განხილული დეფექტების აღმოფხვრის საკითხი, თუმცა არც აღნიშნულს მოჰყოლია სამუშაოებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები (ტ.1 ს.ფ. 66);
- 2023 წლის 13 ივნისის N01/166 წერილით, მოპასუხეს ეცნობა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისთვის, ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მოპასუხემ 2023 წლის 26 ივნისის N165 წერილით სააგენტოს აცნობა, რომ დაზიანებული შენობის ბრალეულობის დასადგენად, დაჩქარებული წესით, ექსპერტიზის ბიუროში დანიშნული იყო ექსპერტიზა, რაზედაც, 28 ივნისის N01.262 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ სააგენტო თანახმა იყო, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, შესულიყო საბანაკე ტერიტორიაზე. თუმცა, ამ მიზნით არავინ ჩასულა საბანაკე ტერიტორიაზე და არც ექსპერტიზის დასკვნა ყოფილა წარმოდგენილი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 01 აგვისტოს N2196 განკარგულებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის მიზეზით (სარეზოლუციო ნაწილის 7.3 პუნქტი) შპს მ.ბ.კ–ის მიეცა გაფრთხილება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებისა და ხელშეკრულების 19.6 პუნქტის საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმწოდებელს არ აუნაზღაურდებოდა ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 2,5%, რის თაობაზეც, 2023 წლის 10 ოქტომბრის N01/384 წერილით, ეცნობა მოპასუხეს. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ 2023 წლის 22 მაისიდან (21 აპრილის წერილით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ამოწურვიდან) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო ჯამში 26155 ლარის ოდენობით (პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,02% - 185,5 ლარი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 141 დღე) და გადახდისთვის განესაზღვრა 10 დღის ვადა, რაც არ შესრულდა მოპასუხის მიერ (ტ.1 ს.ფ. 67-68);
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 21 დეკემბრის N009000123 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (რომელიც შპს „მ.ბ.კ–ის“ დაკვეთით ჩატარდა), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ახალგაზრდული ბანაკის შენობა N01 - ის ფასადის მოპირკეთების დაზიანება, შესაძლებელია გამოწვეული იყოს მოპირკეთებითი სამუშაოების დროს, ტექნოლოგიური პროცესების დარღვევით; ასევე, ფასადის დაზიანება შეიძლება გამოეწვია იმას, რომ შენობის კედლებზე ხდება სახურავიდან ატმოსფერული ნალექების ჩამოდინება, რადგან შენობაზე სრულად არ არის მოწყობილი წყალარინების სისტემა, წყალშემკრები ღარები და მილები; ასევე აღსანიშნავია, რომ შენობა-ნაგებობა მდებარეობს ზღვის სიახლოვეს და მისი ექსპლუატაცია ხდება მაღალი ტენიანობის პირობებში, რაც უარყოფითად მოქმედებს მის საექსპლუატაციო მახასიათებლებზე (ტ.1 ს.ფ. 86);
- 2022 წლის 19 მაისის ხელშეკრულებით შესყიდვის საგანს არ წარმოადგენდა შენობაზე წყალარინების სისტემის, წყალშემკრები ღარებისა და მილების მოწყობა. მათ მოსაწყობად (სხვა სამუშაოებთან ერთად) დამოუკიდებელი ტენდერი 2023 წლის 14 აპრილს გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და შპს „ს.კ.ა–ას“ შორის 2023 წლის 24 მაისს დაიდო.
14. კასატორის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ხელშეკრულება ჯეროვნად და სრულად არ შესრულებულა. ხელშეკრულების დანართი N5-ზე (ინფორმაცია საგარანტიო და სამუშაოს შესრულების ვადის და პირობების შესახებ), ხელმოწერითაც მოპასუხემ გამოთქვა თანხმობა ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, აღმოეფხვრა აღმოჩენილი დეფექტი/დაზიანება, რაც არ შესრულდა და დაირღვია ხელშეკრულების მე- 19 მუხლით ნაკისრი ვალდებულება. კასატორი ასევე ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება მოიცავდა ერთი მხრივ, სამუშაოების ჯეროვნად შესრულების ვალდებულებას და მეორე მხრივ, საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში დაზიანებების აღმოფხვრის ვალდებულებას და სწორედ ეს უკანასკნელი ვალდებულება იქნა შეუსრულებელი მოპასუხე მხარის მიერ, რაც, საბოლოო ჯამში, გამორიცხავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულებულად მიჩნევას. მოხმობილი შედავების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-19 პუნქტით მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულების სამართლებრივი ბუნება, მენარდის მიერ, ამ ვალდებულების შესრულების საკითხი და მითითებული მუხლის საფუძველზე დაკავებული საგარანტიო თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ამავე კოდექსის 653-ე მუხლი (თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას მეორადი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. საგარანტიო ვადის დაწესება ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-523-2024, 13 ნოემბერი, 2024 წელი; №ას-512-2022, 10 ნოემბერი, 2022 წელი).
15. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 639-ე (თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა) და 641.1 მუხლებზე (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის) და განმარტავს, რომ ნების ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი). ამასთან, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლზე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) და განმარტავს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების შესრულებას ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები). აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).
17. მოცემულ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს (თავდაპირველ მოსარჩელეს, კასატორს) ეკისრება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1324-2019, 12 მარტი, 2021 წელი; საქმე №ას-58-2020, 11 მარტი, 2020 წელი). მას ევალება სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა) დაამტკიცოს მენარდის მხრიდან ნაკლიანი შესრულება. შემკვეთს ნაკლიანი შესრულების დასადასტურებლად იმგვარი პირდაპირი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც ფაქტობრივ დაზიანებასთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევას და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1790-2018, 19 აპრილი, 2019 წელი).
18. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ გამოვლენილი ხარვეზები მენარდის მიერ განხორციელებული არაჯეროვანი შესრულების შედეგი იყო. სახელდობრ, განსახილველი დავის ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მიღება-ჩაბარების აქტებით, ინსპექტირების ორგანოსა და ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ შპს „მ.ბ.კ–ის“ მიერ ჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც სრულად მიიღო შემკვეთმა, ამასთან ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნა დადგენილი შპს „მ.ბ.კ–ის“ ბრალეულობა (იხ. ტომი I., ს.ფ. 84.90), მეტიც, განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ შპს „მ.ბ.კ–იმ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო დამკვეთმა აღნიშნული სამუშაოები მიღება-ჩაბარებისა და ინსპექტირების აქტებით მიიღო, როგორც ჯეროვნად შესრულებული.
19. ამასთან, პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მითითებას, რომ შემკვეთი თუ თავადვე გამორიცხავს პასუხისმგებლობის ელემენტს და მიუთითებს, რომ სამუშაოთა უნაკლობის და მხარის არაბრალეულობის შემთხვევაშიც იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები, გამოდის, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარეს ავალდებულებს არა საგარანტიო შემთხვევის აღმოფხვრას (როგორც ეს 19.3 პუნქტშია გაწერილი), არამედ სტანდარტულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების ნაწილის ხელმეორედ უსასყიდლოდ შესრულებას. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი კი ვერ იქნება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 19.3 პუნქტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ გადასახდელად დარჩენილი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა, როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნიდან, ასევე მენარდის მიერ ჯეროვნად შესრულებული სამუშაოს პირობიდან გამომდინარე, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სწორი და დასაბუთებულია, რაც უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინებით და არ არსებობს მისი შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
20. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 08.05.2025წ. №02269 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2476,53 ლარის 70% – 1733,57 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი