დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-1159-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1159-2025 6 მარტი,2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ.ჯ–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ წერილობით გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე 2014 წლის 30 დეკემბრიდან - 2020 წლის 30 დეკემბრამდე, დასაქმებული იყო სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან - სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, ახალი დირექტორის არჩევამდე ვადით.

2.2. ნ.ჯ–ია, შეთავსებით, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კერძოდ: მოსარჩელე წარმოადგენდა წამყვან მასწავლებელს, ფილოლოგიის დოქტორს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დირექტორობის დარიცხულ 780 ლარს და მასწავლებლის 10 საათის - 330.80 ლარს, სერტიფიცირებული წამყვანი მასწავლებლის 10 საათის - 783.33 ლარს, კლასის დამრიგებლის - 101.25 ლარს, საერთო ჯამში მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა დარიცხულ 1995.38 ლარს.

2.3. მოსარჩელის განმარტებით, იგი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა სკოლის დირექტორის მოვალეობას, ფლობდა არაერთ სერტიფიკატსა და მადლობის სიგელს. მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში, მის მიმართ არც ერთხელ გამოყენებულა დისციპლინური სახდელი, მათ შორის არც პედაგოგებს ჰქონიათ უკმაყოფილება მის მიმართ.

2.4. მოსარჩელის მოსაზრებით, სამინისტროს 2023 წლის 12 ივლისის ბრძანება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იყო დაუსაბუთებელი და უკანონო.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის მიმართ წარდგენილი იყო სკოლის მასწავლებელთა საჩივრები, რომელთა საფუძველზეც 2023 წელს, მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება და რომლის საფუძველზეც ნ.ჯ–ია გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2023 წლის 13 ივლისის #67/კ ბრძანებით გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაეკისრა ნ.ჯ–იას სასარგებლოდ 2023 წლის 13 ივლისიდან 2024 წლის 20 ივნისამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის (სულ 21949.18 ლარის) ანაზღაურება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2 სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსით, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, ყურადღება გაამახვილა შრომით დავებში არსებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესზე და განმარტა, რომ დირექტორის მხრიდან ეთიკის კოდექსის უხეშ და სისტემატურ დარღვევას, რაც მოსარჩელის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, ადგილი რომც ჰქონოდა, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმების, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვალდებული იყო მიეცა სულ მცირე ერთი გაფრთხილება მაინც. პალატამ მიუთითა, რომ მოხმობილი ჩანაწერი წარმოადგენდა ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორს სამინისტროს მხრიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დასაქმებული პირის თვითნებურად გათავისუფლების პრევენციისათვის. შესაბამისად, სამინისტროს არსებული ჩანაწერის გათვალისწინებით, მართებდა დაეცვა ის ფორმალური წინაპირობები, რასაც შეეძლო გაემართლებინა პირის გათავისუფლება. შედეგად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება ბათილად მართებულად იქნა ცნობილი.

5.3. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ გარდა ფორმალური გაუმართაობისა, საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ სამინისტროს მხრიდან დასახელებული გადაცდომები, რომლებსაც შეეძლო გაემართლებინა შრომითი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, შესაბამისი გაფრთხილების გამოყენების გარეშე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდებოდა, ხოლო გარკვეული გადაცდომები, რასაც თავად მოსარჩელეც აღიარებდა, პალატის მოსაზრებით, ვერ მიიჩნეოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარის წინაპირობად, მით უფრო, არ ამართლებდა ზემოთ მოხმობილი სპეციალური კანონის 49.7 მუხლით სამინისტროსათვის დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით (2-ჯერადი გაფრთხილება) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

5.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ მოითხოვდა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენას ან კომპენსაციის მიკუთვნებას, ვინაიდან იგი მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული დირექტორის დანიშვნამდე, ხოლო დავის განხილვისას, სკოლას უკვე ჰყავდა დანიშნული/არჩეული დირექტორი. შესაბამისად, პალატის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა მისი უკანონოდ გათავისუფლებიდან ახალი დირექტორის დანიშვნამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, იყო კანონიერი და მართებულად დაკმაყოფილდა.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2025 წლის 2 აპრილის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის პრეტენზია მიმართულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენდა საკმარისს ისეთი სახის დისციპლინური სახდელის დადებისათვის, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება.

6.3. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ასევე, მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებულ ოდენობაზეც და უთითებს, რომ სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ თანამდებობრივი სარგოს განაცდურის ანაზღაურებაზე, რომელსაც ითავსებდა მოსარჩელე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის პარალელურად. სახელდობრ, სამინისტრო ნიშნავს მხოლოდ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომლის თანამდებობრივი სარგო მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრებოდა ყოველთვიურად დარიცხული 780 ლარის ოდენობით. კასატორი უთითებს, რომ სურვილის შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლო გაეგრძელებინა დამოუკიდებლად პედაგოგიური საქმიანობა იმავე სკოლაში ან სხვა სკოლაში კანონით დადგენილი წესით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უფლებამოსილება შეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში, ეს რეგულაცია არ უკრძალავდა მოსარჩელეს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებას, რის გამოც მოპასუხეს არ უნდა დაჰკისრებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ხელფასის სრული ოდენობით და დაკისრებული განაცდური შესაძლებელია განისაზღვრულიყო მხოლოდ 8 580 ლარის ოდენობით.

6.4. კასატორის აზრით, სასამართლო დასაქმებულის მხრიდან ჩადენილი დარღვევების სიღრმისეულ კვლევაში საერთოდ არ შევიდა და არ უმსჯელია დარღვევებზე შინაარსობრივად, მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ადგენს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. ამიტომ, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა, მათ შორის მოპასუხის მიერ მტკიცების ტვირთის დაძლევის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ე.წ. „contra legem“ გადაწყვეტილებას, ვინაიდან სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ ჩადენილ დარღვევებზე, მათი ჩადენის სიხშირეზე, სიმძიმეზე და რაც მთავარია, არ მიუღია მხედველობაში, მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხის მიერ იყო წარდგენილი.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი პოზიცია სწორედ კასატორთა მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნებია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დასაქმებულის მოთხოვნები.

9. განსახილველი სარჩელის ავტორი ყოფილი დასაქმებულია, რომელსაც სამუშაოდან მისი განთავისუფლება უკანონოდ მიაჩნია და დამსაქმებლის მიერ იძულებითი განაცდურის (სულ 21949.18 ლარის) ანაზღაურება სურს. მოსარჩელის მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, მასთან შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მიერ არამართლზომიერად შეწყვეტა უნდა დადასტურდეს. ამდენად, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის გამოცემული და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების პროცესში.

10. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, ზემოაღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). საკითხისადმი ასეთი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.

11. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო: არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).

12. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).

13. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

14. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია დირექტორის ეთიკის კოდექსის უხეში და სისტემატური დარღვევა. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება მართლზომიერად შეწყდა. ამ დასკვნის ჩამოყალიბებისას პალატას მხედველობაში აქვს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, კერძოდ:

- მოსარჩელე ნ.ჯ–ია 30.12.2014 წლიდან - 30.12.2020 წლამდე პერიოდში დასაქმებული იყო სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე. 30.12.2020 წლიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ახალი დირექტორის არჩევამდე ვადით. მოსარჩელე ასევე ამ უკანასკნელ სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც შეთავსებით საქმიანობას, კერძოდ: მოსარჩელე წარმოადგენდა წამყვან მასწავლებელს, ფილოლოგიის დოქტორს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დირექტორობის დარიცხულ 780 ლარს და მასწავლებლის 10 საათის - 330.80 ლარს, სერტიფიცირებული წამყვანი მასწავლებლის 10 საათის - 783.33 ლარს, კლასის დამრიგებლის - 101.25 ლარს, საერთო ჯამში მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა დარიცხულ 1995.38 ლარს.

- 12.06.2023 წელს მოსარჩელემ მოპასუხე სამინისტროდან მიიღო წერილობითი შეტყობინება სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის ხ.ს–ძის საჩივრის შესახებ. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება;

- მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოპასუხის მიერ 13.07.2023 წელს გამოვლენილი ნების საფუძველზე, დირექტორის ეთიკის კოდექსის უხეში და სისტემატური დარღვევისათვის საფუძვლით;

- 18.05.2023 წელს მოპასუხემ მიიღო სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის ხ.სილაგაძის საჩივარი, რომლითაც პედაგოგი მოსარჩელეს არათანასწორ მოპყრობაში დებდა ბრალს. დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოპასუხესთან წარდგენილ იქნა სხვა პედაგოგების მოხსენებითი ბარათები, რომლითაც მოსარჩელეს ბულინგში დებდნენ ბრალს. დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ქონდა შემდგომ გადაცდომებს: - სამინისტროს თანხმობის გარეშე სკოლის დირექტორმა თვითნებურად გადაანაწილა საათები. კერძოდ, აფხაზური ენის მასწავლებელს მისცა მათემატიკის საათები, როდესაც მას არ ჰქონდა აღნიშნულის კომპეტენცია და სკოლაში იყო კიდევ მათემატიკის 2 მასწავლებელი, რომლებზედაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული საათების განაწილება. აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ მათემატიკის საათებს ატარებდა მოწვეული პედაგოგი, ხოლო რაც შეეხება ხელფასს ის ერიცხებოდა აფხაზური ენის პედაგოგს, რომელიც შემდგომში მასზე დარიცხულ შესაბამისი საათების თანხას ურიცხავდა ზემოაღნიშნულ მოწვეულ პედაგოგს. - ქართული ენის მასწავლებლის შვებულებაში ყოფნის პერიოდში, მის შემცვლელ პედაგოგად მოსარჩელის ბრძანებით განისაზღვრა აფხაზური ენის პედაგოგი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ საათებს ის ატარებდა თავად, შესაბამისად იმ ეტაპისთვის დირექტორის დატვირთვა განისაზღვრა შემდეგნაირად: სკოლის დირექტორობა, კლასის დამრიგებლობა, ქართული ენისა და ლიტერატურის საათობრივი დატვირთვა, ანუ 16 საათს დამატებული 15 საათი და სულ 31 საათი. - 2022-2023 წლის პირველ სემესტრში სკოლაში არსებული მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიასთან დაკავშირებით - 2022 წლის 7 ნოემბერს სამინისტროს წერილობით მიეწოდა ინფორმაცია სკოლაში ვაკანტურ საათებთან დაკავშირებით 19 საათი. ვინაიდან ვაკანსია ვერ იქნა შევსებული, საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად განსახორციელებლად სკოლის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული საათების შიდა რესურსზე გადანაწილების შესახებ. დირექტორის განმარტებით, იგი თავად ატარებდა მათემატიკის საათებს, ასევე მისი მოადგილე ინგლისური ენის პედაგოგი, როცა სკოლაში იყვნენ მათემატიკის მასწავლებლები. - 2022-2023 წლების მეორე სემესტრში კონკურსის წესით აიყვანა 1-6 კლასის მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილებს ატარებდა მე-8 და მე-9 კლასებშიც, ხოლო მე-7 და მე-10 კლასებში მათემატიკას ატარებდა სხვა 1-6 კლასების სერტიფიცირებული პედაგოგი. - პედაგოგთა გამოცხადების ჟურნალში დირექტორი, მისი მოადგილე და საქმისმწარმოებელი, რომლებიც ასევე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან არ არიან საერთოდ შეყვანილი. - რიგ შემთხვევებში დადგინდა დირექტორის ბრძანებების და დისციპლინური გადაწყვეტილებების შეუსაბამობა სკოლის შინაგანაწესთან. - 2021 წელს მოსარჩელემ საკუთარ თავთან დადო შრომის ხელშეკრულება პედაგოგიურ საქმიანობაზე;

- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენება ან მოპასუხის მხრიდან წერილობითი გაფრთხილების მიცემას ადგილი არ ჰქონია;

- ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49.7. პუნქტის "გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მოსარჩელეს რომელიც იკავებდა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას მისი საქმიანობის გამო 2 წერილობითი გაფრთხილება არ მიუღია.

15. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 12.3. პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ საჯარო სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო, შესაბამისად გასაჩივრებული ბრძანებით გამოვლენილი ნება და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა შეფასდეს სამოქალაქო სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ სამართლებრივ ჭრილში. ამავე სპეციალური კანონის 34.3. პუნქტით, საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

16. ამავე კანონის 41.4 პუნქტის თანახმად, მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 44.3. პუნქტის თანახმად, ახალი დირექტორის არჩევამდე ან სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და არა დირექტორად. ამავე კანონის 49.7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია: ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს.

17. ზემომითითებული გარემოებების უარმყოფელი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) დამსაქმებელს არ წარმოუდგენია, კერძოდ ვერ დაასაბუთა, რომ სპეციალური კანონით გათვალისწინებული გაფრთხილება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მისი საქმიანობის გამო, სულ მცირე, ორჯერ მიეცა გაფრთხილება. მეტიც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ამგვარი გაფრთხილება საერთოდ არ მიუღია. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის დასკვნა, რომ დარღვეულია ის პროცედურა, რაც აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ანუ სახეზე არ იყო წლის განმავლობაში ორჯერ წერილობითი გაფრთხილების სკოლისათვის გაგზავნის ფაქტი, რაც აღნიშნულ საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლიდან გამომდინარე, ისინი საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზეც, რომ შრომითსამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიკური სტანდარტის შესაბამისად დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით მასზე ნაკისრი ვალდებულების ისეთი დარღვევა, რაც ამ უკანასკნელის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენებას - სამსახურიდან დათხოვნას და შედარებით უფრო მსუბუქი ხასიათის სხვა ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა. დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოკვეთილი დარღვევების შინაარსის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა არ იკვეთებოდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის ნება მართლზომიერად ვერ შეფასდებოდა. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია.

18. რაც შეეხება სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგის, დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობის მართლზომიერებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება საერთო ჯამში შეადგენდა დარიცხულ 1995.38 ლარს. ასევე, უდავოა რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 13.07.2023 წელს, ხოლო ახალი დირექტორი დაინიშნა 2024 წლის 20 ივნისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლზომიერია მოსარჩელის მოთხოვნა 13.07.2023-20.06.2024 წლის პერიოდის იძულებით განაცდურის სახით ჯამში დარიცხული 21949.18 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო ბრძანებით იგი მხოლოდ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა და შეეძლო გაეგრძელებინა მუშაობა მასწავლებლის პოზიციაზე, გარდა იმისა, რომ არ დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისითაც დაუშვებელია, ვინაიდან ამგვარი პრეტენზია დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობასთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოდგენილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო კი, თავისი არსით არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. საკასაციო პალატა, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ ახალი გარემოებების მითითების კანონისმიერი შესაძლებლობა მხარეებს შეზღუდული აქვთ მთავარი სხდომის დასრულებისთანავე, მსგავსი შედავება კი, მოპასუხეს ხსენებულ ეტაპამდე არ განუხორციელებია. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება ან გარემოება არ მიუთითებს, იმაზე, რომ მოსარჩელეს ეთხოვა მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება, ან/და ის რომ მან თვითნებურად შეწყვიტა შრომითი ვალდებულების შესრულება, რის გამოც დაეკისრა კიდეც შესაბამისი დისციპლინური სახდელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის ეს არგუმენტიც დაუსაბუთებელია და არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი