დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-769-2025 13 მარტი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ლ.ბ–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ბ–ვის უფლებამონაცვლე ა.ა–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით ე.ბ–ვისა (შემდგომში - „მოსარჩელე“) და შპს „ლ.ბ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხე კომპანიის საკუთრებაშია ქ. რუსთავში, .........., უნივერსამის მ/ტ 905 ნაკვეთზე არსებული სათამაშო აპარატების სალონი, სახელწოდებით - ..... (სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი); მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.2. 2021 წლის 27 აპრილს მოსარჩელე შევიდა ქ.რუსთავში, ........, უნივერსამის მ/ტ 905 ნაკვეთზე მდებარე, მოპასუხე კომპანიის კუთვნილ სათამაშო აპარატების სალონში, სახელწოდებით "...." და ითამაშა N32 სათამაშო აპარატთან: ODREX MUSTERION ROULLETE, საქარხნო ნომერი: ....... თამაშის მიმდინარეობისას სათამაშო აპარატის ეკრანზე გამოისახა წარწერა ციფრების სახით. მოსარჩელის განმარტებით, აპარატმა დააფიქსირა ფულადი მოგება (მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.3. მას შემდეგ, რაც მოსარჩელის სათამაშო აპარატზე გამოისახა გარკვეული რიცხვები (მოსარჩელის განმარტებით - ფულადი მოგება), სლოტ კლუბის მენეჯერმა გამოიძახა ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც სათამაშო ტერმინალი გახსნა გასაღების მეშვეობით და განახორციელა გარკვეული პროცედურა. აპარატის ჩართვის შემდეგ ეკრანზე აღარ აღინიშნებოდა მანამდე არსებული გამოსახულებები (მოწმე ნ.ზ–ის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი); მოწმე რ.ნ––ის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი); გამოძიების მასალები (ტ.2, ს/ფ. 79-125); მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.4. 2021 წლის 27 აპრილს მოსარჩელე დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ კლუბში და მოსარჩელის განმარტების შესაბამისად შეადგინეს ოქმი (მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი); საპატრულო პოლიციის ოქმი, შეტყობინება (ტ.2. ს/ფ 160-161; 162)).
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 361-ე, 952-ე მუხლებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ 2021 წლის 27 აპრილს მოსარჩელე იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიის კუთვნილ სლოტკლუბში ...-ში (მდებარე: ქ.რუსთავში, ......., უნივერსამის მ/ტ 905 ნაკვეთზე) და თამაშობდა ე.წ. "რულეტკის" სათამაშო აპარატზე (ODREX MUSTERION ROULLETE, საქარხნო ნომერი: .......). თამაშის მიმდინარეობისას სათამაშო აპარატის ეკრანზე მოგების სახით გამოისახა გარკვეული რიცხვების კომბინაცია. მოსარჩელის განმარტებით, გამოისახა რიცხვი 271 343.77, ხოლო მოპასუხის განმარტებით, გამოსახული იქნა 30 000.
4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ არ დასტურდება 2021 წლის 27 აპრილს მოპასუხე კომპანიის კუთვნილ სლოტ კლუბ ....-ში (მდებარე: ქ.რუსთავში, ........., უნივერსამის მ/ტ 905 ნაკვეთზე) ODREX MUSTERION ROULLETE-ზე თამაშის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიერ 271 343.77 ლარის მოგების ფაქტი.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წერილობითი მტკიცებულებების სახით სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა: 1) საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის მიერ 27.04.2021 წელს შედგენილი რეაგირების ოქმი, რომლის თანახმად, ქ. რუსთავში, სათამაშო აპარატების სლოტ კლუბ ...-ში მისვლისას, ადგილზე დახვდათ მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ კაზინოში, ე.წ. რულეტკის თამაშისას მოიგო 270 000 ლარი, მენეჯერმა უარი განუცხადა თანხის გადაცემაზე, ძალის გამოყენებით ჩამოაცილეს სათამაშო აპარატს, არ მისცეს ტელეფონით გადაღების საშუალება და განუცხადეს, რომ პროგრამას ჰქონდა ხარვეზი (რეაგირების ოქმი, ტ 1, ს.ფ. 27); 2). პატრულ-ინსპექტორის შეტყობინება, ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მიმართ (ტ. 1. ს.ფ. 29); 3). მოსარჩელის მიერ 27.04.2021 წელს განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია; 4). მოპასუხე კომპანიის სარჩელი მოსარჩელის მიმართ, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის შესახებ; 5). სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მის მიერ მითითებული გარემოება - 2021 წლის 27 აპრილს სათამაშო აპარატზე მის მიერ მითითებული ციფრის გამოსახვის ფაქტი.
6. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებული ციფრების კომბინაციას, არის მოწმე - რ.ი–ვი (მოსარჩელის თანასოფლელი), რომელმაც განმარტა: 27.04.2021 წელს ის ასევე იმყოფებოდა სლოტ კლუბ ...-ში, სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე და მან თამაშის მიმდინარეობისას გაიგონა ჯეკპოტის ხმა, რომელიც დაფიქსირდა მოსარჩელის სათამაშო აპარატზე, გამოისახა ციფრები 271 ათასი და კიდევ რაღაც ციფრები. მოწმე რ.ი–ვის განცხადებით, მათ სლოტ კლუბის თანამშრომლებმა არ მისცეს სათამაშო აპარატის ეკრანის ტელეფონით სურათის გადაღების საშუალება.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სლოტ კლუბის სათვალთვალო კამერის ვიდეო-ჩანაწერის გამოკვლევისას, რომელიც ასახავდა 27.04.2021 წელს მოსარჩელის სლოტ კლუბში ყოფნის პერიოდს, დგინდებოდა, რომ მოსარჩელის სათამაშო აპარატის ეკრანზე გარკვეული ციფრების გამოსახვის შემდეგ, მის სათამაშო აპარატთან შეინიშნება სლოტ კლუბის გარკვეული თანამშრომლების მობილიზება, მაგრამ ვიდეო-ჩანაწერით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს შეზღუდული ჰქონდა ფოტოსურათის გადაღების შესაძლებლობა. გარკვეულ პერიოდში იგი ფაქტობრივად მარტო იმყოფება აპარატთან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოწმე რ.ი–ვი არის მოსარჩელის თანასოფლელი, ასევე, მისივე განმარტებით, აზარტული თამაშებით მოსარგებლე პირი, რომელიც იმ დღეს მოსარჩელესთან ერთად იმყოფებოდა სლოტ კლუბში სათამაშოდ და ბუნებრივია, არსებობს საქმის შედეგით მისი დაინტერესების ვარაუდის საფუძველი. ამდენად, პალატამ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად აღნიშნული მოწმის განმარტება არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. ამასთან, მოწმის - რ.ი–ვის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის ნამდვილობას და მიუკერძოებლობას.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სათამაშო რულეტის N32 (რომელზეც მოსარჩელე თამაშობდა) მაქსიმალური მოგებაა 10 800 ლარი და აღნიშნულ აპარატს არ გააჩნია ჯეკპოტის სისტემა, რაც, გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის - სათამაშო აპარატების სალონის „...“ ტექნიკური მენეჯერის, დ.მ–ის ჩვენებისა და მოპასუხე კომპანიის თანამშრომლის/ფინანსური მენეჯერის - ნ.ო–ის განმარტებებისა, დასტურდება წერილობითი მტკიცებულებითაც - სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), რომლის თანახმადაც, სათამაშო აპარატების “ODREX MUSTERION” თამაშობა “ROULETTE” - აპარატი წარმოადგენს ელექტრო - პნევმატულ მოწყობილობას მოთამაშისათვის განკუთვნილი ინდივიდუალური სათამაშო ადგილით და ტერმინალით. თითოეული მოთამაშე ეთამაშება მხოლოდ სათამაშო აპარატს და ვერ ეთამაშებიან ერთმანეთს. მოთამაშეს შეუძლია თავისი ტერმინალიდან მონიტორის საშუალებით გააკეთოს ფსონი. მოთამაშე თამაშში მონაწილეობას იღებს კრედიტის არსებობის შემთხვევაში და ფსონს აკეთებს ეკრანზე შეხებით. აპარატი აღჭურვილია ფულის მიმღები მოწყობილობით. მას შემდეგ, რაც ეკრანზე დაფიქსირდება კრედიტი, მოთამაშე განსაზღვრული დროის ფარგლებში დებს ფსონს (ფსონებს), რომლის ამოწურვის შემდეგაც ხდება გათამაშება - სათამაშო ბორბალში სპეციალური ხვრელიდან ჰაერის ძლიერი ნაკადით (პნევმატურად) ამოიტყორცნება სათამაშო ბურთულა, (21 მმ დიამეტრიანი) იგი დატრიალდება და გამოვლინდება მოგებახვედრილი რიცხვი. მოგებული მოთამაშე (მოთამაშეები) კი მიიღებენ შესაბამის მოგებას, ფსონის ოდენობის შესაბამისად. სათამაშო აპარატი მოცემული წესით აგრძელებს თამაშს. ყველა ოპერაცია ჟეტონების, მონეტების დალაგება, დალაგებული ჟეტონების გაუქმება ან სხვა ციფრზე (ციფრებზე) მათი გადალაგება, ჟეტონების ღირებულების განსაზღვრა, ციფრების წაკითხვა და გამოცხადება, მოგების ან წაგების მათემატიკური დაანგარიშება, ციფრების მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევის განსაზღვრა, ნაწილობრივი დამთხვევის დროს მოგების ან წაგების მათემატიკური დათვლა მოქმედებაში მოჰყავს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცესს ახორციელებს ელექტრო მექანიზმები. თამაშის პრინციპი დაფუძნებულია ციფრების გამოცნობაზე. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს ციფრი ან ციფრების ჯგუფი. მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევის დროს მათემატიკურად ანგარიშდება მოგება და ხდება მისი დაფიქსირება. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს 0-36-ის ჩათვლით ნებისმიერი ციფრი ან ციფრები. თუ ბურთულა ჩავარდება მოთამაშის მიერ არჩეულ ციფრზე, ფიქსირდება მოგება, რომელიც კლიენტის მიერ ამ ციფრზე დადებული ფსონის 35:1 შეადგენს, რულეტზე შესაძლებელია აგრეთვე ე.წ. Split, Corner, 1 st2nd3rd Dozen, Six numbers, Three numbers, Columns, Trio, Even, Odd, Low, High, Red, Black დადება. ... მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს თამაში და მოითხოვოს მოგების გადაცემა. თამაშის დასრულების შემდეგ მოთამაშეს გადაეცემა მოგებული თანხა დაფიქსირებული კრედიტის შესაბამისად ლარებში. მაქსიმალური თანხა, რითაც ერთი მოთამაშის მიერ ერთი სპინის დატრიალებისას შეიძლება დაიტვირთოს რულეტის ველი ჯამში შეადგენს 6000 ლარს.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის N19-06/263 ნებართვის ფარგლებში, 2021 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, მოქმედი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), ასევე აღნიშნული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შეთანხმების დამადასტურებელი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის წერილი. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოპასუხე კომპანიას სახელმწიფოსგან აქვს მიღებული სათამაშო სალონის მოწყობის ნებართვა. აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია მოპასუხის კუთვნილ სლოტკლუბში განთავსებული სათამაშო აპარატების მონაცემები, აღნიშნული აპარატებით თამაშის წესები, მათ შორის, ფსონის განთავსებისა და შესაძლო მოგების შესახებ ინფორმაცია. პალატამ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მოპასუხე კომპანიის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ნებართვა №19-06/263-ის მიხედვით, დგინდება/დასტურდება, რომ სათამაშო აპარატზე - ODREX MUSTERION, რომელიც 32-ეა ჩამონათვალში, მაქსიმალური მოგების ოდენობად მითითებულია 10800 ლარი. ამდენად, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელე ზემოაღნიშნული აპარატის საშუალებით ვერ მოიგებდა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობის თანხას - 271 343.77 ლარს.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ სათამაშო აპარატს ODREX MUSTERION ROULLETE-ს არ გააჩნია ჯეკ პოტის სისტემა, აღნიშნულ სათამაშო აპარატზე განთავსებულ სათამაშო ტერმინალებს (მოთამაშეებისათვის განკუთვნილი სათამაშო ადგილები) გააჩნია მხოლოდ ერთადერთი საბონუსე სისტემა ე.წ. LuCKY Number - ის სახით, რომელზედაც დაერთებულია სათამაშო რულეტის ყველა ტერმინალი და რომლის მონიტორიც განთავსებულია სათამაშო რულეტთან არსებულ კედელზე, შესაბამისად, 10 800 ლარზე მეტი ოდენობის თანხა შესაძლებელია გათამაშდეს მხოლოდ ე.წ. LuCKY Number-ის გათამაშების შემთხვევაში, რა დროსაც მოგება აისახება სწორედ კედელზე განთავსებულ ე.წ. LuCKY Number-ის მონიტორზე და არა სათამაშო რულეტის ტერმინალის მონიტორზე, რომლებთანაც სხედან მოთამაშეები. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, თუ იქნებოდა 10 800 ლარზე მეტის მოგების შემთხვევა, ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ე.წ. LuCKY Number-ის გათამაშების შემთხვევაში და ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოგებულ თანხას არა სათამაშო აპარატზე, არამედ სათამაშო რულეტთან არსებულ კედელზე განთავსებულ მონიტორზე დაინახავდა (მოსარჩელე კი ზემოაღნიშნულზე არ მიუთითებდა და ამტკიცებდა, რომ თამაშის მიმდინარეობისას სათამაშო აპარატის ეკრანზე მოგების სახით გამოისახა რიცხვების კომბინაცია - 271 343.77).
11. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას (სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში) დაეყრდნო მოწმე - ნ.ზ–ის (მოპასუხე კომპანიის სლოტკლუბის მენეჯერი) გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ 27.04.2021 წელს სლოტ კლუბ ...-ში თამაშის მიმდინარეობისას, მოსარჩელის აპარატის ეკრანზე გამოისახა მოგება 30 000 ლარი. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოპასუხე მხარის (მისი წარმომადგენლის) ჩვენების/აღიარების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია 27.04.2021 წელს მოსარჩელის სათამაშო აპარატზე მოგების 30 000 ლარის ასახვის ფაქტი (სსსკ-ის 131-ე მუხლი).
12. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია მოპასუხე მხარის პრეტენზიას, რომ 2021 წლის 27 აპრილს მოპასუხის კუთვნილ სლოტკლუბში განთავსებულ აპარატზე მოგების დაფიქსირება გამოიწვია სათამაშო აპარატის ტექნიკურმა გაუმართაობამ. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმებოდა მოსარჩელე. სააპელაციო პალატის განმარტებით, სათამაშო აპარატის ტექნიკური გაუმართაობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე იყო. მას უნდა ემტკიცებინა, რომ 2021 წლის 27 აპრილს მოპასუხე კომპანიის კუთვნილ სათამაშო აპარატებს - სალონში (მდებარე: ქ.რუსთავში, ....., უნივერსამის მ/ტ 905 ნაკვეთზე), განთავსებულ სათამაშო აპარატს (ODREX MUSTERION ROULLETE) გააჩნდა ტექნიკური ხარვეზი და სწორედ აღნიშნულით იყო განპირობებული მოსარჩელის სათამაშო აპარატის ეკრანზე მოგების დაფიქსირება. მოპასუხემ მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეები: მოპასუხე კომპანიის სლოტკლუბის მენეჯერი, ტექნიკური სამსახურის უფროსი და ტექნიკოსი. პალატის შეფასებით, აღნიშნული სამივე პირი წარმოადგენდა მოპასუხის მიერ დასაქმებულ პირებს, ბუნებრივია, ისინი დაინტერესებულნი იყვნენ საქმის შედეგით. ამასთანავე, მხოლოდ მათი განმარტებები არ იყო საკმარისი სათამაშო აპარატების ტექნიკური ხარვეზის არსებობის დასადგენად. სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო წერილობითი მტკიცებულებები, მაგალითად, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის (ექსპერტის) დასკვნა, რომელიც სათანადო კვლევის საფუძველზე დაადასტურებდა ტექნიკური ხარვეზის არსებობას. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 12.08.2022 წლით დათარიღებული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წერილი (ტ. 2, ს.ფ. 151), რომლის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარება მათ ხელთ არსებული პროგრამულ-აპარატურული საშუალებებით შეუძლებელია. ასევე, წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 24.08.2021 წლით დათარიღებული წერილი (ტ. 2, ს.ფ. 153), რომლის თანახმად, ვინაიდან ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები, შესაბამისად, ვერ ჩატარდა კვლევა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წერილები, ბუნებრივია, არ წარმოადგენდა სათამაშო აპარატის ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამდენად, 2021 წლის 27 აპრილს მოპასუხე კომპანიის კუთვნილ სათამაშო აპარატების სალონში მდებარე ODREX MUSTERION ROULLETE-ის სათამაშო აპარატის ტექნიკური ხარვეზის არსებობა, რომლითაც თამაშობდა მოსარჩელე, არ დასტურდებოდა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. მოცემულ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ 30000 ლარის მოგების ფაქტს;
14.2. მოწმე ნ.ზ–ი არ ადასტურებს, რომ მოსარჩელის სათამაშო აპარატზე დაფიქსირდა რიცხვი 30000. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ სათამაშო აპარატზე დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოსახული ციფრი 30000-ის ფარგლებში იცვლებოდა, იკლებდა და ციმციმებდა;
14.3. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სათამაშო აპარატზე გამოისახა რიცხვი 30000, მას მხედველობაში უნდა მიეღო სათამაშო აპარატების სალონის „....“ ტექნიკური მენეჯერის - მოწმის სახით გამოკითხული დ.მ–ის განმარტებები, სადაც იგი საუბრობს, რომ თითოეულ სათამაშო აპარატს გააჩნია ე.წ. დენომინაცია, რაც გულისხმობს, რომ 1 ქულა = 20 თეთრს ან 10 თეთრს. შესაბამისად, 30000 ქულა 20-თეთრიანი დენომინაციის შემთხვევაში = 6000 ლარს;
14.4. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) წარმოადგენს სათამაშო აპარატების სალონის ორგანიზატორის სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს თამაშობის ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის გარიგების პირობებს, რომელშიც დაფიქსირებულია სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო აპარატების ჩამონათვალი და თითოეული სათამაშო აპარატის თამაშობის პირობები და წესები, რომელი წესების ფარგლებშიც, მათი მკაცრი დაცვის პირობებში, უნდა იფუნქციონიროს ყველა შესაბამისმა სათამაშო აპარატმა, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგლამენტის პირობების დარღვევისათვის თამაშობის ორგანიზატორი პასუხს აგებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად. ამდენად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია გასცეს ისეთი სახის და ოდენობის მოგება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით კონკრეტული სათამაშო აპარატის მაქსიმალური მოგების ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაარღვევს რეგლამენტს და შესაბამისად, დაარღვევს კანონს;
14.5. კანონის შესაბამისად შემუშავებული და სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) წარმოადგენს თამაშობის ორგანიზატორის სავალდებულო შესასრულებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ახორციელებს საქმიანობას და სწორედ რეგლამენტის პირობები წარმოადგენს ასევე თამაშობის ორგანიზატორის ერთგვარ დაზღვევას წინასწარ გაუთვალისწინებელი სიტუაციისაგან, რაც შეიძლება გამოიხატოს აპარატის პროგრამულ დაზიანებაში, რა შემთხვევაშიც რეგლამენტის პირობების შესაბამისად, ყველა შესაძლო მოგება და ფსონი ანულირებდა;
14.6. რეგლამენტი სათამაშო დარბაზში თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული და როგორც თამაშობის დაწყებამდე, ასევე ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრკოლების გარეშე გაეცნოს მის პირობებს მოთამაშე. ამასთან, აპარატზე თამაშისას ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გახსნას სათამაშო აპარატის მონიტორზე არსებული მენიუ და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტული თამაშის წესების შესახებ. სწორედ ზემოაღნიშნული პირობებით იდება გარიგება თამაშობის ორგანიზატორსა და მოთამაშეს შორის. თამაშობის ორგანიზატორი ვერ გამოხატავს ნებას ისეთ გარიგებაზე, რომლის პირობებიც გასცდება კანონით მინიჭებული მისი უფლებამოსილების ფარგლებს, კანონის შესაბამისად კი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია დაიცვას სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელი პირობებიც მოცემულ შემთხვევაში კანონის საფუძველზე შეთანხმებულია მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოსთან - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან;
14.7. თამაშობის ორგანიზატორსა და მოსარჩელეს შორის გარიგება დაიდო რეგლამენტის ფარგლებში. რეგლამენტის შესაბამისად, სათამაშო აპარატის - ORDEX MUSTERION ROULLETE მაქსიმალური მოგება შეადგენს 10800 ლარს და, ამასთან, აღნიშნულ აპარატს არ გააჩნია ჯეკ-პოტის სისტემა, რაც დასტურდება რეგლამენტით. თამაშობის დაწყებისას მოსარჩელის მოლოდინი უნდა ყოფილიყო, რომ მას შეეძლო მოგება მაქსიმუმ 10 800 ლარის ოდენობით, თუმცა მის მიერ განთავსებული ფსონების ოდენობიდან გამომდინარე, როგორც თვითონ აღნიშნავს, იქნებოდა 150 ლარი;
14.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, რეგულაციები და მათ საფუძველზე ნებართვის მფლობელსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა.ა–ვი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 952-ე [ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული] და 361.2 [ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას] მუხლების საფუძველზე.
20. საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სამართლებრივი საფუძვლები რეგულირებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად [მე-2 მუხლი]. ნებართვის გაცემას ექვემდებარება სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა [11.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი], რომელიც წარმოადგენს სპეციალურად მოწყობილ შენობა/ნაგებობას ან შენობის/ნაგებობის ნაწილს, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს [მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი]. აზარტული თამაშობები კი, თავის მხრივ, არის თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა [მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი].
21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის საკუთრებაშია ქ. რუსთავში, ........., უნივერსამის მ/ტ 905 ნაკვეთზე არსებული სათამაშო აპარატების სალონი, სახელწოდებით - ... (სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი)). დადგენილია ასევე, რომ 2021 წლის 27 აპრილს მოსარჩელე შევიდა აღნიშნულ სალონში და ითამაშა N32 სათამაშო აპარატთან: ODREX MUSTERION ROULLETE, საქარხნო ნომერი: .... თამაშის მიმდინარეობისას სათამაშო აპარატის ეკრანზე გამოისახა წარწერა ციფრების სახით. მოსარჩელის განმარტებით, აპარატმა დააფიქსირა ფულადი მოგება.
22. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარის (მისი წარმომადგენლის) ჩვენების/აღიარების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია 27.04.2021 წელს მოსარჩელის სათამაშო აპარატზე მოგების 30 000 ლარის ასახვის ფაქტი. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არის გამხდარი ხსენებული ფაქტის დადგენის კანონიერება. კერძოდ, კასატორის პრეტენზიის თანახმად, მოწმე ნ.ზ–ი არ ადასტურებს, რომ მოსარჩელის სათამაშო აპარატზე დაფიქსირდა რიცხვი 30000; სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ სათამაშო აპარატზე დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოსახული ციფრი 30000-ის ფარგლებში იცვლებოდა, იკლებდა და ციმციმებდა.
23. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
24. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105-ე მუხლი].
25. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) (იხ. სუსგ საქმე №ას-1919-2018, 22 მარტი, 2019 წელი).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
27. საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს მოპასუხის შესაგებელზე, რომელშიც იგი აღნიშნავს შემდეგს: 2021 წლის 27 აპრილს დაახლოებით 16:00 საათზე მოპასუხე კომპანიის მიერ მოწყობილ სათამაშო აპარატების სალონში შემოვიდა მოსარჩელე და განთავსდა დარბაზში არსებულ №32-ე სათამაშო აპარატთან ე.წ. რულეტკასთან. გარკვეული დროის შემდეგ მოქალაქის განმარტებით, დაახლოებით 18:20 საათისთვის რულეტკის აპარატზე დაფიქსირდა ჯეკპოტის თანხა (300 000 ლარის ოდენობით) და მოითხოვა აღნიშნული თანხის მისთვის გადაცემა. მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა აღნიშნული ფაქტის გადამოწმება და შემოწმების შედეგად დადგინდა სათამაშო აპარატის ტექნიკური პროგრამული ხასიათის დაზიანება და აპარატის მწყობრიდან გამოსვლა. მოქალაქეს განემარტა, რომ აპარატზე დაფიქსირდა ტექნიკური პროგრამული ხასიათის დაზიანება, გამოვიდა მწყობრიდან და შესაბამისად ჯეკპოტის სახით (რომელიც ამ აპარატს საერთოდ არ გააჩნია) სათამაშო ტერმინალის მონიტორზე გამოტანილ იქნა არარეალური თანხა - 300 000 ლარი და რომ აღნიშნული აპარატის მაქსიმალური მოგების ოდენობა რეგლამენტის შესაბამისად განისაზღვრებოდა 10 800 ლარით (იხ. ტ.1. ს.ფ. 135). საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე მოწმე - ნ.ზ–ის (მოპასუხე კომპანიის სლოტკლუბის მენეჯერი) გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 27.04.2021 წელს სლოტ კლუბ ...-ში თამაშის მიმდინარეობისას, მოსარჩელის აპარატის ეკრანზე გამოისახა მოგება 30 000 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი). ნ.ზ–ი დაიკითხა ასევე მოწმედ წინამდებარე საქმეზე, მისი განმარტებით, 27.04.2021 წელს ე.წ. რულეტკის სათამაშო აპარატის ეკრანზე, რომელთანაც იჯდა მოსარჩელე, თამაშის მიმდინარეობისას გამოისახა მოგება 30 000 ლარი, მაგრამ აღნიშნული გამოწვეული იყო აპარატის ტექნიკური ხარვეზის გამო (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ. 3. ს.ფ. 161).
28. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად. მოპასუხე კომპანიის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტი) №19-06/263 ნებართვის თანახმად, ტექნიკურ-პროგრამული ხასიათის ან/და მექანიკური დაზიანების შედეგად მწყობრიდან გამოსულ სათამაშო აპარატზე ყველა შესაძლო მოგება და ფსონი ანულირდება და თანხა არ გაიცემა, მათ შორის, ბონუსით მიღებული ყველა შესაძლო შედეგი. ტექნიკურ-პროგრამული ხასიათისაა ყველა დაზიანება გარდა მექანიკურისა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 147, ტ. 4, ს.ფ. 95).
29. განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ 2021 წლის 27 აპრილს მოპასუხე კომპანიის კუთვნილ სათამაშო აპარატების სალონში მდებარე ODREX MUSTERION ROULLETE-ის სათამაშო აპარატს, რომლითაც მოსარჩელე თამაშობდა, ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. თუმცა, აღნიშნული გარემოება მოპასუხემ სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი).
30. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ მოსარჩელე ვერ მოიგებდა 30000 ლარსაც, რადგან იგი სცდება რეგლამენტით ORDEX MUSTERION ROULLETE სათამაშო აპარატისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოგებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეზე ნ.ზ–ის 2021 წლის 21 მაისის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, რულეტკის აპარატს აქვს ე.წ. „lucky Number“, რომლის ოდენობაც იზრდება პროგრამულად და დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანში გათამაშდება, მისი ლიმიტი რეალურად არის შეუზღუდავი, მაგრამ ეს თანხა ხშირად თამაშდება და მისი ოდენობა არ არის დიდ რიცხვებამდე, კონკრეტულად 27 აპრილს კი მისი ოდენობა იყო 4000 ლარი ანუ აღნიშნული მოთამაშე ვერც „lucky Number“-ის გათამაშების შემთხვევაში ვერ მოიგებდა 30000 ლარამდე თანხას (იხ. ტ. 2, ს.ფ. 44). საკასაციო პალატა მოიხმობს ასევე გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მოპასუხის განმარტებას, რომლის თანახმად, აღნიშნულ სათამაშო აპარატზე განთავსებულ სათამაშო ტერმინალებს (მოთამაშეებისათვის განკუთვნილი სათამაშო ადგილები) გააჩნია მხოლოდ ერთადერთი საბონუსე სისტემა ე.წ. LuCKY Number - ის სახით, რომელზედაც დაერთებულია სათამაშო რულეტის ყველა ტერმინალი და რომლის მონიტორიც განთავსებულია სათამაშო რულეტთან არსებულ კედელზე, შესაბამისად, 10 800 ლარზე მეტი ოდენობის თანხა შესაძლებელია გათამაშდეს მხოლოდ ე.წ. LuCKY Number-ის გათამაშების შემთხვევაში, რა დროსაც მოგება აისახება სწორედ კედელზე განთავსებულ ე.წ. LuCKY Number-ის მონიტორზე და არა სათამაშო რულეტის ტერმინალის მონიტორზე, რომლებთანაც სხედან მოთამაშეები. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, თუ იქნებოდა 10 800 ლარზე მეტის მოგების შემთხვევა, ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ე.წ. LuCKY Number-ის გათამაშების შემთხვევაში და ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოგებულ თანხას არა სათამაშო აპარატზე, არამედ სათამაშო რულეტთან არსებულ კედელზე განთავსებულ მონიტორზე დაინახავდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი).
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
32. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308) (იხ. სუსგ საქმე №ას-111-104-2017, 28 ივლისი, 2017 წელი).
33. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
34. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა, რომ „Lucky Number“-ში ჩართულ სათამაშო აპარატს - ODREX MUSTERION ROULLETE მოგების შეზღუდული ლიმიტი გააჩნდა.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავდა 30000 ლარის დაკისრების ნაწილში.
36. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ლ.ბ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ლ.ბ–სს“ (საიდ. კოდი: ........) დაუბრუნდეს ნ.ჯ–ძის მიერ 2025 წლის 15 მაისს №27310646757 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1500 ლარის 70% – 1050 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე