გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.02.2026
საქმის ნომერი
ას-60-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-60-2025 27 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჯ.ი–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების მოპასუხისთვის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ჯ.ი–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხისათვის 1 151 337,95 ლარის დაკისრება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების სახით; 192 252, 66 ლარის დაკისრება უსაფუძვლოდ მიღებული პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად; 52 406.97 ევროს დაკისრება მიყენებული ზიანის ანგარიშში; 2021 წლის 26 თებერვლიდან მოსარჩელისათვის 1 343 590,61 (1 151 337,95+192 252, 66) ლარის წლიური 7%-ის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად; 10 000 ლარის დაკისრება მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების შესახებ, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 5 122 948,63 ლარს და შემდგომ გაიზარდა 93 367,76 ლარით. სამუშაო უნდა დასრულებულიყო დაწყებიდან 18 თვეში, ხოლო დაწყების თარიღად განისაზღვრა კონტრაქტის ხელმოწერიდან მე-15 დღე.

3. მოპასუხემ მოსარჩელეს დაგვიანებით გადასცა სამუშაო ობიექტის ტერიტორია, მოსახლეობა დროულად არ გამოსახლდა სარეაბილიტაციო შენობებიდან, ობიექტი არ იყო სრულად შესწავლილი და არსებული პროექტი არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას, საჭირო სამუშაოების მოცულობასა და სახეს, რის გამოც სამუშაოს წარმოების პროცესში პროექტი იცვლებოდა. ასევე, მოპასუხეს არ ჰქონდა მოპოვებული ნებართვები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი კი, მნიშვნელოვნად აფერხებდა ხელშეკრულების შესრულებას.

4. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიუხედავად, 2020 წლის 23 იანვრის წერილით, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 30 იანვარს, მოპასუხემ ვადაზე ადრე შეწყვიტა 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება. მისი მითითებით, შეტყობინების მიღებიდან 10 დღის შემდეგ წყვეტდა კონტრაქტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რადგან სამუშაო იმთავითვე მიმდინარეობდა ჩამორჩენით, უხარისხოდ, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით და არ იყო დაცული არცერთი წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ფაქტს და მოპასუხეს წარუდგინა პრეტენზია, ამ უკანასკნელმა ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება არ მოისურვა.

5. მოპასუხის გამოთვლით, სულ შესრულებული სამუშაოს ღირებულება იყო 1 094 935 ლარი. აქედან უკვე გადახდილი იყო 863 476,60 ლარი. შეწყვეტის დროისთვის ასანაზღაურებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 231 458,40 ლარი, აქედან სარეზერვო, დასაკავებელი თანხა იყო 11 572,92. სულ გადასახდელ თანხად განისაზღვრა 219 885,48 ლარი, რაც მოპასუხემ არ გადაიხადა, რადგან მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 10% - 412 138,14 ლარი, აღნიშნულ თანხას გამოაკლო შესრულებული სამუშაოსთვის გადასახდელი 219 885,48 ლარი და ჯარიმის სახით მოითხოვა 192 252,66 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ მითითებული თანხა მხოლოდ იმ მიზეზით გადაიხადა, რომ მოპასუხეს საბანკო გარანტიიდან არ მიეღო თანხა და არ გაჩენილიყო ახალი პრობლემა ბანკთან ურთიერთობისას. მოპასუხის წერილიდანაც ნათლად ირკვეოდა, რომ იგი ითხოვდა გარანტიით გათვალისწინებულ თანხას. იმ პერიოდში მოსარჩელისათვის გადარიცხული და დასაკავებელი ავანსის ოდენობა შეადგენდა 791 110, 50 ლარს, რაც მოპასუხემ მოითხოვა ავანსის გარანტიიდან და მიიღო შესაბამისი საბანკო დაწესებულებიდან.

6. შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულების დასადგენად მოსარჩელემ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტიზის ჩასატარებლად, ქ. დუშეთის ისტორიული ცენტრის აღდგენითი სამუშაოს რეალური მოცულობის, ღირებულების და ხარისხის დადგენის მიზნით. ბიუროს 2020 წლის 7 ოქტომბრის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ქალაქ დუშეთის ისტორიული ცენტრის აღდგენითი სამუშაოების მოცულობა რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება №2 ფორმაში ნაჩვენებ მოცულობას, რა დროსაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხარჯთაღრიცხვაში და წარმოდგენილი მასალების შესყიდვების დოკუმენტაციებში (სასაქონლო ზედნადებებში) ნაჩვენები ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, შეადგენს 1 971 640,72 ლარს დღგ-ს და სხვა დარიცხვების ჩათვლით, ნაცვლად წარმოდგენილი 2 089 606,45 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 117 965,73 ლარს.

7. რაც შეეხება ხარისხს, მოსარჩელის მიერ შესრულებული ხილული სამუშაო, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის დასრულებული იყო, შეფასდა დამაკმაყოფილებლად. დაუსრულებელი სახით არსებულ სამუშაოში შეინიშნებოდა მცირედი ხარვეზები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა და საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებთან და ნორმებთან მათი ხარისხის შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული სამუშაო გაზიარებულ იქნა შესრულებულ სამუშაოთა აქტში.

8. ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ შეასრულა 1 971 640,72 ლარის ღირებულების სამუშაო, მათი ღირებულება კი აუნაზღაურდა მხოლოდ ნაწილობრივ - 820 302,77 ლარის ოდენობით, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ შეადგინა 43 173,83 ლარი (№1-8 გადახდის სერთიფიკატების მიხედვით). ამდენად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 1 151 337,95 ლარი.

9. მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, რომ სამუშაო პროცესი, დაწყებისთანავე, მიმდინარეობდა ჩამორჩენით და არ იყო დაცული არცერთი წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკი. აღნიშნულში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვოდა.

10. ხელშეკრულების 20.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო, ობიექტის ტერიტორია მთლიანად გადაეცა კონტრაქტორისათვის. თუ „კონტრაქტის კონკრეტულ პირობებში“ მოცემული თარიღისთვის მისი რომელიმე ნაწილი არ იქნებოდა გადაცემული კონტრაქტორისათვის, მიჩნეულ იქნებოდა, რომ დამკვეთი აყოვნებს შესაბამისი საქმიანობის დაწყებას.

11. მოსარჩელეს ობიექტი გადაეცა ნაწილ-ნაწილ მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა თითოეული ობიექტის ერთობლივ გადაცემას. არც ტენდერის გამოცხადებისას და არც ხელშეკრულების გაფორმების დროს მოპასუხე არ იყო მზად ობიექტის გადმოსაცემად და არც ამ ხელშეკრულების დასადებად. როგორც ხელშეკრულებიდან ნათლად ირკვევა, უნდა განხორციელებულიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, თუმცა არ არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოს წარმოების ნებართვები და მათი მოპოვება ხდებოდა გზადაგზა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების №ნ/12/3 სანებართვო მოწმობა გაცემულია 2019 წლის 8 იანვარს, №ნ/12/67 სანებართვო მოწმობა - 2019 წლის 15 აპრილს, რაც ნათლად მოწმობს, რომ შემსრულებელი მოწმობაში მითითებულ მისამართებზე სამუშაოებს, სანებართვო მოწმობის გაცემამდე, ვერ დაიწყებდა.

12. საცხოვრებელი სახლების გადმოცემა განხორციელდა 3 ეტაპად და ისიც 120 დღის დაგვიანებით, არასრულად. ამდენად, შეფერხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა სამუშაოს ვადის დარღვევის გამო, რისი საფუძველიც მას არ გააჩნდა.

13. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 57-ე პუნქტი ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობათა ჩამონათვალს. ვინაიდან სამუშაოების შეფერხება არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით, ამასთან, არ არსებობდა შესრულებული სამუშაოების ისეთი სახის ნაკლი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნებოდა, მოპასუხე, მითითებული პუნქტის შესაბამისადაც, არ იყო უფლებამოსილი, შეეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტის გამო კი, მოპასუხეს არ წარმოშობია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 192 252,66 ლარით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

14. მოსარჩელეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ესაჭიროება ფულადი სახსრების ბრუნვა, საიდანაც უნდა მიიღოს მოგება, მოპასუხე კი უსაფუძვლოდ აყოვნებს მისთვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდას. ფული, თავისი მსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე, ყოველთვის განიხილება მოგების მიღების საშუალებად და მისი მიუღებლობა - ზიანის გამომწვევ ფაქტორად. სულ მცირე, მტკიცება იმისა, რომ ფულს მოაქვს მოგება გამოიხატება იმაშიც, რომ მის ანაბარზე განთავსებას მოაქვს მოგება. შესაბამისად, მოსარჩელე 2021 წლის 26 თებერვლიდან მიუღებელი თანხით მიიღებს მოგებას წელიწადში 7%-ის ოდენობით, თუნდაც ანაბარზე თანხის განთავსების გზით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 2021 წლის 26 თებერვლიდან 1 343 590,61 (1 151 337,95+192 252, 66) ლარის წლიური 7%-ის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

15. 2018 წლის 26 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მოსარჩელემ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ნ–სთან“ 2018 წლის 31 დეკემბერს, 80 ტონა ფერადი თუნუქის შეძენასთან დაკავშირებით. თუნუქის მითითებული რაოდენობა საკმარისი იყო სამუშაოების სრულად შესასრულებლად. შესყიდვაზე შეკვეთა გაფორმდა იმის გამო, რომ ნარდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო თუნუქის პარამეტრები, სისქე - 0,7 მმ და ქარხნული დაფერვა, რისთვისაც საჭირო იყო სპეციალური შეკვეთით დამზადება. 80 ტონა 0,7 მმ ქარხნულად დაფერილი თუნუქის ღირებულებამ შეადგინა 220 008 ლარი. მოსარჩელემ ავანსის სახით გადაიხადა 165 000 ლარი. იმის გამო, რომ მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება, მოპასუხეს აღარ დასჭირდა თუნუქის სრული ოდენობა და მისაღები დარჩა 4333,75 კვ.მ თუნუქი, ჯამური ღირებულებით - 65006,25 ლარი. აღნიშნულის გამო, შპს „ნ–მ“ ზიანის ასანაზღაურებლად გადახდილი ავანსიდან დაიტოვა 10 000 ლარი, რაც, ასევე, წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტის გამო, მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს.

მოპასუხის პოზიცია:

16. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ზოგადი პირობების 57.2 პუნქტში ასახულია, თუ რა გარემოებების დროს ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა, მათ შორის, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, პროექტის მენეჯერი გამოსცემს შეტყობინებას, რომ კონკრეტული დეფექტის გამოუსწორებლობა კონტრაქტის პრინციპულ დარღვევას წარმოადგენს და კონტრაქტორი ვერ შეძლებს ამ დეფექტის გამოსწორებას პროექტის მენეჯერის მიერ დადგენილი გონივრული დროის მონაკვეთის განმავლობაში. სწორედ ამგვარი შეტყობინებისა და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, კონტრაქტორს არც ნაკლით შესრულებული სამუშაო გამოუსწორებია და არც უსაფრთხოების ნორმები დაუცავს. მოპასუხის განმარტებით, პროექტში ცვლილებების წარმოება მშენებლობის თანმდევი პროცესია და ისახება ხელშეკრულებაში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად ჩანს, რომ სახელშეკრულებო თავდაპირველი თანხა გაზრდილია. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტა განაპირობა უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ.

17. რაც შეეხება სამუშაოს შეჩერებას, აღნიშნულის მიზეზია უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა. აღნიშნული საფრთხის შემცველი იყო, როგორც დასაქმებულისათვის, აგრეთვე, - მოსახლეობისათვის. მითითებული წერილები ასახავდა მუშა პროცესს დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის. გადაცემული ვერცერთი ობიექტი ვერ პასუხობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კონტრაქტის შეწყვეტა განხორციელდა ხელშეკრულების ზედმიწევნითი დაცვით. მოპასუხის მითითებით, გაფრთხილება მოხდა არაერთგზის და ხელშეკრულების მოშლაც გამომდინარეობდა სწორედაც ნაკლის გამოსწორების შესახებ მიცემული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ინიციატივით მომზადებული საექსპერტო დასკვნა ზედაპირული და არასრულყოფილია.

18. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №008486121 საექსპერტო დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ოდენობა შეადგენს 1954342,77 ლარს, მოსარჩელის მხრიდან წარდგენილ საექსპერტო დასკვნაში მითითებული ოდენობის ნაცვლად. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გარემოების სასამართლოსათვის გათვალისწინება, რომ შესასრულებელი სამუშაოების ხარისხი და მისი მიღების წესი მკაცრად იყო განსაზღვრული ხელშეკრულებით. №008486121 საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, 632533,45 ლარის სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილ ხარისხს, შესაბამისად, ნაკლოვანი სამუშაოები ვერ მიიღება.

19. მოპასუხემ აღნიშნა, რომ წარდგენილი არ ყოფილა ფარული სამუშაოების აქტები და შესაბამისობის სერთიფიკატები, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შესაბამისად, თანხის გადახდის საფუძველს არ წარმოადგენს. შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრული მოცულობაა 1 954 342,77 ლარი, საიდანაც უდავოა 863 476,60 ლარის ანაზღაურების ფაქტი, ხოლო დანარჩენი თანხა წარმოადგენს ნაკლოვანი სამუშაოს და იმ სამუშაოების ერთობლიობას, რომელზეც ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. საბოლოო გადახდის სერთიფიკატის მიხედვით, მოპასუხემ მიიღო 1 094 935 ლარის სამუშაო, აქედან შესრულებული სამუშაოებისათვის გადახდილი თანხა, გადახდის სერთიფიკატების მიხედვით, 863.476.60 ლარია. დარჩენილი 219 885,48 ლარი კი გაიქვითა ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად დარიცხულ ჯარიმაში, რომელიც გამოიყენება დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების მიმართ ობიექტის დასასრულებლად დამკვეთის დამატებითი ხარჯებისათვის და შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ფასის 10%-ს, - 412 138,14 ლარს. დარიცხული ჯარიმა მოპასუხემ აინაზღაურა გადასახდელი თანხის გაქვითვით და შესრულების გარანტიის იმ ოდენობით გამოთხოვით (192 252,66), რაც საჭირო იყო დარიცხული ჯარიმის გადასაფარად (412 138,14 - 219 885,48 - 192 252,66=0).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

20. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 1 151 337,95 ლარის გადახდა, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების სახით; 192 252, 66 ლარის; 10 000 ლარის გადახდა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ასევე, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინება და საქმეში, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოპასუხის მხარეს მესამე პირად ჩაება „ეპტისა (Eptisa Servicios de Ingenieria S.L (ესპანეთი)“ (შემდგომ - მესამე პირი, საზედამხედველო კომპანია) შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს მოპასუხესა (დამკვეთი) და მოსარჩელეს (კონტრაქტორი) შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების შესახებ. ხელშეკრულება დაიდო მოპასუხის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების გზით.

23. 2018 წლის 26 ნოემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო დუშეთის ისტორიული ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების, ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთებისა და იქ არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია. ამ მონაკვეთებზე თავმოყრილია მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობის გამორჩეული ნიმუშები და პროექტის მიზანს წარმოადგენდა მათი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და წარმოჩენა. ხელშეკრულებით გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები და მოიცავდა არამხოლოდ გარეგანი სახის რეაბილიტაციას, არამედ ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილის, მზიდი კონსტრუქციების გამაგრებით ღონისძიებებს შესაბამისი სამუშაოების განხორციელებით ინტერიერში და ა.შ.

24. ხელშეკრულების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 5 122 948,63 ლარი. სამუშაო უნდა დასრულებულიყო სამუშაოთა დაწყებიდან 18 თვეში, ხოლო დაწყების თარიღად განისაზღვრა კონტრაქტის ხელმოწერიდან მე-15 დღე.

25. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს ობიექტი უნდა გადასცემოდა კონტრაქტის ორმხრივად ხელმოწერის დღეს და არ განიხილებოდა ობიექტის ნაწილ-ნაწილ დასრულება (კონტრაქტის 2.2. და 20.1. პუნქტები).

26. 2018 წლის 3 დეკემბერს მხარეებმა ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს: ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 1.1. პუნქტი შეიცვალა და პროექტის მენეჯერად დასახელდა მესამე პირი. მითითებულ კომპანიას უნდა გაეწია ზედამხედველობა სამუშაოების და პროექტის შესრულებაზე.

27. 2019 წლის 20 ნოემბერს კი ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გაიზარდა 93 367,76 ლარით და საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 216 316,39 ლარი.

28. ამავე შეთანხმებით შეიცვალა საბანკო გარანტიების წარდგენის ვადა (ხელშეკრულების 50.1 პუნქტი), რაც განისაზღვრა მითითებული ცვლილების ხელმოწერიდან 14 დღის ვადაში ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ის ოდენობით.

29. შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და მიღების შესახებ მხარეებს შორის დგებოდა გადახდის სერთიფიკატები.

30. 2019 წლის 30 მაისის გადახდის №1 სერთიფიკატის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 197 762,01 ლარი, აქედან გაიქვითა ავანსი - 41 717,15 ლარი, დაუკავდა სარეზერვო თანხა - 9888,1 ლარი (ხელშეკრულების 46.1 პუნქტი) და სულ ასანაზღაურებელი დარჩა 146 156,76 ლარი, რაც მოპასუხემ 2020 წლის 31 მაისს გადაიხადა.

31. 2019 წლის 25 ივნისის გადახდის №2 სერთიფიკატის შესაბამისად, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 151 031,15 ლარი, აქედან ავანსიდან გაიქვითა 31 859,45 ლარი, დაკავებულ იქნა სარეზერვო თანხა - 7551,56 ლარი და სულ გადასახდელად განისაზღვრა 111 620,14 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2019 წლის 26 ივნისსა და 28 ივნისს ორ ნაწილად.

32. 2019 წლის 29 ივლისის გადახდის №3 სერთიფიკატის შესაბამისად, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 224 499,07 ლარი, აქედან ავანსიდან გაიქვითა 47357,23 ლარი, დაუკავდა სარეზერვო თანხა - 11224,95 ლარი და სულ გადასახდელად განისაზღვრა 165 916,89 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2019 წლის 30 ივლისს, ორ ნაწილად.

33. 2019 წლის 3 სექტემბრის გადახდის №4 სერთიფიკატის შესაბამისად, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 52 724,17 ლარი, აქედან ავანსიდან გაიქვითა 11 121,96 ლარი, დაუკავდა სარეზერვო თანხა - 2636,21 ლარი და სულ გადასახდელად განისაზღვრა 38966 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2019 წლის 3 სექტემბერს, ორ ნაწილად.

34. 2019 წლის 18 ოქტომბრის გადახდის №5 სერთიფიკატის შესაბამისად, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 70476,95 ლარი, აქედან ავანსიდან გაიქვითა 14866,85 ლარი, დაუკავდა სარეზერვო თანხა - 3523,85 ლარი და სულ გადასახდელად განისაზღვრა 52 086,25 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2019 წლის 21 ოქტომბერს, ორ ნაწილად.

35. 2019 წლის 27 ნოემბერს გადახდის №6 სერთიფიკატის შესაბამისად, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 19 369,56 ლარი, აქედან ავანსიდან გაიქვითა 4085,94 ლარი, დაუკავდა სარეზერვო თანხა - 968,48 ლარი და სულ გადასახდელად განისაზღვრა 14 315,14 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2019 წლის 28 ნოემბერს, ორ ნაწილად.

36. 2019 წლის 11 დეკემბრის გადახდის №7 სერთიფიკატის შესაბამისად, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 76 140,46 ლარი, აქედან ავანსიდან გაიქვითა 15 722,33 ლარი, დაუკავა სარეზერვო თანხა - 3807,02 ლარი და სულ გადასახდელად განისაზღვრა 56 611,11 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2019 წლის 11 დეკემბერს, ორ ნაწილად.

37. 2019 წლის 26 დეკემბრის გადახდის №8 სერთიფიკატის შესაბამისად, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 71 473,23 ლარი, აქედან ავანსიდან გაიქვითა 14 758,59 ლარი, დაუკავდა სარეზერვო თანხა - 3573,66 ლარი და სულ გადასახდელად განისაზღვრა 53 140,98 ლარი, რაც გადახდილ იქნა 2019 წლის 27 დეკემბერს, ორ ნაწილად.

38. 2020 წლის 23 იანვრის წერილით, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 30 იანვარს, მოპასუხემ ვადაზე ადრე შეწყვიტა 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება.

39. მისი მითითებით, შეტყობინების მიღებიდან 10 დღის შემდეგ წყვეტდა კონტრაქტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. სამუშაო, დაწყებისთანავე, მიმდინარეობდა ჩამორჩენით, უხარისხოდ (საზედამხედველო კომპანიის წერილები 0149, 0177, 0206, 0217, 0240, 0268) და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით (საზედამხედველო კომპანიის წერილები 0234, 0240, 0244, 0254, 0280), არ იყო დაცული არცერთი წარდგენილი გეგმა და გრაფიკი. ამასთან, კონტრაქტორმა არ შეასრულა 2019 წლის 25 ნოემბერს საზედამხედველო კომპანიის მიერ გაგზავნილი გამოსწორების შესახებ შეტყობინებით განსაზღვრული სამუშაოები.

40. 2020 წლის 30 იანვრის წერილით მოსარჩელე არ დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს. მან მოპასუხეს განუმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება გათვალისწინებული იყო 57.2 პუნქტის საფუძველზე (კონტრაქტის შეწყვეტა) და მოსარჩელემ მიუთითა მოპასუხეს, რომ თავად მიუძღოდა ბრალი ხელშეკრულების შესრულების გაჭიანურებაში, ვინაიდან სამუშაოების განხორციელება შეუძლებელი იყო, თავდაპირველი პროექტის შესაბამისად, მასში არსებული მრავალი არსებითი ხარვეზის და პროექტის მენეჯერის შეუსაბამო ინსტრუქციების გამო, ჩასატარებელი სამუშაოების სახე და მოცულობა იცვლებოდა სამუშაოების წარმოების პროცესში. ამას მოწმობდა ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიზარდა ხელშეკრულების ფასი. მათი მხრიდან არ მომხდარა სამუშაოების შეჩერება და ნაკლიანი პროექტის შეცვლა, რაც რეალურად აფერხებდა ხელშეკრულების შესრულებას და შემდეგ შეფერხება კი გამოყენებულ იქნა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად. პროექტის დასაწყისიდანვე დამკვეთი და პროექტის მენეჯერი სამუშაოებს არასწორად მართავდა, რაშიც იკარგებოდა დიდი დრო. დროულად არ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება რესტავრაცია-ახლის გაკეთების საკითხზე, ლესვის, გამაგრების საჭიროების გარკვევაში და ფერების დადგენაში. გარდა ამისა, მოსარჩელეს ავალებდნენ ისეთი სამუშაოების შესრულებას, რაც არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მაგალითად: კირით კედლების გალესვა (დეტალების გამოყვანა), აგურის სვეტებისა და თაღების გამოყვანა, რაც კარგად ჩანს შესრულებული სამუშაოების აქტებშიც. ასევე, დამკვეთს მოსახლეობა დროულად არ გაუსახლებია, რის გამოც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თავიდანვე შეფერხდა და დაშვება მოხდა ეტაპობრივად (სამ ეტაპად) 50 სახლიდან მხოლოდ 20 სახლზე. სამუშაოების წარმოება, ასევე, ფერხდებოდა და უსაფრთხოების ნორმები ირღვეოდა „სოკარის“ მიერ გაზის მილების გადატანის სამუშაოების გამო. ეს ყველაფერი კი, მნიშვნელოვნად ზრდიდა კონტრაქტორის ხარჯებს და სამუშაოების მოცულობას, იწვევდა პროფესიონალი მუშახელის და მასალის დეფიციტს, აფერხებდა კონტრაქტორს სამუშაოების განხორციელებაში და საჭირო ხდებოდა ერთი და იმავე სამუშაოს რამდენჯერმე შესრულება.

41. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2020 წლის 7 ივლისს მესამე პირმა შეადგინა საბოლოო ანგარიშსწორების აქტი - საბოლოო სერთიფიკატი, ასევე, ანგარიში დეფექტების შესახებ, სამუშაოების საბოლოო აღწერა. საზედამხედველო კომპანიამ დააფიქსირა, რომ სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო 1 094 935 ლარი. აქედან უკვე გადახდილი იყო 863 476,60 ლარი, ასანაზღაურებელი სამუშაოების ღირებულება - 231 458,40 ლარი, აქედან სარეზერვო (დასაკავებელი) თანხა - 11 572,92. სულ გადასახდელ თანხად განისაზღვრა 219 885,48 ლარი, რაც მოპასუხემ არ გადაიხადა.

42. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების იმგვარად დარღვევის ფაქტი, რაც მისი ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი გახდა.

43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 644-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ამდენად, საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დაირღვა თუ არა ხელშეკრულება და არსებობდა თუ არა დამკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლების მიხედვით, სადავო გარემოებების დადგენის მიზნით, ორივე მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხე ასევე შუამდგომლობდა საქმეში მესამე პირის ჩართვაზე. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ, უპირველესად, აღნიშნული განჩინების კანონიერება შეაფასა.

45. სსსკ-ის 89-ე მუხლისა და 90-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ წარადგინა შუამდგომლობა საზედამხედველო კომპანიის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მესამე პირად ჩაბმის შესახებ. შუამდგომლობას ერთვოდა მოპასუხესა და საზედამხედველო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომლებიც შემსრულებელს გააჩნია. როგორც მოპასუხემ აღნიშნა, ხელშეკრულების ზოგადი პრინციპების მე-2 მუხლში მითითებულია, რომ კონსულტანტს, წინამდებარე კონტრაქტის სუბიექტს, მთლიანად ეკისრება პასუხისმგებლობა ექსპერტების, ქვემდებარე კონსულტანტებისა და მათ მიერ ან მათი სახელით შესრულებულ მომსახურებაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებდა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაცია. მოპასუხის მიერ მისი რეკომენდაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის შედეგად კონტრაქტი შეწყდა. ვინაიდან საკითხი არის სპეციფიური, მნიშვნელოვანია, სხდომას ესწრებოდეს ის პირი, ვის უშუალო კომპეტენციაშიც შედიოდა აღნიშნული საკითხები, რადგან მხარეთა შორის დავასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის სამართალურთიერთობებზე.

46. სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩაბმის შესახებ საფუძვლიანია. მოპასუხესა და მესამე პირს შორის გაფორმებული კონსულტანტის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურების განხორციელების ფარგლებში, კლიენტი (მოპასუხე) სთხოვს კონსულტანტს, უზრუნველყოს მოცემული ხელშეკრულებით განსაზღვრული გარკვეული სახის საკონსულტაციო მომსახურება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, კონსულტანტს, წინამდებარე კონტრაქტის სუბიექტს, მთლიანად ეკისრება პასუხისმგებლობა ექსპერტებსა და ქვემდებარე კონსულტანტებზე და მათ მიერ ან მათი სახელით შესრულებულ მომსახურებაზე.

47. ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი ადასტურებს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი ევალებოდა საზედამხედველო ორგანიზაციას, ხოლო ეს უკანასკნელი შერჩეული იყო მხარეთა მიერ ერთობლივად.

48. სამუშაოს შესრულებაზე კონტროლის პასუხისმგებლობას ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სერთიფიკატები, რომელიც დგებოდა მხარეებს შორის შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და მიღების შესახებ. სერთიფიკატებს ხელს აწერენ მხარეთა წარმომადგენლები, ასევე, ზედამხედველი. სერთიფიკატებით დგინდებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რის საფუძველზეც დამკვეთი უხდიდა კონტრაქტორს თანხას.

49. სადავო გარემოებების დადგენის მიზნით, საქმეში წარდგენილ იქნა საზედამხედველო კომპანიის ჯგუფის უფროსის მოადგილის 2019 წლის 13 მარტის ელექტრონული წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ პირველი ეტაპის ობიექტების განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები დასრულებულია, გარდა ერეკლეს ქუჩა №3 სახლისა (საჭიროებს დამატებით დროს). რუსთაველის ქუჩის №76 სახლი გადაიტანება შემდეგი ეტაპისთვის. დანარჩენ 10 სახლზე კი, მეორე დღიდან იქნება სამუშაოების წარმოების დაწყების შესაძლებლობა.

50. 2019 წლის 25 მარტის საზედამხედველო კომპანიის ჯგუფის უფროსის მოადგილის ელექტრონულ წერილში საუბარია მეორე ეტაპის ექვსი სახლის გადმოცემაზე, სადაც მუშაობის დაწყება შესაძლებელი იქნება აპრილის მეორე ნახევრიდან. ასევე, სარჩელზე დართულია საზედამხედველო კომპანიის ორგანიზაციის თანამშრომლის 2019 წლის 1 მაისის ელექტრონული წერილი, მეორე ეტაპის 5 სახლზე სამუშაოების დაწყების ნებართვის შესახებ.

51. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის 23 იანვრის წერილზე, რომლითაც მოპასუხემ ვადაზე ადრე შეწყვიტა 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება.

52. მოპასუხე მიუთითებდა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის შემდეგ წყვეტდა კონტრაქტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რა დროსაც ეყრდნობოდა საზედამხედველო კომპანიის მიერ მიწოდებულ ზემოხსენებულ მონაცემებს. მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ მესამე პირი აქტიურად იყო ჩაბმული მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესრულებაში, კონტროლში, მისი წერილების საფუძველზე მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა და მის მიერ არის შედგენილი საბოლოო ანგარიშსწორების აქტიც. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ აღნიშნული კომპანია არის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამდენად, უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინება და საზედამხედველო კომპანია, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მესამე პირად უნდა ჩაებას.

53. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, სადავო გარემოებების დადგენის მიზნით, საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე. იმისათვის, რომ დადგენილიყო რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელემ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტიზის ჩასატარებლად, ქ. დუშეთის ისტორიული ცენტრის აღდგენითი სამუშაოების რეალური მოცულობის, ღირებულებისა და ხარისხის დადგენის მიზნით. ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილ იქნა შესრულებული სამუშაოების ანგარიში (ფორმა 2), სადაც დაფიქსირებულია კონტრაქტის მონაცემები და სამუშაოს მთლიანი მოცულობა, ფარული სამუშაოს აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებიც არ არის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივად შესრულებულია ერთეული ფასების რესურსული კალკულაციები და მასალების შესყიდვის დოკუმენტაციები (სასაქონლო ზედნადებები) ტრანსპორტით მომსახურების ხელშეკრულება (ამწე კალათაზე) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება და მიღება-ჩაბარების №2 აქტი და შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2-ის) ელექტრონული ვერსია.

54. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 7 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის №006119420 დასკვნით დგინდება შემდეგი: მოსარჩელის მიერ ქალაქ დუშეთის ისტორიული ცენტრის აღდგენითი სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევაში, არ შეესაბამება №2 ფორმაში ნაჩვენებ მოცულობას, რა დროსაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხარჯთაღრიცხვაში და წარმოდგენილი მასალების შესყიდვების დოკუმენტაციებში (სასაქონლო ზედნადებებში) ნაჩვენები ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 1 971 640,72 ლარს, დღგ-ს და სხვა დარიცხვების ჩათვლით, ნაცვლად წარმოდგენილი 2 089 606,45 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 117 965,73 ლარს.

55. რაც შეეხება ხარისხს, მოსარჩელის მიერ შესრულებული ხილული სამუშაოები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის იყო დასრულებული, დამაკმაყოფილებელია. ხოლო ის სამუშაოები, რომლებიც იყო დაუსრულებელი სახით, შეინიშნებოდა რიგი მცირედი ხარვეზები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა და მათი ხარისხის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებთან და ნორმებთან. აღნიშნული სამუშაოები გაზიარებულ იქნა შესრულებული სამუშაოების აქტში.

56. დამკვეთის ინიციატივით ჩატარდა განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი შეკითხვები: რამდენად შეესაბამება კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი სახელშეკრულებო (განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კონტრაქტით გათვალისწინებული დეტალური სპეციფიკატების მე-5 პუნქტის ქვეპუნქტების მოთხოვნებს) და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ხარისხს. ხარისხიდან გამომდინარე, რამდენად შეესაბამება კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები ექსპერტიზის დასკვნაში (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 7.10.2020წ. №5005977620 დასკვნა) ექსპერტიზის მითითებულ მოცულობას და ღირებულებას; სამუშაოების ნაკლოვანებით შესრულების შემთხვევაში განისაზღვროს სახელშეკრულებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ კონდიციამდე მისაყვანად რა მოცულობის და ღირებულების სამუშაოებია ჩასატარებელი, ასევე, თუ გამოსწორება ვერ მოხერხდება, გათვალისწინებულ იქნას მისი დემონტაჟის, თავიდან მონტაჟისა და სხვა თანმდევი სამუშაოების ღირებულება (გთხოვთ, იმ სამუშაოების ღირებულებები რომელთა ერთეულის ფასებიც ცნობილია განსაზღვროთ სახელშეკრულებო ფასებით); განისაზღვროს იმ ფარული სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომლებზეც არ არსებობს ფარული აქტები და ექსპერტი ვერ ახდენს მოცულობის დადასტურებას; განისაზღვროს იმ სამუშაოს ჯამური ღირებულება, რომელზეც, ხელშეკრულების შესაბამისად, მასალათა სერთიფიკატები არ წარმოდგენილა.

57. ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება, რიგი მასალების სერთიფიკატები, სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ვ. დვალიშვილის 2019 წლის 29 ივლისის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, აკადემიური დოქტორის ინდ. მეწარმე თ.ხ–ძის დასკვნა და რიგი ფარული სამუშაოების აქტები.

58. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 7 დეკემბრის №1004347921 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შემდეგი: ქ.დუშეთში, მხარეთა შორის 2018 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების, IBRD/RDPIII/CW/№CB/14-2016, ფარგლებში შესრულებული ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების სამუშაოებზე ფაქტობრივად გამოყენებული მასალების ხარისხის დადგენა, კონტრაქტით გათვალისწინებული დეტალური სპეციფიკაციების მე-5 პუნქტის ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ფოტოსანიტარული №268380406221019026 სერტიფიკატი დახერხილი ხის მასალაზე სახელწოდებით „ციმბირული ლარიქსი“ და ფოტოსანიტარული მოწმობა №O: EC/TR A3952400 წაბლის მასალაზე. ვინაიდან აღნიშნულ სერტიფიკატებში არ არის მოცემული, რომ ზემოხსენებული ხის მასალები განეკუთვნება მაგარი ჯიშის კატეგორიას, №2 ფორმაში მოცემული მაგარი ჯიშის ხის მასალით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჩათვლის საკითხი, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 632533.45 ლარს შეადგენს (დანართი №1), დამკვეთის პრეროგატივას განეკუთვნება.

59. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხს, დამკვეთის წარმომადგენლების განმარტებით, დღეის მდგომარეობით ძირითადი სამუშაოები სახეცვლილია (განხორციელდა ზოგიერთი სახურავის, კარების, ფანჯრებისა და სხვა სამუშაოების შეცვლა), რომელზედაც ექსპერტიზა დღეის მდგომარეობით ვერ იმსჯელებს. ხოლო იმ სამუშაოს, რომელიც ამჟამად არ არის დასრულებული, აღენიშნება რიგი ხარვეზები და საჭიროებს გამოსწორებას, მათი მოცულობებისა და ღირებულებების ჩათვლის საკითხი წარმოადგენს სამუშაოების დამკვეთის პრეროგატივას.

60. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ კონდიციამდე მისაყვანად, რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოებია ჩასატარებელი (მათ შორის, თუ სამუშაოების გამოსწორება ვერ ხერხდება), აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამუშავდეს ახალი დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ობიექტზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

61. იმ სამუშაოს ჯამური ღირებულება, რომელზეც არ არის წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, დღგ-ს გათვალისწინებით, შეადგენს 562015,06 ლარს (დანართი №2), ამ ეტაპზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები თან ერთვის ექსპერტის დასკვნას.

62. იმ სამუშაოს ჯამური ღირებულება, რომელზეც მასალების სერთიფიკატები წარმოდგენილი არ არის, დღგ-ს გათვალისწინებით, შეადგენს 251967,81 ლარს (დანართი №3).

63. 2020 წლის 7 ოქტომბერს გაცემული №006119420 საექსპერტო დასკვნის №2 ფორმასთან მიმართებით ის შენიშვნები, რომლებიც მოპასუხის წარმომადგენლების მიერ იქნა განმარტებული, რიგ შემთხვევაში იქნა გაზიარებული, კერძოდ, მითითებულ ობიექტებზე გადამოწმდა მოცულობები. აგრეთვე, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ერთეული ღირებულებები (დანართი №4-ში ყვითელი ფერით მონიშნული ერთეული ღირებულებები) დაკორექტირდა ხელშეკრულების „დ“ თავის (ხარჯების კონტროლის) 38 პუნქტის (ვარიაციების) ფარგლებში, რამაც გამოიწვია საბოლოო ღირებულების ცვლილება, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, დღგ-ს გათვალისწინებით, შეადგინა 1954342,77 ლარი, ნაცვლად №006119420 საექსპერტო დასკვნით მოცემული 1971640,72 ლარისა (დანართი №4).

64. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები - ბ.მ–ძე და ვ.ფ–ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ორივე საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მათ უარყვეს, რომ მეორე ექსპერტიზა უფრო ზუსტია და პირველი - ზოგადი. რაც შეეხება დასკვნებში არსებულ სხვაობას, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს ძირითადად გამოწვეული იყო თავად დამკვეთების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებით, ასევე იმ გარემოებით, რომ თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისას მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არ წარდგენილა, კერძოდ, მეორე დასკვნის გაცემისას დამკვეთის მიერ ყურადღება გამახვილდა დეტალური სპეციფიკაციების მე-5 მუხლზე.

65. ექსპერტების განმარტებით, ისინი არ იყვნენ ვალდებული, ხელშეკრულება მოეთხოვათ მოსარჩელისთვის, საკმარისი იყო №2 ფორმაც, ხელშეკრულების გადაცემის პირობებში კი, იხელმძღვანელეს მხოლოდ დამკვეთის მიერ მითითებული დეტალური სპეციფიკაციების მე-5 პუნქტით, პირველი დასკვნისას მოთხოვნილი იყო შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადგენა, ხოლო მეორე დასკვნის გაცემისას, - მასალების ხარისხის დადგენა, რაც იმ პირობებში, როდესაც არ იყო წარდგენილი სერთიფიკატები, იყო შეუძლებელი. რაც შეეხება თავად სერთიფიკატის არსებობას, ექსპერტების განმარტებით, მათი ვალდებულება არ არის იმის დადგენა, რომელ მასალას სჭირდება სერთიფიკატი, რაზეც იქნა წარდგენილი, გაითვალისწინეს, რაზეც არა - დაადგინეს, რომ ამ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს ჩათვლა იყო დამკვეთის პრეროგატივა. ორივე ექსპერტმა პროცესზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, მეორე დასკვნაში დაშვებული იყოს მექანიკური შეცდომა, მაგ: როდესაც ერთ შემთხვევაში სერთიფიკატის არარსებობის პირობებში ჩათვალეს სამუშაო შესრულებულად, ხოლო მეორე შემთხვევაში - დამკვეთის პრეროგატივად. ფარული სამუშაოს აქტებზე ექსპერტებმა განმარტეს, რომ ყველა ასეთი აქტი ხელმოწერილი იყო ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ, ცალმხრივი ხელმოწერის დროს არ გაითვალისწინებდნენ სამუშაოს შესრულებას. №2 ფორმაში არ არის აუცილებელი ორივე მხარის ხელმოწერა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა დამკვეთი არ აწერს ხელს, კვლევის შედეგად ადგენენ, რა არის ფაქტობრივად შესრულებული და ამის მიხედვით ხდება ანაზღაურება.

66. სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა, ვინაიდან მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილია იმავე ორგანიზაციის ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უმთავრეს მტკიცებულებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გარემოებისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერების ფაქტის დადგენის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქმეზე ჩაატაროს განმეორებითი ექსპერტიზა.

67. სააპელაციო პალატამ მიუთითა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ ობიექტი უნდა გადასცემოდა კონტრაქტორს ორმხრივად ხელმოწერის დღეს მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით კონტრაქტორის მიერ დგებოდა გეგმა-გრაფიკი, რომელიც თანხმდებოდა ზედამხედველთან. აღნიშნულს მოწმობს კონტრაქტორის მიერ შედგენილი სამუშაოთა კალენდარული გეგმა-გრაფიკი. აღნიშნულ ცხრილში ჩანს, რა ეტაპებად იყო დაყოფილი სამუშაოების დაწყება და დამთავრება. საქმეში წარმოდგენილია საზედამხედველო კომპანიის 2019 წლის 13 მარტის, 2019 წლის 25 მარტისა და 2019 წლის 9 აგვისტოს ელექტრონულ წერილები, საიდანაც დგინდება, რომ გადაცემა მიმდინარეობდა ეტაპებად. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ თავიდან უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მითითებული მტკიცებულებებით, ასევე პროექტით გათვალისწინებული ჩაბარების პირობები. ასევე, გამოიკვლიოს და დაადგინოს ობიექტების ეტაპობრივად გადაცემის გამო, ხომ არ განუცხადებია პრეტენზია შემსრულებელს და ეტაპობრივად გადაცემამ რატომ შეაფერხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება იმ პირობებში, როდესაც უკვე გადაცემულ ობიექტებზე განსახორციელებელი სამუშაოები დასრულებული არ იყო. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების კონტრაქტის ზოგადი პირობების ზოგადი ნაწილის 20.1. პუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ დამკვეთმა „ობიექტის ტერიტორია მთლიანად უნდა გადასცეს კონტრაქტორს“. პირველი ინსტანციის სასამართლომ, სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში, უნდა დაადგინოს აღნიშნული გულისხმობდა კონკრეტული ობიექტის სრულყოფილად გადაცემას, თუ ყველა ობიექტის ერთობლიობაში გადაცემას, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გადაეცა რამდენიმე ობიექტი და თითოეული ობიექტი გამოყოფილია ერთმანეთისგან.

68. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში საზედამხედველო კომპანიის მესამე პირად ჩართვის პირობებში, უნდა განიხილოს საქმე, გამოიკვლიოს და დაადგინოს სადავო ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება, ასევე, დაადგინოს, დაირღვა თუ არა ხელშეკრულება იმგვარად, რაც მოპასუხეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებას წარმოუშობდა.

69. სააპელაციო პალატის მითითებით, ერთი და იმავე საექსპერტო ბიუროს (ერთი და იმავე ექსპერტების) მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები გარკვეულ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, როგორც შესრულებული სამუშაოთა ღირებულების დადგენის, ასევე, შესრულებულ სამუშაოთა ხარისხის განსაზღვრის საკითხებში. ახალი კომისიური ექსპერტიზის დასკვნით და მხარეთა მიერ ექსპერტიზისათვის სრულყოფილი მასალების გადაცემის გზით სრულყოფილად უნდა დადგინდეს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, მისი ხარისხი, ასევე (არსებობისას) უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულება და სხვა ყველა ზემოაღნიშნული აუცილებელი გარემოებები, რომელთა კვლევა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია და რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებს. ასევე აუცილებელია, რომ ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღოს მესამე პირმაც, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს შეკითხვები დაესვას მას, ან წარმოადგინოს მისთვის საჭირო სხვა მტკიცებულებები.

70. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან სასამართლოს დასადგენი აქვს ფაქტობრივი გარემოებები საქმეში მესამე პირის მონაწილეობით, წარმოსადგენია და შესაფასებელია მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა ჩაატაროს განმეორებითი ექსპერტიზა და შეაფასოს იგი ისე, რომ არ დაირღვევს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ამასთან, სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, ახალი ფაქტების დადგენასა და მტკიცებულებათა წარდგენაზე სააპელაციო სასამართლოში არსებობს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, მართებულია საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, ასევე, გაუქმდეს 2023 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინება საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მესამე პირად მოპასუხის მხარეს უნდა ჩაერთოს საზედამხედველო კომპანია და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

72. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება იმგვარად, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელდა შემდეგი საფუძვლებით:

73. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებით დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მიზანშეწონილად მიიჩნია განმეორებით ექსპერტიზის დანიშვნა. მხარეებს თავად უნდა განესაზღვრათ ის მტკიცებულებები, რომლებზეც საკუთარ პოზიციას ამყარებდნენ და აღნიშნული შეძლეს კიდეც. ამასთან, პალატამ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა ისეთი სამუშაოს შესაფასებლად, რომლის შესრულებიდან 5 წელია გასული. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩვეულებრივი ცვეთა და ის ფაქტი, რომ ღია ცის ქვეშ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადგენა აღნიშნული პერიოდის შემდეგ წარმოუდგენელია. სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებებით.

74. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ საჭიროდ მიიჩნია საქმეში მესამე პირის ჩაბმა, თუმცა არ დაუსაბუთებია, რატომ გამოიწვია დავის აღნიშნული პირის გარეშე განხილვამ უკანონო შედეგის დადგომა. თავად მესამე პირს საქმეში ჩაბმა არ მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ დავის არსებობის შესახებ ინფორმირებული იყო და საქმეში მოწმის სტატუსითაც დაიკითხა. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოცემულმა დავამ მესამე პირის კანონიერ ინტერესებზე.

75. კასატორმა აღნიშნა, რომ ექსპერტებს მოსარჩელის მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოს ფაქტზე არ მიუთითებიათ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხის არგუმენტი, რომ მან სამუშაოს ნაწილი ხელახლა ჩაატარა. აღნიშნულის დასტურად მხარემ სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

76. სადავო სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს გამოყენებული მასალის შეფასებასთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ ექსპერტმა ვერ დაადგინა, გამოყენებული მასალა - ციმბირული ლარიქსი და წაბლი მაგარი ჯიშის ხეებია თუ არა, თუმცა დასკვნაში არსად არ ფიქსირდება ხის ნაკეთობების უხარისხოდ შესრულების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომ დასახელებული ხის მასალა შეთანხმებული იყო მოპასუხესთან. დამკვეთს შესრულებული სადავო სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარი იმ საფუძვლით არ განუცხადებია, რომ ხის მასალის ხარისხი არ აკმაყოფილებდა. ამასთან, მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში ხის მასალის სახეობა დაკონკრეტებული არ არის. ამასთან, მოპასუხემ ექსპერტიზას წარუდგინა მხოლოდ სერთიფიკატი ლარიქსის მასალაზე და არ გადასცა ირკუცკის ხის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომ ლარიქსი სადავო ხელშეკრულებით მოთხოვნილ მახასიათებლებს აკმაყოფილებდა. საზედამხედველო კომპანიის 2019 წლის 22 მაისის წერილში დაფიქსირებულია, რომ რეკომენდაცია ეძლევა წაბლის ხისაგან ნაკეთობის დამზადებას. მოპასუხეს თ.ხ–ძის დასკვნა საექსპერტო ბიუროში არ უნდა წარედგინა. ამასთან, მოპასუხემ ხსენებული ხარისხის ხის ნაკეთობები მანამდე მიიღო, რის გამოც სსსკ-ის 652-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის წარდგენის უფლება დაკარგა. ასევე, მოპასუხემ მიიღო საექსპერტო დასკვნებში მითითებული ფარული სამუშაოებიც.

77. ექსპერტებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელი სერთიფიკატის არსებობის ვალდებულება ამოიკითხეს ხელშეკრულებაში, რაც მოსარჩელეს არ აღმოაჩნდა. რეალურად მოსარჩელემ წარადგინა ყველა საჭირო სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე მას სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობას არ აძლევდა. მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ექსპერტთა განმარტებით, დასკვნა შეიცავდა ტექნიკური ხასიათის შეცდომებს.

78. კასატორმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის არ არის.

79. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ თავად შეადგინა №2 ფორმა - საბოლოო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, რომლის შინაარსი მთლიანად მორგებული იყო მოპასუხის ინტერესებს. მან შესრულებულად არ ჩათვალა ისეთი სამუშაო, რომელიც მანამდე მიიღო.

80. კასატორმა მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანი არ იყო, რაც ორივე მხარის ინიციატივით ჩატარებულმა ექსპერტიზის დასკვნებმაც დაადასტურა. ექსპერტებმა მიუთითეს მხოლოდ მცირე ხარვეზზე, რისი გამოსწორებაც მოსარჩელეს სამუშაოს ბოლომდე შესრულების შემთხვევაში შეეძლო. ამდენად, გაურკვეველია, ახალი რა უნდა დადგინდეს ექსპერტიზის ჩატარებით.

81. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით კი, საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

82. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ გაუქმდეს და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

83. საქმის არსებითად განხილვისას საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივრის პრეტენზიებს კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ფარგლებში (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა). ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

84. სსსკ-ის 393-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს (საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი) და ადგენს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

85. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საკასაციო საჩივრის პრეტენზია, სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე საქმის განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მიზანშეწონილობის თაობაზე.

86. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; №ას-1167-2019, 22.07.2020წ.; №ას-942-2021, 11.03.2022წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.; №ას-785-2022, 06.04.2023წ.; №ას-1136-2023, 16.11.2023წ.; №ას-1303-2023, 226.01.2024წ.).

87. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების დასაბუთებულობის შეფასებისას სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გაანალიზოს შემდეგი გარემოებები: 1) რა პროცესუალური ფაქტორები გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის დაბრუნების საფუძველი; 2) აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად გამართლებულია საქმის დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ასეთი გადაწყვეტილება საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; №ას-209-196-2015, 30.07.2015წ.; №ას-825-791-2016, 12.06.2017წ.; №ას-8-2023, 25.05.2023წ.; №ას-1091-2023, 26.07.2024წ.; №ას-1575-2023, 27.06.2025წ.).

88. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის დაბრუნების აუცილებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; №ას-173-2021, 31.01.2021წ.; №ას-1303-2023, 26.01.2024წ.). ეს მიდგომა პასუხობს რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, რადგან უზრუნველყოფს საქმის განხილვის ეფექტურობას, უსაფუძვლო გაჭიანურების პრევენციასა და რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას. გარდა ამისა, იგი ხაზს უსვამს სააპელაციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლს, როგორც საქმის არსებითად განმხილველ და ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, რაც მას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს პროცესის სამართლებრივი ხარისხი და უზრუნველყოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება (სსსკ-ის 377.1 მუხლი).

89. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სააპელაციო სასამართლოსთვის გართულებულია ან კონკრეტული საქმიდან გამომდინარე მართლაც საჭიროა დამატებითი განხილვა, რათა დაცული იყოს მხარეთა შეჯიბრების პრინციპი. შედეგად, ასეთი პრაქტიკა უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი, პროცესუალურად ეფექტური და მიზანშეწონილი, ხოლო საქმის უკან დაბრუნება არ იქცეს სტანდარტულ ან ავტომატურ ღონისძიებად, არამედ გამოიყენებოდეს მხოლოდ სასამართლოს შეფასებით აუცილებელ შემთხვევებში. მსგავს საკითხებში სასამართლო პრაქტიკა ქმნის მყარ სამართლებრივ სტანდარტებს, რომელიც აძლევს სასამართლოებს კონცენტრირებულ, თანმიმდევრულ ხედვას იმაზე, როდის არის მიზანშეწონილი საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო კონკრეტული განჩინებები ამ სტანდარტს პრაქტიკულად ადასტურებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; №ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ.; №ას-1136-2023, 16.11.2023წ.).

90. განსახილველ დავაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს და აღნიშნული გამოიწვევს საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას. გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ეფუძნება ორ მთავარ არგუმენტს - საქმეში მესამე პირის ჩაბმის შედეგად პირველი ინსტანციის წესით დავის ხელახლა განხილვის საჭიროებას, რაც ვერ იქნება გაზიარებული. ასევე, პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს ახალი ექსპერტიზა და მხარეთა მიერ ექსპერტიზისათვის სრულყოფილი მასალების გადაცემის გზით სრულყოფილად დადგინდეს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, მათი ხარისხი, (არსებობის შემთხვევაში) უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულება და სხვა აუცილებელი გარემოებები, რომელთა კვლევა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია.

91. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მესამე პირად ჩაბმული კომპანიის წარმომადგენელი წინამდებარე საქმის განხილვისას დაკითხულია მოწმის სახით, რა დროსაც მან სასამართლოს უკვე მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები (საქმეში წარმოდგენილია მესამე პირის მიერ შედგენილი აქტები, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობის შეფასების შესახებ). აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს თავიდანვე მიუწვდებოდა ხელი მესამე პირის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაზე, შესაბამისად, მას დაუბრკოლებლად შეეძლო სამართალწარმოების განსაზღვრულ ეტაპზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, სასამართლოსათვის წარედგინა საჭირო მტკიცებულებები.

92. რომელიმე მხარის ან თვით დაინტერესებულმა პირის მიერ სსსკ-ის 88-89-ე მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაციის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია კანონით განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობისას (სსსკ-ის 380-ე, 215-ე მუხლები) თავად იმსჯელოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩაბმის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე (შდრ. ი.პერანიძე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №1 (28), 2011წ, გვ.35; ნინო ხარიტონაშვილი, მესამე პირები სამოქალაქო პროცესში, დისერტაცია, თბილისი 2017წ., გვ.127). უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მესამე პირის საქმეში ჩაბმა მხარეთა ინტერესებს ემსახურება, ხოლო ამ საპროცესო მოვალეობის განუხორციელებლობით ირღვევა სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.11.2017წ. განჩინება საქმეზე №ას-921-861-2017, რომლითაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში, საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1592-2022, 29.03.2024წ.).

93. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას საქმეში მესამე პირის ჩაბმასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე მიღებული განჩინების გაუქმების წინაპირობის არსებობა მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა.

94. პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 89-ე-90-ე მუხლებით მოწესრიგებულია დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის ინსტიტუტი და საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობას მისაღები გადაწყვეტილების შესაძლო გავლენა წარმოადგენს ამ პირის უფლებაზე. სსსკ-ის 90-ე მუხლის პირველი ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, საქმეში ჩაებას მესამე პირი, რომელსაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ გააჩნია, ერთ-ერთი მოდავე მხარის ინიციატივით (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ).

95. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირის ჩაბმა საქმეში, რომელსაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ გააჩნია, წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურულ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში მხარეთა სამართლებრივი ინტერესების სრულ დაცვას. თუმცა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტრუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მხარის სუბიექტური დაინტერესების საფუძველზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ საქმის განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მესამე პირის სამართლებრივ უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამასთან, სასამართლო აფასებს, თუ რა მიზანს ემსახურება მესამე პირის ჩართვა. კერძოდ, შესაძლოა ეს მიზანი იყოს მხარის დახმარება საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-619-2023, 05.04.2024წ.).

96. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მესამე პირი სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და ახორციელებდა მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. სწორედ მისი ანგარიშებისა და დასკვნის საფუძველზე შეწყდა მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულება. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა მოწმის სახით ჩვენება მისცა სასამართლო პროცესზე მოპასუხის პოზიციის გასამყარებლად. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირის საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მითითებული გარემოებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესები არ დარღვეულა და რაც მთავარია, საკასაციო პალატის მიერ მესამე პირის ჩაბმის მოტივით საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების საფუძველი არ იქნა გაზიარებული.

97. სსსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე წინამდებარე საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

98. 2018 წლის 26 ნოემბერს, მოპასუხის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად, მოპასუხესა (დამკვეთს) და მოსარჩელეს (კონტრაქტორს) შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების შესახებ.

99. 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო დუშეთის ისტორიული ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ის, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოსა და შამანაურის ქუჩების, აგრეთვე ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთებისა და იქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე თავმოყრილია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობათა გამორჩეული ნიმუშები, ხოლო პროექტის მიზანს წარმოადგენდა მათი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და სათანადო წარმოჩენა.

100. ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა არა მხოლოდ შენობა-ნაგებობათა გარეგანი სახის რეაბილიტაციას, არამედ ცალკეული ობიექტების ავარიული ნაწილებისა და მზიდი კონსტრუქციების გამაგრებასაც, შესაბამისი სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებით, მათ შორის, ინტერიერის სივრცეშიც და სხვა აუცილებელი ღონისძიებების შესრულებას.

101. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 122 948,63 ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო სამუშაოთა დაწყებიდან 18 თვის ვადაში, ხოლო სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა კონტრაქტის ხელმოწერიდან მე-15 დღე.

102. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს ობიექტი უნდა გადასცემოდა კონტრაქტის ორმხრივად ხელმოწერის დღეს და არ განიხილებოდა ობიექტის ნაწილ-ნაწილ დასრულება (კონტრაქტის 2.2. და 20.1. პუნქტები).

103. 018 წლის 3 დეკემბერს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები: კონკრეტული პირობების 1.1 პუნქტი შეიცვალა და პროექტის მენეჯერად დასახელდა მესამე პირი. აღნიშნულ კომპანიას დაევალა ზედამხედველობის განხორციელება სამუშაოებისა და პროექტის შესრულების პროცესზე.

104. 2019 წლის 20 ნოემბერს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გაიზარდა 93 367,76 ლარით, რის შედეგადაც მისი საერთო ღირებულება შეადგინა 5 216 316,39 ლარი.

105. შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და მიღების შესახებ მხარეებს შორის დგებოდა გადახდის სერთიფიკატები.

106. 2020 წლის 23 იანვრის წერილით, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 30 იანვარს, მოპასუხემ ვადაზე ადრე შეწყვიტა 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება.

107. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული დავა წარმოიშვა ვალდებულებითი, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით.

108. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).

109. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-240-2023, 21 მარტი, 2023წ. პ.10; №ას-358-2024, 14.06.2024წ.; №ას-740-2024, 13.02.2025წ.).

110. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა უკავშირდება მენარდის ვალდებულებას - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები და მიაწოდოს შემკვეთს შესრულებული სამუშაოს შედეგი შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით. შემკვეთის ვალდებულება, სსკ-ის 648-ე მუხლის მიხედვით, მდგომარეობს იმაში, რომ გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოების შესრულების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ნაწილ-ნაწილ გადახდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე№ას-1522-2019, 12.02.2021წ. პ.34.).

111. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა უფლებები მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას. რელატიური უფლება გულისხმობს უფლებამოსილებას შესრულების მოთხოვნისთვის მხოლოდ კონკრეტული პირის მიმართ, ანუ იგი მიმართულია არა ნებისმიერი პირის, არამედ განსაზღვრული პირის მიმართ, კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. ასეთი უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდის ძირითადი ვალდებულება მდგომარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაში, რომელიც უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ანუ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

112. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოების დროულად შესრულება. სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ დაკავშირებულია დროის ფაქტორთან, ვინაიდან ვადა უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის წესრიგს და განაპირობებს ხელშეკრულების პირობების ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომლისთვის დამახასიათებელია დინამიურობა და დროის შეზღუდულობა, ვადებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება აუცილებელია. სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას, ასევე იმ მოქმედებების შესრულებას, რომელიც განსაზღვრულია კანონით ან ხელშეკრულებით. ვალდებულების დროულად შესრულება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, ხოლო ვალდებულების შესრულების დრო ითვლება იმ მომენტად, როდესაც იგი უნდა შესრულებულიყო.

113. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს.

114. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა - time is of the essence. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. „გონივრული ვადა” წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით.

115. თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოება გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ვადის დაცვა ეჭვქვეშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვას. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს.

116. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვით: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“. მოყვანილი ნორმის შესაბამისად, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სასამართლოს აზრით, ამგვარი რეგულირება ქმნის მხარეთა ინტერესების ბალანსს: იგი უზრუნველყოფს შემკვეთის მოქნილობას გადაწყვეტილებების მიღებაში და, სხვა მხრივ, იცავს მენარდის ეკონომიკურ ინტერესებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.

117. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგალითად: ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; №ას-671-2023, 12.09.2023წ.; №ას-1425-2023, 31.10.2025წ.). აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1634-2019, 04.03.2019წ.; №ას-1187-2020, 16.06.2021წ.; №ას-601-2020, 13.04.2022წ.; №ას-925-2022, 30.09.2022წ.).

118. ამავდროულად, შემკვეთის ინიციატივით ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას, მენარდის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო (მაგალითად, მენარდე დროულად არ შეუდგა სამუშაოს შესრულებას ან სამუშაოს ისე ნელა ასრულებს, რომ შეუძლებელია მისი დამთავრება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც შემკვეთი ინტერესს კარგავს ხელშეკრულების მიმართ), აუცილებლად დაცული უნდა იყოს სსკ-ის 399-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენება ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი (იხ. ზ.ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2011წ.).

119. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოშლის საჭიროება დასაბუთებული იყო მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით, სამუშაოების ვადების დარღვევითა და შესრულების არასაკმარისი ხარისხით.

120. საკასაციო სასამართლო ხელშეკრულების მოშლის კანონიერებაზე მსჯელობისას ყურადღებას გაამახვილებს საქმეში სადავო სამუშაოების შეფასებასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოიცავს მესამე პირის მიერ შედგენილ ანგარიშებს, დოკუმენტაციასა და ფოტომასალას, აღნიშნული პირის წარმომადგენლის განმარტებებს, ასევე მხარეთა ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა ურთიერთშეჯერებით შესაძლებელი ხდება დავის კანონიერად გადაწყვეტისთვის საჭირო ფაქტობრივი გარემოების დადგენა.

121. წინამდებარე დავაზე აუცილებელია შეფასდეს მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოცულობა და ხარისხი, როგორც ხელშეკრულების მოშლის კანონიერების, ისე შესრულებული სამუშაოს ღირებულების დასადგენად, რასთან დაკავშირებითაც საქმეში წარმოდგენილია როგორც უშუალოდ მოპასუხის, ისე ექსპერტთა შეფასებები.

122. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2020 წლის 7 ივლისს მესამე პირმა შეადგინა საბოლოო ანგარიშსწორების აქტი – საბოლოო სერთიფიკატი, ასევე, ანგარიში დეფექტების შესახებ და სამუშაოების საბოლოო აღწერა. საზედამხედველო კომპანიამ დააფიქსირა, რომ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 094 935 ლარს, საიდანაც უკვე გადახდილი იყო 863 476,60 ლარი, ხოლო ასანაზღაურებელი სამუშაოების ღირებულება – 231 458,40 ლარი, საიდანაც სარეზერვო (დასაკავებელი) თანხა შეადგენდა 11 572,92 ლარს. შედეგად, სულ გადასახდელ თანხად განისაზღვრა 219 885,48 ლარი, რომელიც მოპასუხემ არ გადაიხადა.

123. განსახილველ საქმეზე ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 7 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის №006119420 დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ ქალაქ დუშეთის ისტორიული ცენტრის აღდგენითი სამუშაოების მოცულობები გარკვეულ შემთხვევებში არ შეესაბამება №2 ფორმაში ნაჩვენებ მოცულობას, რის შედეგადაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხარჯთაღრიცხვაში და წარმოდგენილი შესყიდვების დოკუმენტაციებში (სასაქონლო ზედნადებებში) ნაჩვენებული ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, შეადგენს 1 971 640,72 ლარს დღგ-სა და სხვა დარიცხვების ჩათვლით, ნაცვლად წარმოდგენილი 2 089 606,45 ლარისა, რაც ნაკლებობით შეადგენს 117 965,73 ლარს.

124. რაც შეეხება ხარისხს, მოსარჩელის მიერ შესრულებული ხილული სამუშაოები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის იყო დასრულებული, დამაკმაყოფილებელია. ხოლო იმ სამუშაოებში, რომლებიც იყო დაუსრულებელი სახით, შეინიშნებოდა რიგი მცირედი ხარვეზები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა და მათი ხარისხის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებთან და ნორმებთან. აღნიშნული სამუშაოები ასახულია შესრულებული სამუშაოების აქტში.

125. მოცემულ საქმეზე დამკვეთის ინიციატივით ჩატარდა განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

126. ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი იყო მხარეთა შორის გაფორმებული 2018 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება, რიგი მასალების სერთიფიკატები, სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ვ. დვალიშვილის 2019 წლის 29 ივლისის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორის, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის და აკადემიური დოქტორის ინდ. მეწარმე თ.ხ–ძის დასკვნა, აგრეთვე რიგი ფარული სამუშაოების აქტები.

127. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 7 დეკემბრის №1004347921 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ.დუშეთში, მხარეთა შორის 2018 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების, IBRD/RDPIII/CW/№CB/14-2016, ფარგლებში შესრულებული ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების სამუშაოებზე ფაქტობრივად გამოყენებული მასალების ხარისხის დადგენა, კონტრაქტით გათვალისწინებული დეტალური სპეციფიკაციების მე-5 პუნქტის ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ფოტოსანიტარული №268380406221019026 სერტიფიკატი დახერხილი ხის მასალაზე სახელწოდებით „ციმბირული ლარიქსი“ და ფოტოსანიტარული მოწმობა №O: EC/TR A3952400 წაბლის მასალაზე. ვინაიდან აღნიშნულ სერტიფიკატებში არ არის მოცემული, რომ ზემოხსენებული ხის მასალები განეკუთვნება მაგარი ჯიშის კატეგორიას, №2 ფორმაში მოცემული მაგარი ჯიშის ხის მასალით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჩათვლის საკითხი, რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 632533.45 ლარს შეადგენს (დანართი №1), დამკვეთის პრეროგატივას განეკუთვნება.

128. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხს, დამკვეთის წარმომადგენლების განმარტებით, დღეის მდგომარეობით ძირითადი სამუშაოები სახეცვლილია (განხორციელდა ზოგიერთი სახურავის, კარების, ფანჯრებისა და სხვა სამუშაოების შეცვლა), რომელზედაც ექსპერტიზა დღეის მდგომარეობით ვერ იმსჯელებს. ხოლო ის სამუშაო, რომელიც ამჟამად არ არის დასრულებული, აღინიშნება რიგი ხარვეზები და საჭიროებს გამოსწორებას, მათი მოცულობებისა და ღირებულებების ჩათვლის საკითხი წარმოადგენს სამუშაოების დამკვეთის პრეროგატივას.

129. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ კონდიციამდე მისაყვანად, რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოებია ჩასატარებელი (მათ შორის, თუ სამუშაოების გამოსწორება ვერ ხერხდება), აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამუშავდეს ახალი დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ობიექტზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

130. იმ სამუშაოს ჯამური ღირებულება, რომელზეც არ არის წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, დღგ-ს გათვალისწინებით, შეადგენს 562015,06 ლარს (დანართი №2), ამ ეტაპზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები თან ერთვის ექსპერტის დასკვნას. ხოლო, იმ სამუშაოს ჯამური ღირებულება, რომელზეც მასალების სერთიფიკატები წარმოდგენილი არ არის, დღგ-ს გათვალისწინებით, შეადგენს 251967,81 ლარს (დანართი №3).

131. 2020 წლის 7 ოქტომბერს გაცემული №006119420 საექსპერტო დასკვნის №2 ფორმასთან მიმართებით ის შენიშვნები, რომლებიც მოპასუხის წარმომადგენლების მიერ იქნა განმარტებული, რიგ შემთხვევაში იქნა გაზიარებული, კერძოდ, მითითებულ ობიექტებზე გადამოწმდა მოცულობები. აგრეთვე, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ერთეული ღირებულებები (დანართი №4-ში ყვითელი ფერით მონიშნული ერთეული ღირებულებები) დაკორექტირდა ხელშეკრულების „დ“ თავის (ხარჯების კონტროლის) 38 პუნქტის (ვარიაციების) ფარგლებში, რამაც გამოიწვია საბოლოო ღირებულების ცვლილება, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, დღგ-ს გათვალისწინებით, შეადგინა 1954342,77 ლარი, ნაცვლად №006119420 საექსპერტო დასკვნით მოცემული 1971640,72 ლარისა (დანართი №4).

132. ზემოხსენებულ დასკვნებში ასახულ განსხვავებულ შეფასებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები - ბ.მ–ძე და ვ.ფ–ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ორივე საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. მათ უარყვეს, რომ მეორე ექსპერტიზა უფრო ზუსტია და პირველი - ზოგადი. რაც შეეხება დასკვნებში არსებულ სხვაობას, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს ძირითადად გამოწვეული იყო თავად დამკვეთების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებით, აგრეთვე იმ გარემოებით, რომ თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არ იყო წარდგენილი, ხოლო მეორე დასკვნის გაცემისას დამკვეთის მიერ ყურადღება გამახვილდა დეტალური სპეციფიკაციების მე-5 მუხლზე.

133. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე იმგვარი გარემოებების დადგენა, რომელთა გასარკვევად სპეციალური ცოდნაა საჭირო, უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარების გზითა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის შეფასების საფუძველზე. მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 162-ე მუხლით (რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად). კანონის დასახელებული დანაწესი ითვალისწინებს ექსპერტიზის დანიშვნას როგორც სასამართლოს მიერ, ისე უშუალოდ მხარეთა ჩართულობით, სასამართლოსათვის მტკიცებულებათა წარდგენის პირობებში, სადავო გარემოების ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებას.

134. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე ჩატარებულია არაერთი ექსპერტიზა და წარმოდგენილია რამდენიმე დასკვნა, რომლებითაც განსაზღვრულია მენარდის - მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ხარისხი. აღნიშნული დოკუმენტების შინაარსი განსხვავებულია. შესაბამისად, იმის შეფასება, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან რომელია ობიექტურად სადავო ღირებულების განსაზღვრისათვის მისაღები, წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას.

135. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-398-371-2017, 06.06.2017წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-279-264-2017, 21.04.2017წ.).

136. სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია, მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია და მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და, შესაბამისად, ისინი მათ უნდა მიუთითონ. სსსკ-ი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-125-2024, 01.05.2024წ.).

137. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

138. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ სადავო ობიექტებმა ამ დროისთვის უკვე განიცადეს ცვლილება; უფრო მეტიც, დარჩენილი სამუშაოების შესრულების მიზნით მოპასუხემ გამოაცხადა ახალი ტენდერი, რაც მიუთითებს, რომ ობიექტზე განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს დამატებითი სამუშაოები. ასეთ პირობებში, ობიექტის თავდაპირველი მდგომარეობის დადგენა, რომელიც არსებობდა მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესრულების დასრულების დროისათვის, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ამასთან, მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულებიდან გასულია რამდენიმე წელი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის როგორც შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულების, ისე მისი ხარისხის შესახებ ახალი, ობიექტური და სანდო საექსპერტო დასკვნის მიღებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალი ექსპერტიზის ჩატარება ვერ უზრუნველყოფს სანდო და რეალურ შედეგს, რის გამოც საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი.

139. ამავდროულად, კონკრეტული კითხვების არსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ არის მოკლებული საპროცესო შესაძლებლობას, თავად დანიშნოს ექსპერტიზა და დააზუსტოს ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი.

140. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო პალატისათვის დაბრუნებისას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულებაზე, რა დროსაც, ზემოთ დასახელებულ საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია შეფასდეს, მენარდის მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელშეკრულების მოშლის პირობებში წარმოეშვა თუ არა შემკვეთს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება თუ არა მენარდის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება.

141. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საკასაციო ინსტანციაში შეუძლებელია. ასეთია დავის სწორად გადაწყვეტისათვის საჭირო მტკიცებულებების კვლევის აუცილებლობა.

142. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი საჭიროება მოცემულ საქმეზეც არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად წინამდებარე განჩინების კვლევით ნაწილში ასახული საკითხების გამოკვლევის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 412-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში, ხოლო წინამდებარე საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია