დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-526-2024 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ქ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა.ტ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ქ–ძის მიმართ, უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2022 წლის 18 აპრილს, მოსარჩელე ა.ტ–ძემ დ.ქ–ძისგან ისესხა 3 000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი და მოიცავდა თვეში 200 აშშ დოლარს. თანხა ისესხა 6 თვის ვადით. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ა.ტ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება - 900 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი 36 (ს/კ .......).
2.2. ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, მხარეებს განუმარტეს, რომ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადებას კანონი კრძალავდა და ამიტომ, მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულებაში ნასყიდობის საფასურად მიუთითეს ძირითადი თანხისა და 6 თვეში გადასახდელი პროცენტის ჯამი - 4 200 აშშ დოლარი.
2.3. სარჩელის თანახმად, ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონება გაცილებით ძვირადღირებულია. 2022 წლის 18 ოქტომბერს გავიდა გამოსყიდვის ვადა, თუმცა მოსარჩელეს შეექმნა ფინანსური პრობლემები და სესხი ვერ დააბრუნა. მან მოპასუხეს შესთავაზა მიწის ნაკვეთის გაყიდვა და გაყიდვით მიღებული თანხით ვალის გადახდა. მოპასუხემ ამაზე თანხმობა არ განაცხადა.
2.4. 2023 წლის 16 მარტს დ.ქ–ძის საბანკო ანგარიშზე მოსარჩელემ ჩარიცხა 4 200 აშშ დოლარი, რაც მომდევნო დღეს - 2023 წლის 17 მარტს, უკან გადაურიცხა მოპასუხემ. ეს მოქმედება ადასტურებდა, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის თანხის მიღებაზეც კი უარს აცხადებდა, რაც ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, მხარეებს შორის მათი ნამდვილი ნების შესაბამისად დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სხვა ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება მხარეებს შორის, არც ფაქტობრივად დადებულა. გამოსყიდვის ვადაში მოსარჩელეს არ განუხორციელებია გამოსყიდვის უფლება, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსყიდვის უფლება გაუქმდა.
3.3. 2023 წლის 16 მარტს, მოსარჩელემ მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 4 200 აშშ დოლარი, რაც დაუყოვნებლივ, მომდევნო დღესვე დაუბრუნა ანგარიშზე, რადგან თანხა გადახდილი იყო, გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ტ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ტ–ძემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
5.2 პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით არ წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას, რომლითაც დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
5.3. აღნიშნული სამართლებრივი დასკვნის გასამყარებლად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. სწორედ მას უნდა წარედგინა სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობას დაადასტურებდა. საქმეში განთავსებული მტკიცებულებათა შეჯერების შედეგად დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად, სასამართლოს მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტება წარუდგინა, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება) დადგენილი აკრძალვის გამო, ფიზიკურ პირებს შორის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულება ვერ დაიდო, რის გამოც მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სადაც მითითებული ნასყიდობის ფასი რეალურად იყო სესხის ძირითადი თანხა და შეთანხმებული სარგებელი, რაც სასამართლომ მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია.
5.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარემოების დამტკიცება შეიძლებოდა სესხის ხელშეკრულებით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა მტკიცებულებით, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობას. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული და მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები იმის შესახებ, რომ რეალურად, მოდავე მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც დაიფარა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით. ამასთან, პალატამ დასძინა, რომ ვინაიდან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც ადასტურებდა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებაზე შეთანხმებას, 2023 წლის 16 მარტს მოპასუხისათვის თანხის გადახდა ვერ შეფასდებოდა სესხის დაბრუნებად, ხოლო მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნება შესრულების მიღებაზე უარის ნების გამოვლენად. მოცემულ შემთხვევაში, მოვალე ა.ტ–ძეს გამოსყიდვის ვადის გასვლამდე არ გამოუვლენია გამოსყიდვის ნება, რის გამოც გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ გამოსყიდვის თანხის გადახდა ქონებაზე საკუთრების დაბრუნების წინაპირობას არ ასაბუთებდა.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა ა.ტ–ძემ.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.2. კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მითითება მხოლოდ გამოსყიდვის ვადის დარღვევაზე, ვინაიდან ამ მსჯელობით სასამართლო გამორიცხავს სესხის ვადაგადაცილებით გადახდის ბუნებაში არსებობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს უნდა ემსჯელა კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე, რომელიც იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას მიემართებოდა, ვინაიდან სწორედ ამ ცვლილებებმა განაპირობა მოდავე მხარეთა შორის თვალთმაქცური გარიგების დადება.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ მოპასუხემ ვერ გაიხსენა საიდან გაიგო სადავო უძრავი ქონების გასხვისების სურვილის არსებობის შესახებ, ასევე ვერ დაასახელა შუამავალი, რომელმაც გასაყიდი ქონება მოაძებნინა. კასატორი უთითებს, რომ ა.ტ–ძე და დ.ქ–ძე არ არიან ნაცნობები, არ ჰყავთ საერთო მეგობრები, შესაბამისად საინტერესოა საიდან გაიგო მოპასუხემ ა.ტ–ძის სურვილის შესახებ, რომ სურდა უძრავი ქონების გაყიდვა.
6.4. კასატორი ითხოვს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება, რომ მამის გარდაცვალების შემდგომ შექმნილი ფინანსური სიძნელეების გამო, ა.ტ–ძეს უწევდა სესხის აღება და სხვა შემთხვევებშიც გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებები, მან ამ შემთხვევებშიც დაარღვია თანხის დროულად გადახდის ვალდებულება თუმცა არც ერთ სხვა გამსესხებელს არ უარყვია სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
6.5. კასატორი ასევე, ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის ადვოკატის სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ა.ტ–ძის ინიციატივა იყო და რომ ის პირდაპირ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებდა. ამ მხრივ, კასატორი აუცილებლად მიიჩნევს დადგინდეს, თუ რატომ აცხადებდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ა.ტ–ძე, თუ ეს უძრავი ქონება მას გასაყიდად უნდოდა და თუ სადავო გარიგების რეალური მიზანი არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება, არამედ ქონების გასხვისება იყო.
6.6. კასატორი შუამდგომლობს მოწმის სახით ა.გ–ისა და მ.ღ-ბ–ის დაკითხვის თაობაზე. იგი აცხადებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მათი მოწმის სახით გამოკითხვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ა.გ–ი არ იმყოფებოდა საქართველოში ხოლო მ.ღ-ბ–ს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც სამაკლერო საქმიანობას დროებით იყო ჩამოცილებული და მისი მოძებნა ვერ მოხერხდა.
6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, შპს „თ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 18.04.2022 წელს, ა.ტ–ძეს (გამყიდველი) და დ.ქ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N220428569 უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნაკვეთი 36; ს/კ ....... ხელშეკრულებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 4 200 აშშ დოლარით, ხოლო, უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადად - ხელშეკრულების დადებიდან 6 თვე (ს.ფ. 14-16);
- 22.09.2022 წლის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი 36; 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ ........, მესაკუთრედ, რეგისტრირებულია მოპასუხე დ.ქ–ძე. ამონაწერის ვალდებულებით გრაფაში, გამოსყიდვის უფლების მქონე პირად მითითებულია ა.ტ–ძე, ხოლო, ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის საბოლოო ვადად აღნიშნულია 18.10.2022 წელი (ს.ფ. 13);
- სარჩელი, რომლითაც ა.ტ–ძე მოდავე მხარეთა შორის 18.04.2022 წელს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის N220428569 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და მის ნაცვლად ამავე თარიღით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობას მოითხოვს, სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 18 ოქტომბერს, ამდენად, - ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის ბოლო დღეს, - 18.10.2022 წელი;
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ა.ტ–ძის მოთხოვნის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო დ.ქ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებას - სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მდებარე: ქალაქი რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი 36, დაზუსტებული ფართი 900 კვ.მ. (ს/კ .......);
- წინამდებარე სარჩელის სასამართლოში განხილვის განმავლობაში, 2023 წლის 16 მარტს ა.ტ–ძემ დ.ქ–ძეს სს „ს.ბ–ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 4 200 აშშ დოლარი; 2023 წლის 17 მარტს დ.ქ–ძემ ა.ტ–ძეს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით დაუბრუნა 4 200 აშშ დოლარი (ს.ფ. 66, 67);
12. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და ნასყიდობის თაობაზე ნება არ გამოუვლენია. მისი განმარტებით, ვინაიდან ფიზიკურ პირთან იპოთეკის ხელშეკრულების დადება იკრძალება, ამიტომ მოპასუხესთან გააფორმა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ამრიგად, გარიგების საგანი იყო თანხა და არა უძრავი ქონება. მოპასუხე კი აცხადებდა, რომ მას ნამდვილად უძრავი ქონების შეძენის მიზანი ამოძრავებდა, ხოლო ვინაიდან სადავო ხელშეკრულების დადებისას დაცული იყო გარიგების ნამდვილობისთვის საჭირო წინაპირობებიც, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ამავე კოდექსის 510-ე მუხლის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი. ახალ შემძენს უფლება არ აქვს, სასყიდლის მიღებასა და საკუთრების დაბრუნებაზე უარი თქვას. ხელშეკრულების შინაარსი მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება გამოსყიდვის ფუნქცია მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში განახორციელოს. თუ ის არ ისარგებლებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას უფლება ესპობა ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ღირებულება და ქონება გამოისყიდოს. რა თქმა უნდა, ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიჰყიდოს კუთვნილი ქონება ყოფილ მესაკუთრეს. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული, გაყიდის თუ არა ქონებას, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა (იხ. სუსგ №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ.).
15. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. დასახელებული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და საჯარო წესრიგს არ არღვევდეს. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის ზოგად დებულებებში განმტკიცებული ნორმების თანახმად (54-56-ე, 81-83-ე მუხლები) ნებისმიერი გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესებისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია.
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
17. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ გარიგების ნამდვილობა მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზეა დამოკიდებული. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენა. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება მყიდველს გადასცეს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და ნასყიდობის თაობაზე ნება არ გამოუვლენია.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში, სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები (იხ. სუსგ საქმეზე Nას-694-665-2016, 31.03.2017 წ.).
19. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა. განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).
21. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
22. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, მოსარჩელეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა. ხსენებული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელემ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ორ ფიზიკურ პირს შორის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შეუძლებლობაზე მიუთითა, თუმცა მას სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია სესხის ხელშეკრულება, სესხის სახით თანხის გადაცემა ან მიღების ხელწერილი, ვალის აღიარების ხელშეკრულება, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობას.
23. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული და მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები იმის შესახებ, რომ რეალურად, მოდავე მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც დაიფარა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით. ამასთან, ვინაიდან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა გამოსყიდვის პერიოდში შეთანხმებული თანხის გადახდას, მიიჩნევა, რომ გამოსყიდვის ვადა გასულია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა - დაუსაბუთებელი.
24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ა.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ა.ტ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 28/05/2024წ. №22040855440 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 581,28 ლარის 70% – 406,89 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი