დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-894-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-894-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუცილებელი მისასვლელი გზის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. რ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მ.ბ–ძის მიმართ, აუცილებელი მისასვლელი გზის დადგენის თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე საკუთრების უფლებით ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, მდებარე: ჭიათურა, ............. მ.ბ–ძემ დაირეგისტრირა მოსარჩელის სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა, სადაც ჩასასვლელი კიბეები იყო მოწყობილ. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს სახლამდე მისასვლელი გზა არ გააჩნია, მ.ბ–ძე არ აძლევს უფლებას ისარგებლოს გზით ფაქტობრივად მოსარჩელე და მისი ოჯახი ვერ ახერხებს საცხოვრებელ სახლში მისვლას.

2.2. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ დახმარებისათვის მიმართა პოლიციასა და მუნიციპალიტეტს, თუმცა უშედეგოდ.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, ქ. ჭიათურაში, ........ მ.ბ–ძე რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს უძრავ ქონებას საკადასტრო კოდი: ......... აღნიშნული უძრავი ქონება დაირეგისტრირა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრულად დაცვით და იმ ფართობის გათვალისწინებით, რაც დატანილი იყო ჯერ კიდევ 1986 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ მიწის ტექნიკურ პასპორტში. ტერიტორია, რაზეც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას და მის სახლამდე მისასვლელ „აუცილებელ გზად“ განიხილავს, ყოველთვის მ.ბ–ძის საკუთრებაში და სარგებლობაში იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რ.ბ–საც აძლევდა ამ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას, რაც, ბუნებრივია, მოსარჩელეს რაიმე სახის მოთხოვნის დაყენების უფლებას არ აძლევს. აღნიშნული ტერიტორია არ არის რ.ბ–ძის საკუთრებამდე მისასვლელი აუცილებელი გზა, ეს იყო მხოლოდ საფეხმავლო ბილიკი, რომელსაც რ.ბ. სახლამდე მისასვლელ ალტერნატიულ გზად იყენებდა.

3.3. მოპასუხის მტკიცებით, მ.ბ–ძის საკუთრების ის ნაწილი, რაზეც მოსარჩელე აცხადებდა პრეტენზიას ვერ უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთისთვის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირს საჯარო გზებთან. ამ ტერიტორიის გამოყოფის შემთხვევაშიც ვერ ექნება რ.ბ–ძის საკუთრებას ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, რადგან ეს არის ვიწრო ბილიკი, რომელიც ნორმალურად ფეხით გადაადგილების საშუალებასაც კი ვერ იძლევა.

3.4. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მიუთითა, რომ რ.ბ–ძე საკუთრებამდე მისასვლელი აუცილებელი გზის მოთხოვნით წარსულში აწარმოებდა სამოქალაქო დავას მოსაზღვრე მეზობლის - მამული ბრეგვაძის მიმართ, რა დროსაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად სხვა მეზობლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რ.ბ–ძისთვის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს აცლის მოცემულ სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოსარჩელეს უკვე მოპოვებული აქვს თავის საკუთრებამდე მისასვლელი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, რ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.ბ–ძემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

5.2. სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და განმარტა, რომ მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებისათვის. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არ არსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოებების არსებობა ყველა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი.

5.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ, რომ მოსარჩელემ დაადასტურა სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის განსაზღვრული პირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ჯეროვნად შესრულება, - ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც სარწმუნოდ დადგინდებოდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად, აუცილებელი და უალტერნატივოა, რომ გზით სარგებლობის უფლება განხორციელდეს სწორედ მოპასუხე მ.ბ–ძის საკუთრებაში არსებულ №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპოვებული გზით სარგებლობის ჯეროვანი გამოყენების შესაძლებლობა ამჟამად აღარ არსებობს.

5.4. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტა, რომ გზა რომელიც 2009 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოეყო მოსარჩელეს კვლავაც არსებობს. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ.ბ–ს, მის საკუთრებაში არსებულ N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან სრულყოფილი კავშირისთვის ესაჭიროებოდა აუცილებელი გზით (როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანე) სარგებლობის უფლება, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპოვებული ჰქონდა. აღნიშნული გარემოებები დადასტურებული იყო საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 05 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 22 აპრილის N002663024 ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა რ.ბ–ძემ.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.

6.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება საქმის მასალების ყოველმხრივ და ობიექტურ კვლევას, რადგან არასწორია დასკვნა იმის თაობაზე, რომ მას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე მოპოვებული აქვს აუცილებელი გზის უფლება სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რომელიც გაუქმებული არ არის. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციაში გამოკითხულმა ექსპერტმა ნათლად და არაორაზროვნად მიუთითა, რომ კასატორის საკუთრებაში მოსახვედრად ერთადერთი რეალური და უმოკლესი გზა არის სწორედ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ის ნაწილი, რომელიც კიბეებს აქვს დაკავებული.

6.3. კასატორი ასევე უთითებს, რომ მისთვის უფრო მარტივი იქნებოდა უკვე კანონიერ ძალაში სეული გადაწყვეტილების აღსრულებით მოეხდინა აუცილებელი გზის მოწყობა, თუმცა ადგილის რელიეფის გათვალისწინებით ამ გზის აღდგენა და მოწყობა შეუძლებელია.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- ქალაქ ჭიათურაში, ......... მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ......... საჯარო რეესტრში აღრიცხულია მ.ბ–ძის სახელზე;

- ქალაქ ჭიათურაში ....... მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ........... საჯარო რეესტრში აღრიცხულია რ.ბ–ძის სახელზე;

- საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე ასახულია სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მისასვლელი გზის ნახაზი;

- დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით, რ.ბ–ს მიეცა თავის უძრავ ქონებასთან მისასვლელი აუცილებელი გზა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენაზე უარის თქმის კანონიერება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.; სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

15. ხაზგასასმელია, რომ ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1901-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როცა აუცილებელ გზაზეა საუბარი, აქ, ცხადია, მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა არ იგულისხმება, მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 109; ასევე სუსგ საქმე №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები). აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 22 აპრილის N002663024 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: ა)ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ, ქ.ჭიათურაში ......... მდებარე ს/კ N..........მიწის ნაკვეთს, ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, დღეის მდგომარეობით არ გააჩნია. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი აუცილებელი საფეხმავლო მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს დანართი N1-ში მითითებული სამი ვარიანტის მიხედვით. ს/კ N...... მიწის ნაკვეთის საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობა, დღეისათვის არსებული მდგომარეობით მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების რელიეფის და მათზე განთავსებული შენობა ნაგებობების გათვალისწინებით ტექნიკურად შეუძლებელია. ბ) დღეის მდგომარეობით მოსარჩელე რ.ბ–ძის კუთვნილ ს/კ ........ მიწის ნაკვეთთან საჯარო სივრციდან მისასვლელი საფეხმავლო გზა, მ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული ს/კ .......... მიწის ნაკვეთის სარგებლობის გარეშე, მოცემულია დანართი N1- ვარიანტი N1. გ) რ.ბ–ძის მიერ აუცილებელ გზად სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილ, ერთ მეტრიანი სიგანის და 36,62 სიგრძის მ.ბ–ძის საკუთრებაზე გამავალ გზას შეუძლია რ.ბ–ძის საკუთრების ჯეროვანი მხოლოდ საფეხმავლო გზად გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი.

19. მოხმობილი მტკიცებულების კვლევის შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხემ წარმოადგინა დასაბუთებული მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს უკვე გააჩნია მის ნაკვეთზე მისასვლელი აუცილებელი გზის უფლება, რომელიც მოპოვებული აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამასთან განმარტა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის აუცილებელი გზის უფლებით დატვირთვა ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის უფლების დაცვას, ვინაიდან იგი ძალიან ვიწროა და საფეხმავლო ბილიკადაც ძლივს გამოდგება. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების სამტკიცებლად, საქმის ზეპირი განხილვის დროს გამოიკითხა ექსპერტი. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ექსპერტი გურგენ როსნაძის განმარტებას, რომლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნით, საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი აუცილებელი საფეხმავლო მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს დანართი N1-ში მითითებული სამი ვარიანტის მიხედვით, თავად დაათვალიერა რა მიწის ნაკვეთი და შემოგარენი, ფეხით ჩავიდა სამივე მხრიდან, რომელთაგან N1 ვარიანტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და უფლება მოსარჩელეს უკვე მოპოვებული აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ ფეხით, არამედ სამანქანე გზით სარგებლობაც. ექსპერტის მითითებით, ყველაზე მოკლე საფეხმავლო გზა არის დანართ N1-ში აღნიშნული N2 ვარიანტი - .......... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის გავლით. სასამართლოს შეკითხვაზე, ხომ არ არის რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რომ გზა რომელიც 2009 წლის გადაწყვეტილებით გამოეყო მოსარჩელეს აუცილებელ გზად, დღეის მდგომარეობით სახეცვლილია, დამეწყრილია ან აღარ არსებობს, ექსპერტმა განმარტა, რომ მსგავს გარემოებას ადგილი არა აქვს.

20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე დასაბუთებულად შეედავა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, მან უზრუნველყო წარმოდგენილი მტკიცებულების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, სახელდობრ: საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 05 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ბ–ს მოპოვებული აქვს თავის უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზით სარგებლობის უფლება, რომელიც წარმოადგენს 2024 წლის 22 აპრილის N002663024 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დანართი N1-ში მითითებულ N1 ვარიანტს. ამასთან, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სთავაზობს მოსარჩელეს მოცემული გზის მოწყობის შესაძლებლობას სამი ვარიაციით, რაც ნიშნავს, რომ მასში მითითებული ნებისმიერი შესაძლებლობა, უზრუნველყოფს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვას. ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ გამოდგება ვერც კასატორის ის აპელირება, რომ მოსარჩელისთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე მიკუთვნებული აუცილებელი გზის მოწყობა და აღდგენა, ადგილის რელიეფის გათვალისწინებით, შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ ხსენებული შეუძლებლობის ფაქტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით დგინდება, ამასთანავე კასატორის არგუმენტი მასზედ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი კონფიგურაციით აუცილებელი გზა დღეის მდგომარეობით არის წაშლილი, რომლის მიღმაც არის ფერდობი, ხოლო მოთხოვნილი კონფიგურაციით არის უფრო ხელსაყრელი - ვერ ჩაითვლება ისეთ გარემოებად, რომლის ძალითაც მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკაც, რომლის თანახმად, კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (სუსგ №ას-1513-2018, 8.02.2019წ.) შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმატებით ვერ დაადასტურა მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებები და სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი განკუთვნადი და რელევანტური მტკიცებულებები, რომლებიც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას - აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობას, დაადასტურებდა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1111-2024, 13.11.2024წ.).

21. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; რ.ბ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ.გ–ძის მიერ 13.06.2025წ. №1508 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი