დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-205-2026 27 თებერვალი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს.მ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე გ.მ–ის მიმართ, სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფის მოთხოვნით.
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ს.მ–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში, არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2025 წლის 8 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა ს.მ–ის წარმომადგენელი თ.ქ–ი. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ს.ფ. 87-92). ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები;
შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2025 წლის 29 დეკემბრიდან (ვინაიდან 28 დეკემბერი იყო დასვენების დღე - კვირა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) არაუგვიანეს 2026 წლის 8 იანვრამდე (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2026 წლის 9 იანვარი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2026 წლის 29 იანვარი.
დადგენილია, რომ ს.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2026 წლის 03 თებერვალს (ფოსტაში წარდგენილია 2026 წლის 30 იანვარს), გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს ს. მ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ს.მ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე