დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-564-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-564-2024 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – უცხოური საწარმოს ფილიალი „სს ი–ფ.ი.პ.თ.თ–თის წარმომადგენლობა საქართველოში“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ., ვ.მ. (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქმედების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.მ–მა და ვ.მ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში უცხოური საწარმოს ფილიალის „სს ი–ფ.ი.პ.თ.თ–თის“ მიმართ ქმედების დავალდებულების თაობაზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, „სს ი–ფ.ი.პ.თ.თ–თს“ დაევალა, მოქმედი რეგულაციებისა და დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, (მდებარე - ქ. ბათუმი, ........, საკადასტრო კოდი: N.........), ლიფტების გამართულ მდგომარეობაში მოყვანა და უსაფრთხო ფუნქციონირება.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, „სს ი–ფ.ი.პ.თ.თ–თის“ წარმომადგენლის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განჩინება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა 2021 წლის 24 სექტემბერს სარჩელში მითითებულ მისამართზე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა მოპასუხე იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართს. საფოსტო უკუგზავნილზე კურიერის ჩანაწერი ადასტურებდა, რომ იურიდიული პირის მისამართზე ვიზიტისას, ადრესატი კომპანიის იურისტმა - თ.ხ–ძემ სასამართლო გზავნილი ჯერ ჩაიბარა, ხოლო შემდეგ უკან დაუბრუნა ის კურიერს და უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. სააპელაციო პალატამ ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი, მეორედ გაეგზავნა 29 სექტემბერს მოპასუხე იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართზე, თუმცა ჩაბარებაზე ადრესატმა კვლავ უარი განაცხადა.

6. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე - 75-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო მის მიმართ დავის არსებობის თაობაზე, გზავნილის ჩაბარებაზე განმეორებითი უარის შემდეგ კი, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხისთვის მართებულად ჩაითვალა ჩაბარებულად და გზავნილის ჩაბარებაზე განმეორებითი უარის თქმის თარიღიდან დაიწყო შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის ათვლა. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილი რეალურად არ მისულა მისამართზე და არც უარი განუცხადებია მის ჩაბარებაზე. ასევე, არ გაიზიარა ის მტკიცება, რომ საფოსტო უკუგზავნილში მითითებული პირი - იურისტი თ.ხ–ძე, საერთოდ არ წარმოადგენდა კომპანიის თანამშრომელს ვინაიდან ამ გარემოების საწინააღმდეგოდ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა, კერძოდ, მტკიცება იმისა, რომ თ.ხ–ძე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული პირი არ იყო, (ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში), აპელანტი მხარისათვის ობიექტურად მარტივად იყო შესაძლებელი, (მაგ. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენით და სხვა), თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის სიტყვიერ განმარტებას დაადასტურებდა სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა.

8. სააპელაციო პალატამ ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 487-ე, 629- ე, 639-ე მუხლები და განმარტა, რომ ნორმათა დისპოზიციით განმტკიცებული დებულებები ქმედების დავალდებულების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ქმნიდა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა უცხოური საწარმოს ფილიალმა „სს ი–ფ.ი.პ.თ.თ–თის წარმომადგენლობა საქართველოში“.

10. საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ფაქტები მცდარია და კომპანიას სარჩელი და თანდართული მასალა არც ერთხელ მიუღია მისამართზე, შესაბამისად ვერც მისი წარმომადგენელი განაცხადებდა ჩაბარებაზე უარს. კასატორი ამტკიცებს, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების კომპანიის დირექტორისთვის გაგზავნა/ჩაბარება მიზანმიმართულად არ მოხდა, რადგან მოსარჩელემ იცოდა, რომ საქმის სასამართლოში წარმოების შემთხვევაში გამოიკვეთებოდა სარჩელის უსაფუძვლობა. ლიფტები, რომელთა გამართულ მდგომარეობაში ჩაბარებაზეც მხარე დავობს უკვე გადაცემულია ამხანაგობის მფლობელობაში, შესაბამისად კომპანია არ/ვერ უზრუნველყოფს მის მოვლა/პატრონობას. სწორედ ამგვარი მტკიცების თავიდან ასარიდებლად მოსარჩელემ გადაწყვიტა არ ჩაებარებინა სასამართლო დოკუმენტაცია კომპანიის დირექტორისა თუ სხვა უფლებამოსილი პირისთვის და ამგვარად შეეყვანა სასამართლო შეცდომაში.

11. კასატორი დასძენს, რომ იგი წარმოადგენს უცხოური საწარმოს ფილიალს, რის გამოც გზავნილი უნდა ჩაბარებოდა მის დირექტორს, კანცელარიის თანამშრომელს ან სხვა უფლებამოსილ პირს. სასამართლოს მიერ მითითებული პირი - თ.ხ–ძე კი, არ არის კომპანიის თანამშრომელი ან სხვაგვარად უფლებამოსილი პირი, რის გამოც მას არც უწყების ჩაბარებაზე უარის თქმის უფლებამოსილება გააჩნდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თ.ხ–ძეზე გასაცემების გაცემის შესახებ, მიღებული დოკუმენტაციის დასტურდება, რომ ხსენებულ პირს კასატორი კომპანიისგან არასდროს მიუღია ხელფასი. კასატორი ამტკიცებს, რომ ხსენებული მტკიცებულება მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ელ. ფოსტის საშუალებით 2023 წლის 1-ელ ივლისს, სასამართლომ დაადასტურა კიდეც ამ მტკიცებულებისა და შუამდგომლობის მიღება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას საერთოდ არ უხსენებია იგი. მეტიც, გასაჩივრებული განჩინებით დაუსაბუთებლად აღინიშნა, რომ აპელანტს მის მიერ მითითებული გარემოებების სამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება წარუდგენია.

12. კასატორი შუამდგომლობს საქმეს დაერთოს 01.07.2023 წლის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის შესახებ (საქმეზე N2ბ-125-2023) თანდართულ მასალებთან და სააპელაციო სასამართლოს ჩაბარების დასტურთან ერთად.

13. კასატორი აცხადებს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიც, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნაა ქმედების დავალდებულება, კერძოდ, იმ ლიფტის მოვლა/პატრონობა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე უკვე გადაცემულია მოსარჩელის მფლობელობაში, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა არ არსებობს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით, უცხოური საწარმოს ფილიალის სს „ი–ფ.ი.პ.თ.თ–თის წარმომადგენლობა საქართველოში“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

19. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს, განმარტოს შესაგებლის წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

20. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

21. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.

22. ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

24. ამრიგად, შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. სუსგ საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

26. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპანიას კანონით დადგენილი წესით სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია. სახელდობრ, კასატორი უთითებს, რომ უწყება არ გაგზავნილა კომპანიის დირექტორის ან სხვა უფლებამოსილი პირის მისამართზე, თ.ხ–ძე კი, არ არის კომპანიის თანამშრომელი ან სხვაგვარად უფლებამოსილი პირი, რის გამოც მას არც უწყების ჩაბარებაზე უარის თქმის უფლებამოსილება გააჩნდა.

27. აღნიშნულ შედავებასთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა 2021 წლის 24 სექტემბერს სარჩელში მითითებულ მისამართზე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მოპასუხე იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართს. საფოსტო უკუგზავნილზე კურიერის ჩანაწერი ადასტურებს, რომ იურიდიული პირის მისამართზე ვიზიტისას, ადრესატი კომპანიის იურისტმა თ.ხ–ძემ სასამართლო გზავნილი ჯერ ჩაიბარა, ხოლო შემდეგ უკან დაუბრუნა ის კურიერს და უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი, მეორედ გაეგზავნა 29 სექტემბერს მოპასუხე იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართზე, თუმცა ჩაბარებაზე ადრესატმა კვლავ უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-75-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო უწყება ჩაბარებულად მართებულად ჩაითვალა 2021 წლის 29 სექტემბერს მეორედ გაგზავნისა და ადრესატის მიერ ჩაბარებაზე განმეორებითი უარის თქმის შემდეგ.

28. რაც შეეხება კასატორის შედავებას, თ.ხ–ძის უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

29. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საფოსტო გზავნილები შეიცავდა მოპასუხე კომპანიის სრულ და ზუსტ დასახელებას, მასში მითითებული იყო კომპანიის დირექტორის სახელი და გვარი, კომპანიის მისამართი, რაც გამორიცხავდა სხვა პირისათვის (არა ადრესატისათვის) გზავნილის ჩაბარების რისკს. ამასთან, უწყება გაიგზავნა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მითითებულ იურიდიული პირის ოფიციალურ მისამართზე (იხ. ს.ფ. 25), რომლის სწორად მითითების ვალდებულება თავად სამეწარმეო პირს გააჩნია და რომლის ამონაწერში მითითება სწორედაც იურიდიულ პირთან დაუბრკოლებელი კომუნიკაციის წარმართვას ემსახურება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იურიდიულ მისამართზე, სასამართლო გზავნილის მიღება თ.ხ–ძემ (პნ .........), როგორც ადრესატი კომპანიის იურისტმა დაადასტურა თავისი ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე (ს.ფ. 92). რაიმე განმარტება, რომ ის არ იყო ადრესატ კომპანიაში დასაქმებული პირი, ან გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილების მქონე პირი, თ.ხ–ძეს არ გაუკეთებია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორედ სადავო მისამართზე ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 72-74), თუმცა ამ შემთხვევაში, მან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა (ს.ფ. 142-148).

30. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თ.ხ–ძეზე გასაცემების გაცემის შესახებ, მიღებული დოკუმენტაციის დასტურდება, რომ ხსენებულ პირს კასატორი კომპანიისგან არასდროს მიუღია ხელფასი. კასატორი ამტკიცებს, რომ ხსენებული მტკიცებულება მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ელ. ფოსტის საშუალებით 2023 წლის 1-ელ ივლისს, სასამართლომ დაადასტურა კიდეც ამ მტკიცებულებისა და შუამდგომლობის მიღება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას საერთოდ არ უხსენებია იგი. მეტიც, გასაჩივრებული განჩინებით დაუსაბუთებლად აღინიშნა, რომ კასატორს მის მიერ მითითებული გარემოებების სამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება წარუდგენია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. საკასაციო საჩივარს დართული აქვს სასამართლოს მეილზე გაგზავნილი დოკუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კასატორი არ უთითებს, რამ განაპირობა მისი სააპელაციო და არა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე სწორედ ახალი მტკიცებულებების წარმდგენ მხარეს ევალება დაამტკიცოს ახალი მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობა ან მათი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ განუხორციელებია. ამავე მიზეზით უარი უნდა ეთქვას მხარეს საკასაციო საჩივრში დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვს საქმეს დაერთოს 01.07.2023 წლის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის შესახებ (საქმეზე N2ბ-125-2023) თანდართულ მასალებთან და სააპელაციო სასამართლოს ჩაბარების დასტურთან ერთად.

31. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 487-ე, 629-ე, 639-ე მუხლების შესაბამისად ქმედების დავალდებულების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ქმნიდა.

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უცხოური საწარმოს ფილიალის „სს ი–ფ.ი.პ.თ.თ–თის წარმომადგენლობა საქართველოში“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. უცხოური საწარმოს ფილიალს „სს ი–ფ.ი.პ.თ.თ–თის წარმომადგენლობა საქართველოში“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 9451/გადახდის თარიღი 05/06/2024), 70% - 210 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი