გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2026
საქმის ნომერი
ას-1515-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1515-2025 13 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ლ–ი, ც.ლ–ი, ა.ლ–ი, ნ.ლ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.10.2025წ. განჩინებით ლ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 31.07.2025წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დ., ც., ა. და ნ.ლ–ები სარჩელი (შემდეგში - მოსარჩელეები) დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........., საკადასტრო კოდი .......... (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) და გადაეცათ მოსარჩელეებს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.სადავო უძრავი ქონება ეკუთვნით მოსარჩელეებს;

2.2.მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს;

2.3.მოპასუხესთან ერთად სადავო ფართში ორი შვილი - 26.03.2003წ. დაბადებული ვ.ლ–ი და 12.05.2016წ. დაბადებული კ.ლ–ი ცხოვრობს; კ.ლ–ი არასრულწლოვანია (შემდეგში: არასრულწლოვანი ბავშვი). მოპასუხის შვილები დ.ლ–ისა და ც.ლ–ის შვილიშვილები და ა.ლ–ისა და ნ.ლ–ის ძმისშვილებია.

3. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 172.1, 312-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე და მიიჩნია, რომ თავის დროზე, მოპასუხე სადავო ფართს მესაკუთრეთა თანხმობით დაეუფლა ა.ლ–თან ოჯახური თანაცხოვრების საფუძველზე. მესაკუთრეებმა მოპასუხეს პრეტენზია წაუყენეს და ფართის გამოთავისუფლება მოსთხოვეს. პრეტენზიის საფუძველი მოპასუხეს და ა.ლ–ს შორის არსებული კონფლიქტი გახდა, რის გამოც, მათი თანაცხოვრება შეწყდა.

4. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა პრეტენზია დასაბუთებულია და მოპასუხეს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ე.ი. სადავო ნივთის ფლობა არამართლზომიერია.

5. იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ მოპასუხესთან ერთად, სადავო ფართში მისი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთაგან ბებია-პაპის საკუთრების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), თუმცა, ბებია-პაპის ვალდებულება არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ სსკ-ის 1225-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. არასრულწლოვანის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, უპირველესად, მის მშობლებს: მოპასუხეს და ბავშვის მამას - ა.ლ–ს ეკისრებათ. მოპასუხე ვერ ადასტურებს რომ ამ ვალდებულების შესრულება მათთვის ობიექტურად შეუძლებელია.

6. მოსარჩელეებმა სარჩელში განმარტეს, რომ ა.ლ–ი აპელანტთან კონფლიქტის გამო, ღამეს სამსახურში არსებულ სათავსო ოთახში ათევდა, ეს გარემოება მოპასუხე აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. რაც ნიშნავს, რომ ბავშვის მამა დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. აღნიშნული, გარკვეულწილად, დასტურდება შსს დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორის მიერ 2023 წლის 31 მაისს შედგენილი ოქმით „გასაუბრების შესახებ“, რომელშიც მითითებულია, რომ „ა.ლ–ი ცხოვრობს ცალკე“.

7. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ არასრულწლოვან ბავშვს სარჩოს, მათ შორის, საცხოვრებლის მიღება თავისი მშობლებისაგან არ შეუძლია.

8. ბავშვის ბიძასა და მამიდას კი მისი რჩენის კანონისმიერი ვალდებულება არ გააჩნიათ, ამიტომ, ამის საფუძველზე მათი საკუთრების შეზღუდვა დაუშვებელია.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შეიტანა.

10. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ფართში ცხოვრობს ა.ლ–თან საერთო თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ორ შვილთან: 2003 წლის 26 მარტს დაბადებულ ვ.ლ–თან და 2016 წლის 12 მაისს დაბადებულ კ.ლ–თან ერთად. ეს უკანასკნელი 9 წლისაა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მუდმივად სხვა პირის დახმარებას საჭიროებს; იგი არის შშმ პირი, რაც სამედიცინო დაწესებულების ცნობით დასტურდება. ბავშვს დადგენილი აქვს დიაგნოზი: ქცევის აშლილობა, მეტყველების აშლილობა, ყურადღების დარღვევბი, განვითარების ეტაპების დაყოვნება და ბავშვთა აუტიზმი. მოსარჩელეთა ქცევა გამოასახლონ საცხოვრებელი ფართიდან არასრულწლოვანი, რომელსაც ჯანმრთელობის დარღვევა აქვს, ამორალურია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2026 წლის 16 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

15. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სადავო ფართიდან კასატორის გამოსახლების შესახებ მიღებული განჩინების მართლზომიერება.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

18. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

19. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პ.2-ში.

20. ამავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის შედავებაზე, სადაც მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2001 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ა.ლ–თან, რომელიც მოსარჩელეთაგან ორი მათგანის შვილი და ორი მათგანის დედმამისშვილია; ოჯახურ თანაცხოვრებაში შეეძინათ ორი შვილი. მასსა ყოფილ მეუღლეს შორის ურთიერთობა დაიძაბა; ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხე ოცი წელზე მეტია სადავო ფართში ცხოვრობს შვილებთან ერთად. მოპასუხის შვილები მოსარჩელეების: დ.ლ–ისა და ც.ლ–ის შვილიშვილი და ა.ლ–ისა და ნ.ლ–ის ძმისშვილია. ერთ-ერთი შვილი 9 წლისაა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა პირის მუდმივ დახმარებას საჭიროებს, კერძოდ, არის შშმ პირი და დადგენილი აქვს დიაგნოზი: ქცევის აშლილობა, მეტყველების აშლილობა, ყურადღების დარღვევბი, განვითარების ეტაპების დაყოვნება და ბავშვთა აუტიზმი, რაც სამედიცინო დაწესებულების ცნობით დასტურდება. არასრულწლოვანს მუდმივად ესაჭიროება მკურნალობა და ზედამხედველობა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სხვა საცხოვრებელი ფართი მოპასუხეს და მის შვილებს არ გააჩნიათ, მათი ერთადერთი თავშესაფარი სადავო ფართია, რომლის დატოვება არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით შეუძლებელია (იხ., შესაგებელი, სამედიცინო ცნობა - ტ.2.)

21. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, შესაფასებელია, წარმოშობილია თუ არა მოსარჩელეთაგან ბებია-პაპის საკუთრების შეზღუდვის საფუძველი საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე) მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის მწვავე საჭიროების გამო.

22. სადავო საკითხის შეფასებისთვის, მიზანშეწონილია ყურადღება გამახვილდეს ბავშვის უფლებების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, კერძოდ, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე (შემდეგში-კონვენცია), რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება.

23. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

24. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

25. კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავდა ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

26. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში, რომ არასრულწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობს პაპა-ბებიის კუთვნილ სახლში და საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნია, მოპასუხე დედის გამოსახლება თავისთავად განაპირობებს მისი მცირეწლოვანი შვილის გამასახლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არასრულწლოვანს არ მიემართება.

27. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 1225-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობას შვილიშვილის მიმართ (პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან) და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს არ განეკუთვნება აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ბებია-პაპისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნა, აღნიშნული მუხლის სწორი, თანმიმდევრული და ლოგიკური განმარტების შედეგად, საკანონმდებლო მოწესრიგების მიზანი მხოლოდ არასრულწლოვანისათვის მატერიალური საზრდოს დანიშვნა არაა, ნორმის მოქმედების მასშტაბი უფრო ფართოა და მოიცავს არასრულწლოვანის უზრუნველყოფას საცხოვრებელითაც, მაშინ როდესაც, არასრულწლოვანს ამ სიკეთის მიღება თავის მშობლებისაგან არ შეუძლია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემური ანალიზის მიხედვით, შვილიშვილზე ზრუნვის ვალდებულება პაპა-ბებიის მოვალეობაცაა, მით უფრო, როდესაც ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად.

28. პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილზე ზრუნვისა და მისი რჩენის მოვალეობა არ არის უცხო არც ევროპული სამართლის ქვეყნებისთვის. მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB) 1601-ე პარაგრაფის მიხედვით, პირდაპირი ხაზით ნათესავები ვალდებული არიან, არჩინონ ერთმანეთი. გერმანიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პაპა და ბებია მოვალენი არიან დაეხმარონ დამატებითი სახსრებით მის არასრულწლოვან შვილიშვილს, მაშინაც კი, როდესაც ბავშვის მშობლებს აქვთ გარკვეული სახის შემოსავალი. განქორწინებულმა მშობლებმა კონკრეტული გარემოებების არსებობისას ნაკლები სახსრებით უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილს, როდესაც პაპა და ბებია ფინანსურად იმგვარ მდგომარეობაში არიან, რომ მათ ასევე შეუძლიათ შვილიშვილების რჩენისა და ზრუნვისთვის სახსრები გაიღონ. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ ნათესაური კავშირების გამო რჩენისა და ზრუნვის მოვალეობის დაწესება თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპის გამოხატულებაა. ამდენად, პაპა და ბებია მოვალენი არიან იზრუნონ შვილიშვილზე და მათ სასიკეთოდ სოციალური ვალდებულები აიღონ, რაც სამოქალაქო-სამართლებრივი ზრუნვის მოვალეობაში გამოიხატება (Beschluss vom 27. Oktober 2021 - XII ZB 123/21).

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განიმარტა და შემდგომ საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში გაესვა ხაზი იმ საკითხს, რომ ბავშვს, რომელის გამოსახლება თანხვედრაშია დედის გამოსახლებასთან და მხარეებს შორის, არ არის მხოლოდ მესაკუთრესა და უკანონო მფლობელს შორის ურთიერთობა, არამედ მოიცავს ბებია-პაპისა და შვილიშვილის ურთიერთობასაც (ურთიერთრჩენის თვალსაზრისით) ბავშვის საუკეთესო ინტერესები „წინ უსწრებს“ საკუთრების უფლებას (იხ., სუსგ Nას-454-426-2017, 05.05.2017წ.).

30. წამოჭრილ პრობლემასთან მიმართებით ნიშანდობლივია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი მოპასუხის - რძლის გამოსახლების შესახებ, რამეთუ დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე სადავო ბინაში 2009წ. და 2015წ. დაბადებული შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვები მოსარჩელის შვილიშვილები იყვნენ. მოპასუხესა და მის შვილებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ამ მოცემულობაში, ერთმანეთს დაუპირისპირდა მესაკუთრის საკუთრების უფლება და ბავშვების საცხოვრისის უფლება, რაც უკავშირდება არასრულწლოვანის დედასთან ცხოვრების უფლებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის უარყოფა ლეგიტიმურ და საკუთრების უფლებაში ჩარევის პროპორციულ, გონივრულ და აუცილებელ ზომას წარმოადგენდა (იხ., სუსგ Nას- 1375-2021, 16.06.2022წ.).

31. წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავის ერთ მხარეზე არსებობს მოსარჩელეთა საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი (საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლისა და ევრო კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის, სსკ-ის 170-172-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით), ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილია მესაკუთრეთაგან ორი მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი შვილიშვილის მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), სადაც ის ოჯახურ გარემოში - დედასთან ერთად ცხოვრებასა და გაზრდას შეძლებს.

32. საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რომლის დასაცავად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომელიც ვერ იქნება შესრულებული, თუ ისინი არ იქნებიან უზრუნველყოფილი საცხოვრისით.

33. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მათივე არასრულწლოვანი შვილიშვილის ცხოვრების პირობებში, არსებობს საკუთრების კონსტიტუც. უფლების დროებით შეზღუდვის მწვავე სოციალური საჭიროება, რაც გამოწვეულია მესაკუთრეთა შვილიშვილის საცხოვრებლის ქონის აუცილებლობით. მოცემული დასკვნის უარსაყოფად ვერ გამოდგება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მშობლებისგან საცხოვრებლის მიღების შეუძლებლობა საქმის მასალებით არ დასტურდება (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ.6,7). სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მითითება, არც იმის მაუწყებელი არ არის, რომ პოზიტიურ ასპექტში არასრულწლოვანი მშობლებისგან შესაფერის საცხოვრისს მიიღებს.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არის ლეგიტიმური და წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევის პროპორციულ, გონივრულ და აუცილებელ ზომას.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

36. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან... ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

38. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო საკასაციო და სააპელაციო საჩივარზე მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ მოპასუხის სასარგებლოდ 230 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ.ლ–ის, ც.ლ–ის, ა.ლ–ის, ნ.ლ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. დ.ლ–ს (პ.ნ: .........), ც.ლ–ს (პ.ნ: ..........), ა.ლ–ს (პ.ნ: ..........), ნ.ლ–ს (პ.ნ: .........) ლ.მ–ის (პ.ნ: .........) სასარგებლოდ დაეკისროს 230 ლარის გადახდა გაწეული სასამართლო ხარჯის ასანაზღაურებლად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე