დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-1340-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1340-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების ნაწილობრივ გაუქმება (საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენაზე უარის თქმის ნაწილში)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და მისი დაყოვნებისთვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ხ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „მ.ე.კ–ის“ მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისთვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ა.ხ–ის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე მოსარჩელემ ა.ხ–მა წარადგინა კერძო საჩივარი.

7. კერძო საჩივრის ავტორი მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

8. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია, იდენტური განცხადებების წარმოდგენის პირობებში, მისი განცხადება საოქმო განჩინებით რატომ არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ე.კ“-ის განცხადება რატომ დარჩა განუხილველი. მისივე მტკიცებით, საქმეში შპს „ე.კ“-ის ჩართვაზე უარი შეუძლებელს ხდის მხარისთვის დაიცვას მისი სოციალური უფლებები, რადგან 2018 წლის 30 ნოემბერს შპს „მ.ე.კ–სა“ და შპს „ე.კ“-ს შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ცესიონერზე გადავიდა მთელი რიგი მოთხოვნის უფლებები.

9. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინების მიღებისას სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა მოპასუხეთა წარმომადგენლებზე გაცემული არასათანადო მინდობილობებით, მათ წარმოადგინეს ფორმალურად, ფაქსიმილიით დამოწმებული მინდობილობები, რის საფუძველზეც განაცხადეს, რომ შპს „ე.კ“-ს სასამართლოსთვის არ გაუგზავნია უფლებამონაცვლედ ჩართვის თაობაზე განცხადება. კერძო საჩივრის ავტორი, მიუთითებს, რომ ამ გარემოების უზუსტობა პროცესზევე დაადასტურეს თავად მოპასუხეთა წარმომადგენლებმა, რა დროსაც მიუთითეს, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ არა განცხადების წარმომდგენ მხარესთან, არამედ მიხეილ ნონიკაშვილთან (სს „მ.ე.კ–ის დირექტორი), ამდენად კერძო საჩივრის ავტორი, მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველი არამართებულად დარჩა. მიუხედავად თვალსაჩინო წარმომადგენლობითი ნაკლისა, მხარეებს არ მოეთხოვათ ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებების წარმოდგენა, შესაბამისად ვერ დადგინდა შპს „ე. კ“-ის ნამდვილი ნება, რამაც განსახილველ საკითხზე აშკარა შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

10. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინების მიღებისას, სასამართლომ სრულიად არასწორად მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს თუ როდიდან შეიტყო მოსარჩელემ ცესიის ხელშეკრულების დადების შესახებ, რადგან უფლებამონაცვლეობა პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება და მოსარჩელის მიერ ფაქტების სუბიექტურ შეცნობას არ შეიძლება საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენაზე რაიმე შედეგი ჰქონოდა.

11. კერძო საჩივრის ავტორი უზენაესი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ე.კ“-ის საქმეში უფლებამონაცვლედ ჩართვა აუცილებელია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო პერიოდში დამსაქმებლად მოიაზრებოდა სწორედ ეს კომპანია, ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ არც მოპასუხეს და არც შპს „ე. კ“-ს, რაც ნიშნავს, რომ მხარეები ეთანხმებიან ამ მითითებას, ამდენად ამ მხარის უფლებამონაცვლედ ჩართვა არ წარმოადგენდა რაიმე სახის ახალ მოთხოვნას, არამედ ემსახურებოდა უკვე დადგენილი სამართლებრივი რეალობის სწორ ასახვას პროცესში. ა.ხ–ი მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები სასამართლომ ან საერთოდ არ შეაფასა ან დაუსაბუთებლად უგულებელყო, რადგან გასაჩივრებული საოქმო განჩინებით მივიღეთ შედეგი, როდესაც პროცესში არ მონაწილეობს პირი, რომლის უფლებებსაც უშუალოდ ეხება შედეგი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ა.ხ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოში პროცესუალურ უფლებამონაცვლედ შპს „ე.კ“-ის ჩართვაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორედ ეს შპს იქნა მოაზრებული დამსაქმებლად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის გამოყენების შეზღუდვა კი, ბოჭავს მოსარჩელის უფლების დაცვის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი, კერძოდ, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის თავის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა (სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული). სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებსა და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (შდრ. სუსგ №ას-683-654-2016, 16.09.2016).

17. საკასაციო პალატა ხაზგასმით განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა არსებობს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო (იხ. სუსგ-ები: №ას-532-508-2016, 16.09.2016 წ., №ას-1558-1478-2017, 26.10.2018 წ., ͏№ას-1339-2022 2.12.2022წ.)

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს (წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე, სარჩელი აღძრულია 2024 წლის 30 აგვისტოს), ერთი მხრივ, შპს „მ.ე.კ–სა“ და მეორე მხრივ, შპს „ე.კ“-ს შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ცედენტმა ცესიონერს დაუთმო თავისი ყველა უფლება და მოთხოვნა კლიენტების მიმართ, რომელთა ზუსტი ჩამონათვალიც ამავე ხელშეკრულების დანართ N1-ში გაიწერა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი აცხადებდა და ადასტურებდა, რომ დანართი N1-ით განსაზღვრული სესხების ნარჩენი ძირი თანხებისა და მათზე დარიცხული გადაუხდელი სარგებლის ჯამური ღირებულება (34 134 929 ლარი) ჩაითვლებოდა მსესხებლის მიერ გამსესხებლის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებად. ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ცედენტი, მიუხედავად მოთხოვნის უფლების დათმობისა, განაგრძობს დანართში მითითებულ კლიენტებთან მოლაპარაკებებს და კისრულობს ვალდებულებას მათგან მიღებული შესრულება სრულად გადასცეს ცესიონერს.

19. მოხმობილი ხელშეკრულების შინაარსის კვლევის შემდგომ, საკასაციო პალატა მიუთითებს განსახილველ საქმეზე აღძრული სარჩელის შინაარსზე და განმარტავს, რომ ა.ხ–ის სარჩელი შრომითსამართლებრივ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც იგი სს „მ.ე.კ–ისგან“ მოითხოვს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და მასთან დაკავშირებულ მეორად მოთხოვნებს აყენებს. საქმის მასალებში წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებისა და წარდგენილი სარჩელის კვლევის შედეგად, საკასაციო პალატისთვის გაუგებარი რჩება რა სახის უფლებამონაცვლეობაზე აპელირებს მხარე, ვინაიდან აშკარაა, რომ შპს „მ.ე.კ–სა“ და შპს „ე.კ“-ს შორის დადებული ახალი „საკრედიტო ხაზის შესახებ“ ხელშეკრულების შესაბამისად, ცესიონერს დავალიანების ანგარიშში გადაეცა ცედენტის მოთხოვნები მისი მსესხებლების მიმართ და რაიმე სახის შრომითსამართლებრივი მოთხოვნები მხარეს არ გადასცემია. შესაბამისად, მართალია ფორმალურად სახეზეა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი - მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, თუმცა ასეთი დაშვება შინაარსობრივი თვალსაზრისით არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი უფლება/მოთხოვნა შპს „ე.კ“-ს არ გადასცემია და ამ ნაწილში იგი ვერ იქნება შპს „მ.ე.კ–ის“ სამართალმემკვიდრედ მიჩნეული.

20. მეტიც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუ კერძო საჩივრის ავტორის ნაგულისხმევი არგუმენტი ისაა, რომ მისი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა მიემართება სწორედ იმ პორტფელზე გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას, რომელიც მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ცესიონერს, ამ მიმართებითაც არ აქვს მის კერძო საჩივარს წარმატების პერსპექტივა, რადგან კონკრეტული სესხების ნარჩენი ძირი თანხის მოთხოვნის უფლების დათმობა არ იწვევს მასზე გაწეული ინტელექტუალური შრომის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გადასვლას ცესიონერზე, რომელიც წარმოშობილია განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლით - შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო პალატა დასძენს, რომ იმ პირობებში როდესაც ადგილი არ აქვს ერთი იურიდიული პირის გაუქმებას და მეორის მის სრულ სამართალმემკვიდრედ აღიარებას, სახეზეა სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, ანუ, შპს „ე.კ“-ზე გადავიდა მხოლოდ ცალკეული უფლებები (მოთხოვნის დათმობა), რასაც შინაარსობრივი კავშირი არ ჰქონია მოსარჩელის მიერ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან, ხოლო თუ მოსარჩელის მიზანს არასწორი ან არასასურველი მოპასუხე მხარის ჩანაცვლება წარმოადგენს, პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ არის ამ მიზნის მიღწევის ლეგიტიმური გზა/საშუალება.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ე.კ“-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი არ არის ა.ხ–ი, რამეთუ მას კანონი არ აძლევს მესამე პირის ინტერესთა დაცვის უფლებას/შესაძლებლობას, რის გამოც მასთან დაკავშირებულ არგუმენტებზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს.

22. ნიშანდობლივია, რომ საკასაციო პალატას ასევე სრულიად არარელევანტურად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მიერ განხორციელებული ვრცელი მსჯელობა მოპასუხის წარმომადგენლების არასათანადო უფლებამოსილებასა და მათ მიერ განხორციელებულ არასამართლებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს საკითხი მხოლოდ რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის გადასაწყვეტ საკითხთა წრეს მიეკუთვნება და იგი ვერ გახდება ვერც მიმდინარე დავის განხილვის საგანი და ვერც ა.ხ–ის განსჯის საგანი, მით უფრო, მას არანაირი კავშირი არ აქვს საქმეზე საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენასთან.

23. ამგვარად, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა.ხ–ის შუამდგომლობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ა.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი