დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 20.02.2026
საქმის ნომერი
ას-1429-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1429-2025

20 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „I. L.G.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა.(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „I. L.G.-ს” სარჩელი მოპასუხე ნ. ა–ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის გაჩინებით კასატორის მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „I. L.G.-ს” დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 25 ნოემბერს.

2025 წლის 2 დეკემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის ადვოკატმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელება. ადვოკატმა განმარტა, რომ შპს „I. L.G.-ს” წლების მანძილზე შეჩერებული აქვს ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობა, კომპანიის ყოფილი დირექტორის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამო. კასატორს არ გააჩნია არცერთი საშტატო ერთეული, აქვს ერთდერთი საბანკო ანგარიში სს „თ.ბ–ში“, რომელზეც 2024-2025 წლებში ბრუნვა შეადგენს 0 ლარს. სს „თ.ბ–დან“ კასატორის წარმომადგენლის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შპს „I. L.G.”-ს ანგარიშთან დაკავშირებით. თუმცა, სს „თ.ბ–მა“ ინფორმაციის გაცემაზე განაცხადა უარი და კასატორის წარმომადგენელს მოთხოვა სს „თ.ბ–ს“ მიერ შემუშავებული მინდობილობის ტექსტის შესაბამისი მინდობილობა. სათანადო მინდობილობით გამოთხოვილი ინფორმაცია კასატორს ესაჭიროება იმისათვის, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, ფულადი სახსრების ბრუნვისა და შემოსავლების შესახებ. კასატორის ადვოკატმა მიუთითა, რომ სს „თ.“ ბ–ის მიერ მოთხოვნილი მინდობილოს მოსამზადებლად საჭიროა გარკვეული დრო, რადგან შპს „I. L.G.-ს” დირექტორი არის სომხეთის მოქალაქე და ცხოვრობს ერევანში. გამომდინარე აქედან, ადვოკატმა მოითხოვა საკასაციოს საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის გაჩინებით კასატორის მოთხოვნა, ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „I. L.G.-ს” გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 15 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ქვითრის დედანი.

2025 წლის 24 დეკემბერს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის გაჩინების ჩაბარებამდე) საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის ადვოკატმა და აღნიშნა, რომ შპს „I. L.G.” იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და არ გააჩნია ფულადი სახსრები, რის გამოც არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ადოკატმა დამატებით წარმოადგინა ამონაწერები სს „თ.ბ–დან“, რომლის მიხედვითაც შპს „I. L.G.-ს” 2023-2025 წლებში ანგარიშებზე თანხები და მათი ბრუნვა არ უფიქსირდება. ასევე წარმოდგენილი იქნა ცნობა სს „ს.ბ–იდან“ იმის თაობაზე, რომ კასატორს სს „ს.ბ–ში“ მოქმედი ანგარიში არ გააჩნია. აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით, კასატორი შუამდგომლობს, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი მიჩნეულ იქნას შევსებულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის გაჩინებით შპს „I. L.G.-ს” გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 27 იანვარს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

2026 წლის 3 თებერვალს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საკასაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე. ადვოკატმა განმარტა, რომ კასატორის გადახდისუუნარობის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: ინფორმაცია სს „თ.ბ–დან“, რომლის თანახმადაც კასატორს 2023-2025 წლებში ფულადი სახსრები და მათი ბრუნვა არ უფიქსირდება, ცნობა იმის შესახებ, რომ სს „ს.ბ–ში“ კასატორს ანგარიში არ გააჩნია და 2023-2025 წლების საგადასახადო დეკლარაციები შპს „I. L.G.-ს” ეკონომიკური აქტივობის არ არსებობის შესახებ, უტყუარად დასტურდება კასატორის გადახდისუუნარობა. ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ შპს „I. L.G.-ს”, ყოფილი დირექტორის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამო, შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, კასატორის წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „I. L.G.-ს” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა თუ მხარე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ იმ შუამდგომლობის ავტორს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით კასატორს მეორედ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და აღნიშნული განჩინებით მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. განჩინება კასატორის ადვოკატს ჩაბარდა 2026 წლის 27 იანვარს. 2025 წლის 3 თებერვალს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საკასაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2025 წლის 3 თებერვალს, კასატორის ადვოკატს რაიმე სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებება გადახდისუუნარობის შესახებ არ წამოუდგენია, ხოლო საქმის მასალებში უკვე არსებული შემდეგი მტკიცებულებები: ინფორმაცია სს „თ.ბ–დან“, რომლის თანახმადაც კასატორს 2023-2025 წლებში ფულადი სახსრები და მათი ბრუნვა არ უფიქსირსება, ცნობა იმის შესახებ, რომ სს „ს.ბ–ში“ კასატორს ანგარიში არ გააჩნია და 2023-2025 წლების საგადასახადო დეკლარაციები შპს „I. L.G.-ს” ეკონომიკური აქტივობის არ არსებობის შესახებ, ერთობლიობაში სრულად არ ასახავს კასატორის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და არ არის საკმარისი მისი გადახდისუუნარობის დასადასტურებლად.

უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან კასატორს, საქმის მასალებში უკვე არსებული მტკიცებულების შესწავლის შედეგად, არაერთხელ ეთქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ხოლო გადახისუუნარობის შესახებ მას დამატებით რაიმე ახალი მტკიცებულება არ წამოუდგენია, შპს „I. L.G.” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 28 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაი დღე - სამშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადიში, ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, შპს „I. L.G.-ს” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის მოთხოვნა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „I. L.G.” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლევან ნემსაძე