დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-4-2025 6 მარტი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „უ.პ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელეს მითითებით, 2022 წლის 22 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობასა და შპს „უ.პ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა - 70 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას უნდა მოემზადებინა დ/დიღომში, I და II მიკრო რაიონებში სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო / სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
2.2. ხელშეკრულების 3.2, 3.3. და 3.4. პუნქტებიდან გამომდინარე, მიმწოდებელს პირველი ეტაპის მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 40 კალენდარული დღის ვადაში, მეორე ეტაპის - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 85 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მესამე ეტაპის - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 120 კალენდარული დღის ვადაში.
2.3. 2022 წლის 12 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, რომლითაც მოპასუხე ითხოვდა ხელშეკრულების მეორე ეტაპით მომსახურების გაწევის ვადის გაზრდას, გამგეობამ გაზარდა აღნიშნული ვადა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე და 14 ოქტომბრის ნაცვლად, განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბერი.
2.4. კომპანიის მხრიდან გაზრდილ ვადაშიც არ მოხდა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო. ამასთანავე, მოსარჩელე ითხოვდა, ხელშეკრულების მესამე (საბოლოო) ეტაპით გათვალისწინებული სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც შემსრულებელს უნდა წარმოედგინა 2022 წლის 18 ნოემბერს და რომელიც კომპანიის მიერ საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი.
2.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.3. მუხლის (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული მომსახურების არასრულყოფილად და ვადაგადაცილებით, ხოლო 3.4. პუნქტით ( მესამე ეტაპი) განსაზღვრული მომსახურების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების 9.1. მუხლის საფუძველზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ შპს „უ.პ–ს“ შეუწყვიტა ხელშეკრულება და კომპანიას ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა - 7 000 ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
3.2. შესაგებლის თანახმად, კომპანიის ვალდებულების დარღვევისთვის შესაბამის პირგასამტეხლოს წარმოადგენდა 3 500 ლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „უ.პ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 3 500 ლარის გადახდა.
4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება და ვადაგადაცილებაში მოვალის ბრალეულობა დადგენილი იყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სადავოდ არ გამხდარა, ამიტომ პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა დარიცხული პირგასამტეხლოს მოცულობის შესაძლო შეუსაბამო ოდენობის დადგენა, აგრეთვე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესის კანონიერების შემოწმება.
5.3. მოხმობილ სასამართლო განჩინებაში განვითარებული სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია არ ნიშნავდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს შემცირების შესაგებლის წარდგენის უფლება არ ჰქონდა. პალატის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის შედავების მთავარი არგუმენტი პირველი ინსტანციიდანვე იყო პირგასამტეხლოს დაანგარიშების უმართებულობა და დარიცხული ოდენობის შეუსაბამობა, რაც გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომაც.
5.4. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ 2022 წლის 22 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.9.15/30/71 ხელშეკრულების 8.3. პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვისა და გამოანგარიშების წესზე. კერძოდ კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან მისი ნაწილის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი (უხარისხოდ) შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ხელშეკრულების საერთო ფასი შეადგენდა 70 000 ლარს (2.4 მუხლი); მხარემ ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ; პირველი ეტაპისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა დადგენილ ვადაში; მოპასუხემ, როგორც მიმწოდებელმა დაარღვია მხოლოდ მეორე და მესამე ეტაპისათვის წარსადგენი საპროექტო დოკუმენტაციის ვადა, ხოლო ვალდებულების დარღვევა დაანგარიშდა არა, შესასრულებელი ვალდებულების, არამედ მთლიანი სახელშეკრულებო ფასიდან, რაც დღეში 140 ლარს შეადგენდა (იხ. ს/ფ 32). სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო მთლიანი სახელშეკრულებო ფასის 10%-ს მოიცავდა, რაც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის რეგულაციას და ექვემდებარებოდა სასამართლოს მიერ გონივრულ ოდენობამდე შემცირებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დარიცხული პირგასამტეხლო სასამართლომ მხოლოდ 2-ჯერ შეამცირა, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკასთან.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძალიან სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას. მისივე მტკიცებით, სასამართლო უხეშად ჩაერია მხარეთა ნების ავტონომიასა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ მოპასუხეს არანაირი ზომა არ მიუღია, რათა თავიდან აეცილებინა ვალდებულების დარღვევა, მით უფრო, იმ პირობებში, როცა ვალდებულების შესრულება მხარეს გადაუვადდა.
6.3. მისივე მტკიცებით, ხელშეკრულების დარღვევით კასატორს მიადგა ზიანი, კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებული იყო დიდ დიღომში, I და II მიკრო რაიონებში, სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც გამგეობას საშუალებას მისცემდა დროულად და ეფექტურად შეესრულებინა დაგეგმილი სამუშაო და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მოეწყო სარეკრეაციო სივრცეები. ხელშეკრულების დარღვევის გამო, დაგეგმილი სამუშაოები ვერ განხორციელდა დროულად, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაო საერთოდ ვერ შესრულდა.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2022 წლის 22 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობასა და შპს „უ.პ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 70 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას უნდა მოემზადებინა დ/დიღომში, I და II მიკრო რაიონებში სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო / სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
- ხელშეკრულების 3.2, 3.3. და 3.4. პუნქტებიდან გამომდინარე, მიმწოდებელს პირველი ეტაპის მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 40 კალენდარული დღის ვადაში, მეორე ეტაპის - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 85 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მესამე ეტაპის - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 120 კალენდარული დღის ვადაში. ამავე, ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან მისი ნაწილის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი (უხარისხოდ) შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
- ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ;
- 2022 წლის 12 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, რომლითაც მოპასუხე ითხოვდა ხელშეკრულების მეორე ეტაპით მომსახურების გაწევის ვადის გაზრდას, გამგეობის მიერ გაზრდილ იქნა აღნიშნული ვადა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე და 14 ოქტომბრის ნაცვლად, განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბერი;
- შპს „უ.პ–ის“ მიერ გაზრდილ ვადაშიც არ მოხდა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა. საბურთალოს რაიონის გამგეობამ შპს „უ.პ–ს“ შეუწყვიტა ხელშეკრულება და კომპანიას ხელშეკრულების 8.3. პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს - 7 000 ლარს. ამასთან, მოპასუხე კომპანია დარეგისტრირდა შავ სიაში.
12. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) 417-ე-418-ე და (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2022 წლის 22 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა - 70 000 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას უნდა მოემზადებინა დ/დიღომში, I და II მიკრო რაიონებში სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო / სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ხელშეკრულების 3.2, 3.3. და 3.4. პუნქტებიდან გამომდინარე, მიმწოდებელს პირველი ეტაპის მომსახურება უნდა გაეწია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 40 კალენდარული დღის ვადაში, მეორე ეტაპის - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 85 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მესამე ეტაპის - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 120 კალენდარული დღის ვადაში. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
14. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ შპს „უ.პ–ის“ მიერ გაზრდილ ვადაშიც არ მოხდა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 3500 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირა, რა დროსაც თვითნებურად ჩაერია მხარეთა ნების ავტონომიაში და სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.
15. საკასაციო საჩივრის შესწავლისა და საქმის მასალების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე დავობს პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირებისა და პირგასამტეხლოს გამოთვლის მართლზომიერების შესახებ, რადგან ერთი მხრივ, უთითებს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო - 7000 ლარი არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, ხოლო მეორე მხრივ აცხადებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, შეთანხმდა მხარეთა თანმხვედრი ნების საფუძველზე და არ არსებობდა მისი კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძვლები.
14. საკასაციო პალატა დასაბამშივე აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს გამოთვლის ფორმის სისწორესთან დაკავშირებით არამართებულია, ვინაიდან მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, თუმცა, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე Nას-774-2023, 12.09.2023წ.; Nას-905-2021, 12.01.2022წ.; Nას-971-2019, 28.10.2019წ.; Nას581-2019, 31.07.2019წ.; Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.). შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მსჯელობა თანხვედრაშია მოქმედ სასამართლო პრაქტიკასთან, ხოლო კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. რაც შეეხება მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, ამ მიმართებით პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ცალ-ცალკე არ განსაზღვრავდა სამ ეტაპად შესასრულებელი ვალდებულების თითოეული ეტაპის ღირებულებას, არამედ სადავო ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით დადგენილი იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 70 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოიხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე რეკომენდაცია, სადაც მითითებულია, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას: შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხოლო ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით (იხ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე №ას-896-846-2015, http://prg.supremecourt.ge/, შდრ. სუსგ. 2015 წლის 6 მარტის №ას_1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება, სუს 2021 წლის 25 მარტის განჩინება, საქმე №ას-186-2021, http://www.procurement.gov.ge/News/recomendacia-pirgasamtexlo.aspx.).
16. ამასთან, კასატორის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების განსაზღვრასთან მიმართებით მნიშვნელოვანია განიმარტოს პირგასამტეხლოს ხასიათი და ფუნქციაც. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით (მეორე ეტაპი) გათვალისწინებული მომსახურების არასრულყოფილად და ვადაგადაცილებით, ხოლო 3.4. პუნქტით (მესამე ეტაპი) განსაზღვრული მომსახურების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის საფუძველზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ შპს „უ.პ–ს“ შეუწყვიტა ხელშეკრულება და კომპანიას ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა - 7 000 ლარს.
18. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).
20. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით შეუძლებელი იყო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების დადგენა, ასევე ვინაიდან დადგინდა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გამოთვლის ფორმა - საერთო ღირებულების 10%, ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს კეთილსინდისიერად დაკისრების თაობაზე განვითარებულ პრაქტიკას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მართებულად განხორციელდა. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო 7 000 ლარი, მხოლოდ განახევრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პირობებშიც კი, შემსრულებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს, რაც საკასაციო პალატის აზრით, სრულად უზრუნველყოფს კასატორის დარღვეული უფლების რეპარაციას, რის გამოც არ არსებობს მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,. პ.20- 21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ., 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485- 2024, 28 ივნისი, 2024 წ. №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21., №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ)., ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი