დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1076-2025 05 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ნ.ი–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ძ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ი–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ძ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: ნ.ი–სა და გ.ძ–ძეს შორის 2022 წლის 27 იანვარს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ქუჩა .......... (ყოფილი ............ ქუჩა)/.......... №3, ს.კ. .......... მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იმის დადგენა, რომ 2022 წლის 27 იანვარს, მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ სესხად მიღებული თანხაა 10 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა 4 თვე (2022 წლის 27 იანვრიდან 2022 წლის 27 მაისამდე), სარგებელი ოთხ თვეში - 1000 აშშ დოლარი.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ი–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6.1. ნ.ი–ს (გამყიდველი) და გ.ძ–ძეს (მყიდველი) შორის, 2022 წლის 27 იანვარს, დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველმა მესაკუთრისათვის უკან მიყიდვის პირობით იყიდა უძრავი ქონება, მდებარე, თბილისი, ქუჩა ........... (ყოფილი .......... ქუჩა)/..........№3, ს.კ. ..........
6.2. მხარეთა შეთანხმებით გამოსყიდვის ვადად დადგინდა ოთხი თვე - 2022 წლის 27 მაისი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
6.3. მხარეთა შეთანხმებით გამოსყიდვამდე ხელშეკრულების ობიექტი ფაქტობრივ მფლობელობაში რჩებოდა გამყიდველს. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის უძრავი ნივთის გადაცემა მოხდებოდა გამოსყიდვის ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.
6.4. ნასყიდობის ობიექტი გაიყიდა 10 500.00 აშშ დოლარად, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის შეადგენდა 32 231.00 ლარს, რომელსაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე მყიდველი გადაუხდიდა გამყიდველს. გამოსყიდვა იწარმოებდა იმავე ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც გაყიდვა. გამოსყიდვის ვადით ქონება რეგისტრაციას გაივლიდა შეზღუდული უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ ისარგებლებდა გამოსყიდვის უფლებით, მყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივი განცხადებით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და უფლებრივი ტვირთისაგან გაეთავისუფლებინა საკუთრების ობიექტი.
6.5. თუ მყიდველი თავს აარიდებდა გამოსყიდვის ვადის გასვლამდე უძრავი ნივთის გამყიდველისათვის უკან დაბრუნებას, ნასყიდობის ღირებულების გადახდის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ მყიდველის კუთვნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა და მყიდველი ვალდებული იქნებოდა, დაებრუნებინა გამყიდველისათვის უძრავი ნივთი.
6.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე გამყიდველს და მყიდველს ეკრძალებოდა ნასყიდობის ობიექტის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6.7. 2022 წლის 27 იანვრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას ნ.ი–ის სახელით ხელს აწერს მისი წარმომადგენელი, ნ.კ–ძე.
6.8. გ.ძ–ძე აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2022 წლის 27 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ამონაწერში, ვალდებულებების გრაფაში, ასევე აღირიცხა შეზღუდვა გამოსყიდვის უფლების სახით.
6.9. მოსარჩელეს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია. მას არც გამოსყიდვის უფლების განხორციელების მოთხოვნა წარუდგენია მოპასუხისთვის და არც ფული გადაუხდია.
6.10. ნ.ბ–ის მიერ ნ.კ–ძის საბანკო ანგარიშზე 2022 წლის 25 მაისს ჩარიცხულია 250 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის 08 აგვისტოს - 500 აშშ დოლარი.
6.11. მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების დადებიდან დღემდე არის უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, ქუჩა ……….. (ყოფილი ………. ქუჩა)/ ………. №3, ს.კ. ………. ფაქტობრივი მფლობელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებთან მიმართებით არსებულ საკასაციო სასამართლოს განმატებებზე. აღნიშნა, რომ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
6.13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელის პოზიციით, მის მიერ თებერვლისა და მარტის პროცენტი გადახდილი იყო ხელშეკრულების დადებისთანავე, სწორედ მას ეკისრებოდა თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე; თუმცა, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი განკუთვნადი და საკმარისი მტკიცებულება. ამასთან, მართალია, მოპასუხე დაეთანხმა 2022 წლის აპრილსა და მაისში მოსარჩელისგან 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტს, თუმცა მიუთითა, რომ ეს თანხა მისთვის ქირის სახით იყო გადაცემული. საწინააღმდეგო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში და იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ 2022 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებითაც მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ პირობა, რომ ხელშეკრულების საგანი, რომელიც კომერციული ობიექტია, გამყიდველს რჩებოდა ფაქტობრივ მფლობელობაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოსარჩელისგან თანხის ქირის სახით მიღების თაობაზე. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ნ.ი–მა სასამართლოს ვერ წარუდგინა რელევანტური მტკიცებულება და ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი - დაედასტურებინა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სწორედ თვალთმაქცური გარიგება იყო.
6.14. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებისაგან განსხვავებული შინაარსის შეთანხმება, კერძოდ, სესხის ხელშეკრულება. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ.ი–სა და გ.ძ–ძეს შორის 2022 წლის 27 იანვარს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება დადებულია სანოტარო წესით, იმავდროულად აღნიშნული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ ნოტარიუსის მიერ მხარეებს განემარტათ გარიგების შინაარსი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეს გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება, რომლითაც სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცური ბუნება დადასტურდებოდა, არ წარმოუდგენია. პირიქით, მოპასუხე აპილირებდა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ მოპასუხისატვის ნამდვილად უნდა გადაეხადა უძრავი ქონების დროებითი სარგებლობისათვის ყოველთვიური ქირა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცეულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება ხელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათი. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგნინა თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც მოპასუხე მხარემ უწოდა „ქირა“, ქირის დანიშნულებით თანხის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
8.2. სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის გარემოება, თუ რატომ უნდა გადაეხადა ნ.ი–ს ქირა მაშინ, როდესაც გამოსყიდვის ვადა ჯერ არ იყო გასული.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-251-2018, 08.02.2022 წ.).
16. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა (მიკუთვნებითი მოთხოვნა), შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენდა. კერძოდ, სადავო იყო ნ.ი–სა და გ.ძ–ძეს შორის გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა, რამეთუ, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა დასახელებული გარიგების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას.
18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავო გახადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის ასებობა.
20. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
21. საკასაციო პალატის განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ საქმე №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმე №ას-474-455-2016, 7 ივლისი, 2016 წელი).
22. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს (იხ. სუსგ საქმე №ას-84-84-2018, 22 ივლისი, 2020 წელი).
24. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უძრავი ქონების თვალთმაქცური გზით მითვისების განზრახვას ადასტურებდა. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების თვალთმაქცურობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1021-982-2016, 17 მაისი, 2018 წელი).
25. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 27 იანვარს მხარეებს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თვათმაქცური ხასიათი ვერ დაადასტურა. მან სარჩელით სადავოდ გამხდარი გარემოებების თაობაზე ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა გარიგების თვალთმაქცურობა.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე.
27. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ. 64).
28. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
29. სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებითაც წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
30. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 509-ე მუხლი: თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ამდენად, გამოსყიდვა არის გამყიდველის უფლება და არა ვალდებულება. იმავე კოდექსის 510-ე მუხლის მიხედვით კი, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
31. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ.ი–სა და გ.ძ–ძეს შორის 2022 წლის 27 იანვარს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება დადებულია სანოტარო წესით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ ნოტარიუსის მიერ მხარეებს განემარტათ გარიგების შინაარსი. კერძოდ, მხარეებს განემარტათ, რომ უძრავი ქონების შემძენი საკუთრების უფლებას იძენს საჯარო რეესტრში შემძენის რეგისტრაციით, რისთვისაც აუცილებელია საჯარო რეესტრს წარედგინოს წინამდებარე ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი. თუ ამ ხელშეკრულებით იფარება სხვა გარიგება, მაშინ დავის შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების წესები: 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიუდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება); 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესების შესახებ. მხარეები აცხადებენ, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები არის რეალური და გამყიდველს და მყიდველს გაცნობიერებული აქვთ ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები. მხარეები ადასტურებენ ხელშეკრულებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების - ნამდვილობასა და მართლზომიერებას. იმავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ამ განმარტებების შემდეგ ნოტარიუსმა შეადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც წაუკითხა მხარეებს. მათ განაცხადეს, რომ სურთ ხელშეკრულების დადება სწორედ იმ პირობებით, რაც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში; შემდეგ მხარეებმა წაიკითხეს წინამდებარე ხელშეკრულება და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს სადავო ხელშეკრულებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეს გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება, რომლითაც სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცური ბუნება დადასტურდებოდა, არ წარმოუდგენია.
32. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას, მის მიერ სესხის პროცენტის გადახდის შესახებ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თებერვლისა და მარტის თვეების პროცენტი მოპასუხეს ხელშეკრულების დადებისთანავე გადაუხადა. წარმოდგენილი შედავებით მოპასუხე უარყოფს პროცენტის სახით მოსარჩელისგან თანხის მიღების ფაქტს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული დოკუმენტების შეფასების ნაწილში. საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიმოწერა, რომლის თანახმად, 2022 წლის 27 აპრილსა და 2022 წლის 25 მაისს მოპასუხემ დაადასტურა ჩარიცხული თანხის მიღების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა მიიღო ქირის სახით. ასევე, წარმოდგენილია ამონაწერი სს „თ.ბ–დან“, რითაც დასტურდება 2022 წლის 25 მაისს ნ.კ–ძისათვის (რომელიც სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას იყო გ.ძ–ძის წარმომადგენელი) 250 აშშ დოლარის, ხოლო 2022 წლის 08 აგვისტოს იმავე ადრესატისათვის 500 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი. ორივე შემთხვევაში, დანიშნულების გრაფაში მითითებულია „პირადი გადარიცხვა“. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოპასუხისათვის 500 აშშ დოლარის ჩარიცხვის თარიღზე, აღნიშნული გადარიცხვა განხორციელებულია 2022 წლის 08 აგვისტოს, მაშინ, როდესაც გამოსყიდვის ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 27 მაისი. ვინაიდან, სადავო არ არის, რომ 2022 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებით მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ პირობა, რომ ხელშეკრულების საგანი, რომელიც კომერციული ობიექტია, გამყიდველს დარჩებოდა ფაქტობრივ მფლობელობაში, პალატას ექმნება რწმენა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები მიმართული იყო ქირის დასაფარად.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ვალდებულება იყო, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, დაესაბუთებინა მოვლენათა იმგვარი ქრონოლოგიური განვითარების ლოგიკურობა, რაც ხელშეკრულების თვალთმაქცურობას დაადასტურებდა, რაც მას არ განუხორციელებია. კასატორი საკასაციო საჩივრით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ვერ აბათილებს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუბრუნდება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის დისპოზიციას და აღნიშნავს, რომ გარიგების თვალთმაქცურობისას, სახეზე ყოველთვის გვაქვს კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება, რომელიც კანონის მოთხოვნებს ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის აკმაყოფილებს, ანუ, ქმნის გარიგების ნამდვილობის მხოლოდ გარეგნულ სახეს (წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები), რაც არ შეიძლება, სადავოობისას, მისი ნამდვილობის უალტერნატივიო წინაპირობა გახდეს, რამდენადაც ნების ნამდვილობა სახეზეა არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც და როგორც წესი, ეს ორი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ანუ მხარე გარეგნულად უნდა აფიქსირებდეს იმ ნებას, რისი მიღწევაც გარიგების დადებით სურს, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ გამორიცხა.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს, უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა საპროცესო დოკუმენტებში განვითარებული მსჯელობები ერთობლიობაში, იმდაგვარად ავსებს ერთმანეთს და ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მხარეებმა განიზრახეს რეალური ხელშეკრულების დადება.
35. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის შესახებ. კასატორს კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდე საკასაციო საჩივარზე გადახდილი 1424.33 ლარის 70% – 997.03 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ი–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ნ.ი–ს (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1424.33 ლარის (საგადახდო დავალება N29713923443, გადახდის თარიღი 08.10.2025) 70% – 997.03 ლარი;;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია