დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-620-2024 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, აღნიშნულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ძის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. მხარეთა შორის 2021 წლის 13 აპრილს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება #11298273-ა, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე, სესხის სახით, გაიცა 73 000 ლარი (სესხი #7171853). ხელშეკრულებით კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 10.3%, პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო დარჩენილ ვადაზე - წლიურ მცურავ განაკვეთს დამატებული 4%, მაგრამ არანაკლებ 10.3%. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით.
2.2. 2021 წლის 13 აპრილს, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი .........., სართული 3, ბინა 16, ს.კ. ........... მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, თუ რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეოდა გ.კ–ძის სხვა ქონებაზე.
2.3. 2021 წლის 21 აპრილს მხარეთა შორის გენ. საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 5 000 ლარი (სესხი #7188507). ხელშეკრულებით კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 10.70 % პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო დარჩენილ ვადაზე - წლიურ მცურავ განაკვეთს დამატებული 4%, მაგრამ არანაკლებ 10.70%. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით.
2.4. 2022 წლის 24 მარტს, მხარეთა შორის, გენ. საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 31 850 ლარი (სესხი #78199186). ხელშეკრულებით კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 19.70%-ს, პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო დარჩენილ ვადაზე - წლიურ მცურავ განაკვეთს დამატებული 4%, მაგრამ არანაკლებ 19.70%. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით.
2.5. მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული სესხის გადახდის ვალდებულება. კერძოდ, მსესხებელს უფიქსირდება ვადაგადაცილება: #7171853 სესხზე 26.01.2023 წლიდან; #7188507 სესხზე 27.02.2023 წლიდან, ხოლო #8199186 სესხზე 25.11.2022 წლიდან. შესაბამისად მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა: - #7171853 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 75315.30 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 71372.93 ლარი, სარგებელი - 3167.84 ლარი, საკომისიო - 95 ლარი და პირგასამტეხლო - 679.53 ლარი; - #7188507 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4790.21 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 4595.60 ლარი, სარგებელი - 145.47 ლარი, საკომისიო - 4.35 ლარი და პირგასამტეხლო - 44.79 ლარი; - #8199186 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 35380.52 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 31277.78 ლარი, სარგებელი - 2869.84 ლარი, საკომისიო - 104.37 ლარი და პირგასამტეხლო - 1128.53 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო, მისი შემცირება მოითხოვა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გ.კ–ძეს #7171853 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 75315.30 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 71372.93 ლარი, სარგებელი - 3167.84 ლარი, საკომისიო - 95 ლარი და პირგასამტეხლო - 679.53 ლარი), #7188507 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4790.21 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4595.60 ლარი, სარგებელი - 145.47 ლარი, საკომისიო - 4.35 ლარი და პირგასამტეხლო - 44.79 ლარი), #8199186 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 35380.52 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 31277.78 ლარი, სარგებელი - 2869.84 ლარი, საკომისიო - 104.37 ლარი და პირგასამტეხლო - 1128.53 ლარი). მოპასუხეს #7171853 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირ თანხაზე 71372.93 ლარზე წლიური 10.3%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 20.14 ლარს) გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (13.04.2023 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, გ.კ–ძეს #7188507 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირ თანხაზე 4595.60 ლარზე წლიური 10.7%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.34 ლარს) გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (13.04.2023 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე, მოპასუხეს #8199186 სესხთან დაკავშირებით გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირ თანხაზე 31277.78 ლარზე წლიური 19.70%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 16.88 ლარს) გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (13.04.2023 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ქონება მდებარე: თბილისი ..........., სართული 3, ბინა 16, ს/კ ........... და დადგინდა, რომ თუ რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდებოდა გ.კ–ძის სხვა ქონებიდან. მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა გ.კ–ძემ.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის/სარგებლის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.4, 1.5, 1.6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.კ–ძეს 13.04.2021წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირ თანხაზე 71372.93 ლარზე წლიური 10.3%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 20.14 ლარს) გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (13.04.2023 წლიდან) - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; გ.კ–ძეს 21.04.2021წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირ თანხაზე 4 595.60 ლარზე წლიური 10.7%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.34 ლარს) გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (13.04.2023 წლიდან) - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; ამავე გადაწყვეტილებით, გ.კ–ძეს 24.03.2022წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირ თანხაზე 31 277.78 ლარზე წლიური 19.70%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 16.88 ლარს) გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (13.04.2023 წლიდან) - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დანარჩენ ნაწილში აპელანტ გ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 პუნქტები).
5.2. სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმები (სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 394-ე მუხლები) და აღნიშნა, რომ ვერ იქნებოდა გაზიარებული აპელანტის შედავება დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის არასავარაუდობასთან დაკავშირებით, რადგანაც ბანკის კომერციული საქმიანობისა და მოგებაზე ორიენტირებულობის პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მოპასუხესაც უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ თანხის დაუბრუნებლობა მოსარჩელისათვის დამატებით ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
5.3. რაც შეეხება აპელანტის შედავებას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების პერიოდთან დაკავშირებით, ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის შედავება და განმარტა, რომ მართალია, კრედიტორს გააჩნია იძულებითი აღსრულების დაწყების უფლება, კანონით დადგენილ ვადაში (10 წელი), თუმცა, არსებული ნორმატიული სინამდვილის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან წყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25.2 მუხლი: იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს), სარგებლისა და საურავის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირობებშიც კი, კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ სწორედ კრედიტორის კეთილსინდისიერება და გულისხმიერება იქნებოდა განმსაზღვრელი მიუღებელი შემოსავლის ოდენობის ჭრილში (იმის მიხედვით, თუ როდის მოითხოვს იძულებით აღსრულებას), რაც არამართებულად იქნა მიჩნეული. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ სარგებლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაკისრებით, დაცული იქნებოდა ორივე მხარის ინტერესი, ვინაიდან კრედიტორის ინტერესია მისი დარღვეული უფლების დაცვა იძულებითი აღსრულების გზით, რაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას უკავშირდება, ხოლო მოვალის ინტერესია იცოდეს მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა და აღნიშნული ოდენობის განსაზღვრა არ იყოს დამოკიდებული კრედიტორის ქმედებაზე, თუ როდის მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების დაწყების მოთხოვნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის იმ სახით დაკმაყოფილება, რომ საპროცენტო სარგებელი მოპასუხეს, ნაცვლად გადაწყვეტილების აღსრულებამდე ვადით დაკისრებისა, დაჰკისრებოდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ვადით.
5.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა აპელანტის იმ მოთხოვნაზეც, რომელიც შეეხებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ამ ნაწილში სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები. სახელდობრ, პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი (ბანკი) უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული და მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაცია. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმადაც მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2021 წლის 13 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გ.კ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: მდებარე თბილისი, ......... ქუჩა N7ბ, კორპუსი N2, სართული 3, ბინა 16; საკადასტრო კოდი: ........... ამდენად, პალატის აზრით, ხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
5.5. სააპელაციო პალატამ აგრეთვე, მართებულად მიიჩნია ბანკის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე დათქმაც. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდებოდა დავალიანების სრულად დაფარვა, იძულებით აღსრულების მიქცევა შესაძლებელი იქნება გ.კ–ძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, ნაწილობრივ გაასაჩივრა გ.კ–ძემ, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, აღნიშნულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერი მოვალეა, წლების განმავლობაში, დარღვევის გარეშე, იხდიდა საკრედიტო ვალდებულებებს, რის გამოც უკანონოდ მიიჩნევს იპოთეკით დატვირთული ერთადერთი საცხოვრებლის იძულებით აუქციონზე მიქცევისა და მისი არასაკმარისობის შემთხვევაში, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას. მისივე მითითებით, იგი მზადაა ნებაყოფლობითად გადაიხადოს ნაკისრი სასესხო ვალდებულებები, მასზე მორგებული გრაფიკით, შესაბამისად ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვა ლახავს მის უფლებებს.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ არსებობს კეთილსინდისიერი ქცევის ტესტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში, რაც დამატებით ვალდებულებებს აკისრებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველყოს ე.წ. სუსტი მხარის (მსესხებლის) ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რათა მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას. მისივე მტკიცებით, მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველა დეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. კასატორის მითითებით, ამ წესისგან გამონაკლისი ასახულია UIDROIT-ის 2.1.20. მუხლში, რომლის მიზანია, დაიცვას მომხმარებელი მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისგან, რომელიც სტანდარტული პირობების გამოყენებით ცდილობს თავისი პოზიციის მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის უზრუნველყოფას, მომხმარებელზე საკუთარი პირობების ფარულად თავსმოხვევის გზით.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო ძირითადი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების სხვა ქონებაზე მიქცევის თაობაზე მოთხოვნა დასაბუთებული და თუ როგორ ექცეოდა ის კეთილსინდისიერი კრედიტორის მოქმედების არეალში, რის გამოც გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2021 წლის 13 აპრილს სს „ს.ბ–სა“ და გ.კ–ძეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #11298273-ა, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის სამომავლოდ გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებების მოცულობა, ვადა და სხვა არსებითი პირობები;
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წლის 13 აპრილს მხარეთა შორის ასევე დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N11298273-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა კ.ბ–ძის (ახალი მესაკუთრე გ.კ–ძე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ............, სართული 3, ბინა 16; ს.კ ..........;
- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს - 13.04.2021 წელს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება (N11298273 / N11298273-ა - 11298273), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 73 000 ლარის ოდენობით, 240 თვის ვადით. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა შემდეგი სახით: პირველი 12 თვის განმავლობაში, წლიური 10.3%, დარჩენილ ვადაზე ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრებოდა წლიურ მცურავ საბაზისო განაკვეთს დამატებული 4%, მაგრამ არანაკლებ 10.3%-ისა. ამავე ხელშეკრულებით, კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის შეთანხმდა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. [კრედიტის გადახდა მსესხებელს უნდა ეწარმოებინა ყოველთვიურად, გრაფიკით განსაზღვრული წესის შესაბამისად];
- 2021 წლის 21 აპრილს, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება (N7188507 / N11298273-ა - 11342506), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5000 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა შემდეგი სახით: პირველი 12 თვის განმავლობაში, წლიური 10.7%, დარჩენილ ვადაზე ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრებოდა წლიურ მცურავ საბაზისო განაკვეთს დამატებული 4%, მაგრამ არანაკლებ 10.7%-ისა. ამავე ხელშეკრულებით, კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის შეთანხმდა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. [კრედიტის გადახდა მსესხებელს უნდა ეწარმოებინა ყოველთვიურად, გრაფიკით განსაზღვრული წესის შესაბამისად];
- 2022 წლის 24 მარტს მხარეთა შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო მორიგი საკრედიტო ხელშეკრულება (N14091203 / N11298273-ა - 14091203), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 31 850 ლარის, 120 თვის ვადით, წლიური 19.7%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით, კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის შეთანხმდა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. [კრედიტის გადახდა მსესხებელს უნდა ეწარმოებინა ყოველთვიურად, გრაფიკით განსაზღვრული წესის შესაბამისად];
- გ.კ–ძემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული კრედიტის დაფარვის ვალდებულება, კერძოდ 13.04.2021წ. საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით, მოპასუხეს სესხის დაფარვა აღარ უწარმოებია - 26.01.2023 წლიდან, 21.04.2021 წლის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით - 27.02.2023 წლიდან, ხოლო 24.03.2022 წლის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით - 25.11.2022 წლიდან. 7.7. გ.კ–ძის დავალიანება: - 13.04.2021 წლის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით შეადგენს - 75 315.30 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 71372.93 ლარი, სარგებელი - 3167.84 ლარი, საკომისიო - 95 ლარი და პირგასამტეხლო - 679.53 ლარი; - 21.04.2021 წლის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით შეადგენს - 4 790.21 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4595.60 ლარი, სარგებელი - 145.47 ლარი, საკომისიო - 4.35 ლარი და პირგასამტეხლო - 44.79 ლარი; - 24.03.2022 წლის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით შეადგენს - 35 380.52 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 31277.78 ლარი, სარგებელი - 2869.84 ლარი, საკომისიო - 104.37 ლარი და პირგასამტეხლო - 1128.53 ლარი.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისა და ამ რეალიზაციის პროცესიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოვალის სხვა ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესაძლებლობის მართლზომიერება. კასატორის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი, რომლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული თანხა მოპასუხეს არ დაუბრუნებია და აღნიშნული გარემოება არც კასატორის მიერ გამხდარა სადავო. ამასთან, ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული იპოთეკით. მხარეთა შეთანხმებით, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, აღსრულება მიექცეოდა მსესხებლის სხვა ქონებაზე.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულია მოვალის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები და, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მოვალის მიერ უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან/და შესრულების გაჭიანურება იპოთეკარს ანიჭებს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის საფუძველზე. ამასთან, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, მიუხედავად იმისა, ამონაგები თანხა სრულად ფარავს მოთხოვნას თუ არა, ავტომატურად იწვევს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას (იხ. ლადო ჭანტურია, "კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი", გამომცემლობა "სამართალი", თბილისი, 2012, გვ. 98, 108-109). თუმცა გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი ნორმა ატარებს დისპოზიციურ ხასიათს და აღნიშნული წესის შეცვლა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ბოლო წინადადება მხარეებს აძლევს უფლებასა და შესაძლებლობას, შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად არ ჩაითვალოს და დარჩენილი, დაუფარავი მოთხოვნა კრედიტორმა დაიკმაყოფილოს ძირითადი მოვალის ან/და ვალდებულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი სხვა პირების ქონებიდან (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-164-158-2011, 01 აგვისტო, 2011 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, ხოლო კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული შედავება. იგი მხოლოდ ფორმალურად მიუთითებს საბანკო ურთიერთობებში, სუსტი და ძლიერი მხარის ინტერესების დაცვის ვალდებულებებზე, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ ხელშეკრულებაში, რომელშიც მსესხებელი მართლაც წარმოადგენს სუსტ მხარეს, სადავო დათქმა ინფორმირების გარეშე ჩაიწერა. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების საწინააღმდეგოდ დასძენს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილი) თითოეული მხარე მიიჩნევა კანონის მცოდნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია დადგინდეს ჩარჩო, რომელშიც კანონის არცოდნა საპატიოდ მიიჩნევა. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება, რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ (შდრ. იხ. სუსგ. №ას-1817-2019, 15 ივნისი, 2020 წელი). განსახილველ შემთხვევაში, გ.კ–ძემ, როგორც მსესხებელმა დაადასტურა რა თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ის გაეცნო ხელშეკრულების შინაარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ისეთი ობიექტური ან სუბიექტური საფუძვლის არსებობა, რაც მას ხელს შეუშლიდა წერილობითი დოკუმენტის გაცნობასა და აღქმაში (ქმედუუნარობა, მოპასუხის მხრიდან ზეწოლა და ა.შ.), რაც კასატორს არ განუხორციელებია.
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; გ.კ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ა.ხ–ას მიერ 10.06.2024წ. №9226 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი