დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-526-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-526-2025 06 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „.. ჰ–ს“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დავალიანების თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კლინიკა“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „.. ჰ“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის 49477,5 ლარის და პირგასამტეხლოს 1656,87 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2024 წლის 18 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2023 წლის 10 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ET103, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 16950 ლარის ღირებულების სამედიცინო სახარჯი მასალა;

2.2. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (6.1. და 6.2. პუნქტები). ხელშეკრულების 12.1 პუნქტი ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობას, შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ 26-32);

2.3. 2023 წლის 6 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ET78, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 7498 ლარის ღირებულების ქირურგიული ხელსაწყოები;

2.4. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (6.1. და 6.2. პუნქტები). ხელშეკრულების 12.1 პუნქტი ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობას, შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ 46-49);

2.5. 2023 წლის 30 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ET43, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 57325 ლარის ღირებულების სამედიცინო სახარჯი მასალები;

2.6. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (6.1. და 6.2. პუნქტები); ხელშეკრულების 12.1 პუნქტი ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობას, შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ 58-61);

2.7. 2023 წლის 4 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ET52, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 157175 ლარის ღირებულების სამედიცინო სახარჯი მასალები;

2.8. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (6.1. და 6.2. პუნქტები). ხელშეკრულების 12.1 პუნქტი ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობას, შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ 69-72);

2.9. 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება №352, რომლის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 01 სამუშაო დღის ვადაში მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 3900 ლარის ღირებულების 13 ერთეული დიფერენციალური წნევის მანომეტრები;

2.10. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (7.1. და 7.2. პუნქტები). ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების წესზე (იხ. ს.ფ 91-93);

2.11. 2023 წლის 24 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება CM74, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 320 ლარის ღირებულების სამედიცინო სახარჯი მასალები;

2.12. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (7.1. და 7.2. პუნქტები). ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების წესზე (იხ. ს.ფ 96-98);

2.13. 2023 წლის 28 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება CM76, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2023 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 3600 ლარის ღირებულების სამედიცინო სახარჯი მასალები;

2.14. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (7.1. და 7.2. პუნქტები). ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების წესზე (იხ. ს.ფ 102-104);

2.15. 2024 წლის 7 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება CM018, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 1500 ლარის ღირებულების სამედიცინო სახარჯი მასალები;

2.16. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (7.1. და 7.2. პუნქტები). ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების წესზე (იხ. ს.ფ 108-110);

2.17. 2021 წლის ზეპირი შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა დასახელების სამედიცინო სახარჯი მასალები. 30.12.2021 წლის სასაქონლო ზედნადების თანახმად, 30.12.2021 წელს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 900 ლარს (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება; ს.ფ. 114-115);

2.18. დასახელებული ცხრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (პროდუქციის მიწოდება) მოსარჩელის მხრიდან ჯეროვნად იყო შესრულებული.

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 477.1 და 417-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების დადასტურების მიზნით, მოსარჩელე უთითებდა მიღება-ჩაბარების აქტებსა და სასაქონლო ზედნადებებზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის წარმომადგენელი არ ეთანხმებოდა საქონლის მიწოდებას და ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ყველა მიწოდების დასადასტურებლად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები.

4. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებულობის გამო არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და აღნიშნა, რომ იგი არ განმარტავდა, მიღება-ჩაბარების აქტებზე მითითებით სადავოდ ხდიდა ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებას თუ კონკრეტულად რომელიმე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. მაგალითად, 2023 წლის 29 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, „კლინიკის“ სახელით აფთიაქის გამგე ადასტურებს 10.07.2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაწილი პროდუქციის მიწოდებას. ასევე, 2023 წლის 17 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით „კლინიკის“ სახელით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს 06.06.2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის სრულად მიწოდებას. ასევე, 2023 წლის 29 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით „კლინიკის“ სახელით აფთიაქის გამგე ადასტურებს 30.03.2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაწილი პროდუქციის მიწოდების ფაქტს და ა.შ.; გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა ყველა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონულად დადასტურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 51-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სდ-ის) გამოწერა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან. ანგარიშ-ფაქტურა ადასტურებს პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ფაქტს, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. დადასტურებას ახდენს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge გამოყენებით ავტორიზებული მომხმარებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელწოდება და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისთვის არის ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს (იხ. სუსგ საქმე №ას-794-743-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 131-ე მუხლით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, სარჩელის ცნობის გარეშე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ელექტრონულად დადასტურების ფაქტი.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამყიდველმა - მოსარჩელემ მყიდველს (მოპასუხე კლინიკას) ნასყიდობის დასახელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქცია სრულად მიაწოდა, დასახელებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მოპასუხეს სრულად არ აქვს ანაზღაურებული და გადაუხდელი ნასყიდობის საფასური ჯამში შეადგენს 49477,50 ლარს.

7. საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მყიდველმა ვერ წარმოადგინა ნასყიდობის ფასის ნაწილის - 49477,50 ლარის (მოთხოვნის შეწყვეტა) გადახდის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, შესაბამისად, სახეზე არ იყო სსკ-ის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.

8. რაც შეეხება 1656,87 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვის 4 ხელშეკრულებით (10.07.2023 წლის ხელშეკრულება, 06.06.2023 წლის ხელშეკრულება, 30.03.2023 წლის ხელშეკრულება და 04.07.2023 წლის ხელშეკრულება) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 0,02%-ის ოდენობით; 10.07.2023 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო 2024 წლის 18 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 112,32 ლარს; 06.06.2023 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2024 წლის 18 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 482,87 ლარს; 30.03.2023 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2024 წლის 18 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 120,93 ლარს, ხოლო 04.07.2023 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2024 წლის 18 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 940,76 ლარს; უდავოა, რომ ნასყიდობის საფასური მოპასუხეს არ აქვს სრულად გადახდილი, ამიტომაც სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მითითებულ ვადაგადაცილების პერიოდზე პირგასამტეხლოს - ჯამში 1656,87 ლარის დაკისრების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, მყიდველისათვის (მოპასუხე) დაკისრებული პირგასამტეხლო (1656,87 ლარი) წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის (49477,5 ლარი) ადეკვატურ, გონივრულ და სამართლიან ოდენობას, ამასთან, არ გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. მოსარჩელემ ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ანგარიშსწორების აუცილებელ პირობადაა მიჩნეული თვით მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით და ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;

10.2. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 მარტის N303 განკარგულების თანახმად, გადაწყდა მოპასუხე კლინიკის საქმიანობის განახლება. რეფორმების პროცესში მთლიანად შეიცვალა მოპასუხე კლინიკის ხელმძღვანელობა. ახალი ხელმძღვანელობისთვის არ არის დეტალურად ცნობილი კლინიკის მიერ მანამდე დამყარებული ყოველი ურთიერთობის შინაარსი. აქედან გამომდინარე, კლინიკა მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის არსებობას აღიარებს მხოლოდ მისი შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში. მოპასუხეს ასეთი მიდგომა აქვს მოსარჩელესთან დამყარებულ ურთიერთობასთან მიმართებითაც, რაც ისედაც მართლზომიერი და რაციონალურია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მოპასუხე კლინიკისათვის ნასყიდობის საფასურის გადახდის დაკისრების კანონიერება [სსკ-ის 477-ე მუხლი: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება]. საკასაციო პალატის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, რასაკვირველია, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით (მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე), ისე სანივთო (გარიგებით საკუთრების უფლების განკარგვა და გადაცემა ხდება) გარიგების ელემენტებს და იგი, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული (იხ. სუსგ საქმე №ას-424-2023, 22 ივნისი, 2023 წელი). სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაიხადა შეთანხმებული ფასი.

16. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ანგარიშსწორების აუცილებელ პირობადაა მიჩნეული თვით მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით და ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავს, რომ პროდუქციის მიწოდება და დავალიანების არსებობა უნდა დადასტურდეს შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით, რასაც ადგილი არ აქვს, მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტები სრულყოფილი სახით არ არის წარმოდგენილი.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

18. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105-ე მუხლი].

19. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას, რომ გამყიდველმა - მოსარჩელემ მყიდველს (მოპასუხე კლინიკას) ნასყიდობის დასახელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქცია სრულად მიაწოდა, დასახელებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მოპასუხეს სრულად არ აქვს ანაზღაურებული და გადაუხდელი ნასყიდობის საფასური ჯამში შეადგენს 49477,50 ლარს.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები. ამასთან, მოპასუხე არ განმარტავს, მიღება-ჩაბარების აქტებზე მითითებით სადავოდ ხდის ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებას, თუ კონკრეტულად რომელიმე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება [სსკ-ის 483-ე მუხლი: საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას] (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1031-2020, 23 ივლისი, 2021 წელი; საქმე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი; საქმე №ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017 წელი).

21. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, სარჩელის ცნობის გარეშე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხე კლინიკის მხრიდან მოსარჩელის მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ელექტრონულად დადასტურების ფაქტი (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 230, 235, ასევე წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) [სსსკ-ის 131-ე მუხლი: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. 132-ე მუხლი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში].

22. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 131-ე მუხლით მოწესრიგებული აღიარების ინსტიტუტი, საპროცესო სამართლის თეორიაში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება, საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღიარება უნდა იყოს კონკრეტული და გამოხატავდეს მხარის გაცნობიერებულ ნებას, რომ ის ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ ამა თუ იმ ფაქტს და მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს მის არსებობას (იხ. სუსგ საქმე №ას-856-800-2017, 20 ოქტომბერი, 2017 წელი). მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და როგორც უდავო ფაქტი მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული (იხ. სუსგ საქმე №ას-960-903-2010, 7 მარტი, 2011 წელი).

23. სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების სამართლებრივი ბუნებისა და მისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლს, რომლითაც საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში დადგენილია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სასაქონლო ზედნადები არის NII-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/ გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შედეგი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მითითებული საჯარო-სამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელი ნორმების მიზანია ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების ხაზგასმა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-19-19-2018, 8 თებერვალი, 2021 წელი). სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს (იხ. სუსგ საქმე №ას-794-743-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

24. რაც შეეხება საგადასახადო ანგარიშფაქტურას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილსა [გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე] და 180-ე მუხლზე [თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი] და აღნიშნავს, რომ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებული არ არის იმ საქონლის/მომსახურების გვარეობით მახასიათებელზე, რომლის მიმართაც გამოწერილია იგი, ამდენად, ყველა ის განმარტება, რომლითაც მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშფაქტურების არსებობა განხილულ იქნა ხელშეკრულების დადებისა და საქონლის მიწოდების ფაქტების დასტურად, სახელმძღვანელოა წინამდებარე საქმისთვისაც (იხ. სუსგ საქმე №ას-1296-2019, 8 ივნისი, 2021 წელი; საქმე №ას-599-574-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-825-2020, 2 დეკემბერი, 2021 წელი; საქმე №ას-514-514-2018, 3 ივნისი, 2019 წელი). დასახელებულ საქმეებში საკასაციო პალატა ელექტრონულად დადასტურებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს განიხილავს მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტის დასტურად, რაც კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-787-2022, 24 თებერვალი, 2023 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხე კლინიკის მხრიდან მოსარჩელის მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების და ზედნადებების ელექტრონულად დადასტურების ფაქტი, საქმეში წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, ამასთან, საკასაციო საჩივრის ფარგლებში არც კვალიფიციური საკასაციო შედავებაა წარმოდგენილი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მყიდველმა ნასყიდობის საგანი სრულად მიიღო, შესაბამისად, მას ეკისრებოდა იმ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელეს სრულად გადაუხადა ნასყიდობის საფასური.

26. სსკ-ის 429.1 მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება (იხ. სუსგ საქმე №ას-970-935-2016, 18 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი). ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1288-2019, 4 მარტი, 2021 წელი, პ.125).

27. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო ნასყიდობის ფასის ნაწილის - 49477,50 ლარის გადახდის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულების წარმოდგენა, შესაბამისად, იგი ვალდებულია, სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე, გამყიდველს მოთხოვნილი თანხა აუნაზღაუროს. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში კი, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2556,80 ლარის 70% – 1789,76 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ა.ნ. ყ. ს.ც.ს.კ–ას“ (საიდ. კოდი: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 05 მაისს №481 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2556,80 ლარის 70% – 1789,76 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე