დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.02.2026
საქმის ნომერი
ას-1131-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1131-2025 26 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა: გ.ჩ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ის“ მმართველის 2023 წლის 26 იანვრის #13/კ ბრძანების ბათილად ცნობა; გ.ჩ–ძის აღდგენა შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ში პირვანდელ სამუშაო ადგილზე-იურისტის თანამდებობაზე“; მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის დაკისრება გათავისუფლების დღიდან, სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, თვეში 1770 ლარის ოდენობით, ასევე, ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 000 000 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ჩ–ძის სარჩელი შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ს“ გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 36 051.90 ლარის ანაზღაურება; შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ს“ გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 36 051.90 ლარის 0.07%-ის ანაზღაურება, ყოველდღიურად, 2023 წლის 26 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ.ჩ–ძის სხვა სასარჩელო მოთხოვნები, შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა გ.ჩ–ძემ და მოითხოვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მისი სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი არ შეიცავს პასუხს მითითებულ საკითხზე.

8. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინებით გ.ჩ–ძის განცხადება, N2/ბ-1259-2023წ. სამოქალაქო საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

8.2. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლომ 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იმსჯელა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ შემთხვევებზე, რომლებიც ქმნიან სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) მხარისათვის დაკისრების წინაპირობებს, ან პირიქით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინებისაგან მხარეთა გათავისუფლების წინაპირობებს. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, პალატამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამის პუნქტებში. ამდენად, პალატის მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმცხადებლის მიერ დაყენებულ საკითხებზე პასუხობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც სახეზე არ იყო სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ჩ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

9.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მისი სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი არ შეიცავს პასუხს მითითებულ საკითხზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გ.ჩ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი.

15. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“.

16. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს და მათ შორისაა სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტა.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

19. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადოდ. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი)(იხ. სუსგ №ას-165-158-2013 27 იანვარი, 2014 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს მსჯელობას სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ, მათ შორის, შრომით სამართლებრივ მოთხოვნების ნაწილზე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძლების გათვალისწინებით და აღნიშნული მსჯელობა ასახულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ დასაბუთებას და თავადაც მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი გ.ჩ–ძეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია