დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.02.2026
საქმის ნომერი
ას-1131-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1131-2025 26 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა: გ.ჩ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ მმართველის 2023 წლის 26 იანვრის #13/კ ბრძანების ბათილად ცნობა; გ.ჩ–ძის აღდგენა შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნში პირვანდელ სამუშაო ადგილზე-იურისტის თანამდებობაზე“; მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის დაკისრება გათავისუფლების დღიდან, სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, თვეში 1770 ლარის ოდენობით, ასევე, ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 000 000 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელე გ.ჩ–ძე დასაქმებული იყო შპს ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის იურისტის თანამდებობაზე.

4.2. 2017 წლის 16 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგიტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა, რომლის მმართველობის ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება, გამგეობა. თავმჯდომარე/წევრი ი.გ–ძე, წევრები: ნ.ზ–ძე, გ.ჩ–ძე, თ.დ–ა და ნ.კ–ძე.

4.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობის წესდების თანახმად, ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს მედიკოსთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული, სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ასევე იმ დავებში მონაწილეობის მიღება, რომელიც ეხება მედიკოსთა უფლებებს.

4.4. შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ დირექტორის გ.გ–ის 2023 წლის 26 იანვრის #13/კ ბრძანებით, გ.ჩ–ძე გათავისუფლებული იქნა იურისტის პოზიციიდან საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ პუნქტის საფუძველზე. ბრძანების თანახმად, გ.ჩ–ძეს 2017 წლიდან ააიპ მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობას დამფუძნებელთა და გამგეობის წევრობით წარმოეშვა ინტერესეთა კონფლიქტი დამსაქმებლის მიმართ. გ.ჩ–ძე წარმოადგენს ისეთი თანამდებობრივი ფუნქციით აღჭურვილ პირს, რომელსაც შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს საწარმოს/ორგანიზაციის საქმიანობაზე. გ.ჩ–ძის, როგორც შრომითი ურთიერთობის მონაწილის მიერ დაირღვა კეთილსინდისიერების პრინციპი, მის მიერ არ შესრულებულა ის ვალდებულება, რომ ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისას ეცნობებინა დამსაქმებლისთვის, რითაც ზიანს აყენებს დამსაქმებლის ინტერესებს.

4.5. ქ.ს.სს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის 2016 წლის წესდების 2.1. მუხლის თანახმად, პროფესიული კავშირი აერთიანებს საავადმყოფოს თანამშრომლებს, მედიკოსებს და არამედიკოსებს და მოქმედებს მათი მიზნებიდან გამომდინარე. წესდების 2.8. მუხლის თანახმად, კავშირის წევრი ვალდებული იყო გადაეხადა საწევრო, შეესრულებინა კავშირის გადაწყვეტილებები; 3.1. მუხლის თანახმად, კავშირის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა კავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებების და ინტერესების დაცვა; კავშირის წევრთ ინტერესებიდან გამომდინარე მედიცინის მუშაკთა ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს უმაღლესი ხელისუფლების წინაშე საკითხის დასმა და მათი რეალიზების მოთხოვნა; სისტემატიური ბრძოლა წევრთა ცხოვრების დონის და შრომის ანაზღაურების ამაღლების, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მისაღწევად; კავშირის საქმიანობის ამოცანას წარმოადგენდა წევრების სასამართლოში წარმოდგენა და მათი უფლებების დაცვა; დამსაქმებელთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა; შრომითი ურთიერთობა და შრომით დავაში მონაწილეობა; წევრთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციების უზრუნველყოფა (მუხლი 3.2.); კავშირის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ ნ.ზ–ძე, გ.ჩ–ძე, თ.დ–ა, ი.გ–ძე და ნ.გ–ა (მუხლი 4); კავშირის ფინანსურ საფუძველს წარმოადგენდა საწევრო შენატანები, წევრის ყოველთვიური გამომუშავების დარიცხული ანაზღაურების 1%, რომელიც შეტანილ იქნებოდა ბანკში, კავშირის წევრთა მიერ კავშირის ანგარიშზე ან წევრის განცხადების საფუძველზე გადაირიცხებოდა კავშირის ანგარიშზე ყოველთვიურად. კავშირის სახსრებისა და ქონების შექმნის წყაროს წარმოადგენდა ყოველთვიური საწევროს შეტანა, იურიდიული და ფიზიკური პირების ქონებრივი შენატანები და შემოწირულობები; თავისუფალი საფინანსო სახსრების ბანკებში განთავსებით მიღებული შემოსავლები (მუხლი 5); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარეგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ააიპ ქუთაისის საეკლესიო სავადმყოფოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რეგისტრაცია, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნა.

4.6. 2017 წლის 15 თებერვალს და 16 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა ააიპ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობის“ წესდება. კავშირის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს - მედიკოსთა შრომითი სოციალური- ეკონომიკური, პროფესიული და მართლებრივი უფლებების და ინტერესების დაცვა, მედიცინის მუშაკთა იტერესების დაცვა ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანის წინაშე, იმ დავებში და ხელშეკრულებებში მონაწილეობის მიღება, რომელიც ეხება მედიკოსთა უფლებებს და სხვა.... კავშირის დამფუძნებლებს, ასევე კავშირის გამგეობის წევრებს წარმოადგენენ ნ.ზ–ძე, გ.ჩ–ძე, თ.დ–ა, ი.გ–ძე და ნ.გ–ა; დადგენილია, რომ 2017 წლის 18 იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის, შპს „ქ.ს.ს–წ.დ.ა.ს. ქ–ის“ ანგარიშიდან გადახდილ იქნა მომსახურების საფასური 110 ლარის ოდენობით.

4.7. 2022 წლის 07 დეკემბრის წერილით, შპს ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის მმართველმა წერილით მიმართა გ.ჩ–ძეს და მოითხოვა წერილობითი დოკუმენტების წარდგენა ააიპ მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობაში მისი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. ასევე მოითხოვა წერილობითი განმარტება- კავშირის მოქმედი წევრობით წარმოეშობოდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტი დამსაქმებლის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 7 დეკემბრის წერილით გ.ჩ–ძემ აცნობა, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამსაქმებლის მიმართ არ წარმოიქმნებოდა.

4.8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შრომის ანაზღაურების ეკონომიის ფარგლებში ორგანიზაციაში დარეზერვებულია სახელფასო ფონდი - მიუღებელი შემოსავალი 50 000 ლარი, რომელ თანხაზეც ირიცხება ყოველდღიური საპროცენტო სარგებელი, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე მხარემ აუნაზღაუროს არამატერიალური და მატერიალური სიკეთე 1 000 000 ლარის ოდენობით.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ჩ–ძის სარჩელი შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნს“ გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 36 051.90 ლარის ანაზღაურება; შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნს“ გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 36 051.90 ლარის 0.07%-ის ანაზღაურება, ყოველდღიურად, 2023 წლის 26 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ.ჩ–ძის სხვა სასარჩელო მოთხოვნები, შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით დადგენილად მიიჩნევდა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

7.1. მოსარჩელე გ.ჩ–ძე 01.04.2015წ. N6/კ&-2 ბრაძნებით, დაინიშნა შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ იურისტის თანამდებობაზე. მისი სახელფასო ანაზღაურება, დარიცხული სახით, შეადგენდა თვეში 625 ლარს. 25.08.2015წ. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით აღნიშნული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. 29.02.2016წ. N9/კ&-3 ბრაძნებით, გ.ჩ–ძე კვლავ დაინიშნა შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნში“ იურისტის თანამდებობაზე. მისი დარიცხული სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა თვეში 625 ლარს (ხელზე მისაღები - 500 ლარი). მოგვიანებით, გ.ჩ–ძის, როგორც იურისტის თანამდებობრივი სარგო, (სახელფასო განაკვეთი) გაიზარდა და სამუშაოდან გათავისუფლების პერიოდში მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა თვეში 800 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე, ხელზე მისაღები სახით.

7.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ.ჩ–ძეს, იურისტის თანამდებობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, ენიჭებოდა შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

7.3. 2017 წლის 27 იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარეგინა ფიზიკური პირის ი.გ–ძის (ქ.ს.ს–ს მთავარი ბუღალტერი) განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა ა(ა)იპ „ქუთაისის საეკლესიო სავადმყოფოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის“ რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ქ. ქ.ს.ს–ს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც გ.ჩ–ძე წარმოადგენდა პროფესიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელ წევრს.

7.4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია (პროფესიული კავშირის წესდება) არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ქუთაისის საეკლესიო სავადმყოფოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად. დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ფარგლებში განმცხადებელმა პროფესიული კავშირის რეგისტრაციის ნაცვლად, მოითხოვა ა(ა)იპ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობის“ რეგისტრაცია, ხოლო სარეგისტრაციო მიზნით წარადგინა ა(ა)იპ-ის - „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“, წესდება, რომლის თანახმად, კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი პირი იყო გ.ჩ–ძე. ამავე წესდების მიხედვით კავშირის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენდა წევრთა საერთო კრება, ხოლო კრებებს შორის პერიოდში კავშირის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობა, რომლის ერთ-ერთ წევრს ასევე წარმოადგენდა გ.ჩ–ძე.

7.5. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ, დაკმაყოფილდა - დარეგისტრირდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“.

7.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“, (შემდეგში მედიკოსთა კავშირის) წესდების თანახმად: კავშირის სახელწოდებაა - ა(ა)იპ მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა (1.2 მუხლი); კავშირი რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიში, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში. (1.3 მუხლი); კავშირის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს - ა) მედიკოსთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებები და ინტერესების დაცვა; ბ) მედიცინის მუშაკთა ინტერესების დასმა ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს წინაშე; გ) მედიცინის მუშაკთა ცხოვრების დონის, შრომის ანაზღაურების, დასვენების, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, საყოფაცხოვრებო პირობების და მატერიალური დახმარებისთვის ღონისძიებების გატარება; დ) იმ დავებში და ხელშეკრულებებში მონაწილეობის მიღება, რომელიც ეხება მედიკოსთა უფლებებს; ე) ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა და სხვა. (1.8 მუხლი); კავშირის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ - ნ.ზ–ძე, გ.ჩ–ძე, თ.დ–ა, ი.გ–ძე და ნ.გ–ა (2.3 მუხლი); კავშირის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა წევრთა საერთო კრება (3.1 მუხლი); კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ ესწრება წევრთა უმრავლესობა,გადაწყვეტილება მიიღება ხამათა უმრავლესობით (3.3 მუხლი); კრებებს შორის პერიოდში კავშირის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელიც წარმოადგენს კავშირის საქმიანობას (4.1 მუხლი); კავშირის გამგეობის წევრები არიან - ნ.ზ–ძე, გ.ჩ–ძე, თ.დ–ა, ი.გ–ძე (თავმჯდომარე) და ნ.გ–ა (5.1 მუხლი); კავშირის წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავშირის მიზნების განხორციელებაში (7.4 პუნქტი).

7.8. 2022 წლის 07 დეკემბერს, შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნმა“, როგორც დამსაქმებელმა წერილით მიმართა ამავე საზოგადოების იურისტს გ.ჩ–ძეს და სთხოვა განმარტება მის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და დამსაქმებელთან ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო არსებობის შესახებ. ამ წერილის

პასუხად, გ.ჩ–ძემ იმავე დღეს აცნობა დამსაქმებელს, რომ ა(ა)იპ-ის წევრობით ინტერესთა კონფლიქტი დამსაქმებელთან არ ექმნებოდა.

7.9. დადგენილია, რომ შპს ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ დირექტორის გ.გ–ის 2023 წლის 26 იანვრის #13/კ ბრძანებით, გ.ჩ–ძე გათავისუფლდა იურისტის პოზიციიდან, საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ ქვეპუნქტის (ობიექტური გარემოება, რაც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას)

საფუძველზე.

7.10. გ.ჩ–ძის გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად ზემოხსენებულ ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ: გ. ჩ–ძე, 2017 წლიდან, წარმოადგენს ა(ა)იპ „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობის“ დამფუძნებელს და გამგეობის წევრს. კავშირში გაერთიანებული იყვნენ შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნში“ დასაქმებული მედიკოსები; კავშირის საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს მედიკოსთა შრომითი, სოციალ-ეკონომიკური, პროფესიული და სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვა. გ.ჩ–ძეს, როგორც შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ იურისტს, ევალება ქ.ს.ს–ს ინტერესების დაცვა საჯარო და კერძო სექტორში, სასამართლოებში, მათ შორის, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებში. შპს-სა და მასში დასაქმებულ მედიკოსთა შორის შესაძლო შრომითი დავის არსებობის პირობებში, გ.ჩ–ძე, როგორც შპს-ის იურისტი ბუნებრივია ვალდებულია დაიცვას თავისი დამსაქმებლის ინტერესები, თუმცა მის მიერ დაარსებული ა(ა)იპ-ის გამგეობის წევრობა მას იმავდროულად ავალდებულებს მონაწილეობა მიიღოს და დაიცვას ააიპ-ის წევრი მედიკოსების უფლებები იმ დავებში, რომლებიც შესაძლოა მიმართული იყოს ქ.ს.ს–ს წინააღმდეგ. აღნიშნული გარემოება ადასტურებს ინტერესთა კონფლიქტის არსებობას, რაც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას.

7.11. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, 2023 წლის 07 თებერვალს, დამსაქმებელმა გ.ჩ–ძეს მის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 2400 ლარი, საიდანაც 800 ლარი იანვრის თვის ხელფასი იყო, ხოლო 1600 ლარი - საბოლოო ანგარიშსწორების თანხა, სშკ-ის 48.2 მუხლით გათვალისწინებული ორი თვის შრომის ანაზღაურება.

7.12. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ მმართველის მეუფე კ–ეს 2016 წლის 3 მაისის ბრძანებით დასტურდება, რომ ქ.ს.ს–ს იურისტს გ.ჩ–ძეს დაევალა სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება 2016 წლის 3 მაისიდან განუსაზღვრელი ვადით, შრომითი ანაზღურება კი განესაზღვრა საშტატო განრიგის შესაბამისად.

7.13. ამავე საავადმყოფოს მმართველის - მეუფე ი–ეს, 2019 წლის N35ო#2 ბრძანებით დასტურდება, რომ გ.ჩ–ძე, 2019 წლის 14 სექტემბრიდან გათავისუფლდა სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულების თანამდებობიდან და შრომის ანაზღაურება განესაზღვრა მხოლოდ იურისტის საშტატო განრიგით დადგენილი ოდენობით. ამავე ბრძანებით გ.ჩ–ძეს დაევალა უზრუნველეყო მის ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და მატერიალური ფასეულობების გადაბარება სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნული კადრისათვის.

7.14. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ.ს.ს–ში წარმოებდა და წარმოებს დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გასული დოკუმენტების (საბუთების) რეგისტრაციის ჟურნალები, ასევე, შპს-ის ხელმძღვანელის მიერ მიღებული ბრძანებების აღრიცხვის ჟურნალი. აღნიშნული ჟურნალების წარმოება, დაწესებულებაში შესული, თუ გასული საბუთების აღრიცხვა და სათანადო რეაგირება, ასევე, საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიერ მიღებული აქტების რეგისტრაცია, თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება და სხვა შედიოდა ქ.ს.ს–ს პერსონალის მართვის (კადრების) განყოფილების თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობაში. აპელანტ გ.ჩ–ძის მტკიცებით, კადრების განყოფილების თანამშრომლის არ ყოფნის პერიოდში, საავადმყოფოს ადმინისტრაციის დავალებით, ის შეთავსებით ასრულებდა კადრების განყოფილების თანამშრომლის ფუნქცია-მოავალეობებსაც, კერძოდ, ახორციელებდა შემოსული და გასული დოკუმენების რეგისტრაციას და განაწილებას, მიღებული ბრძანებების შესაბამის ჟურნალში აღრიცხვას, აწესრიგებდა თანამშრომელთა პირად დოკუმენტებს და ა.შ. რასაც ადასტურებს შესაბამის ჟურნალებში, ასევე, თანამშრომელთა შრომის წიგნაკებში გ.ჩ–ძის მიერ შესრულებული ჩანაწერები. საქმეში წარმოდგენილი ბრძანებებით დასტურდება, რომ (კადრების) განყოფილების თანამშრომელი ს.ჩ–ნი პერიოდულად, საპატიო მიზეზით, მართლაც ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მაგ. 2017 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით, ის იმყოფებოდა შვებულებაში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით ის იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში და ა.შ..

7.15. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, მათ შორის ქ.ს.ს–ში შესული საბუთებისა და საავადმყოფოდან გასული საბუთების სარეგისტრაციო ჟურნალებში გ.ჩ–ძის მიერ შესრულებული ჩანაწერებით, ასევე, ამავე საავადმყოფოს ბრძანებათა წიგნში გ.ჩ–ძის მიერ შესრულებული ჩანაწერებით, რაც დამსაქმებელს სადავოდ არ გაუხდია, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ.ჩ–ძე ადმინისტრაციის დავალებითა და თანხმობით, პერიოდულად, შეთავსებით ასრულებდა სამუშაოზე დროებით არმყოფი, კადრების განყოფილების თანამშრომლის მოვალეობას.

7.16. ამდენად, მხარეების განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით განხილვის შედეგად, სააპელაციო პალატამ

დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნში“ იურისტის პოზიციაზე დასაქმების პერიოდში, გ.ჩ–ძეს, იურისტის თანამდებობასთან ერთად, დაკისრებული/შეთავსებული ჰქონდა სხვადასხვა შრომითი მოვალეობა, რისთვისაც შრომის ანაზღაურება უნდა მიეღო ამ თანამდებობებისათვის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ოდენობით. კერძოდ: 2016 წლის 3 მაისიდან 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით, გ.ჩ–ძეს დაკისრებული ჰქონდა სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობა (ჯამში, 3 წლის, 4 თვისა და 10 დღის მანძილზე). იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ პერიოდში სამეურნეო სამსახურის უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით. შესაბამისად, ხელფასი ხელზე მისაღები სახით შეადგენდა 800 ლარს. ამდენად, სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეთავსებით მუშაობის პერიოდში გ.ჩ–ძეს ხელზე მისაღები ხელფასის სახით უნდა მიეღო 32 266,70 ლარი ((800ლარი x 40თვეზე)+(ყოველდღიური ხელფასი

26,70ლარი x 10დღეზე)=32 266,70ლარს). ნიშნადობლივია, რომ სადავო პერიოდში ქ.ს.ს–ში არ მოქმედებდა რაიმე განსაკუთრებული/სპეციალური წესი ზეგანაკვეთური, ან შეთავსებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

7.17. დადგენილი იყო და მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ გ.ჩ–ძეს სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შრომითი მოვალეობების შეთავსებით შესრულების გამო შრომის ანაზღაურება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ანაზღაურების ვალდებულება დამსაქმებელმა იმთავითვე იკისრა შრომითი მოვალეობის დაკისრების შესახებ ბრძანებით. შესაბამისი ანაზღაურება გ. ჩ–ძეს არ მიუღია არც სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ, საბოლოო ანგარიშსწორების სახით. პალატამ აღნიშნა, რომ დასაქმებულისათვის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა, თუმცა დამსაქმებელს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ.ჩ–ძისათვის სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეთავსებით მუშაობისათვის, შრომის ანაზღაურების ფაქტს.

7.18. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით და 2018 წლის 4 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, გ.ჩ–ძეს დაკისრებული ჰქონდა კადრების განყოფილების თანამშრომლის მოვალეობის შესრულება, რაც ჯამში შეადგენდა 5 თვეს და 25 დღეს. ამ პერიოდში კადრების თანამშრომლისათვის დარიცხული ხელფასი შეადგენდა თვეში 625 ლარს, ხელზე ასაღები კი - 500 ლარს. შესაბამისად, კადრების ხელმძღვანელის თანამდებობაზე შეთავსებით მუშაობის პერიოდში გ.ჩ–ძეს ხელზე ასაღები ხელფასის სახით ჯამში უნდა მიეღო 2917,5 ლარი ((500ლარი x 5თვეზე) + (ყოველდღიური ხელფასი 16,70ლარი x 25დღეზე)=2917,5ლარი) 2020 წლის 14 სექტემბრიდან 2020 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, 2021 წლის 29 იანვრიდან 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, 2021 წლის 22 მარტიდან 2021 წლის 6 აპრილის ჩათვლით, გ.ჩ–ძეს, ასევე, ჰქონდა შეთავსებით დაკისრებული კადრების განყოფილების თანამშრომლის მოვალეობის შესრულება, რაც ჯამში შეადგენდა 39 დღეს (1 თვე და 9 დღე). ამ პერიოდში კადრების ხელმძღვანელის დარიცხული ხელფასი შეადგენდა თვეში 776 ლარი, ხელზე ასაღები კი 620,80 ლარს. შესაბამისად, კადრების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გ.ჩ–ძეს ხელზე ასაღები ხელფასის სახით უნდა მიეღო 807,1 ლარი, (ყოველდღიური ხელფასი 20,70ლ.x39 დღეზე=807,1ლარი), რაც არ მიუღია.

7.19. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ გ.ჩ–ძეს სხვადასხვა დროს, დამატებით

შეთავსებულ პოზიციებზე/თანამდებობებზე შრომითი მოვალეობების შესრულებისათვის დამსაქმებლისაგან ჯამში უნდა მიეღო 35 991.3 ლარის სახელფასო ანაზღაურება (32266,70+2917,5+807,1=35991,3), რაც მას დამსაქმებლისაგან არ მიუღია.

7.20. შპს „ქ.ს.ს-წ.დ.ა.ს.ქ–ნში“ იურისტის პოზიციაზე დასაქმებულია სხვა პირი და ეს თანამდებობა ვაკანტური არ არის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

7.21. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ გ.ჩ–ძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წესდებაში დეკლარირებული მიზნებიდან და მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც წარმოადგენს იმგვარ ობიექტურ გარემოებას, რაც შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს ქმნიდა.

7.22. პალატამ მიიჩნია, რომ ინტერესთა კონფლიქტი რეალურად არსებობდა და ის საკმარის პირობას წარმოადგენდა, დამსაქმებლისათვის სამუშაოდან გაეთავისუფლებინა დასაქმებული, სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც თვის მხრივ გამორიცხავდა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული პალატის მოსაზრებით გამორიცხავდა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნები თანმდევი შედეგია და პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილების/ბრძანების კანონიერებასთან.

7.23. რაც შეეხება მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნას კუთვნილი შრომის ანაზღაურების მიუღებლობით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და ის ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7.24. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელე გ.ჩ–ძე მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო იურისტად და ძირითად სამუშაოსთან ერთად, ასრულებდა დამატებით დაკისრებულ შრომით მოვალეობებს, მას დამატებით უნდა მისცემოდა შესაბამისი თანამდებობებისათვის საშტატო განრიგით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება, რაც წარმოადგენს შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესატყვის შრომის სამართლიან ანაზღაურებას.

7.25. დადგენილი იყო, რომ გ.ჩ–ძეს, „ქ.ს.ს–ში“ დასაქმების პერიოდში, შრომის ანაზღაურება სამეურნეო სამსახურის უფროსისა და კადრების განყოფილების თანამშრომლის მოვალეობის შეთავსებით შესრულებისათვის არ მიუღია. შრომის ანაზღაურება მას არ მიუღია არც სამუშადან გათავისუფლების შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორების სახით სშკ-ის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

7.26. პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შრომის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, მოთხოვნა დაყოვნებული თანხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7.27. რაც შეეხება სამუშაოდან დათხოვნის წელთან დაკავშირებით საშვებულებო თანხის ანაზღურების მოთხოვნას, პალატამ მიუთითა სშკ-ის 31.5 მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას, იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ვინაიდან, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2023 წლის 26 იანვარს,სშკ-ის 31.5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი საშვებულებო ანაზღაურება 2023 წლის ნამუშავარი დღეების (25 დღის) რაოდენობის პროპორციულად შეადგენდა 60.60 ლარს და არსებობდა აღნიშნული თანხის ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის 0.07%-ის დაკისრების საფუძველი.

7.28. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა - სულიერი ტანჯვა და ფსიქიკური სტრესი, ვერ იქნებოდა დაკავშირებული სამუშაოდან გათავისუფლებასთან.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. გ.ჩ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნ–მა“ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

10. შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს, იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზე მოთხოვნაც მოსარჩელის მიერ არ დაფიქსირებულა სარჩელის აღძვრის ეტაპზე. გ.ჩ–ძის მიერ არ წარდგენილა სასარჩელო მოთხოვნა სამეურნეო სამსახურის უფროსის და პერსონალის მართვის (კადრების) განყოფილების თანამშრომლის თანამდებობის შეთავსებისათვის მიუღებელი ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ.

10.2. სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ მოსარჩელე პერიოდულად ასრულებდა პერსონალის მართვის (კადრების) განყოფილების თანამშრომლის ფუნქციებს და დამსაქმებლისგან არ მიუღია შემოსავალი. სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე.

10.3 სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისათვის ანაზღაურება მიღებული არ აქვს. გ.ჩ–ძე ქუთაისის საკლესიო საავადმყოფოში 2016 წლის 29 თებერვალს დაინიშნა იურისტის პოზიციაზე და სახელფასო ანაზღაურება განესაზღვა დარიცხული 625 ლარის ოდენობით. 2016 წლის 03 მაისიდან მმართველის ბრძანებით გ.ჩ–ძე განისაზღვრა სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და ამავე ბრძანებით, დაწესებულების მმართველის რეზოლუციის საფუძველზე სამსახურის უფროსის თანამდებობის შეთავსებისათვის ანაზღაურება განესაზღვრა 375 ლარის ოდენობით (ჯამში ორივე პოზიციისათვის 1000 ლარი).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სახელფასო დავალიანების, საშვებულებო თანხისა და მათი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერება.

18. სახელფასო დავალიანების, საშვებულებო თანხისა და მათი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების (დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით; შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად), 41-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 44-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენას. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზე მოთხოვნაც მოსარჩელის მიერ არ დაფიქსირებულა სარჩელის აღძვრის ეტაპზე. კასატორი ასევე მიუთითებს, საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასა და დასაქმებულების (მოსარჩელის) წინაშე სახელფასო დავალიანების არარსებობაზე.

20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომლის თანახმად, მოსარჩელე უთითებს დავის საგანს და სარჩელის მოთხოვნას, ასევე, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ დავის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაიცვას სარჩელის მოთხოვნის ფარგლები (იხ. სუსგ №ას-883-2021 09.12. 2021 წ.)

21. სასამართლო სარჩელს განსახილველად იღებს სწორედ სარჩელში მითითებული მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნისა (სარჩელის საგანი) და მის დასაფუძნებლად მითითებული ფაქტების (სარჩელის საფუძველი) ფარგლებში. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი მოსარჩელეს არ უკარგავს შესაძლებლობას, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

22. საგულისხმოა, რომ სარჩელის ელემენტების ცვლილების უფლებამოსილებასთან მიმართებით კანონმდებელი აწესებს შემდეგ დათქმას: - მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი. „ან“ კავშირის გამოყენება კი სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს ეზღუდება სარჩელის ორივე კომპონენტის - საფუძვლისა და საგნის შეცვლა. აღნიშნული განპირობებულია სწორედ იმ გარემოებიდან, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და მისი დამფუძნებელი ფაქტის კომბინირებული ცვლილება გულისხმობს სასამართლოსადმი არსებითად ახალი სარჩელის წარდგენას (იხ. სუსგ. №ას-76-72-2013, 24.06.2013წ), რომელიც, გარდა იმისა, რომ უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავდროულად ექვემდებარება დასაშვებობის წინაპირობების ხელახლა შემოწმებას ამავე კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილი წესით და წერილობით შეპასუხებას (შესაგებელს) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად.

23. არაერთ საქმეში საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ: „...სსსკ-ის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს, ხოლო საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვისას, დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015 წ).

24. ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა. სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოს როლი განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში (შდრ: სუსგ №ას -934-2020, 25 მარტი, 2021 წ).

25. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა უპირველესად მხარის სასარჩელო მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, ზიანისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

25.1. სარჩელში მითითებულ პირველივე ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იკავებდა იურისტის, სამეურნეო სამსახურის უფროსისა და პერსონალის მართვის (კადრების) განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობებს. სამუშაოს ასრულებდა ...შვებულებებისა და შეთავსებით ანაზღაურების... გარეშე.

25.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის მოსამზადებელი სხდომის ოქმით დასტურდება, რომ გ.ჩ–ძე, წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნებზე მსჯელობისას მიუთითებს მის მიერ კადრების განყოფილებაში ფუნქცია მოვალეობების შესრულებაზე სხვადასხვა პერიოდებში და განმარტავს, რომ აღნიშნული მოვალეობების შესრულების ანაზღაურება არ მიუღია. ამავე მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ასრულებდა სამეურნეო განყოფილების უფროსის თანამდებობას 36 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო ანაზღაურება არ მიუღია. ყოველივე აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან მიმართებით, გ.ჩ–ძე აპელირებს მოპასუხის მიერ მასთან არსებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობაზე, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, დაადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ მის მიერ შვებულების გამოყენება/არგამოყენების ფაქტის დასადასტურებელი ბრძანებები, მოსარჩელეს საქმეში არ წარმოუდგენია (13:23:55 საათიდან). რაც შეეხება სახელფასო დავალიანების ოდენობას, გ.ჩ–ძე ამავე მოსამზადებელ სხდომაზე განმარტავდა, რომ მოპასუხის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე უცნობი იყო მის მიერ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, რა ოდენობის თანხა იყო დარეზერვებული.

25.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე (14:57:11 საათიდან). კერძოდ, მოსარჩელემ, ბრძანების ბათილად ცნობასთან, იურისტის თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად მოითხოვა 1 000 000 ლარის ანაზღაურება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. მოპასუხე მხარეს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის არ მოუთხოვია.

26. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ მოთხოვნის ფარგლების გაცდენის შესახებ, არ აქვს ვარგისი საფუძველი.

27. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა. პალატა ყურადღებას მიაქცევს სარჩელზე დართულ დოკუმენტებზე, კერძოდ, სარჩელზე დართული მტკიცებულებით დასტურდება, რომ გ.ჩ–ძემ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და მოითხოვა „თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება - რამდენი იყო თვიური სახელფასო სარგო სამეურნეო სამსახურის უფროსის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რამდენს შეადგენდა მისაღები შემოსავლის ოდენობა სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 03 მაისიდან 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით, ასევე 2015 წლის 02 ნოემბრის N36/ო-6 ბრძანების თანახმად, რამდენი იყო თვიური სახელფასო სარგო HR სამსახურის - პერსონალის მართვის (კადრების) განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2017 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით, 2018 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ასევე შრომითი ხელშეკრულების თანახმად, რამდენი იყო თვიური სახელფასო სარგო HR სამსახურის - პერსონალის მართვის (კადრების) განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და რამდენს შეადგენდა მისაღები შემოსავლის ოდენობა HR სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, 2020 წლის 21 აპრილიდან 2020 წლის 24 აპრილის ჩათვლით, 2020 წლის 14 სექტემბრიდან 2020 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით 2021 წლის 14 სექტემბრიდან 2020 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით, 2021 წლის 29 იანვრიდან 2021 წლის 05 თებერვლის ჩათვლით და 2021 წლის 22 მარტიდან 2021 წლის 06 აპრილის ჩათვლით“. სარჩელზე დართული დოკუმენტით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციიდან ითხოვდა ინფორმაციას, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების მის მიერ გამოყენება/არ გამოყენების შესახებ. ითხოვდა ინფორმაციას მოპასუხე დაწესებულებაში ნაწარმოები ორგანიზაციული/კადრების ბრძანების წიგნის ჩანაწერების, შემოსული და გასული წერილების/კორესპონდენციის ჟურნალის ჩანაწერების შესახებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე, 2023 წლის 05 მაისის განცხადებით, გ.ჩ–ძე კვლავ აპელირებდა მოხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპასუხის მიერ წარმოუდგენლობაზე და აღნიშნავდა, რომ მის მიერ „შეთავსებით შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, პრემია-დანამატების გარეშე, გაუცემელი შრომის ანაზღაურების ეკონომიის ფარგლებში დასაქმებულის სახელფასო ფონდში წარმოიქმნა ფულადი სახსრები და დასაქმებულის მისაღები შემოსავლის დაზოგილი წილი - დარეზერვებული თანხები, რომლის ოდენობამ შეადგინა სულ მცირე 50000 ლარი“.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებას, ხოლო საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობას, პალატა მიჩნევს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობისა და სახელფასო და საშვებულებო თანხების დავალიანების არსებობა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, ანაზღაურების ვალდებულების არარსებობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სადავო საკითხებზე არ უმსჯელია, ასევე მოსარჩელის მიერ არაერთგზის (მიმართვებით და მოსარჩელის მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით) მითითების მიუხედავად, სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც შრომით დავებზე არსებული მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, მოთხოვნის უსაფუძვლობას დაადასტურებდა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე დათანხმების შემდგომ, მოპასუხეს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის არ მოუთხოვია. ყოველივე აღნიშნული კი, წარმოადგენს საკმარის საფუძველს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანად მისაჩნევად და მის დასაკმაყოფილებლად.

29. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში, რომ მოპასუხემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით მიუთითა მხოლოდ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, შესაგებელში ასეთ საკითხებზე შედავება ვერ განხორციელდებოდა. საკასაციო პალატა კასატორს კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდა სახელფასო დავალიანების არსებობაზე მოსარჩელის პრეტენზიას, შემდგომ კი, მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე მოპასუხის დათანხმებისას სხდომის გადადებაზე სათანადო შუამდგომლობის წარუდგენლობით მოპასუხემ დაკარგა ხანდაზმულობაზე შედავების უფლება.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებს.

31. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1802 ლარის 70% – 1261.40 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ქ.ს.ს - წ.დ.ა.ს.ქ–ნს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1802 ლარის (საგადახდო დავალება N1754484872, გადახდის თარიღი 06.08.2025წ.) 70% – 1261.40 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია