დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-1351-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1351-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“, მიმართ პირგასამტეხლოს - 533 132,78 ლარისა და დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 294 163,42 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2021 წლის 15 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება CEB/EE/W/NCB/04-2021, ქ. თბილისის 181-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შესახებ. სამუშაოების მიღება განხორციელდა 35 ეტაპად, რის თაობაზეც დამკვეთის, შემსრულებლისა და პროექტის ზედამხედველის მიერ შედგა სამმხრივად ხელმოწერილი გადახდის სერტიფიკატები.

2.2. 2023 წლის 1 მაისს, პროექტის ზედამხედველის - უცხოური საწარმოს „ე–ა სერვისიოს დე ინხენიერია ეს.ელ-ის ფილიალის“ (შემდგომში - „ე–ა“) მიერ გაიცა სამუშაოების დასრულების სერტიფიკატი, რომელიც დადასტურდა შემსრულებლის ხელმოწერით. მიუხედავად სამუშაოების დასრულებისა, მხარეთა შორის წარმოიშვა შეუთანხმებლობა სამუშაოების შესრულების ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების სრულად ანაზღაურების შესახებ.

2.3. სარჩელის თანახმად, ხელშეკრულების თავდაპირველი რედაქციით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო მათი დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში. საბოლოოდ, 2022 წლის 28 ივლისს, განხორციელდა ხელშეკრულების ცვლილება N5, რომლის თანახმადაც სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 15 სექტემბერი. აღნიშნულ ვადას შპს „ბ–ი“ თავიდანვე არ ეთანხმებოდა, თუმცა დამკვეთმა ხელშეკრულებით ასანაზღაურებელი თანხიდან შპს „ბ–ს“ მაინც დაუკავა პირგასამტეხლო 533 132.78 ლარის ოდენობით, რაც აღინიშნა გადახდის სერტიფიკატებში N34-35.

2.4. ქ. თბილისის 181-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2022 წლის 22 სექტემბრის მოთხოვნის საფუძველზე, დამკვეთმა, 2022 წლის 30 სექტემბრის N2731-გ წერილით, მოსარჩელეს მოსთხოვა დამატებითი სამუშაოების შესრულება (ამ დროისათვის გასული იყო სამუშაოების შესრულების ვადა) – ობიექტის დადგმული სიმძლავრის გაზრდა, რომლის შესრულების ვადაც არ იყო დამოკიდებული მოსარჩელეზე. კერძოდ, ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების სიმძლავრის გაზრდას ახორციელებს სს „თ–სი“ და ამ მომსახურების განხორციელების სტანდარტული ვადა არის 40 სამუშაო დღე, რაც გადიოდა 2022 წლის 29 ნოემბერს. შესაბამისად, მოსარჩელე მის შესრულებას 2022 წლის 15 სექტემბერს ვერ შეძლებდა. მას შემდეგ, რაც სს „თ–მა“ დაასრულა მუშაობა, საჭირო გახდა მიწის ნაკვეთის საზღვრამდე მოყვანილი ელექტრო ენერგიის შენობის ძირითად ელექტრო ფარამდე მიყვანა, რაც ასევე წარმოადგენდა დამატებით სამუშაოს და მესამე პირს უნდა შეესრულებინა. მოსარჩელემ სამუშაოების შესრულების ვარიანტები მოპასუხეს მიაწოდა 2023 წლის 7 თებერვალს, ხოლო, დამკვეთმა სამუშაოების შესრულება დაადასტურა 2023 წლის 9 თებერვალს. ამასთან, სამუშაოების შესრულების ვადა იყო ხელშეკრულების დადებიდან 2 კვირა. შესაბამისად, სამუშაოები ვერ დასრულდებოდა 2023 წლის თებერვლის ბოლომდე. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭირო იყო დრო იმისათვის, რომ ახლად მოყვანილი ელექტრო ენერგიით დატესტილიყო ტერიტორიაზე მოსარჩელის მიერ დამონტაჟებული აგრეგატები. პირველი ასეთი ტესტირება დამკვეთის მიერ ჩატარდა 2023 წლის 27 მარტს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სარჩელში აღინიშნა, რომ მენარდეს პირგასამტეხლო საერთოდ არ უნდა დარიცხოდა, რადგან სამუშაოების დაგვიანებით ჩაბარება განაპირობა დამკვეთის მიერ 2022 წლის 30 სექტემბერსა და 2023 წლის 9 თებერვალს გაცემულმა ისეთმა დავალებებმა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო და რომლების შესრულების ვადაც მოსარჩელეზე არ იყო დამოკიდებული. შენობაში სიმძლავრის არქონა ბუნებრივად იწვევდა სამუშაოების გახანგრძლივებას და მოსარჩელის მიერ დამონტაჟებული აგრეგატების ტესტირების შეუძლებლობას.

2.5. სარჩელში ასევე მიეთითა, რომ ხელშეკრულების 47.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სამუშაოების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იყო არაგონივრულად მაღალი და მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო დარღვევის დაფიქსირების მომენტისათვის დარჩენილი სამუშაოების ღირებულებიდან. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა გაგრძელებულიყო სულ მცირე 2023 წლის 28 თებერვლამდე (ამ დროს მოგვარდა ობიექტზე ელექტრო ენერგიის პრობლემა). გადახდის N34 სერტიფიკატიდან ირკვევა, რომ ამ დროისათვის შემსრულებელს დარჩენილი ჰქონდა 378 973.82 ლარის ღირებულების სამუშაოები. შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა იქნებოდა 23 117 ლარი.

2.6. გარდა დარიცხული პირგასამტეხლოს უკანონობისა, მოსარჩელე უთითებდა, რომ სამშენებლო ობიექტზე შეასრულა მთელი რიგი სამუშაოები, რომელთა ანაზღაურებაზეც დამკვეთი უარს დაუსაბუთებლად აცხადებდა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, 2021 წლის 15 ივლისს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 1.1 (y) პუნქტის შესაბამისად, პროექტის მენეჯერი იყო საზედამხედველო კომპანია „ე–ა“, რომელიც ამავე ხელშეკრულების ზოგადი პირობების 1.1 „შ“ ქვეპუნქტის მიხედვით „პასუხისმგებელი იყო სამუშაოთა შესრულების ზედამხედველობაზე და კონტრაქტის მართვაზე“. მის მიერ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა სამუშაოების დათვალიერება და ხარვეზების ასახვა. „ე–ას“ მიერ გამოცემულ სამუშაოთა დასრულების სერტიფიკატში და მის დანართში დეტალურად იყო ასახული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა - ხარვეზი/არაჯეროვანი შესრულება. მოპასუხის მიერ სრულად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოხდა კონტრაქტორისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, და დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

3.3. ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 12 თვის განმავლობაში - 2022 წლის ივლისში, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა არაერთხელ იქნა გათვალისწინებული და სწორედ კონტრაქტორის თხოვნით, ვადა გახანგრძლივდა 2022 წლის 15 სექტემბრამდე, მაგრამ მოსარჩელემ ამ დროშიც ვერ შეძლო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მოხდა მის მიმართ ხელშეკრულების 47.1. პუნქტის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრება.

3.4. შესაგებელში ასევე მიეთითა, რომ „ე–ას“ 2022 წლის 6 ოქტომბრის წერილში აღნიშნული იყო ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე, რის შედეგადაც მხარეთა მიერ შეიცვალა ხელშეკრულების N6 ცვლილების მე-6 პუნქტი. აღნიშნული ცვლილების საფუძველს წარმოადგენდა ვარიაციის ორდენი N4, რომლის მიხედვითაც, დენის სიმძლავრეების გაზრდისთვის კონტრაქტორს დამატებითი ანაზღაურება განესაზღვრა. მოპასუხე მიუთითებდა სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე, რადგან მოსარჩელემ აღნიშნული ცვლილებაზე ხელმოწერით, კერძოდ მე-6 პუნქტის (ა) პარაგრაფით, დაადასტურა, რომ არ ჰქონდა რაიმე დამატებითი პრეტენზია ან/და მოთხოვნა ცვლილებების საკითხებთან, ანუ ხელშეკრულების ვადასთან და საფასურთან დაკავშირებით. ასევე, ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტით, აიღო პასუხისმგებლობა არ წამოეწყო რაიმე სახის მოთხოვნა ან პრეტენზია ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც წარმოიშობოდა ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან, ან გამომდინარეობდა მისგან.

3.5. მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და სრულად ჰქონდა შესრულებული. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების გამო დამატებით თანხის მოთხოვნა წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევას, რაც გულისხმობდა ხელშეკრულების ფასზე შეთანხმებას. ის, რომ მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებით თანხას, ნათლად დასტურდებოდა ხელშეკრულებით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მოსარჩელე შპს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 375 875,34 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში, შპს „ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით, მოპასუხე სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მოსარჩელე შპს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ორივე მოდავე მხარემ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მოსარჩელე შპს „ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან - 405 877 ლარის გადახდა. შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით, მოპასუხე სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მოსარჩელე შპს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა.

5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერვე მითითებული ის გარემოება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა/ არაჯეროვანი შესრულება გამოიწვია მისგან დამოუკიდებელმა და ობიექტურმა გარემოებებმა. შესაბამისად პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან და ამავე სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. სახელდობრ, სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის მართებულობა, მასზედ, რომ დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ფარგლებში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ, შეუსრულებელი ვალდებულებიდან უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა მიიჩნია, რომ სასამართლომ შესასრულებელ ვალდებულებად, ვადაგადაცილების მთლიან პერიოდზე არასწორად მიიჩნია 854 655.11 ლარი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას სასამართლოს ბაზად უნდა გამოეყენებინა რეალურად შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება: - 854 655.11 ლარი - 2022 წლის 29 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის ჩათვლით ვადაგადაცილების პერიოდზე (54 დღე); - 614 277.27 ლარი - 2022 წლის 22 დეკემბრიდან -2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით ვადაგადაცილების პერიოდზე (68 დღე); - 634 414.13 ლარი - 2023 წლის 28 თებერვლიდან - 30 აპრილის ჩათვლით ვადაგადაცილების პერიოდზე (62 დღე). აღნიშნულის შედეგად, პალატამ დაასკვნა, რომ შპს „ბ–ისათვის“ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო შემდეგი წესით: 2022 წლის 29 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის ჩათვლით 854.66X54 დღეზე = 46151.64 ლარით; 2022 წლის 22 დეკემბრიდან - 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით 614.28 X 68 დღეზე = 41771.04 ლარით და 2023 წლის 28 თებერვლიდან - 30 აპრილის ჩათვლით 634.41x62 დღეზე = 39 333.42 ლარით, ჯამში - 127 256.10 ლარი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 533 132.78 ლარიდან, მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა (533 132.78 - 127 256.10) 405 877 ლარი, რაც ხელშეკრულების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვადაგადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფდა შპს „ბ–ის“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, დაკისრებული გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მსჯელობა დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ 294163.42 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების ნაწილში, შპს „ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მენარდე სადავო თანხის ანაზღაურებას უკავშირებდა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებულ დამატებითი სამუშაოების შესრულებას, თუმცა მას არ წარუდგენია სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით განმტკიცებული ორი კუმულატიური მტკიცებულება: ერთი, რომ მან არსებითად გადააჭარბა მხარეთა შორის შეთანხმებულ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას და მეორე, რომ მან ამგვარი გადაჭარბების თაობაზე აცნობა შემკვეთს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, არ დასტურდებოდა დამატებითი სამუშაოებისა და აღნიშნულის საფუძველზე ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მხარეთა შეთანხმება, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.

5.4. სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „ბ–მა“ სასამართლოს წარუდგინა 2023 წლის 5 აპრილის შეთანხმება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის 2.1. პუნქტით იურიდიული მომსახურების ღირებულება განსაზღვრული იყო მოპასუხისათვის საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 4%-ის ოდენობით (იხ. ტ.1. ს.ფ.-376-378). დავის საგნის, საქმის მოცულობის, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულის და საქმეზე ადვოკატის მიერ განხორციელებული მოქმედებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელე შპს „ბ–ის“ სასარგებლოდ მოპასუხე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დააკისრა 5000 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო პალატის აზრით, სრულ შესაბამისობაში იყო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის იმ საპროცესო დანაწესთან, რომელიც მოცემული იყო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში და შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობდა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, ორივე მოდავე მხარემ.

5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი - სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება კანონსა და მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების პირობებს.

6.2. კასატორი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ნორმის გამოყენების წინაპირობაა, ისეთი ფაქტების მითითება, რომლებიც ქმნიან შეფასების საფუძველს და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. მისივე მტკიცებით, განსახილველ საქმეზე დადგენილია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არცერთი მხარე არ ხდიდა სადავოდ, კერძოდ: უდავოა კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებო პირობათა ბრალეული დარღვევა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად, მხოლოდ სუბიექტური შეფასების შედეგად აღნიშნა, რომ შემსრულებლის დარღვევის ხარისხი და ვადაგადაცილება არ შეესაბამებოდა ფონდის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს ინდივიდუალური მიდგომით უნდა მოეხდინა სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების დადგენა და მხოლოდ მას შემდეგ არგუმენტირებულად განემარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან მიმართებით რატომ იყო ფონდის მიერ, მხარეთა ნების საფუძველზე, შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოდ მაღალი კონტრაქტორისთვის.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის, რომ სადავო პირგასამტეხლო დაეკისრა მრავალწლიანი გამოცდილებისა და მყარი ფინანსური მდგომარეობის მქონე სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და შესაბამისად, გააჩნია სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისთვის დასაკისრებელი სანქციების მოლოდინი. ამასთან, კასატორი ამტკიცებს, რომ ნარდობის ობიექტის შესყიდვა განხორციელებული იყო მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე (სკოლის მშენებლობა), რომელიც ზუსტად უნდა დასრულებულიყო ვადაში, რათა ბავშვებს შეძლებოდათ სწავლის დაწყება, ცალსახაა რომ ვალდებულება არ შესრულდა და საჯარო ინტერესს მიადგა ზიანი. სააპელაციო სასამართლოს კი, არ უმსჯელია მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ რა მნიშვნელობის ზიანი გამოიწვია, და მხოლოდ თეორიული მითითებით შემოიფარგლა, როდესაც დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენდა ე.წ. „სადამსჯელო სანქციას“, არამედ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული თანხა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რაც განისაზღვრა სწორედ იმ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა სამუშაოების დროულად დასრულებასა და სკოლის მომზადებას სასწავლო პროცესისთვის. კონტრაქტორის მიერ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია ზიანი - სკოლის უფუნქციობა, რაც დამკვეთისთვის სრულიად უკარგავდა აზრს მენარდის მიერ ვალდებულების სხვა ნაწილის ვადაში დასრულებას, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან უნდა გამოთვლილიყო, როგორც ეს ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში.

6.5. კასატორი ასევე აცხადებს, რომ შპს „ბ–ს“ დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია დასაბუთებული შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამობასთან დაკავშირებით, რის გამოც მან დაკარგა ამგვარი მოთხოვნის მოგვიანებით დაყენების უფლება (სუს. Nას-1451-1371-2017).

6.6. კასატორი ითხოვს მისთვის დაკისრებული სასამართლო ხარჯების (საადვოკატო მომსახურების ღირებულების) დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2021 წლის 15 ივლისს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა (დამკვეთი) და შპს „ბ–ს“ (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის და ენერგო ეფექტურობის ზომების შემოღების შესახებ. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 1.1. (hh) პუნქტის შესაბამისად, პროექტი გულისხმობდა არსებული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს და მისი ენერგო ეფექტურობის ზრდას, შენობის შესაბამისობაში მოყვანას შშმ პირების საჭიროებებთან, ლანდშაფტის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას და ახალი ბოილერის აშენებას. პროექტი გულისხმობდა შენობის ძველი ელემენტების დაშლას და ახლებით ჩანაცვლებას. შენობის ინტერიერის დაგეგმვა უნდა განხორციელებულიყო ახალი სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. უნდა მოწყობილიყო ახალი კედლები, იატაკები და ჭერები, შეცვლილიყო კარ-ფანჯარა და მოწყობილიყო იზოალუმინის გამოყენებით, დამონტაჟებულიყო სამგზავრო ლიფტი, მოწყობილიყო სკოლის ლანდშაფტი და ღობე, მოწყობილიყო სპორტული მოედანი, შეცვლილიყო ინტერიერის და ექსტერიერის საინჟინრო კომუნიკაციები, მოწყობილიყო გარე განათება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაურკვევლობის გამოსარიცხად, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა შემსრულებლის ყველა ვალდებულების შესრულებას (მათ შორის, ისეთებს, რომლებზედაც მითითებული იყო მიახლოებითი ფასები) და ყველა საგანს, რომელიც საჭირო იყო ყველა სამუშაოების ჯეროვანი და სრული შესრულებისათვის და დეფექტების აღმოსაფხვრელად. თუ ხარჯთაღრიცხვაში არ იყო მოცემული რომელიმე სამუშაო ან ვალდებულება, რომელიც გაწერილი იყო უპირატესი ძალის მქონე დოკუმენტით, შემსრულებელს უნდა შეესრულებინა ეს სამუშაოები ხელშეკრულების ღირებულებით, ფასის გაზრდის ან ვადის გაგრძელების მოთხოვნის გარეშე. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 1.1. (v) პუნქტის მიხედვით, სამუშაოების სრულად შესრულების დაგეგმილი თარიღი იყო 12 თვე დაწყების თარიღიდან. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 1.1. (dd) პუნქტის მიხედვით, დამკვეთი განსაზღვრავდა დაწყების თარიღს შემსრულებლისათვის 7 დღით ადრე შეტყობინებით. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 34.1. პუნქტის შესაბამისად, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი შეადგენდა 365 დღეს. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 47.1. პუნქტის თანახმად, მთელი ობიექტის სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების ჯარიმა შეადგენდა კონტრაქტის საბოლოო ფასის 0.1%-ს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. მთელი ობიექტის სამუშაოების ვადაგადაცილების ჯარიმის მაქსიმალური თანხა შეადგენდა კონტრაქტის საბოლოო ფასის 10%-ს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 27 ივლისი, ხოლო, დასრულების თარიღად - 2022 წლის 3 აგვისტო;

- 2021 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი საერთო სამუშაოები მოიცავდა: 1. სკოლის შენობის რეაბილიტაციას; 2. ახალი საქვაბის მოწყობას; 3. ტერიტორიის კეთილმოწყობას; 4. გარე განათების ქსელის მოწყობას; 5. გარე წყალ-კანალიზაციის ქსელების მოწყობას; 6. ღია სპორტმოედნის მოწყობას; 7. საყრდენი კედლების მოწყობას; 8. გარე ლიფტის მოწყობას. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა: სადემონტაჟო სამუშაოები: 1. მოხდეს ეზოს ტერიტორიაზე არსებული გზის საფარის დემონტაჟი; 2. არსებული საქვაბის და სპორტული მოედნის დემონტაჟი; 3. სკოლის შენობის არსებული სახურავისა და გადახურვების დემონტაჟი; 4. არსებული ღობის და კუტიკარ(ებ)ის დემონტაჟი; 5. შენობის ყველა კარ-ფანჯრის დემონტაჟი; 6. სკოლის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ნარჩენების გატანა; 7. სკოლის შენობაში კედლების, ტიხრების, ფანჯრების, კარების, იატაკების, შეკიდული ჭერების, არსებული ბათქაშის და პროექტით გათვალისწინებული ყველა მოცულობის დემონტაჟი; 8. სკოლის შენობის სასწავლო ბლოკის სახურავის ფენილის დემონტაჟი; 9. სახურავზე და ფასადებზე არსებული წყალგადამყვანი სისტემების დემონტაჟი; 10. არსებული გათბობის სისტემისთვის განკუთვნილი ლითონის მილების დემონტაჟი; 11. სხვენში დანაგვიანებული დამათბუნებელი წიდასა, სამშენებლო ნაგვის და სახიფათო ნარჩენების გატანა; 12. სკოლის შენობის კიბის უჯრედებში მოაჯირების საფეხურების დემონტაჟი. სამონტაჟო სამუშაოები: 1. არსებული სკოლის შენობაში გეგმარებით გათვალისწინებული ახალი კედლების, ტიხრების, ღიობების მოწყობა; 2. სხვენის დათბუნება წიდით; 3. ახალი სახურავის ფენილის მოწყობა პროექტის შესაბამისად; 4. წყალამრიდი და წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა;5. კიბის საფეხურების და მოაჯირების თავიდან მოწყობა; 6. პროექტით გათვალისწინებული ახალი იატაკების და შეკიდული ჭერების მოწყობა; 7. შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება (ლესვა, ღებვა); 8. ახალი საქვაბის მოწყობა; 9. გარე სპორტულო მოედნის მოწყობა; 10. გარე კიბეები, ბაქნების და ჩარდახების მოწყობა; 11. სკოლის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების და სამანქანო გზის მოწყობა; 12. შშმ პირთათვის ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები; 13. ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ ტერიტორიის მოსწორება-მოწესრიგება. ხელშეკრულების დეტალური სპეციფიკაციების 3.2. პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტორს უნდა უზრუნველეყო და ორგანიზება გაეკეთებინა მშენებლობაზე ელექტრო ენერგიის და წყლის შეძენის და მიწოდების და სხვა მომსახურებისათვის;

- 2021 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციის სამუშაოების კრებსით სახარჯთაღრიცხვო ღირებულებად განისაზღვრა 5 452 683.45 ლარი;

- 2022 წლის 28 ივლისს, N5 ცვლილება შევიდა ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და ენერგო ეფექტურობის ღონისძიებების დანერგვის შესახებ ხელშეკრულებაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისას, დიზაინის ცვლილების, დამატებითი სამუშაოებისა და სამუშაოების მოცულობის შემცირების გამო საჭირო გახდა გაუთვალისწინებელი ხარჯების თანხის გამოყოფა დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად. დამატებითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 455 987.80 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო, შემცირებული მოცულობების ღირებულებამ - 231 266.61 ლარი დღგ-ს გარეშე. მატებას და კლებას შორის სხვაობამ შეადგინა 224 721.19 ლარი დღგ-ს გარეშე, რომელიც დაიფარებოდა გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ფასი - 5 452 683.46 ლარი, რჩებოდა უცვლელი. შეთანხმების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 15 სექტემბერი. შეთანხმების მე-6 პუნქტით დადგინდა, რომ: ა) შემსრულებელს არ ჰქონდა დამატებითი პრეტენზიები და თხოვნები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით; ბ) ცვლილებაში მითითებული ფასი მოიცავდა ყველა სამუშაოს, მასალას, ხარჯებს და/ან გაუთვალისწინებელ ხარჯებს; გ) ცვლილების ხელმოწერით შემსრულებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას, არ წამოეწყო რაიმე მოთხოვნა ან პრეტენზია დაგვიანების ღირებულებასთან, შესრულების ფასთან და/ან დროსთან დაკავშირებით, რაც წარმოიშობოდა წინამდებარე ცვლილებიდან. ცვლილება N5 ძალაში შედიოდა მისი ხელმოწერის დღიდან, წარმოადგენდა 2021 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომლის სხვა პირობები და დებულებები რჩებოდა უცვლელი;

- მოსარჩელე შპს „ბ–ს’’ 2022 წლის 15 სექტემბრისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული არ ჰქონდა. შპს „ბ–მა’’ პროექტის მენეჯერს სამუშაოების შესრულების ვადის 2022 წლის 30 ნოემბრამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა 2022 წლის 12 აგვისტოს და 2022 წლის 15 სექტემბერს და სხვა შესასრულებელ სამუშაოებთან ერთად მიუთითა, რომ არსებული ელ. ენერგიის სიმძლავრე არასაკმარისი იქნებოდა რეკონსტრუქციის შემდგომ შენობის ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, უნდა გაზრდილიყო ელ. ენერგიის სიმძლავრე, რაც დროსთან იყო დაკავშირებული და არ წარმოადგენდა შემსრულებლის ვალდებულებას. 2022 წლის 16 სექტემბერს, პროექტის მენეჯერმა წერილობით მიმართა დამკვეთს და აცნობა, რომ 2022 წლის 15 სექტემბერს თბილისის N181 სკოლაში ვიზიტისას დარწმუნდა, რომ სამუშაოების დასრულებამდე კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, ასევე, ზოგიერთი შესრულებული სამუშაო მიუღებელი იყო. ამავე წერილში მითითებულია, რომ კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაო მისაღები იყო 2022 წლის აპრილ-მაისამდე, თუმცა მომდევნო თვეებში მუშაობის ტემპმა დაიკლო მუშა-ხელის სიმცირისა და არაორგანიზებულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის მენეჯერმა წინადადებით მიმართა დამკვეთს გამოყენებულიყო საჯარიმო სანქცია, რომელიც შეადგენდა დასრულების თარიღის (15.09.2022) შემდეგ თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1%, მანამ, სანამ პროექტის მენეჯერი კონტრაქტორის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ სამუშაოები საბოლოოდ დასრულებულია და გასცემდა სამუშაოს დასრულების სერტიფიკატს. 2022 წლის 20 სექტემბერს, პროექტის მენეჯერმა შემსრულებელს აცნობა, რომ დამატებითი ვადა - 10 დღე, დაუწესდებოდა მხოლოდ სარდაფში ჩასასვლელებთან მიმართებით, რადგან აღნიშნული სამუშაო პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ამავე წერილით „ე–ამ“ ელ. ენერგიის სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით მოითხოვა ელ.ინჟინერ-ექსპერტის მიერ დამუშავებული დოკუმენტაცია და ელ. ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის მონაცემები;

- 2022 წლის 22 სექტემბერს, სსიპ ქალაქ თბილისის N181-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მიმართა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და მიუთითა, რომ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა ელექტრო-ენერგიის სიმძლავრის გაზრდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მოპასუხე სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოსარჩელეს გადაუგზავნა სკოლის დირექციისგან მიღებული წერილები და მიუთითა, რომ ვინაიდან მოთხოვნილი იყო დამატებით იმ სამუშაოთა შესრულება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი პროექტის მიხედვით, შპს „ბ–ს“ უნდა მოემზადებინა წინადადება წერილში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად და წარედგინა „ე–ასთვის“;

- ვინაიდან, შპს „ბ–მა’’ სამუშაოთა დასრულება ვერ შეძლო 2022 წლის 15 სექტემბრამდე, „ე–ამ“ გასცა თანხმობა სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივებულიყო კიდევ 43 დღით (ჯამში 86 დღე) და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 28 ოქტომბერი;

- 2022 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლაში გამოსასწორებელი/შესასრულებელი იყო შემდეგი სამუშაოები: 1. ასფალტის გზა მთლიანად დაფარული იყო მტვრით/ქვიშით/მიწით; 2. საქვაბის ჟანგიანი საკვამური არ იყო შეცვლილი, ჟანგიან საფარზე იზოლაცია და თუნუქის ფურცელი იყო გადაკრული (გამოსასწორებელი იყო); 3. განათების ბოძები არ შეესაბამებოდა პროექტს, ისინი უფრო მოკლე იყო ვიდრე ეს წარმოდგენილი იყო მოთხოვნებში; განათების ბოძები ცუდად იყო შეღებილი. ბეტონის სამუშაოები პროექტთან შეუსაბამო იყო. მოცემული სამუშაოები უარყოფილ იქნა; 4. ბორდიურები არ იყო კარგად დამონტაჟებული. სამუშაო უარყოფილ იქნა; 5. ერთი საწვიმარი მილი აკლდა და წვიმის წყალი პირდაპირ ფასადზე ჩაედინებოდა; 6. გარე ღობეზე ზოგიერთი პანელი არ იყო დამონტაჟებული; 7. გარე ჭიშკარი დაჟანგული იყო და გამოყენებული ჩანდა. სამუშაო უარყოფილ იქნა; 8. უნიტაზები და კარები არ იყო დამონტაჟებული; 9. დამონტაჟებული კარები სხვადასხვა ზომის იყო; 10. ვინილის იატაკის დაგება არ იყო დასრულებულ. 11. ზოგიერთი ფანჯრის მინა გატეხილი იყო. 12. შეკიდული ჭერი არ იყო დასრულებული; 13. ფანჯრის ფერდობები დაუსრულებელი იყო; თბოიზოლაცია მოშიშვლებული; 14. ფანჯრის ბაზალტის რაფებზე იყო ცემენტის, ნალესის/საღებავის წვეთები: უნდა გაწმენდილიყო საცრემლეები; 15. ხიდზე თბოიზოლაცია დასასრულებელი იყო. პროექტის მენეჯერმა 2023 წლის 17 იანვარს ქ. თბილისის N181-ე სკოლის რეკონსტრუქციარეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული წყალარინების და ხანძარქრობის სამუშაოების ინსპექტირებაზე გამოავლინა შეუსაბამობები. წყალსადენის შიდა ქსელში იყო ძლიერი გაჟონვა და გამოყენებული სამუშაოები არ იყო ეფექტური პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან, ობიექტზე არ ხორციელდებოდა სამუშაოების ეფექტური ზედამხედველობა და პრობლემას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. პროექტის მენეჯერის 2023 წლის 25 იანვარს ჩატარებული წყალმომარაგების ცივი, ცხელი და ხანძარქრობის ქსელის წინასატესტო მოსამზადებელი სამუშაოების ინსპექტირებისას, გამოავლინა შეუსაბამობები და მიუთითა, რომ დაბალი ტემპით მიმდინარეობდა წყალმომარაგებისა და ხანძარქრობის სისტემების ტესტირებისათვის მზადება. 2023 წლის 2 თებერვალს, „ე–ამ“ ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლის წყალარინების მიმდინარე სამუშაოებზე ინსპექტირებისას გამოავლინა დეფექტები და მიუთითა, რომ დაბალი ტემპით მიმდინარეობდა შიდა წყალმომარაგების ცივი, ცხელი და ხანძარქრობის ქსელის მომზადება ტესტირებისათვის. ასევე, შიდა კანალიზაციის PVC მილები ჭერში მდგრადად არ იყო დამაგრებული ანკერებით;

- 2022 წლის 14 დეკემბერს, მხარეებმა შეათანხმეს ცვლილებათა უწყისი N4, რომელიც შეეხებოდა სემეკის დადგენილებით ელ.ენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდას. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სატენდერო პროექტი და პროექტის ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა სარეაბილიტაციო შენობის სრულ ელ.მომარაგების შეცვლას ახალი სისტემებისა და დანადგარების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, შენობისათვის საჭირო საპროექტო დადგმული სიმძლავრე შეადგენდა 246.8 კვტ-ს. ვინაიდან სარეაბილიტაციო შენობის არსებული ელ.მომარაგების დადგმული სიმძლავრე შეადგენდა 50 კვტ-ს, აუცილებელი იყო ელ.მომარაგების სიმძლავრის გაზრდა 250 კვტ-მდე, რასაც არ ითვალისწინებდა სატენდერო პროექტის და პროექტის ხარჯთაღრიცხვა. შპს „ბ–მა“ სს „თ–ს“ სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით მიმართა 2022 წლის 31 ოქტომბერს, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 96 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

- 2022 წლის 20 დეკემბერს, N6 ცვლილება შევიდა ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვის შესახებ ხელშეკრულებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სკოლის შენობის ელ. მომარაგების მოცულობის გაზრდის აუცილებლობის გამო, სამუშაოების გაზრდილი მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 96000 ლარი, საიდანაც 29539.83 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) გამოყენება მოხდებოდა დარჩენილი „გაუთვალისწინებელი სამუშაოებიდან“. დარჩენილი 66460.17 ლარი კი დაემატებოდა ხელშეკრულების ღირებულებას. შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება 5 452 683.46 ლარი გაიზარდა 66460.17 ლარით და შეადგინა 5519143.63 ლარი. შეთანხმების მე-6 პუნქტით დადგინდა, რომ: ა) შემსრულებელს არ ჰქონდა დამატებითი პრეტენზიები და/ან თხოვნები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით; ბ) ცვლილებაში მითითებული ფასი მოიცავდა ყველა სამუშაოს, მასალების ღირებულებას, დანახარჯებს და/ან ზედნადებ ხარჯებს; გ) ხელშეკრულების ცვლილების ხელმოწერით შემსრულებელი იღებდა პასუხისმგებლობას, არ წამოეჭრა რაიმე მოთხოვნა ან პრეტენზია ხელშეკრულების ცვლილებების ფარგლებში დაგვიანებით განპირობებულ ხარჯებთან, (სამუშაოების დასრულებასთან მიმართებაში არსებულ ფასებთან და/ან დროსთან დაკავშირებით შესრულების ფასთან და/ან დროსთან დაკავშირებით, რაც წარმოიშობოდა წინამდებარე ცვლილებიდან. ცვლილება N6 წარმოადგენდა 2021 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომლის სხვა პირობები და დებულებები რჩებოდა უცვლელი;

- 2023 წლის 7 თებერვალს, შპს „ბ–ის“ მიერ დამკვეთისათვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მიღებული დამატებითი დავალების შესაბამისად, სს „თ–ს“ დაუკვეთეს ელ. ენერგიის სიმძლავრის გაზრდა, რაც კომპანიის მიერ შესრულდა და გაზრდილი სიმძლავრე მიყვანილია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საზღვრამდე. აღნიშნულის შემდეგ, საჭირო იყო გაზრდილი სიმძლავრის შენობის ძირითად ელექტრო-ფარამდე მიყვანა, რაც ასევე წარმოადგენდა დამატებით სამუშაოს. ვინაიდან, სამუშაოთა შესრულება შემსრულებლისათვის არაპროფილური იყო, დამკვეთს წარედგინა შემსრულებელი კომპანიების სამი შესაძლო ვარიანტი. აღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადა იყო ორი კვირა, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების ასახვის მომენტიდან. ამავე წერილში, შპს „ბ–მა“ მიუთითა, რომ ობიექტზე სიმძლავრის შემოყვანამდე ვერ განხორციელდებოდა ვენტილაცია-კონდიცირების, საქვაბისა და სხვა აგრეგატებისა და მოწყობილობების ტესტირება. ამავე დღეს დამკვეთისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება დამოკიდებული იყო დამკვეთის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე დამატებით შესასრულებელ სამუშაოებთან მიმართებით. კერძოდ, ღია იყო საკითხი შენობის მთავარ ფარამდე სიმძლავრის მიყვანის შესახებ, რაც აფერხებდა იმ სისტემების ტესტირებას, რომელსაც სჭირდებოდა ელ. ენერგია. აღნიშნული წერილის პასუხად, 2023 წლის 9 თებერვალს „ე–ამ“ წერილობით მიმართა შემსრულებელს და აცნობა, რომ სამუშაოების თაობაზე უნდა მიემართათ კომპანია „El Platforma“-სათვის. მენეჯერმა ასევე აცნობა შემსრულებელს, რომ ტესტირებისათვის ელექტრო ენერგიის წყაროს მოპოვება შესაძლებელი იყო სხვადასხვა გზით. მათ შორის, გენერატორების გამოყენებით;

- ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლაში ელექტრო ენერგიის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 28 თებერვალს. პროექტის მენეჯერმა „ე–ამ“ წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, ვენტილაციისა და გათბობის სისტემების სატესტო სამუშაოები ჩაატარა 2023 წლის 27 მარტს. ტესტირებისას აღმოჩნდა რამდენიმე ხარვეზი ვენტილაციის სისტემაში, რის გამოც სავენტილაციო სისტემა პოზიტიურად არ შეფასდა. შემსრულებელს დაევალა სავენტილაციო სისტემის ხელახალი ტესტირებისათვის სამუშაოების წარმოება და თარიღის განსაზღვრა;

- შპს „ბ–ი“ ყოველთვიურად აწვდიდა პროექტის მენეჯერს - „ე–ას“ შესრულებული სამუშაოების ღირებულების შეფასების ანგარიშს, რის თაობაზეც დგებოდა შესაბამისი გადახდის სერტიფიკატები. სულ, შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება 2022 წლის 15 სექტემბრისათვის შეადგენდა 1 180 453.90 ლარს, 2022 წლის 31 ოქტომბრისათვის - 854 655.11 ლარს, 2022 წლის 22 დეკემბრისთვის - 614 277.27 ლარს, 2023 წლის 28 თებერვლისთვის - 634 414.13 ლარს;

- პროექტის მენეჯერმა - „ე–ამ“ 2023 წლის 1 მაისს შეადგინა სამუშაოების დასრულების სერტიფიკატი, რომლითაც დაადასტურა, რომ მოცემული თარიღისათვის კონტრაქტორს შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლისათვის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ძირითადი სამუშაოები. ამავე სერტიფიკატში მითითებულია, რომ ობიექტის დათვალიერებისას გამოვლენილი იყო ხარვეზები, რაც ხელშეკრულების ზოგადი პირობების და კონკრეტული პირობების 34.1. და 34.2. პუნქტების შესაბამისად უნდა აღმოფხვრილიყო 2024 წლის 1 მაისამდე. ამასთან, გამოსასწორებელი სამუშაოები, რომელიც შეტანილი იყო დეფექტების ნუსხაში უნდა გამოსწორებულიყო 2023 წლის 10 ივნისამდე;

- სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს „ბ–ს“ 2021 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო შეთანხმებული საზღაურიდან პირგასამტეხლოს სახით დაუკავა 533 132.78 ლარი;

- შპს „ბ–ის“ მიერ ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოებში კარებების მდფ-ით მოწყობის სამუშაოებში გადახდილია 27 125 ლარი (1კვ.მ.=350 ლარი, სულ 77.5 კვ.მ.); სკოლის შენობის ფანჯრებისა და სართულების დასუფთავებაში - 37 000 ლარი; 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით სკოლის შენობის ფანჯრების დასუფთავებაში - 12 750 ლარი; სკოლის საკანალიზაციო ჭების მოწყობის, კალათბურთის ფარების მონტაჟის, სპორტდარბაზში ბადის გაკვრის, ჩარდახების მონტაჟის, ბეტონის ღებვის, გარე მოაჯირების მოწყობისა და ჩარდახების კონსტრუქციის ღებვაში ჯამურად - 34 108.4 ლარი შ.ო–ამ შპს „ბ–ს“ ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლაში მიაწოდა: 1. 2022 წლის 18 ივნისს 940 ლარის ღირებულების პროდუქცია; 2. 2022 წლის 23 სექტემბერს - 1 616.50 ლარის ღირებულების პროდუქცია; 3. 2022 წლის 8 ოქტომბერს - 8 197.80 ლარის და 1 618 ლარის ღირებულების პროდუქცია; 4. 2022 წლის 15 ოქტომბერს - 4 150 ლარის ღირებულების პროდუქცია; 5. 2022 წლის 28 ოქტომბერს - 960.40 ლარის ღირებულების პროდუქცია. შპს „ნ.მ–იმ“ 2023 წლის 7 მარტს შპს ბ–ს“ ქ. თბილისის N181-ე საჯარო სკოლაში მიაწოდა 12 802 ლარის ღირებულების პროდუქცია;

- 2021 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 28 ოქტომბერი და ამ სამუშაოების მითითებულ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელე შპს „ბ–ის“ ბრალით;

- მოსარჩელე შპს „ბ–მა“ 2021 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი სამუშაოები, ნაცვლად 2022 წლის 28 ოქტომბრისა, დაასრულა 2023 წლის 1 მაისს - 184 დღის ვადაგადაცილებით;

- შპს „ბ–ისათვის“ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა 2022 წლის 29 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის ჩათვლით 854.66X54 დღეზე = 46151.64 ლარით; 2022 წლის 22 დეკემბრიდან - 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით 614.28 X 68 დღეზე = 41771.04 ლარით და 2023 წლის 28 თებერვლიდან - 30 აპრილის ჩათვლით 634.41x62 დღეზე = 39 333.42 ლარით - ჯამში 127 256.10 ლარი.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 361-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. სააპელაციო პალატამ დაადგინა და ამ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო მენარდის ბრალით და არ არსებობდა მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები. სააპელაციო პალატამ ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ბ–ის“ მიერ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება 2022 წლის 15 სექტემბრისთვის შეადგენდა 1 180 453.90 ლარს, 2022 წლის 31 ოქტომბრისათვის - 854 655.11 ლარს, 2022 წლის 22 დეკემბრისთვის - 614 277.27 ლარს ხოლო, 2023 წლის 28 თებერვლისთვის - 634 414.13 ლარს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ გაიზიარა მოსარჩელე აპელანტის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას სასამართლოს ბაზად უნდა გამოეყენებინა რეალურად შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება (854 655.11 ლარ ) და არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება (5 452 683,46 ლარი). შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პალატამ მიიჩნია, რომ მენარდისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო შემდეგი სახით: 2022 წლის 29 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის ჩათვლით 854.66X54 დღეზე = 46151.64 ლარით; 2022 წლის 22 დეკემბრიდან - 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით 614.28 X 68 დღეზე = 41771.04 ლარით და 2023 წლის 28 თებერვლიდან - 30 აპრილის ჩათვლით 634.41x62 დღეზე = 39 333.42 ლარით, ჯამში - 127 256.10 ლარი.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და შემკვეთის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონშესაბამისობა. შესაბამისად, კვლევის საგანს წარმოადგენს, როგორც დაკისრებული პირგასამტეხლოს გამოთვლის ფორმა, ასევე მისი შემცირების კანონიერება. კასატორი განსახილველ დავაში წარმოადგენდა მოპასუხეს, რომელიც მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენდა ე.წ. „სადამსჯელო სანქციას“, არამედ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული თანხა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რაც განისაზღვრა სწორედ იმ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა სამუშაოების დროულად დასრულებასა და სკოლის მომზადებას სასწავლო პროცესისთვის. კასატორის მტკიცებით, კონტრაქტორის მიერ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია ზიანი - სკოლის უფუნქციობა, რაც დამკვეთისთვის სრულიად უკარგავდა აზრს მენარდის მიერ ვალდებულების სხვა ნაწილის ვადაში დასრულებას, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან უნდა გამოთვლილიყო, როგორც ეს ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში.

15. მოხმობილ არგუმენტს საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

16. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

17. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

18. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, მაშინ როდესაც ამ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვროვანი პრაქტიკა მასზედ, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე Nას-774-2023, 12.09.2023წ.; Nას-905-2021, 12.01.2022წ.; Nას-971-2019, 28.10.2019წ.; Nას581-2019, 31.07.2019წ.; Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.). შესაბამისად, მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების ღირებულებიდან, თუმცა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას სასამართლოს ბაზად უნდა გამოეყენებინა რეალურად შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება: - 854 655.11 ლარი - 2022 წლის 29 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის ჩათვლით ვადაგადაცილების პერიოდზე (54 დღე); - 614 277.27 ლარი - 2022 წლის 22 დეკემბრიდან -2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით ვადაგადაცილების პერიოდზე (68 დღე); - 634 414.13 ლარი - 2023 წლის 28 თებერვლიდან - 30 აპრილის ჩათვლით ვადაგადაცილების პერიოდზე (62 დღე). აღნიშნულის შედეგად, შპს „ბ–ისათვის’’ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება 2022 წლის 29 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის ჩათვლით 854.66X54 დღეზე = 46151.64 ლარით; 2022 წლის 22 დეკემბრიდან - 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით 614.28 X 68 დღეზე = 41771.04 ლარით და 2023 წლის 28 თებერვლიდან - 30 აპრილის ჩათვლით 634.41x62 დღეზე = 39 333.42 ლარით, რაც ჯამში შეადგენდა 127 256.10 ლარს. შესაბამისად, დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 533132.78 ლარიდან, მოსარჩელეს მართებულად დაუბრუნდა (533132.78 -127 256.10) 405 877 ლარი.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმატების პერსპექტივა კასატორის არც იმ არგუმენტს აქვს, რომ კონტრაქტორის მიერ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია ზიანი - სკოლის უფუნქციობა, რაც დამკვეთისთვის სრულიად უკარგავდა აზრს მენარდის მიერ ვალდებულების სხვა ნაწილის ვადაში დასრულებას. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო პალატა იცნობს და სრულად ეთანხმება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-254-2025, 15 ივლისი 2025 წელი), რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება. თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი კვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, მეტიც - მან მიიღო დაგვიანებული შესრულება. აღნიშნული მსჯელობის სისწორე განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ მხრივ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ წარმოადგენდა იმგვარ ერთიან, კომპლექსურ ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებდა არა ცალკეული სამუშაოების ეტაპობრივ შესრულებასა და მიღებას, არამედ - შენობა-ნაგებობის აშენებასა და დასრულებულ მდგომარეობაში ჩაბარებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმეორდება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის დარიცხვა მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივად საფუძვლიანი იყო.

21. კასატორის შემდეგი შედავება მიემართება სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის არასწორად გამოყენებას (ანუ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას). მხარის მტკიცებით, არ არსებობდა დაკავებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი საფუძველი სათანადო შედავების არარსებობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნას, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში, ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაც არის შესაძლებელი (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

22. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ბ–ის“ მიერ აღძრული სარჩელის თანახმად, შედავებულია არა მხოლოდ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, არამედ პირგასამტეხლოს დარიცხვის ზოგადი საფუძვლები (ტომი I, ს.ფ. 9), შესაბამისად, ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის მისი განსახილველად დაშვების წინაპირობას.

23. კასატორის შემდგომი პრეტენზია მიემართება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას შპს „ბ–ის მიმართ, იურიდიული მომსახურების სახით გაწეული 5 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.

24. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016).

25. მოცემულ შემთხვევაში, აღძრული სარჩელი მართალია მარტივი კატეგორიის დავას მიეკუთვნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია ორივე მხარის მიერ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატის მიერ გაწეული შრომის, ინტელექტუალური რესურსისა და დახარჯული დროის გათვალისწინებით, დაკისრებული ხარჯი მართლზომიერია და არ არსებობს მისი შემცირების ან/და მის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი.

26. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 07/10/2025წ. №08586 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი