დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1074-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სარჩელი აღძრა სასამართლოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის 4380 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოპასუხის 2022 წლის 11 აგვისტოს N1005677122 დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათისა და განცხადების საფუძველზე, ბიუროში დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. 2022 წლის 22 აგვისტოს N1005926222 დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათით დამატებით წარმოდგენილ იქნა განცხადება, რითაც მოპასუხემ მოითხოვა დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევა. 2022 წლის 25 აგვისტოს მომზადდა N005856722 ექსპერტის დასკვნა, რომლის ღირებულების საფასურმა შეადგინა 4380 ლარი.
2.2. 2022 წლის განმავლობაში მომსახურების ტარიფი განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფებით. გაწეული სასაქონლო საექსპერტო მომსახურების სატარიფო კოდია 255 - დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა. მომსახურების ღირებულების საერთო ფასმა შეადგინა 4380 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულების დადებიდან დასკვნის მომზადებამდე არსებულმა დროის ხანგრძლივმა მონაკვეთმა ინტერესი დაკარგა დასკვნის მიღებაზე, მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ შეუტყობინებია დასკვნის მომზადების შესახებ და არც წერილობითი ხელშეკრულება წარუდგენიათ ხელმოსაწერად.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 4380 ლარის გადახდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის სამართალურთიერთობიდან, რომლის ნამდვილობისთვისაც კანონი რაიმე სპეციალურ ფორმას არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატამ, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ შემკვეთი არ იღებს მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოს, ასეთ შემთხვევაში, მოქმედებს შესრულების მიღების პრეზუმფცია. შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთი მხრივ, წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური. პალატამ დასძინა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით, კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის (მენარდე) მოთხოვნის უარყოფის საფუძველი.
5.3. მოხმობილი პრაქტიკისა და საქმეში განთავსებული სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულებების შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ შემსრულებელმა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2022 წლის 25 აგვისტოს შეადგინა ექსპერტიზის დასკვნა (მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება დასკვნის მომზადების და საექსპერტო მომსახურების ღირებულების გადახდის თაობაზე) და შეასრულა ვალდებულება, ექსპერტიზის ჩატარებისათვის განკუთვნილ ვადაში, ამიტომაც უსაფუძვლობის გამო, არ უნდა გაზიარებულიყო მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ არ შეატყობინა მოპასუხეს დასკვნის მომზადების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრებაც, რომ მხარეთა შორის არ მომხდარა საზღაურზე შეთანხმება, რაც ხელშეკრულების არსებითი პირობაა და აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი ხელშეკრულება, რამეთუ შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამასთან, სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ნარდობის ხელშეკრულებით საზღაურის ოდენობა არ არის შეთანხმებული, მაშინ ტარიფის არსებობისას ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი ტარიფების მიხედვით. შესაბამისად, დადგინდა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171-ე დადგენილების შესაბამისად.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ მსჯელობას და მოითხოვს დადგინდეს ახალი პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც განისაზღვრება, რომ ორ ადმინისტრაციულ ორგანოს/ სსიპ-ს შორის ურთიერთობა შეიძლება წარიმართოს მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულებისა და სხვა წერილობითი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის საფუძველზე. ამ მიმართებით კასატორს წარმოდგენილი აქვს სხვა ანალოგიურ შემთხვევაში, მერიის მიერ ურთიერთობის მხოლოდ წერილობითი კორესპონდენციის საფუძველზე მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გაზიარებაც, მისი აზრით, სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებლად არ მოხდა.
6.2. კასატორი უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არა მხოლოდ წერილობითი შეთანხმება არ არსებობდა ნარდობის ხელშეკრულების თაობაზე, არამედ არც სატელეფონო შეთანხმება ყოფილა მხარეებს შორის. ის ფაქტი, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიერ წერილობით იქნა გაფრთხილებული, არ არის ავთენტური და სასამართლოს ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია. კასატორის მტკიცებით, სატელეფონო შეტყობინება არ განხორციელებულა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ნომერზე. ასევე, კასატორი უთითებს, რომ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური ეპოქის აღმავლობის ჟამს, დიდი კომპანიები და ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თუ ერთ საერთო სისტემაში არ არიან ჩართულები, ოფიციალური კომუნიკაციისთვის და ეფექტური მუშაობისთვის იყენებენ ოფიციალურად საჯაროდ გამოქვეყნებულ და მითითებულ ელექტრონულ ფოსტას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2022 წლის 11 აგვისტოს N1005677122 დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათისა და განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე ბიუროში დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. 2022 წლის 22 აგვისტოს N1005926222 დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათით, დამატებით წარმოდგენილ იქნა განცხადება, რითაც მოთხოვნილ იქნა დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევა;
- შემსრულებელმა - მოსარჩელემ 2022 წლის 25 აგვისტოს შეადგინა ექსპერტიზის დასკვნა №005856722, ექსპერტიზის ჩატარებისათვის განკუთვნილ ვადაში. გაწეული მომსახურების ღირებულების საერთო ფასმა შეადგინა 4380 ლარი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა №005856722; მიღება-ჩაბარების აქტი №3005889422, ს.ფ. 44-52);
- მოსარჩელემ 2022 წლის 25 აგვისტოს მოპასუხეს მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (599 64 70 50) გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასკვნის მომზადების და საფასურის გადახდის თაობაზე (19.12.2024 წლის სამსახურებრივი ბარათი, ს.ფ. 102);
- მოსარჩელის მიერ გაწეული საექსპერტო მომსახურებისათვის მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 4380 ლარს. გაწეული სასაქონლო საექსპერტო მომსახურების სატარიფო კოდია 255 - დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა.
12. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა უარყო მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და განმარტა, რომ მათ შორის მომსახურების თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა. აღნიშნულის დასამტკიცებლად კასატორი უთითებდა მხარეთა შორის არსებულ სხვა ურთიერთობას, რომელიც ყოველთვის წერილობითი ფორმით იდებოდა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადი წესის შესაბამისად კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.
15. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. გარიგების მხოლოდ წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებას კანონი არ იცნობს არც საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მოთხოვნილი პრეცედენტული პრაქტიკის დადგენა სცდება სასამართლო ხელისუფლების მიერ გასაკეთებელ სამართლებრივ შეფასებას და საკანონმდებლო ხელისუფლების მოსაწესრიგებელ კატეგორიას განეკუთვნება. ასე, რომ არც იყოს, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მხარეთა შეთანხმების არარსებობისას, შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, მათ შორის ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე შესაძლებელია დაიდოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. მითითება წერილობითი ფორმით ხელშეკრულების არარსებობაზე არ გამორიცხავს ამგვარი სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობას.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ ნორმას ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაა საჭირო; ანუ, ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით და მისი ნამდვილობისათვის, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: Nას-1166-2019, 6.04.2020წ.; №ას-721-2021 28.12.2021წ.; №ას-1257-2021, 21.06.2022 წ.; № ას-725-2023 27.03.2024წ.;).
17. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში გაკეთებული აღნიშვნების მიუხედავად, სააპელაციო პალატას მხარეთა შორის ნარდობის ურთიერთობის არსებობა არ დაუდგენია მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე, არამედ სადავო ფაქტობრივი გარემოება დადგინდა საქმის მასალებში წარმოდგენილი მთელი რიგი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებებს. სახელდობრ, დადასტურებულია, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს მოპასუხე მერიის უფლებამოსილმა პირმა - მერმა, წერილობით მიმართა მოსარჩელე ბიუროს (წერილის ნომერი: 126-1262222254), სადაც მითითებულია შემდეგი: 2022 წლის 25 ივნისს ქ. თბილისში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოპასუხის ბალანსზე არსებული ავტომანქანა TOYOTA PRADO. ამჟამად ავტომობილი იმყოფება თბილისში, აშშ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საჯარიმო ავტოსადგომზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, განახორციელოთ შეფასების პროცედურები და დაადგინოთ, თუ რა თანხა ესაჭიროება ავტომანქანის სრულად აღდგენას, რათა შევძლოთ მისი ექსპლუატაცია (იხ. ს.ფ. 40). ასევე, დადასტურებულია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გაიგზავნა მომართვა (126-1262222254) 2 ფურცლად, დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: 1005677122; დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და დრო: 11/08/2022. დოკუმენტის დამნიშნავი: გ. ხ–ვა; ორგანიზაცია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, საიდენტიფიკაციო კოდი: .......; თანამდებობა: მერი. დანიშნული ექსპერტიზის შინაარსი- დაზიანებული ავტომობილის შეფასება. დოკუმენტის საკონტაქტო ტელ. ნომერი( SMS): ......, დოკუმენტის შემომტანი: ს.დ–ი. ( იხ. ს.ფ. 39). საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს მოპასუხე მერიის უფლებამოსილმა პირმა - მერმა, წერილობით მიმართა მოსარჩელე ბიუროს (წერილის ნომერი: 126-1262223119), სადაც მითითებულია შემდეგი: მოპასუხე მერიამ ჩვენი, 2022 წლის 10 აგვისტოს 126-1262222254 წერილით მოგმართათ, 2022 წლის 25 ივნისს ქ. თბილისში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული, მოპასუხის ბალანსზე არსებული ავტომანქანა TOYOTA PRADO-ს, რომელიც ამჟამად იმყოფება აშშ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საჯარიმო ავტოსადგომზე, შეფასების პროცედურების განხორციელების (თუ რა თანხა ესაჭიროება ავტომანქანის სრულად აღდგენას, რათა შევძლოთ მისი ექსპლუატაცია) თაობაზე. ვინაიდან საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომანქანის დგომა დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, გთხოვთ შეფასების პროცედურები ჩატარდეს დაჩქარებული წესით. (იხ. ს.ფ. 43). გარდა ამისა, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ ასევე, იხელმძღვანელა საქმის მასალებში განთავსებული მოსარჩელის წერილით: #5005808022, 25.08.2022 წელი, სადაც მითითებულია, რომ მერიის #126-1262222254 მომართვის საფუძველზე ეგზავნება #005856722 დასკვნა (იხ. ს.ფ. 44). აგრეთვე, მხედველობაში იქნა მიღებული, საქმის მასალებში განთავსებული 25/08/2022 წლის მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი #3005889422, სადაც მითითებულია: დასრულების თარიღი: 25/08/2022 წ. რეგისტრაციის ნომერი: 1005677122, მომსახურების ტიპი: დაჩქარებული; დასკვნის ნომერი: 005856722; ექსპერტიზის დამკვეთი: გ.ხ–ვა, ორგანიზაცია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, საიდენტიფიკაციო კოდი: ......., თანამდებობა: მერი. დოკუმენტის შემომტანი - ს.დ–ი. შესრულებული კვლევის კოდი ( საქ. მთავრობის 08.05.2012 #171 დადგენილების მიხედვით) დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა; საექსპერტო ( დაჩქარებული) მომსახურების ტარიფი კვლევის ერთეულზე ( დ.ღ.გ-ს ჩათვლით) -4380 ლარი. ( იხ. ს.ფ. 52), და ბოლოს, მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ასევე დაეფუძნა საქმის მასალებში წარმოდგენილ მოსარჩელის მიერ 2022 წლის 8 აგვისტოს, 4:08 საათზე გაგზავნილ SMS შეტყობინებას: დოკუმენტის ნომერი 1005677122, მობ. ტელეფონის ნომერი ........, ტექსტი: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ დანიშნული ექსპერტიზა რეგ. # 10055677122 დასრულებულია. გადასახდელი თანხა 4380 ლარი. ტელ:2...... გთხოვთ მობრძანდეთ: თბილისი ....... გთხოვთ გადაიხადოთ ღირებულება რეგ. #1005677122 მიხედვით. (იხ. ს.ფ. 102).
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოხმობილი წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად სრულიად რელევანტური და საკმარისია, საპირწონე მტკიცებულებები კი, კასატორის მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი.
19. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ-ები: N ას-696-696-2018, 6.07.2018; N ას-495-2020, 23.10.2020წ; Nას-776-2020. 21.04.2021წ; N ას-545-2021, 29.11.2022წ.). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებასაც, რომლითაც ნარდობის ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171-ე დადგენილების შესაბამისად.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დასტურდება, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, შესაბამისად, მოპასუხის/შემკვეთის შედავება გარიგების წერილობითი ფორმის დაუცველობის შესახებ, არ გამორიცხავს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის/მენარდის მოთხოვნის უფლებას, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიღებული მომსახურების შესაბამისი საზღაური. განსხვავებული შეთანხმების არსებობა ან/და შეთანხმების არარსებობის ფაქტი კი კასატორმა ვერ დაასაბუთა, რაც, საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის ფარგლებში, მისი მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი