დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-464-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.შ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ.შ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ხ–ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2021 წლის 29 სექტემბერს, ლ.შ–ძესა და თ.ხ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ლ.შ–ძემ მსესხებელს გადასცა 100 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2021 წლის 29 ოქტომბრამდე.
2.2. თ.ხ–ი იყო ლ.შ–ძის ახლობელი, სარგებლობდა მისი ნდობით და მოსარჩელე დარწმუნებული იყო, რომ მსესხებელი დათქმულ ვადაში გადაიხდიდა თანხას. ერთი თვის შემდეგ, გამსესხებელი დაუკავშირდა თ.ხ–ს, რომელიც დაჰპირდა, რომ ვალს გადაუხდიდა, თუმცა, მას ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.
2.3. მოსარჩელეს თანხის გადაუხდელობის გამო მიადგა ზიანი, რის გამოც, იგი ითხოვდა სესხზე წლიურ საპროცენტო სარგებელს 11%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 0,9%-ს (ძირითადი თანხის - 100 000 აშშ დოლარის 0,9% შეადგენდა 900 აშშ დოლარს ყოველთვიურად, ხოლო, 15 თვის განმავლობაში - 900*15=13 500 აშშ დოლარს. 2023 წლის 27 თებერვლისათვის ზიანის თანხა შეადგენდა 900*15=13 500 აშშ დოლარს, ხოლო, სასამართლოსათვის კანონიერ ძალაში შესვლამდე (არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი ოდენობა) 900*36=32 400 აშშ დოლარს).
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 56 400 აშშ დოლარის ნაწილში, ვინაიდან სესხის თანხის სრულად გადაცემა მსესხებლისთვის არ მომხდარა.
3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელეს 2023 წლის თებერვლამდე მოპასუხისათვის სესხის დაბრუნების მოთხოვნით არ მიუმართავს. 2023 წლის თებერვალში მხარეთა შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, მოსარჩელემ სესხის თანხის დაბრუნება მოითხოვა. მოპასუხემ გამსესხებელს განუმარტა, რომ არ ჰქონდა სესხის დაბრუნების საშუალება, აპირებდა ქ. თბილისში, ........... მდებარე უძრავი ქონების გაყიდვას და სესხის მიღებული თანხით დაფარვას, რაზეც, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა.
3.3. მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან სესხი არ ყოფილა გაცემული საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით, ასევე, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ მოუთხოვია სესხის უზრუნველყოფა. მოპასუხის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც, თუ სესხის ხელშეკრულება მიჩნეული იქნებოდა სასყიდლიანად, სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა არაგონივრულია, რადგან სესხის თანხის - 56 400 აშშ დოლარის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაშიც კი, მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრება წლიური 0,3%-დან - 1,45%-მდე, რაც, 0,3%-ის შემთხვევაში თვეში - 14,1 აშშ დოლარს (56400*0,3=169,2 - წელზე, ხოლო, 1 თვეზე 169,2:12=14,1), ხოლო, 1,45%-ის შემთხვევაში, 24 თვით დოლარში ანაბრის განთავსებისას თვეში შეადგენს - 68,15 აშშ დოლარს (56400*1,45=817,8, ხოლო, 1 თვეზე - 817,8:12=68,15).
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ.შ–ძის სარჩელი თ.ხ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ.ხ–ს ლ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 100 000 აშშ დოლარის გადახდა. ლ.შ–ძის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა თ.ხ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მის კვლევის საგანს წარმოადგენდა აპელანტისთვის სადავო თანხის - 43600 აშშ დოლარის, გადაცემის ფაქტის დადგენა. პალატამ მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს). სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2021 წლის 29 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე, და განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულება სასესხო დავალიანების არსებობის თაობაზე მოსარჩელისათვის გასესხებული თანხის - 100 000 აშშ დოლარის, გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა.
5.3. სააპელაციო პალატამ, ყურადღება მიაპყრო ამგვარი კატეგორიის საქმეებზე მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ტექსტში მითითებული „გამსესხებელი აძლევს“, ხოლო, „მსესხებელი ვალდებულია აღნიშნული თანხა დააბრუნოს“, ადასტურებდა, რომ მსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაეცა, რაც მოპასუხისკენ აბრუნებდა მტკიცების ტვირთს და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა თანხის არასრულად გადაცმის ფაქტი, რაც მას არ განუხორციელებია.
5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ თანხის გადაცემა მსესხებლისათვის, მხოლოდ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოხდა, ვინაიდან ეს გარემოება აპელანტის ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა არაფრით დასტურდებოდა. მეტიც, პალატამ ხაზგასმით მიუთითა, რომ გამსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ მოპასუხემ მხოლოდ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის შემდეგ და მანამდე პრეტენზია არ განუცხადებია.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა თ.ხ–მა.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი მიუთითებს, რომ მართალია სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასა და მტკიცების გადანაწილების ტვირთზე, თუმცა სრულიად შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სასამართლომ სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოპასუხისთვის თანხის გადაცემის მტკიცებულება, შესაბამისად გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
6.2. კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომლითაც სადავო სესხის ხელშეკრულების დათქმები ისე განიმარტა, თითქოს მსესხებელს თანხა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაეცა, ვინაიდან ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური გარიგების ბუნებას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თანხის ნაწილის - 56400 აშშ დოლარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გადაცემის ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ლ.შ–ძის წარმომადგენელმაც.
6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ რადგან მან იცოდა, რომ სესხად 54 600 აშშ დოლარი აიღო, იმედოვნებდა, რომ უკანაც სწორედ ამ ოდენობის თნხის დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა, ამიტომ კასატორისთვის ასევე გაუგებარია სასამართლოს ის მითითებაც, რომ თანხის ოდენობის შესახებ მოპასუხეს სამი წლის განმავლობაში არსად განუცხადებია.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მოპასუხისთვის - 100 000 აშშ დოლარისა (სადავოა 43600 აშშ დოლარი) და ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და ამავე კოდექსის 411-ე - 412-ე მუხლები (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს).
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სესხად გადაცემული თანხის ოდენობის დადგენა, ვინაიდან მოპასუხე (კასატორი) ხელშეკრულებაში მითითებული თანხის სრულად მიღების ფაქტს უარყოფს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12.2015წ), ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან როგორც უკვე აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 623, ველი 3, www.gccc.ge; თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ. 361).
15. პალატის მითითებით, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე (იხ.: სუსგ №ას-26-2024, 15.04.2024წ.).
16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
17. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ ხდის სესხის თანხის მისთვის გადაცემის ფაქტს, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადასტურების წესის თავისებურებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა.
18. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102.1 მუხლი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-839-890-2011, 8 ნოემბერი 2011 წელი; საქმე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი 2015 წელი).
19. მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს/მოპასუხეს (შდრ. სუსგ საქმე №ას-929-891-2014, 22.04.2015წ). სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს (შდრ. სუსგ საქმე №ას-1067-1026-2016, 23.06.2017 წ).
24. მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12.2015წ). საკასაციო პალატა განსაკუთრებით ხაზგასმით მიუთითებს, რომ წერილობითი ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება პირდაპირ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული, თუკი მისი შინაარსით თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება (შდრ. საქმე №ას-938-888-2015, 2016 წლის 27 მაისის განჩინება). ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად. გამომდინარე აქედან, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში პრეტენზიას გამოთქვამს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა შეფასების წესის დარღვევაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხისთვის დამატებით 43600 აშშ დოლარის დაკისრება. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს თავად მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვერ მიიჩნევა მოპასუხეზე 100 000 აშშ დოლარის სესხად გაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუმცა, ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მხარეები მიზნად ისახავდნენ სესხის სახით სწორედ 100 000 აშშ დოლარის გაცემა-მიღებას. 2021 წლის 29 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაში ცალსახად მითითებულია შემდეგი: „ვიღებ ვალდებულებას ზემოთ აღნიშნული თანხა გადავიხადო რაც შეადგენს 100 000 დოლარი (ასი ათასი ამერიკული დოლარი) რაზედაც ვაწერ ხელს“. მოხმობილი ჩანაწერის, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და აზრობრივი განმარტება, სასამართლოს უქმნის იმგვარი აზრის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულების დათქმა საკმარის საფუძველს ქმნის სადავო თანხის სრულად გადაცემულად მიჩნევისთვის. საწინააღმდეგო მტკიცების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ანალოგიურ პირობებში მყოფ მსესხებელს ეკისრა მიუღებელი, თანაც სოლიდური თანხის, უკან დაბრუნების ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს გამსესხებლის მიერ იმაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულების კისრებას ვიდრე შეეძლო გადაეცა. ასე რომ არც იყოს, პალატა მიიჩნევს, რომ მსესხებლისთვის ხელის მოწერის დროს, ცნობილი იყო მის მიერ აღებული ვალდებულების შესახებ, რის გამოც გონიერი დამკვირვებლის სტანდარტიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მას თანხის სრულად მიუღებლობის შემთხვევაში, სულ მცირე, უნდა გამოეთქვა პრეტენზია და გამსესხებლისთვის სესხის ხელშეკრულების მოდიფიცირება მოეთხოვა, რაც არ განუხორციელებია.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-938-888-2015, 27 მაისი, 2016 წ.).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
თ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; თ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ.გ–ძის მიერ 27.03.2025წ. №26542779568 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი