დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1353-2024 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.გ–ი, ზ.გ–ი, ფ.კ–ძე, რ.გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებულ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ.გ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.გ–ის, ზ.გ–ის, ფ.კ–ძისა და რ.გ–ის მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს საჩხერის რაიონის სოფელ ......... გ–ების უბანში, მისი მამა-კ. (კ.) გ–ი და მისი ძმა ე. გ–ი (მოპასუხის მამა) ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს და ჰქონდათ ერთი საზიარო გზა. 1975 წელს, ე. გ–მა განცხადებით მიმართა სასოფლო საბჭოს თავმჯდომარეს, რომ საზიარო გზის სანაცვლოდ, მისთვის მიეცათ სამანქანო გზა იმ ნაკვეთში მისასვლელად, რომელიც იყო სახლიდან 400 მეტრის მოშორებით და იქ გადავიდოდა საცხოვრებლად. მისი განცხადება დაკმაყოფილდა და გამოუყვეს ნორმირებული ფართი, რომელსაც ჰქონდა მანქანის მისასვლელიც და აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. იქ მან ააშენა სახლი და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
2.2. ე. გ–ის უფროსმა შვილმა, მოპასუხე ა.გ–მა, დროის გასვლის შემდეგ, ისევ მიმართა სასოფლო საბჭოს და სამოსახლო ადგილი მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა და გამოეყო 1000 კვ.მ მიწა, ხოლო შემდეგში, განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა, მოსარჩელის ოჯახისთვის ჩამოეჭრათ მიწა, რომლითაც მივიდოდნენ ახლად გადაცემულ მიწასთან, რასაც კ. გ–ი (მოსარჩელის მამა) არ ეთანხმებოდა. ამიტომ, მოსარჩელემ დავის მოგვარების მიზნით, მიმართა სოფლის ადგილობრივ მმართველობას და მიწის რეფორმის კომისიას რომლებმაც, 1998 წლის 21 ოქტომბერს, ერთობლივად გამოყოფილ კომისიასთან ერთად, შეადგინეს აქტი და გამიჯნეს აღნიშნული მისასვლელი გზა, კერძოდ გზა გაიმიჯნა კ. ს. ძე გ–ის ვენახის ბოლოზე სიგრძით 37 მ, სიგანე 3 მეტრი და დადგინდა: რომ ღობეს, კ. გ–ის მხარეს გაუკეთებდა ა. ე.ს ძე გ–ი; გზით ისარგებლებენ, როგორც მოდავე მხარეები ასევე მეზობლები, ხოლო შესასვლელ ჭიშკარს დააყენებენ, მხოლოდ თავიანთ საკარმიდამოში.
2.3. მამა-კ. გ–ი გარდაიცვალა 2019 წლის 30 ივნისს, რომლის დანაშთი სამკვიდრო მოსარჩელემ და მისმა ძმამ-გ. გ–მა მიიღეს. შესაბამისად, მათ თანასაკუთრებაშია მამის დანატოვარი 1500 კვ.მ-ის ოდენობით ....... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი, რომელიც ესაზღვრება მოპასუხე ა.გ–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ს/კ ........ მიწის ნაკვეთს.
2.4. 2022 წლის აგვისტოში, მოპასუხემ დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ გამოყოფილი საზიარო გზის დასაწყისში, ცენტრალური სამანქანო გზის შესასვლელთან (საზიარო გზის დასაწყისში და არა უშუალოდ მისი საკარმიდამო მიწის წინ) ა.გ–მა, მასთან შეუთანხმებლად დაამონტაჟა ჭიშკარი, რაც ჩაკეტილი ჰქონდა და მოსარჩელის ოჯახს უფლებას არ აძლევდა ესარგებლა ამ გზით.
2.5. მოსარჩელემ 2022 წლის 31 აგვისტოს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა ჭიშკრის აღება, რამეთუ მის ნაკვეთამდე მისასვლელი სხვა სამანქანე გზა არ არსებობს. სარჩელის თანახმად, წერილი ჩაბარდა მის სრულწლოვან ოჯახის წევრს 02.09.22 წელს თუმცა უშედეგოდ.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს/კ ..... მიწის ნაკვეთი მოპასუხეთა თანასაკუთრებაა და მოსარჩელეს თავის ნაკვეთამდე მისასვლელი სხვა გზაც გააჩნია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
3.2. შესაგებელში აღინიშნა, რომ მოპასუხეებმა სადავო ჭიშკარი დააყენეს არა 2022 წელს არამედ 1999-2000 წლიდან და არც საკეტით არ ჩაუკეტავთ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს: ა.გ–ს, ზ.გ–ს, ფ.კ–ძეს, რ.გ–ს აეკრძალათ, მათ (ა.გ–ს, ზ.გ–ს, ფ.კ–ძეს) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე-ს/კ ....... დადგენილი მისასვლელი გზით (111 კვ/მ. საკადასტრო გეგმა) დ.გ–ის მიერ კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ......) დასაკავშირებლად, სარგებლობის ხელშეშლა. ამასთან მიეთითათ, რომ გზის დასაწყისში არსებული ჭიშკრის გამოყენება უნდა მომხდარიყო ყოველგვარი საკეტის გარეშე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრეს ა.გ–მა, ზ.გ–მა, რ.გ–მა და ფ.კ–ძემ. საქმეზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ.გ–მაც.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხოლო, დ.გ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. ა.გ–ს, ზ.გ–ს, რ.გ–ს, ფ.კ–ძეს დამატებით დაევალათ, მათ თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ ს/კ ....... მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული სადავო ჭიშკრის დემონტაჟი და ე.წ. სადაო გზად დადგენილი 111 კვადრატული მეტრი ფართის (37 მეტრი სიგრძის და 3 მეტრი სიგანის) მიღმა გადატანა.
5.2. სააპელაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, მოიხმო საქმის მასალებში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, და აღნიშნა, რომ 6.1.-6.7. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, წარმოადგენდა საკმარისს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს კანონიერ ძალაში შესული, საჩხერის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, რომლითაც საჩხერის რაიონის სოფელ ......., ა. ე.ს ძე გ–ს, ბიძამისის, კ. ს. ძე გ–ის ვენახის ბოლოზე დაუკანონდა 1998 წლის 21 ოქტომბრის კომისიის აქტის შესაბამისად, 37 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის, სულ სულ 111 მ2 იმ პირობით, რომ ამ გზით ისარგებლებდნენ, როგორც მოდავე მხარეები, ასევე მეზობლებიც, ხოლო შესასვლელ მიწას ჭიშკარს ჩაუსვამდნენ, მხოლოდ თავიანთ საკარმიდამოში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 12 წლის შემდეგ, შეზღუდეს მოსარჩელის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, იქ დაამონტაჟეს ჭიშკარი და ჩაკეტეს, რის გამოც, პალტამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტები საკმარისი საფუძველი იყო სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის.
5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრეს ა.გ–მა, ზ.გ–მა, ფ.კ–ძემ და რ.გ–მა.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორების მტკიცებით, ტერიტორია, რომელზეც დავობს მოსარჩელე მოპასუხეთა საკუთრებაა, რომელიც აღრიცხულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და კასატორებს სრული უფლება აქვთ მათი შეხედულებისამებრ განათავსონ ჭიშკარი. ამასთანავე, კასატორები უთითებენ, რომ სადავო კარების დაყენება საჭირო იყო, რათა აღკვეთილიყო სოფლის ნახირის შესვლა. მათივე მტკიცებით, არცერთ მეზობელს არასდროს შეჰქმნია პრობლემა სადავო გზით სარგებლობაში, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა უნდა გამხდარიყო.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ა.გ–ის, ზ.გ–ის, ფ.კ–ძისა და რ.გ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ გარემოებებს:
- ს/კ ........ უძრავი ქონება-1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ......... აღრიცხულია მოსარჩელე-დ.გ–ისა და მისი ძმის, გიორგი გ–ის თანასაკუთრებაში. აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მამის, კ. გ–ისგან, რომელიც გარდაიცვალა 2019 წლის 3 ივნისს;
- ს/კ 35.12.55.083 უძრავი ქონება, მდებარე საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ....... აღრიცხულია მოპასუხეების - ა.გ–ის, ზ.გ–ის, ფ.კ–ძის და რ.გ–ის თანასაკუთრებაში. აღნიშნული ქონება მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულია 1997 წლის 26 აპრილის მიწის ნაკვეთის N15368 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
- 1998 წლის 21 ოქტომბერს, საჩხერის რაიონის, სოფ. ....... გამგებლის, მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის, მიწის მართვის მთავარი სპეციალისტის, შსს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენლების, მოდავე მხარეების-კ. გ–ისა (მოსარჩელის მამა) და ა.გ–ის (მოპასუხე), ასევე დამსწრე პირების (მეზობლები) მიერ კომისიურად შედგენილი და ხელმოწერილი აქტის თანახმად, განხორციელდა ა.გ–ისათვის გზის გამიჯვნა კერძოდ, გზა გაიმიჯნა კ. ს. ძე გ–ის ვენახის ბოლოზე, სიგრძე-37 მეტრი, სიგანე 3 მეტრი სულ 111 მ2. დადგინდა, რომ ღობეს, კ.ს მხარეზე გააკეთებდა ა. ე.ს ძე გ–ი, გზის მეორე მხარეს იქნებოდა პ. ი–ას ძე გ–ი. გზით ისარგებლებდნენ, როგორც მოდავე მხარეები, ასევე მეზობლებიც, ხოლო შესასვლელ მიწას ჭიშკარს ჩაუსვამდნენ, მხოლოდ თავიანთ საკარმიდამოში. (ს.ფ.102);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ამირან ე.ს ძე გ–ის (მოპასუხე) სარჩელი კ. სარდიონის ძე გ–ის (მოსარჩელის ძმა) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; სასამართლომ, გაიზიარა, 1998 წლის 21 ოქტომბრის კომისიის აქტით დადგენილი გარემოებები და ა. ე.ს ძე გ–ს დაუკანონდა, საჩხერის რაიონის სოფელ ......., ბიძამისის-კ. ს. ძე გ–ის ვენახის ბოლოზე, 1998 წლის 21 ოქტომბრის კომისიის მიერ გამოყოფილი მისასვლელი გზა სიგრძით 37 მეტრი და სიგანით 3 მეტრი (111 კვ.მ.). აღნიშნული აქტის მიხედვით მოდავე მხარეებს და მეზობლებს მიეცათ საშუალება მისი სარგებლობისა (ს.ფ.26-27);
- საჩხერის რაიონის, კორბოურის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის წერილით ირკვევა, რომ 1997 წლის 26 აპრილის მიწის ნაკვეთის N15368 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ა. ე.ს ძე გ–ს (მოპასუხე) მიცემული აქვს სამოსახლოდ, საზიარო გზის სანაცვლოდ, რომელიც გადის მისი ბიძის, კ. ს. ძე გ–ის (მოსარჩელის მამა) სახლის წინ, რომელიც იყო და რჩება სადავოდ (ტ.1.ს.ფ.101);
- 2023 წლის 8 აგვისტოს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა გია გ–მა განმარტა, რომ არის ტრაქტორისტი, გაზაფხულზე, დ.გ–ის დავალებით, დ.გ–ის ყანის დასამუშავებლად შეიყვანა ტრაქტორი. მას შეხვდა ფ. (მოპასუხე ფ.კ–ძე), რომელმაც აუკრძალა ამ გზით სარგებლობა. მოწმე იძულებული გახდა სხვა გზით გადაადგილებულიყო, თუმცა ყანის დამუშავების შემდეგ, უკან სადავო გზით დაბრუნდა;
- 2023 წლის 8 აგვისტოს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა თ. გ–მა განმარტა, რომ შარშან გაზაფხულზე, დ.გ–ის დავალებით, დ.გ–ის ყანის დასამუშავებლად შეიყვანეს ტრაქტორი. ტრაქტორისტთან ერთად თავადაც შევიდა, თუმცა ა.გ–მა ტრაქტორისტს აუკრძალა იმ გზით სარგებლობა, სადაც სადავო ჭიშკარია დადგმული. მოწმის განმარტებით, რკინის ჭიშკარი დაახლოებით ორი-სამი წელია რაც ჩაიდგა.
12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოსარკვევია ადგილი აქვს თუ არა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი გზით სარგებლობაში ხელშეშლას.
13. სადავო საკითხის გამორკვევის მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის ძალით სასამართლოს აქტები სავალდებულოა შესასრულებლად, მათი შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა კანონით ისჯება. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით, ხოლო ამავე კოდექსის 421-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
14. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია საჩხერის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც საჩხერის რაიონის სოფელ ......., ა. ე.ს ძე გ–ს, ბიძამისის, კ. ს. ძე გ–ის ვენახის ბოლოზე დაუკანონდა 1998 წლის 21 ოქტომბრის კომისიის აქტის შესაბამისად, 37 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის, სულ 111 მ2 იმ პირობით, რომ ამ გზით ისარგებლებდნენ, როგორც მოდავე მხარეები, ასევე მეზობლებიც, ხოლო შესასვლელ მიწას ჭიშკარს ჩაუსვამდნენ, მხოლოდ თავიანთ საკარმიდამოში. საქმეზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების, სურათების და ახსნა-განმარტებების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხეებმა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 12 წლის შემდეგ, შეზღუდეს მოსარჩელის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, იქ დაამონტაჟეს ჭიშკარი და ჩაკეტეს იგი.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსთვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს შეხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, უნდა შესრულდეს/აღსრულდეს განუხრელად მიუხედავად იმისა თუ როდისაა იგი მიღებული. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას, რომ წინამდებარე განჩინების მე-16 პარაგრაფში მოყვანილი ფაქტები ცალსახად მიუთითებენ მოპასუხეთა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების უგულებელყოფის მცდელობაზე, რაც დაუშვებელია და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა მართებულად გახდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საქმის განხილვაზე.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ა.გ–ის, ზ.გ–ის, ფ.კ–ძის და რ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ა.გ–ს, ზ.გ–ს, ფ.კ–ძესა და რ.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ ა.გ–ის მიერ 17/09/2024წ. №47129873 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი