დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 13.03.2026
საქმის ნომერი
ას-706-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-706-2025 13 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს ,,მ.ო.რ.ე–სი“ (თავდაპირველი მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,მ.ო.რ.ე–სის“ (შემდეგში - საკრედიტო ორგანიზაცია, გამსესხებელი, თავდაპირველი მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ი.გ–ძის (შემდეგში - მსესხებელი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ 4091.90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.საკრედიტო ორგანიზაციას და კლიენტებს შორის იპოთეკური სესხის თაობაზე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულების და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. გენერალური ხელშეკრულება - ესაა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ადგენს მხოლოდ მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებს, კერძოდ, სამომავლოდ დასადები სესხის ხელშეკრულების პირობებს, სესხის მაქსიმალურ ოდენობას და საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალურ ვადას და სხ. შესაბამისად, გენერალური ხელშეკრულება კონკრეტულ სასესხო ვალდებულებას არ წარმოშობს;

2.2.საკრედიტო ხელშეკრულება კი, კონკრეტული სესხის ხელშეკრულების პირობებს ადგენს, რაც ექცევა გენერალური ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში, ეს პირობებია: სესხის ურთიერთობის წარმოშობის დრო, სესხის ვადა, პროლონგაციის ვადა, თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობა და სხ.;

2.3.2013 წლის 19 აპრილს N5595 „საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების“ ხელშეკრულება დაიდო და მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის პირობები განისაზღვრა, მათ შორის განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ვადა - 10 წელი, სესხის მაქსიმალური ოდენობა - 9000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთი - 60%, პირგასამტეხლო - 0.5%;

2.4.ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის მხარეთა შორის ფორმდება ცალკე ხელშეკრულება, რომელიც გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს;

2.5.2015 წლის 20 თებერვალს გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კი, მხარეთა შორის კონკრეტული საკრედიტო ურთიერთობა წარმოიშვა, კერძოდ: მსესხებელმა სესხად მიიღო - 9000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ამავე დღეს მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილით. სესხის ვადა განისაზღვრა 35 თვით, რომელზეც სარგებელი განისაზღვრა წლიური 24%-ით, ხოლო პირგასამტეხლო სესხის 0.5%; ხელშეკრულების 2.4.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელს ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა ეხადა მხოლოდ პროცენტი, რაც შეადგენს სესხის მიმდინარე ოდენობით 2%-ს; მსესხებელს სესხის ძირი თანხა ხელშეკრულებს ვადის ბოლოს უნდა დაებრუნებინა; ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, კრედიტის ვადა შეადგენდა 35 თვეს (სარგებლის ვადის დამთავრებისას, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხოლოდ საკრედიტო ორგანიზაციის შეხედულებისამებრ);

2.6.გენერალური ხელშეკრულების მე-8 პუნქტის, ასევე საკრედიტო ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ:N.........);

2.7. მსესხებელი თანხას იხდიდა 2015 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ჯამში გადახდილია 17717.39 აშშ დოლარი, საიდანაც, 17387.97 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტია, 160.73 აშშ დოლარი პირგასამტეხლოა, ხოლო 168.69 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა.

2.8. დადგენილია, რომ მსესხებელმა გადახდა 35 თვის გასვლის შემდეგაც გააგრძელა, კერძოდ, 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით იხდიდა ყოველთვიურად 180 აშშ დოლარს.

2.9. ხელშეკრულების 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელს გადახდილი აქვს 1618.93 აშშ დოლარი, რომელიც საკრედიტო ორგანიზაციამ პირგასამტეხლოში ჩაუთვალა.

2.10. 2023 წლის 27 ოქტომბერს, საკრედიტო ორგანიზაციამ წერილობითი შეტყობინებით მიმართა მოვალეს და მოსთხოვა არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა სესხის სრულად დაფარვა, ან ამავე ვადაში სესხის პროლონგაცია.

3. ზემოდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება 35 თვის გასვლის შემდგომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

4. განსახილველ შემთხვევაში, გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 20 თებერვალს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება - წარმოიშვა კონკრეტული საკრედიტო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მსესხებელმა 9000 აშშ დოლარი მიიღო სესხად, ვადა განისაზღვრა 35 თვით, სარგებელი წლიური 24%, პირგასამტეხლო სესხის 0.5%. მსესხებელს ხელშეკრულების ვადის განმავლობაში ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა ეხადა მხოლოდ პროცენტი, ხოლო ძირი თანხა უნდა დაბრუნებულიყო ვადის ბოლოს. სარგებლის გადახდის ვადის დამთავრებისას კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა გაგრძელდებოდა მხოლოდ გამსესხებლის შეხედულებისამებრ. 35 თვიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 20 იანვარს და მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა ამ ვადის შემდეგ საკრედიტო ორგანიზაციას დაეკისრა. ამ უკანასკნელს კი, არ წარმოუდგენია რაიმე წერილობით მტკიცებულება იმის დასადასტურებლად რომ ხელშეკრულება გაგრძელდა.

5. დადგენილია, რომ საკრედიტო ორგანიზაციამ სესხის გაგრძელება - პროლონგაცია 5 წლის შემდეგ - 2023 წლის 27 ოქტომბრის წერილით შესთავაზა.

6. ამ მოცემულობაში, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ შესრულებული გადახდები, არ ჩაითვლება კონკლუდენტური მოქმედებით სესხის ვადის გაგრძელებაზე - პროლონგაციაზე თანხმობად. შესაბამისად, 35 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება არ გაგრძელებულა.

7. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შექმნილ ვითარებაში, მოვალის მიერ გადახდილი თანხა ძირითადი ვალდებულების ანგარიშში უნდა ჩაითვალოს.

8. მსესხებელს გადახდილი აქვს 12 923.21 აშშ დოლარი 2018 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით. კრედიტორი ნარჩენ ძირითად თანხად ასახელებს 8831.31 აშშ დოლარს. თუმცა ამ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2018 წლის 20 თებერვლიდან 12 923.21 აშშ დოლარის გადახდით შეწყდა ხელშეკრულება ვალდებულების შესრულებით. აღნიშნული კი თავდაპირველი სარჩელის უარყოფის და ამავდროულად, სსკ-ის 967.1 „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით აღძრული შეგებებული სარჩელის (ზედმეტად გადახდილი თანხის 4091.90 აშშ დოლარის დაბრუნება) წარმატების მაუწყებელია.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით თავდაპირველმა მოსარჩელე აპელანტმა გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაეკისროს თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი დავალიანება - 8831.31 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0.07% ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შეგებებული სარჩელი კი, არ დაკმაყოფილდეს.

10. კასატორი აღნიშნავს, ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას არ სჭირდებოდა წერილობითი შეთანხება. ესაა სესხის ვადის ნაირსახეობა, ისეთივე სესხის პირობაა როგორც თანხა და პროცენტი. მსესხებელმა 35 თვის გასვლის შემდგომ ძირი თანხა არ დააბრუნა. თანხის გადახდა კი, გააგრძელა 35 თვიანი ვადის გასვლის შემდგომაც, რაც ადასტურებს, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა. ამ პერიოდის შემდეგ გადახდილი თანხა არ ჩაითვლება სესხის ძირი თანხის ანგარიშში.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია საკრედიტო-სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა.

16. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

17. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით; რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

19. ის სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევა საკრედიტო ორგანიზაციას წარმოდგენილი სარჩელით სურს, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე, ქონების რეალიზაცია, სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 625-ე (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი...), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), 301.1 და 301.11 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლებიდან გამომდინარეობს.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გადახდილი თანხის დანიშნულების იდენტიფიცირება.

21. საკრედიტო ორგანიზაცია სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ფარგლებში გადახდილ თანხას საპროცენტო სარგებლად განიხილავს, ხოლო, მსესხებლის მტკიცებით, მან სესხის ვადის გასვლის შემდეგ გამსესხებლისთვის თანხის გადახდით დაიფარა არა სესხის სარგებელი, არამედ სესხის ძირითადი თანხა (იხ., შეგებებული სარჩელი - ტ.1. ს.ფ. 133).

22. შესაბამისად, გამოსარკვევია, მსესხებელმა სესხი დაფარა, თუ სადავო თანხა სესხის სარგებლის ანგარიშში გადაუხადა გამსესხებელს.

23. საკითხის გამორკვევისთვის საკასაციო პალატა სახელშეკრულებო ურთიერთობის დეტალებზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება იპოთეკით არის უზრუნველყოფილი და წერილობითი ფორმით 35 თვის ვადით დაიდო (იხ., ამ განჩინების პპ: 2.5; 2.6).

24. სესხის ვადის ამოწურვის დროისთვის, მსესხებელს კრედიტორისთვის სესხის სარგებელი ჰქონდა ანაზღაურებული, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება მითითებულ ვადაში არ შეუსრულებია.

25. საკასაციო პალატა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსისა და ფორმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცება სამართლებრივად დასაბუთებულია, ხოლო კასატორის არგუმენტაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას, სახელდობრ:

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

27. სადავო შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სესხის ვადის ამოწურვის შემდგომ (35 თვის გასვლა) ხელშეკრულება გაგრძელდა საკრედიტო ორგანიზაციის მხარესაა (ეს უკანასკნელი სწორედ ამ გარემოებას აფუძნებს მოთხოვნას). თუმცა, რელევანტური მტკიცებულება საკრედიტო ორგანიზაციას არ წარმოუდგენია. მარტოდენ მისი მოსაზრება ხელშეკრულების შინაარსის განმარტების შესახებ, კერძოდ, რომ გაგრძელებულად ჩაითვალოს სასესხო ურთიერთობა, რამეთუ უშუალოდ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადის პროლონგაციას, ხოლო მსესხებელი სადავო პერიოდში იხდიდა თანხას, არაა საკმარისი მტკიცებულება და ამასთან, ამ მოსაზრების საპირისპიროდ მეტყველებს თავად საკრედიტო ორგანიზაციის ქმედება, რომელმაც მსესხებელს სესხის გაგრძელება - პროლონგაცია 5 წლის შემდეგ გაგზავნილი წერილით შესთავაზა (იხ., ამ განჩინების პ.5).

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ ფორმის დაცვას ექვემდებარება არა მარტო ძირითადი გარიგება, არამედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე კონტრაჰენტი პირების დამატებითი შეთანხმება თუ შემდგომი სახელშეკრულებო ცვლილებებიც. სსკ-ის 59.1 მუხლიდან (ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა) გამომდინარე, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, დაიცვეს თუ არა მხარეებმა გათვალისწინებული ფორმა. კანონის ეს ნორმა იმპერატიულია და მხარეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ. გარიგების ბათილობა შეიძლება, გამოიწვიოს როგორც მარტივი წერილობითი, ისე - რთული სანოტარო ფორმის დაუცველობამ. მთავარია, კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად იყოს განსაზღვრული მოცემული გარიგების ნამდვილობისათვის ფორმა (იხ., სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019წ. პ.7.3.2.).

29. წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ამ სამართლებრივი ურთიერთობის იმავე პირობებით გაგრძელების თაობაზე მხარეთა ნების იმავე ფორმით გამოვლენის იმპერატიულობა სსკ-ის 328.1 მუხლის (თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ) შინაარსიდანაც გამომდინარეობს.

30. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში გამოკვეთილია, რომ მხარეებმა გარიგების ნამდვილობა ფორმას დაუკავშირეს - მათ შორის არსებული ურთიერთობა წერილობით გააფორმეს. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაც ძირითადი ხელშეკრულების იდენტურად - წერილობითი ხელშეკრულებით უნდა განხორციელებულიყო.

31. მართალია, სესხის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სარგებლის ვადის დამთავრებისას, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხოლოდ საკრედიტო ორგანიზაციის შეხედულებისამებრ, მაგრამ მხარეებს, თუ სურდათ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება, ამაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ იმავე ფორმით, რა ფორმითაც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება დაიდო. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ შესრულებული გადახდები, არ ჩაითვლება კონკლუდენტური მოქმედებით სესხის ვადის გაგრძელებაზე - პროლონგაციაზე თანხმობად.

32. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ გადახდილი თანხის ჩათვლა სესხის ძირი თანხის ანგარიშში მოცემული დავის ფარგლებში გასაზიარებელია. რაც თავის მხრივ, განაპირობებს წარმოშობილი სასესხო ურთიერთობის შესრულებით შეწყვეტას სსკ-ის 427-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება) და თავდაპირველ სარჩელს წარუმატებელს ხდის.

33. ხოლო გათვალისწინებით იმისა, რომ სესხის ძირითადი თანხის გარდა, მსესხებლის გადახდების საფუძველზე საკრედიტო ორგანიზაციას მიღებული აქვს სხვა თანხებიც, რომლის დატოვების სამართლებრივ საფუძველზე კასატორი ვერ უთითებს, აღნიშნული თანხის დაბრუნება შეგებებული სარჩელის ფარგლებში უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელ ნორმათა დაცვითი ფუნქციის ფარგლებში ექვემდებარება უკუქცევას, რაც შეგებებული სარჩელის წარმატების მაუწყებელია.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,მ.ო.რ.ე–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,მ.ო.რ.ე–სს“ (ს.კ:.......) დაუბრუნდეს მ. ბ–ის მიერ 19.05.2025წ. №59133633 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2139 ლარის 70% – 1,497.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე