დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-606-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-606-2024 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ნ.გ–ი“, შპს „ნ.გ–ი“, შპს „ჰ.“ (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ნ.გ–მა“, შპს „ნ.გ–მა“ და შპს „ჰ–მ“ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, მიმართ და მოითხოვეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, უკანონოდ დაკავებული პირგასამტეხლოს ნაწილის - 30 000 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეებს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს დაიდო 06/64 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანი იყო გზების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 392 984,99 ლარით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 80 კალენდარული დღე - 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის შემსრულებლისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა შეუსრულებელი ვალდებულების თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე ჯარიმა შეუსრულებელი ვალდებულების 5%. სამუშაოების შესრულების ვადა არაერთხელ გაგრძელდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შესრულდა, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 358 583,35 ლარი, საიდანაც დამკვეთს მენარდისთვის არ გადაუხადა 30 000 ლარი. ამასთან, დამკვეთმა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან შესრულების ვადის გადაცილებისათვის დააკავა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - 51 247,79 ლარი.

2.3. სამუშაოების შესრულების პროცესში საჭირო გახდა პროექტის ცვლილება. შემსყიდველის მიზეზით, ობიექტზე სამუშაოები არაერთხელ შეჩერდა. სამუშაოების დროს, გარკვეულ ქუჩებზე დაგებული ასფალტი მერიის ბრალით აიყარა, რადგან ამ ქუჩებზე ასფალტის დაგების შემდეგ ჩატარდა წყლის მილსადენის რეაბილიტაცია, რის შემდეგ შემსრულებელმა საკუთარი ხარჯით განმეორებით შეასრულა ასფალტის დაგების სამუშაო. ასეთი სამუშოების ღირებულება მერიამ არ აანაზღაურა, თუმცა ეს სამუშაო ფაქტობრივად მიიღო, რის გამოც მოსარჩელეები პირგასამტეხლოს განსაზღვრას მოითხოვდნენ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

3.2. შესაგებლის თანახმად, მხარეებს შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2018 წლის 31 აგვისტომდე. ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლის გამო 2018 წლის 31 აგვისტოს, პირგასამტეხლო დარიცხულია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, რის გამოც სარჩელი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 3 წელში.

3.3. მოპასუხემ ასევე, მიუთითა მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებაზეც და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ მისი შესრულების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, თუმცა მოსარჩელემ მაინც ვერ შეასრულა ვალდებულება დროულად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გზებზე მიმდინარეობდა წყლის მილსადენის სამუშაოები, თუმცა ამას ასფალტის დაგების სამუშოებისათვის არსებითი შეფერხება არ გამოუწვევია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ნ.გ–ი/n. g“-ის, შპს „ჰ–სა“ და შპს „ნ.გ–ის“ სარჩელი მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 9 258.55 ლარის გადახდა,4.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ხანდაზმულად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში არ იყო გასაჩივრებული. ხოლო შეუსრულებელ ვალდებულებასა და პირგასამტეხლოს შემცირების არაგონივრულობასთან მიმართებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შემცირებული პირგასამტეხლო კანონშესაბამისი იყო.

5.3. ამ მიმართებით პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დათქმულ ვადაში სრულად არ შეასრულა. კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულ ქუჩებზე სამუშაოები სხვადასხვა დროს დასრულდა, თუმცა დროულად არცერთ ქუჩაზე არ შესრულებულა სამუშაო. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები. ამასთან, დადგინდა, რომ არ არსებობდა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების საპატიო მიზეზი, რაც მიმწოდებელს გაათავისუფლებდა საჯარიმო სანქციების დაკისრებისაგან.

5.4. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება, გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მიუხედავად ვადის გადაცილებისა, ხელშეკრულებით შეთანხმებული მოცულობის სამუშაო სრულად შესრულდა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე დამკვეთს პრეტენზია არ გააჩნდა, რაც მიუთითებდა ვალდებულების შესრულების პროცესში მოვალის მიერ გამოვლენილ გულისხმიერებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა მართებულად/გონივრულად განისაზღვრა.

5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორს საკასაციო საჩივარში, ვრცლად აქვს ასახული გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია, ხოლო დასაბუთებული შედავების ნაწილში მხოლოდ იმას უთითებს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება მოხდა ისე, რომ არანაირი ხელშესახები მტკიცებულება საქმის მასალებში არ ყოფილა წარმოდგენილი. ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა და სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ იქნა მიუხედავად მისი დაგვიანებით შესრულებისა, არ შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რადგან აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს შემსყიდველის უსუსურობაზე, რომ ნებისმიერ ფასად მიიღოს კეთილსინდისიერი მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო, რადგან არ გაუხდეს იგივე სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოსაცხადებელი, იგივე სამუშაოების შესრულება და გზის მეორედ გავლა.

6.2. კასატორი უთითებს, რომ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში იყვნენ შეთანხმებულები ხელშეკრულების არსებით პირობებზე, როგორებიცაა: ვალდებულების შესრულების ვადა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგები.

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განჩინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2017 წლის 30 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ამხანაგობა „ნ.გ–ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N06/64 ქალაქ რუსთავში გზებისა და ასფალტ ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 80 კალენდარული დღე - 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 392 984,99 ლარს. ხელშეკრულების N1 დანართში მითითებულია იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები: 1.ლესელიძის ჩიხის და გასასვლელის (ლესელიძედან თოდრიას N7-ის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - ღირებულება 102 077,95 ლარი. 2.ლომოურის ქუჩიდან მე-7 მიკრორაიონის N2 ს/ს დამაკავშირებელი გზის და ტროტუარების მოწყობა - ღირებულება 108 804,80 ლარი; 3.ოსტროვსკის ქუჩა და მ/ტ - ღირებულება 111 415,40 ლარი; ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;

- რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და ამხანაგობა "ნ.გ–ს" შორის 2017 წლის 17 ნოემბერს წერილობით დაიდო შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. კერძოდ, შეიცვალა ხელშეკრულების ღირებულება და შეადგინა 391 721,18 ლარი. შეთანხმებით გაიზარდა სამუშაოს შესრულების ვადა და შეთანხმდა ხელშეკრულების დადებიდან 106 კალენდარული დღე - 2017 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით მხოლოდ ლესელიძის ჩიხის და გასასვლელის ლესელიძიდან თოდრიას N7-ის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის. ცვლილებებით მიხედვით, ლესელიძის ჩიხის და გასასვლელის (ლესელიძედან თოდრიას N7-ის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის - ღირებულება 102 077,95 ლარი. ლომოურის ქუჩიდან მე-7 მიკრორაიონის N2 ს/ს დამაკავშირებელი გზის და ტროტუარების მოწყობა - ღირებულება 108 804,80 ლარი; ოსტროვსკის ქუჩა და მ/ტ - ღირებულება 111 415,40 ლარი;

- რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ამხანაგობა "ნ.გ–ს" შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დადებული შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებიდან 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა - 247 863,26 ლარი, ხოლო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 143 857,92 ლარი. 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 12 393,18 ლარი, ხოლო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 235 470,08 ლარი. 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 7192,88 ლარი, ხოლო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 136665,04 ლარი;

- 2018 წლის 15 იანვრის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ამხანაგობა "ნ.გ–ს" შორის დადებული შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების დაფინანსების წესი. ლესელიძის ჩიხის და გასასვლელის (ლესელიძედან თოდრიას N7-ის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - ღირებულება 124 065,55 ლარი, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 55 532,36 ლარი, 2018 წლის ბიუჯეტიდან 68 533,19 ლარი. ლომოურის ქუჩიდან მე-7 მიკრორაიონის N2 ს/ს დამაკავშირებელი გზის და ტროტუარების მოწყობა - ღირებულება 132 241,35 ლარი, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 115 674,03 ლარი, 2018 წლის ბიუჯეტიდან 16 567,32 ლარი; ოსტროვსკის ქუჩა და მ/ტ - ღირებულება 135 414,28 ლარი, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 76 656,87 ლარი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტიდან 58 757,41 ლარი; შეთანხმებით სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 391 721,18 ლარს, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 247 863,26 ლარის სამუშაო, ხოლო 2018 წელს - 143 857,92 ლარი;

- რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და ამხანაგობა "ნ.გ–ს" შორის 2018 წლის 31 ივლისს წერილობით დადებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განისაზღვრა, რომ ხელშეკრულება მოქმედებს 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;

- 2018 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ამხანაგობა "ნ.გ–ს" შორის შედგენილ იქნა სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტი, რომლითაც მიღებულია 2017 წლის 30 აგვისტოს N06/64 ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები. ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 391 721,18 ლარი. სამუშოების ფაქტობრივი ღირებულება განისაზღვრა 358 583,35 ლარით;

- 2019 წლის 18 მარტს შპს "ო.გ–ის" მიერ შედგა ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით 2017 წლის 30 აგვისტოს N06/64 ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობა "ნ.გ–ის" მიერ შესრულებულია 358 583,35 ლარის სამუშაოები. აქტის თანახმად, ინსპექტირების პერიოდში სამუშაოების შესრულების ხარისხი შეესაბამება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მონაცემებს. ინსპექტირების ანგარიშში მითითებულია, რომ მანამდე სამუშაოების მიმდინარეობისას შედგენილია 6 ინსპექტირების აქტი. 1.ინსპექტირების ანგარიში N IR_17-09-A045/F/01, რომლითაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 11 221,75 ლარს. 2.2017 წლის 29 ნოემბერს შპს "ო.გ–ის" მიერ შედგენილია ინსპექტირების აქტი, რომლის მიხედვით ამხანაგობა ნ.გ–ის მიერ შესრულებულია 45 448,89 ლარის სამუშაოები. ლესელიძის ჩიხისა და გასასვლელის (ლესელიძიდან თოდრიის N7-ის დამაკავშირებელი) გზის რეაბილიტაციისა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 30 520,62 ლარი. ოსტროვსკის ქუჩა და მ/ტ რეაბილიტაციის სამუშაოებიდან შესრულებულია 14 928.27 ლარის სამუშაო. 3.ინსპექტირების ანგარიში N-IR_17-09-A045/F/03, რომლითაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 159 942 ლარს. 4. 2018 წლის 30 აპრილს შპს "ო.გ–ის" მიერ შედგენილია ინსპექტირების აქტი, რომლის მიხედვით ამხანაგობა "ნ.გ–ის" მიერ შესრულებულია 16 507,81 ლარის სამუშაოები, რაც არის ლესელიძის ჩიხისა და გასასვლელის (ლესელიძიდან თოდრიის N7-ის დამაკავშირებელი) გზის რეაბილიტაციის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება (13 186,30 ლარი) და ოსტროვსკის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოები 803,35 ლარი. 5. 2018 წლის 14 აგვისტოს შპს "ო.გ–ის" მიერ შედგენილია ინსპექტირების აქტი, რომლის მიხედვით ამხანაგობს "ნ.გ–ის" მიერ შესრულებულია 60 543,91 ლარის სამუშაოები, რაც არის ლესელიძის ჩიხისა და გასასვლელის (ლესელიძიდან თოდრიის N7-ის დამაკავშირებელი) გზის რეაბილიტაციისა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. 6. 2018 წლის 29 ნოემბერს შპს "ო.გ–ის" მიერ შედგენილია ინსპექტირების აქტი, რომლის მიხედვით ამხანაგობს "ნ.გ–ის" მიერ შესრულებულია 64918,45 ლარის სამუშაოები;

- 2017 წლის 20 აგვისტოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მიერ შედგენილია ინსპექტირების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის ფორმა N2 და შპს "ო.გ–ის" 2017 წლის 14 აგვისტოს ინსპექტირების აქტის საფუძველზე ვიზუალურად გაეცნენ ლესელიძის ჩიხის და გასასვლელების დამაკავშირებელ გზაზე სამუშოებს და დადგინდა, რომ ფორმა N2-ში მითითებული სამუშაოები შეესაბამება რეალობას. 2017 წლის 22 დეკემბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მიერ შედგენილია ინსპექტირების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის ფორმა N2 და შპს "ო.გ–ის" 2017 წლის 20 დეკემბრის ინსპექტირების აქტის საფუძველზე ვიზუალურად გაეცნენ ლომიურის ქუჩიდან მე-7 მ/რ-ის N2 ს/ს დამაკავშირებელ გზაზე და ოსტროვკის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშოებს და დადგინდა, რომ ფორმა N2-ში მითითებული სამუშაოები შეესაბამება რეალობას;

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან მოპასუხეს დაუკავა პირგასამტეხლო ჯამში 51 247,79 ლარი. პირგასამტეხლო დაკავებულია შემდეგი პერიოდულობით: 2017 წლის 26 დეკემბერს - 1015,42 ლარი. 2017 წლის 26 დეკემბერს - 2155.67 ლარი . 2017 წლის 26 დეკემბერს - 2992,10 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს - 407,25 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს - 7 737,85 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს - 7875,55 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს - 414,50 ლარი. 2018 წლის 14 დეკემბერს - 27 217,15 ლარი . 2018 წლის 14 დეკემბერს - 1432.48 ლარი;

- რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ამხანაგობა ნ.გ–ს გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჯამში 307 335,38 ლარი. სამუშაოს საფასური გადახდილია შემდეგი პერიოდულობით: 2017 წლის 8 სექტემბერს - 35 358,98 ლარი . 2017 წლის 8 სექტემბერს - 1 861 ლარი . 2017 წლის 8 სექტემბერს - 2 000 ლარი . 2017 წლის 8 სექტემბერს - 38 016 ლარი . 2017 წლის 8 სექტემბერს - 38 625,59 ლარი. 2017 წლის 8 სექტემბერს - 2 032,93 ლარი . 2017 წლის 30 ოქტომბერს - 6 396,40 ლარი . 2017 წლის 31 ოქტომბერს - 336.65 ლარი . 2017 წლის 8 დეკემბერს - 447,85 ლარი . 2017 წლის 8 დეკემბერს - 8 509,11 ლარი . 2017 წლის 8 დეკემბერს - 915,62 ლარი . 2017 წლის 8 დეკემბერს - 17 396,76 ლარი . 2017 წლის 26 დეკემბერს - 17 137,25 ლარი . 2017 წლის 26 დეკემბერს - 790.76 ლარი. 2017 წლის 26 დეკემბერს - 71 874,32 ლარი . 2018 წლის 14 დეკემბერს - 20 864,98 ლარი . 2018 წლის 14 დეკემბერს - 7 423,15 ლარი . 2018 წლის 14 დეკემბერს - 1058,14 ლარი 2018 წლის 14 დეკემბერს - 390,71 ლარი . 2019 წლის 19 აპრილს - 1162,44 ლარი. 2019 წლის 19 აპრილს - 22 086,36 ლარი . 2019 წლის 19 აპრილს - 11 979,05 ლარი . 2019 წლის 19 აპრილს - 630,48 ლარი;

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორის მიერ დაკავებული თანხის მართლზომიერება. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა შემკვეთის მიერ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასა და სხვაობის უკან დაბრუნებას. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 420-ე მუხლები (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).

13. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ვინაიდან კასატორი მხოლოდ იმას უთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მოხდა სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ამიტომ, საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია.

14. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამხდარა სადავო, ის გარემოება რომ მოსარჩელემ 2017 წლის 30 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ამხანაგობა „ნ.გ–ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის N06/64 ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოებო დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა, თუმცა ისიც უდავო გარემოებაა, რომ დაგვიანებით შესრულებული სამუშაოები, სრულად მიიღო შემკვეთმა და მის ხარისხზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. სახელდობრ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლომოურის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 126 095,31 ლარი) 17 ნოემბრის ნაცვლად, დასრულდა 15 დეკემბერს (28 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 28 3530,67 ლარის ოდენობით; ოსტრვსკის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 109264,27 ლარი) 17 ნოემბრის ნაცვლად, დასრულდა 15 დეკემბერს (28 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 3059,40 ლარის ოდენობით; ლესელიძის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 93544,90 ლარი) 13 დეკემბრის ნაცვლად, დასრულდა 2 აპრილს (110 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 10289,94 ლარის ოდენობით; ოსტროვსკის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 75417,04 ლარი) 13 დეკემბრის ნაცვლად, დასრულდა 2 აპრილს (108 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 8145,04 ლარის ოდენობით; ლესლიძის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 77985,05 ლარი) 2 აპრილის ნაცვლად, დასრულდა 22 მაისს (50 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 3899,25 ლარის ოდენობით; ოსტროვსკის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 74469,08 ლარი) 2 აპრილის ნაცვლად, დასრულდა 31 აგვისტოს (151 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 11244,83 ლარის ოდენობით; ლესელიძის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 77985,05 ლარი) 22 მაისის ნაცვლად, დასრულდა 31 აგვისტოს (101 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 7876,49 ლარის ოდენობით ხოლო, ოსტროვსკის ქუჩაზე სამუშაოები (ღირებულებით 74469,08 ლარი) 31 აგვისტოს ნაცვლად, დასრულდა 13 ოქტომბერს (42 დღიანი დაგვიანებით), რისთვისაც მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 3202,17 ლარის ოდენობით. ჯამში, მენარდეს დაუკავდა პირგასამტეხლო 51 247,79 ლარის ოდენობით.

15. საკასაციო პალატა მოიხმობს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

17. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ, ხაზგასასმელია, რომ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

18. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

19. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

20. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილების განხორციელების ფაქტზე, კერძოდ, 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმების, 2017 წლის 29 დეკემბრისა და 2018 წლის 15 იანვრის შეთანხმებების შინაარსიდან ერთობლიობაში გამომდინარეობს დამკვეთის - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ნება სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც პალატის აზრით, მიანიშნებს შესასრულებელი სამუშაოების დროს წარმოშობილ გაუთვალისწინებელი ხარვეზების არსებობაზე, რაც სამუშაოების ვადის გაგრძელების ობიექტურ საჭიროებას წარმოშობდა და ვადის დარღვევაში მენარდის ბრალის გამოსაკვეთად რელევანტურ არგუმენტს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს განსახილველი საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების სოლიდურ ღირებულებას (358 583,35 ლარი), მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვადის გადაცილების მიუხედავად ხელშეკრულებით შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს სრულად და უნაკლო შესრულებას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად განისაზღვრა.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი