დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-1046-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-1046-2025

12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ–ვი (მოსარჩელე)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.გ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ი.მ–ვის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, შესაგებლის წარუდგენლობის გამო; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........., ს/კ ........... და ეს უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელეს გადაეცა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი; ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის სახით 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი); ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი; გ) აპელანტმა უნდა დააზუსტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

4.2. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ....... (ყოფილი ........) და განჩინება ჩაჰბარდა პირადად აპელანტს 2025 წლის 22 მაისს (სსსკ-ის 70-78-ე მუხლები).

4.3. სსსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

4.4. სსსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

4.5. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

4.6. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2025 წლის 02 ივნისის (რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი) ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად.

4.7. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

4.8. სსსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

4.9. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამავე დროს, სასამართლოსთვის დამატებით რაიმე განცხადებით ან შუამდგომლობითაც არ მიუმართავს.

5. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

6. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტმა არ იცის ქართულად წერა-კითხვა, მან ვერ გაიგო რა გზავნილი მიიღო სასამართლოდან, თავად წარმომადგენელი კი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, მას თავისი მარწმუნებელი 2025 წლის ივნისის ბოლოს დაუკავშირდა და სასამართლო გზავნილის ფოტოები გაუგზავნა. ამის შემდეგ აპელანტის წარმომადგენელმა წერილით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განუმარტა, რომ აპელანტმა ქართულად წერა-კითხვა არ იცის და სთხოვა, რომ გზავნილები წარმომადგენლისათვის გაეგზავნათ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება გაეგზავნა აპელანტს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ........... (ყოფილი ............) და განჩინება ჩაჰბარდა პირადად აპელანტს 2025 წლის 22 მაისს (სსსკ-ის 70-78-ე მუხლები).

13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

14. სსსკ-ის 59.1-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4.6 ქვეპუნქტში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2025 წლის 02 ივნისის (რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი) ჩათვლით უნდა შეევსო. ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

16. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტმა ქართულად წერა-კითხვა არ იცის, რის გამოც ხარვეზის თაობაზე განჩინების შინაარსი ვერ გაიგო, როცა განჩინება პირადად ჩაიბარა. საკასაციო სასამართლო ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას მოიხმობს - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას − სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს (იხ. სუსგ-ები: №ას-682-648-2013, 10.03.2015 წ.; №ას-102-97-2013, 7.05.2013 წ.; №ას-933-898-2016, 5.01.2017 წ.; №ას-522-522-2018, 29.06.2018 წ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს სასამართლოს მიერ დავალებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ #ას-1959-2018, 19.04.2019 წ., #ას-112-2019, 03.05.2019 წ. #ას-1171-2020,02.04.2021 წ.).

17. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებები და მოვალეობები კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საფუძველზეა გადანაწილებული და მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლების ეფექტურად განკარგვა საპროცესო ნორმების მეშვეობით ხდება.

18. საკასაციო სასამართლო, არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-851-817-2016, 4.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ).

19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებებით (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ. #ას-1188-2024, 22.11.2024 წ.).

20. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

21. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი