დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-955-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-955-2025 6 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.ე.კ.ლ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ჯ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ძირითადი სარჩელის დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ავანსად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს.ჯ–მა შპს „მ.ე.კ.ლ.“-ის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე 2006 წლის 2 ივნისიდან, იკავებდა საფრენოსნო დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას. 2020 წლის 5 ნოემბერს კომპანიის 100% წილის მფლობელი გახდა შპს „ფ.ა.ი.კ.., ლტდ“, რომლის პარტნიორები იყვნენ ს.ჯ–ი - 40%-ით, რ.ბ–ძე - 11%-ით, ჭ.ლ–უ – 49%-ით.

2.2. 2020 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელე დაინიშნა შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს დირექტორად, იმ პირობით, რომ იგი გააგრძელებდა პროფესიულ საქმიანობას კომპანიაში, ხოლო მენეჯმენტს როგორც ეს იქამდე ხდებოდა გაუძღვებოდა ჭ.ლ–უ. დირექტორად დანიშვნისთანავე, 2020 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელემ მინდობილობა გასცა ამავე კომპანიის დამფუძნებლის 49%-იანი წილის მფლობელზე ჭ.ლ–უზე, რომელსაც გადანდობილი ჰქონდა მთელი უფლებამოსილება. ფაქტობრივად და ფორმალურად საზოგადოების მართვას ჭ.ლ–უ და მეორე პარტნიორი ახორციელებდნენ. იგი არ ერეოდა მენეჯმენტის საქმიანობაში და ეს საკითხები მთლიანად მათ განკარგულებაში იყო გადასული.

2.3. სარჩელის თანახმად, კომპანიის თანამშრომლებმა პრეტენზიები გამოთქვეს სახელფასო ანაზღაურების თაობაზე - დაბრუნებოდა პანდემიამდე არსებულ ოდენობებს. იმის გამო, რომ მოსარჩელე სრულად იყო მენეჯმენტს ჩამოცილებული და საფრენოსნო საკითხებზე ხელი არ მიუწვდებოდა, მიმართა ჭ.ლ–უს და მეორე პარტნიორ - რ.ბ–ძეს, აღნიშნული საკითხი განეხილათ გონივრულად, რათა კომპანია არ დარჩენილიყო ლიცენზირებული დისპეჩერების გარეშე.

2.4. მიუხედავად შუამდგომლობისა და გაფრთხილებისა, რომ ლიცენზირებული დისპეჩერების გარეშე კომპანია ვერ შეძლებდა ოპერირებას, გამოიწვევდა კომპანიის ფუნქციონირების შეჩერებასა და შესაძლებელია დახურვასაც, მენეჯმენტმა ეს საკითხი დადებითად არ გადაწყვიტა, რასაც მოჰყვა ზოგიერთი დისპეჩერის სამსახურიდან წასვლა და კომპანიის საქმიანობის შეფერხება. ფაქტობრივად კომპანიას აღარ დარჩა ლიცენზირებული სპეციალისტები, რომლებსაც ჰქონდათ თვითმფრინავების ფრენაში გაშვების უფლება.

2.5. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე კომპანიაში მიმდინარე დარღვევებზე კოლეგებთან ერთად აგზავნიდა შეტყობინებებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რასაც მოჰყვა კიდეც შესაბამისი რეაგირება სააგენტოს მხრიდან და 2022 წლის 14-18 ივლისს ჩატარდა არაგეგმური მონიტორინგი. ვინაიდან სააგენტომ დაადგინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მოპასუხეს შეუჩერდა სალიცენზიო საქმიანობის უფლება. რაც მოსარჩელის მითითებით ნათლად ადასტურებდა, რომ მისი მოსაზრებები და შენიშვნები საფუძვლიანი იყო და მოპასუხის მენეჯმენტის დაუდევრობის გამო დადგა ეს შედეგი.

2.6. 2022 წლის 25 ივლისს მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, თავდაპირველად შეუჩერდა უფლებამოსილება და აეკრძალა სამსახურში გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებაში ამის თაობაზე არაფერი იყო ნათქვამი, ხელფასის დარიცხვა მას 2022 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა. მოსარჩელე ასევე უთითებდა, რომ იგი ჩამოშორებული იყო სამუშაო პროცესს და მისი მონაწილეობის გარეშე მოხდა დისციპლინური წარმოების განხილვა. 2022 წლის 22 აგვისტოს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად 2022 წლის 8 აგვისტოდან, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, ს.ჯ–ი იყო კომპანიის სრულფასოვანი დირექტორი და მასთან 2022 წლის 12 მაისს გაფორმდა სასამსახურო ხელშეკრულება. მისი როგორც კომპანიის დირექტორის ანაზღაურება შეადგენდა 7000 აშშ დოლარს, საიდანაც 90% იყო დირექტორის ანაზღაურება, ხოლო 10% სხვა შეთავსებული პოზიციისათვის. მოპასუხის განმარტებით, ს.ჯ–ი სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა სააგენტოს მიერ უფლებამოსილებების საფუძველზე იდენტიფიცირებულ დარღვევებში და ასევე დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებითა და შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციით გათვალისწინებული არაერთი ვალდებულების დარღვევაში.

3.3. შპს „მ.ე.კ.ლ“-მ შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე ს.ჯ–ს მოსარჩელე შპს „მ.ე.კ.ლ“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებოდა კომპანიის მიერ მისთვის გადახდილი ავანსიდან დარჩენილი ნაწილის - 56 487 ლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, ს.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „მ.ე.კ.ლ“-ს 2022 წლის 8 აგვისტოს N39 ბრძანება ს.ჯ–ის გათავისუფლების შესახებ. ს.ჯ–ი აღდგენილ იქნა შპს „მ.ე.კ.ლ“-ს საფრენოსნო სამსახურის დირექტორისა და ხომალდის მეთაურის პოზიციაზე. შპს „მ.ე.კ.ლ“-ს ს.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 2022 წლის 1 ივლისიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რომლითაც მოპასუხე ს.ჯ–ს შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 56 487 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ.ე.კ.ლ“-მ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2 პალატამ განცალკევებით იმსჯელა ს.ჯ–ის საფრენოსნო სამსახურის დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების მართლზომიერებასა, მისი ხომალდის მეთაურის პოზიციიდან გათავისუფლების მართლზომიერებაზე. პირველ გამოსარკვევ საკითხთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ასევე მოწმეთა განმარტებების საფუძველზე, გასაზიარებელი იყო საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, მასზედ, რომ შპს „მ.ე.კ.ლ.“-სათვის ხომალდის ექსპლუატანდის N092 სერტიფიკატის 90 დღით შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ავიაკომპანიაში არსებული სისტემური პრობლემები, კერძოდ, პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული ის შეფასება, რომ ხარისხის მენეჯერი აგვარებდა საკითხს, რომელიც მის კომპეტენციაში არ ექცეოდა, ხოლო OCC მომსახურების საკითხი საფრენოსნო დეპარტამენტის გადასაწყვეტი იყო, რაშიც ერეოდა დამფუძნებელი ჭ.ლ–უ. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რამდენიმე წლის გამოცდილებისა და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დისპეჩერები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ დაბალ ხელფასებზე, ხოლო ხელფასის მომატებაზე, როგორც ჭ.ლ–უმ სხდომაზე განმარტა, თვითონ ამბობდა უარს. პალატის მითითებით, მოსარჩელის ვალდებულებას, საფრენოსნო დირექტორის პოზიციის ფარგლებში, წარმოადგენდა ფრენების ოპერაციების აღსრულება საკმარისი რესურსებით (პერსონალი, მასალა, ფინანსური), Myway Airlines-ის საფრენოსნო ოპერაციების უსაფრთხოდ და სანდოდ შესრულება network მენეჯმენტის მიერ შექმნილი ფრენების პროგრამის შესაბამისად, პასუხისმგებელი იყო საფრენოსნო ოპერაციების მენეჯმენტისთვის და ზედამხედველობისთვის, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და უშიშროების მენეჯმენტისათვის საფრენოსნო ოპერაციებში, პასუხისმგებელი იყო ეკიპაჟის დაგეგმვის მენეჯმენტსა და ზედამხედველობისათვის და საფრენოსნო ოპერაციებს უწევდა მენეჯმენტს იმისათვის, რომ Myway Airlines-ის ფრენის ოპერაციები წარმართულიყო უსაფრთხოდ და დროულად. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს პრიორიტეტულად და მნიშვნელოვნად მიაჩნდა არსებული კადრების შენარჩუნება და ამავდროულად საფრთხეს ხედავდა გარე კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებაში და როგორც ირკვევა დისპეჩერების მიერ განცხადებების დაწერის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა მათთვის შეექმნა შესაბამისი სამუშაო პირობები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა.

5.3. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „მ.ე.კ.ლ“-ს დირექტორის 2022 წლის 8 აგვისტოს N39 ბრძანებით, ს.ჯ–ი, ხომალდის მეთაურის პოზიციიდან გათავისუფლდა 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობის გამო, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს.ჯ–ის მიმართ ნდობის დაკარგვისა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა.

5.4. გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგის სახით, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნაც, ვინაიდან პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციების ვაკანტურობა.

5.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია გასაჩივრებული განჩინება მისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც. ამ მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს ცვლილება შევიდა ს.ჯ–ის შრომის ხელშეკრულებაში და დასაქმებულის ხელზე ასაღები ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრა 4200 აშშ დოლარით. პალატამ ასევე, აღნიშნა, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს შპს „მ.ე.კ.ლ“- სა და ს.ჯ–ს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება (N018/11.08.2017) მოქმედების ვადის მითითების გარეშე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა 2022 წლის 8 აგვისტომდე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ასევე, განმარტა, რომ ს.ჯ–ი 2020 წლიდან იყო შპს „მ.ე.კ.ლ“-ს დირექტორი (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 41-42). მის სახელფასო ანგარიშზე 2022 წლის იანვრის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 17 თებერვალს ჩაირიცხა 21 364.70 ლარი. 2022 წლის თებერვლის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 10 მარტს ჩაირიცხა 22 078 ლარი, 2022 წლის მარტის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 12 აპრილს ჩაირიცხა 16 709 ლარი, 2022 წლის აპრილის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 11 მაისს ჩაირიცხა 16 413.70 ლარი, ხოლო 2022 წლის მაისის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 11 ივლისს ჩაირიცხა 14 644.50 ლარი. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო, მოპასუხის პოზიციასაც, რომლის თანახმადაც, დირექტორის პოზიციის დაკავების შემდეგ მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 7000 აშშ დოლარს, რაც მოიცავდა როგორც დირექტორის ანაზღაურებას, ასევე სხვა შეთავსებული პოზიციების ანაზღაურებასაც. შესაბამისად მოსარჩელის ხელფასი როგორც საფრენოსნო სამსახურის დირექტორის და ხომალდის მეთაურის შეადგენდა 700 დოლარს, რაც განისაზღვრა 2022 წლის 12 მაისის სასამსახურო ხელშეკრულებით, თუმცა აქვე უთითებდა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი დავალების ხელშეკრულება (როგორც დირექტორთან) და აღნიშნულის საფუძველზე ანაზღაურდებოდა მისი ხელფასი. ამ მიმართებით პალატამ განმარტა, რომ 2022 წლამდე მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავდა საზოგადოების დირექტორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმას, თუმცა დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით დირექტორი საზოგადოებაში საქმდებოდა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე. მისივე განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავდა აღნიშნული ხელშეკრულების დადებისთვის რაიმე სპეციალურ/სავალდებულო ფორმას და შესაძლებელი იყო მხარეთა შორის დადებულიყო ზეპირად, თუმცა განსახილველი დავის ფარგლებში, მოპასუხეს, როგორც დამსაქმებელს უნდა დაედასტურებინა, რომ 2020 წლიდან (ს.ჯ–ის დირექტორად რეგისტრაციიდან) 2022 წლის 12 მაისამდე ს.ჯ–ის ხელფასიდან - 7000 აშშ დოლარიდან (რაც დასტურდება წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით) 10% იყო შეთავსებული პოზიციებისათვის ანაზღაურება, ხოლო 90% წარმოადგენდა დირექტორის ანაზღაურებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან შესაბამისი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ის მტკიცება, რომ მოსარჩელის, როგორც საფრენოსნო სამსახურის დირექტორისა და ხომალდის მეთაურის ხელფასი შეადგენდა 7000 აშშ დოლარს. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ სახელფასო ანაზღაურების, ხელშეკრულების მოქმედების ვადის და გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს ს.ჯ–ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 2022 წლის 1 ივლისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა.

5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა შპს „მ.ე.კ.ლ“-მ.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმადაც კომპანიის დირექტორთან ფორმდება ე.წ. „სასამსახურო ხელშეკრულება“, რომლის შეწყვეტაც კომპანიას, დავალების ხელშეკრულების მსგავსად, ნებისმიერ დროს შეუძლია. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე კომპანიაში იკავებდა საფრენოსნო ოპერაციების დირექტორისა და ხომალდის მეთაურის თანამდებობას, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიკვლიეს მის მიერ შრომითი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რადგან მასთან სამეწარმეოსამართლებრივი ურთიერთობის დაწყებამ (ს.ჯ–ის დირექტორად დანიშვნამ) ავტომატურად გამოიწვია მანამდე არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

6.3. კასატორის მტკიცებით, ასევე გამოირიცხება ერთი და იმავე პირთან შრომითსამართლებრივი და სამეწარმეოსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესაძლებლობაც, ვინაიდან მეწარმეთა კანონით განსაზღვრული დირექტორის ქმედების მართლზომიერების შეფასება ხდება სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის ქმედების შესაბამისობის დასადგენად გამოიყენება სხვადასხვა შეფასების სტანდარტი და ფასდება მისი დამსაქმებლის ნების შესაბამისად მოქმედების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კასატორი დასძენს, რომ როცა დირექტორი და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი ერთი და იგივეა, გამოდის, რომ მის ხელშია, როგორც ნების ავტონომიის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უფლება, ასევე მიღებული გადაწყვეტილების თავად შესრულების უზრუნველყოფის შესაძლებლობაც, რაც წარმოადგენს ინტერესთა კონფლიქტს და შეუძლებელს ხდის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას.

6.4. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული პარადოქსი სახეზეა მოცემულ დავაშიც, ვინაიდან მოსარჩელემ, როგორც დირექტორმა გადაწყვიტა, რომ კომპანია არ უნდა გადასულიყო network მენეჯმენტის მიერ შექმნილი პროგრამიდან pps პროგრამაზე და სადისპეჩერო მომსახურება არ უნდა მიეღო გარე კომპანიიდან, ხოლო შემდეგ მანვე აღასრულა (როგორც დასაქმებულმა) მიღებული გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგებოდა კომპანიის დამფუძნებლების ნებას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ამგვარი აბსურდული შესაძლებლობების გამოსარიცხად, პირთან სამეწარმეოსამართლებრივი გარიგების დადებისთანავე წყდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოპასუხეს ნებისმიერ დროს, დაუსაბუთებლად შეეძლო და სარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6.5. კასატორი ასევე უთითებს, რომ ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენისა და განაცდურის დაკისრების თაობაზეც, თუმცა ასე რომ არც ყოფილიყო, მეორადი მოთხოვნების დაკმაყოფილება იმთავითვე შეუძლებელი იყო, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ პოზიცია, რომელიც მოსარჩელეს ეჭირა, გადაწყვეტილების მიღების დროს, აღარ იყო ვაკანტური. ამასთან, იმ გარემოების კვლევა შეიძლება თუ არა პირვანდელ სამუშაო პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე პირის აღდგენა მიეკუთვნება სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით გამოსაკვლევ გარემოებათა წრეს, რაც შრომითსამართლებრივი დავების მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით ასევე იქნა უგულებელყოფილი.

6.6. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან ისეთი კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებზეც მოცემულ შემთხვევაშია საუბარია, როგორც წესი, მიეკუთვნება მხოლოდ კომპანიის მართვის ორგანოების დისკრეციას, შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიჩნეული იქნებოდა დასაქმებულად, მას არ ჰქონდა უფლებამოსილება: თვითნებურად ეთქვა უარი pps პროგრამაზე გადასვლაზე და საფრენოსნო ოპერაციების შესრულება გაეგრძელებინა network-ის მენეჯმენტის მიერ შექმნილი ფრენების პროგრამით, მას არ ჰქონდა უფლება თვითნებურად გადაეწყვიტა, რომ კომპანიას უნდა ჰქონოდა საკუთარი სადისპეჩერო სამსახური და უარი ეთქვა ოპერაციების კონტროლის ცენტრის მომსახურების გარე კომპანიისგან მიღებაზე. აგრეთვე, კასატორი ამტკიცებს, რომ თუ მოსარჩელე მიიჩნეოდა დასაქმებულად და არა დირექტორად, ლოგიკურია სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ იგი ვალდებული იყო დამორჩილებოდა კომპანიის დამფუძნებლების გადაწყვეტილებებს და ემოქმედა შესაბამისად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებულ განჩინებაში გამოკვლეულია მოსარჩელის ქმედებები მის თანმდევ შედეგებთან ერთად და გაკეთებულია დასკვნა, რომ დასაქმებულის ქმედებები მართლზომიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის აშკარად ეწინააღმდეგებოდა დასაქმებულის მითითებებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არამართლზომიერად მიაჩნია კასატორს. ეს რელევანტურია მით უფრო ისეთ პირობებში, რომ კომპანია დღეის მდგომარეობითაც დაუბრკოლებლად იღებს ხსენებულ მომსახურებას გარე კომპანიისგან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის დამფუძნებლების გადაწყვეტილების კანონიერებასაც და მიზანშეწონილობასაც. იმის გამო, რომ მოსარჩელე არ დაემორჩილა მითითებებს, შედეგის სახით, კომპანიამ მიიღო დისპეჩერების შენარჩუნებაზე უშედეგოდ დაკარგული დრო და ერთთვიანი შესაძლებლობის ფანჯრის უშედეგო გასვლა.

6.7. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების კვლევისას, სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კომპანიაში ჩატარებული არაგეგმური აუდიტის დასკვნით გამოიკვეთა სამი ძირითადი პირველი კატეგორიის დარღვევა, საიდანაც ერთ-ერთი იყო პილოტების დასვენებისა და სამუშაო დღეების გადაცილება, რომელსაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამ დარღვევის შესახებ მოსარჩელეს ჰქონდა ინფორმაცია, რომელ ფაქტზე რეაგირებაც გამიზნულად არ მოუხდენია და დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულება უზრუნველეყო კომპანიის ფრენის ოპერაციების უსაფრთხოდ და დროული წარმართვა.

6.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად დადგინდა იძულებითი განაცდურის ასანაზღაურებელი ოდენობაც, რადგან თავად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ გარემოებებშია მითითებული, რომ ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელის ანაზღაურება დირექტორის ფუნქციების შესრულების სარგო შეადგენდა 7 000 აშშ დოლარის 90%-ს, ხოლო სხვა დამატებით შეთავსებული პოზიციისთვის გასამრჯელო შეადგენდა 7000 აშშ დოლარის 10%-ს. იძულებითი ანაზღაურების მიზნებისთვის ხელფასის ოდენობის გამოანგარიშება შრომითი პოზიციებისათვის უნდა მომხდარიყო 2022 წლის 12 მაისის სასამსახურო ხელშეკრულებიდან გამომდინარე და არანაირი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმას, 2020 წლიდან 2022 წლის 12 მაისამდე რა იყო შრომითი ურთიერთობის ანაზღაურების წილი დასაქმებულის მიერ მიღებულ საერთო ანაზღაურებაში, რომლის მტკიცების ტვირთიც, კასატორის მტკიცებით, არასწორად დააკისრა დამსაქმებელ ავია კომპანიას.

6.9. საკასაციო საჩივრის თანახმად, სრულიად არამართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული ის მსჯელობაც, რომლითაც ცალ-ცალკეა განხილული მოსარჩელის საფრენოსნო სამსახურის უფროსისა და ხომალდის მეთაურის პოზიციებიდან გამომდინარე გათავისუფლების მართლზომიერება, ვინაიდან ამ მიდგომით გამოდის, რომ ერთ თანამშრომელთან შესაძლებელია არსებობდეს სხვადასხვა შრომითი ურთიერთობა, მაშინ როდესაც სშკ-ის 14.4 მუხლით დადგენილია, რომ თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა შრომითი ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და ერთ შრომის ხელშეკრულებად მიიჩნევა. ამიტომ, კასატორი ასკვნის, რომ დასაქმებულს შესაძლებელია სხვადასხვა თანამდებობა სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდეს დაკავებული, თუმცა ყველა თანამდებობის ჭრილში შრომითი ურთიერთობა ერთიანად უნდა შეფასდეს, რაც საჭიროების შემთხვევაში უნდა გახდეს კიდეც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთიანი საფუძველი.

6.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, შპს „მ.ე.კ.ლ“-ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- 2017 წლის 11 აგვისტოს შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს და ს.ჯ–ს შორის დაიდო N018/11.08.2017 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ს.ჯ–ი დაინიშნა შპს „მ.ე.კ.ლ“- ში საფრენოსნო ოპერაციების დირექტორისა და საჰაერო ხომალდის მეთაურის პოზიციაზე;

- დასაქმებულის ხელფასი შეადგენდა 16 814 ლარს (7000 აშშ დოლარი). ს.ჯ–ის შრომითი ხელშეკრულების N1 დამატებითი შეთანხმებით, დასაქმებულის ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი, მის მიერ თვეში 80 საათამდე ფრენის რაოდენობის შესრულებისას შეადგენდა - 7000 აშშ დოლარს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფრენის საათების რაოდენობა აღემატებოდა 80 საათს, დასაქმებული ყოველი ასეთი გადაცილებული საათისათვის ხელფასზე დამატებით მიიღებდა ხელზე ასაღებ თანხას 100 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში;

- 2020 წლის 25 მარტს, ცვლილება შევიდა ს.ჯ–ის შრომის ხელშეკრულებაში და დასაქმებულის ხელზე ასაღები ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრა 5600 აშშ დოლარით. (დამატებითი შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისიდან - 1 ნოემბრამდე პერიოდი);

- 2020 წლის 30 ოქტომბერს დამატებით ცვლილება შევიდა ს.ჯ–ის შრომის ხელშეკრულებაში და დასაქმებულის ხელზე ასაღები ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრა 4200 აშშ დოლარით;

- მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით;

- საჰაერო ხომალდის ფრენების ოპერაციების დირექტორის ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენდა: - ფრენების ოპერაციების აღსრულება საკმარისი რესურსებით (პერსონალი, მასალა, ფინანსური); - საფრენოსნო ოპერაციის აქტივობის ხელმძღვანელობა კომპანიის უშიშროებისა და უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე; - Myway Airlines-ის საფრენოსნო ოპერაციების უსაფრთხოდ და სანდოდ შესრულება network მენეჯმენტის მიერ შექმნილი ფრენების პროგრამის შესაბამისად; - ეფექტურობის ხელშეწყობა ხარისხზე ორიენტირებული მენეჯმენტით; - მონაწილეობის მიღება კომპანიის მიზნების სტრატეგიულ გეგმაში. ფრენის ოპერაციების დირექტორი: - საფრენოსნო ოპერაციების მენეჯმენტი და ზედამხედველობა, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და უშიშროების მენეჯმენტი საფრენოსნო ოპერაციებში; - პასუხისმგებელია საფრენოსნო ოპერაციები უზრუნველყოფილ იქნეს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პირობებისა და აკრძალვების შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ICAOOის რეგულირებისა და სტანდარტების შესაბამისად, ასევე Myway Airlines-ის მიერ დადგენილის შესაბამისად; - პასუხისმგებელია Myway Airlines-ის საფრენოსნო ოპერაციები მოხდეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგულაციის შესაბამისად და იმ ქვეყნის შესაბამისად, რომელშიც Myway Airlines ოპერირებს. - პასუხისმგებელია უზრუნველყოს საკმარისად გაწვრთნილი საფრენოსნო გემბანის წევრები იმისთვის, რომ ფრენები უზრუნველყოს Myway Airlines-ის კომერციული განრიგის შესაბამისად; - პასუხისმგებელია ეკიპაჟის დაგეგმვის მენეჯმენტსა და ზედამხედველობისათვის; - საფრენოსნო ოპერაციებს უწევს მენეჯმენტს იმისათვის, რომ Myway Airlines-ის ფრენის ოპერაციები წარმართულია უსაფრთხოდ და დროულად; - პასუხისმგებელია ყველა საფრენოსნო ოპერაციის პერსონალისა და მათ მიმართ მოთხოვნებისთვის, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ აღწერილ სამუშაოს მათი საუკეთესო შესაძლებლობების დონეზე; - გეგმავს, იმპლემენტირებას უკეთებს, ცვლის, მონიტორინგს უკეთებს პოლიტიკას, პროცედურებს, პროცესებს და სტანდარტებს, რომელიც უკავშირდება ფრენის ოპერაციების დეპარტამენტს და მის სტრუქტურას, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ხარისხს, ეფექტურობას და შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო სარეგულაციო მოთხოვნებთან; - ზედამხედველობს შეფ პილოტის ქმედებებს და თავმჯდომარეობს რეგულარულ ან არარეგულარულ შეხვედრებს, როცა საჭიროა უზრუნველყოფს ოპტიმალურ გამოყენებას შიდა რესურსებისა, მუშახელისა, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მიზნები, რაც საჭიროა პროდუქტიულობისა და შრომის გაზრდისათვის; - აქვეყნებს, ამატებს, ამოწმებს და აკონტროლებს ოპერაციების სახელმძღვანელოს A, B, C ნაწილებს და სხვა ოპერაციულ დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა უსაფრთხოებისა და ოპერაციების გაზრდის მიზნით;

- 2020 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“-ს წილის 49%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა ჭ.ლ–უ, 40%-ის - ს.ჯ–ი, ხოლო 11%-ის - რ.ბ–ძე. საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო რ.ბ–ძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ს.ჯ–ი და ჭ.ლ–უ.

- 2020 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს წილის 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“. საზოგადოების დირექტორი იყო ს.ჯ–ი;

- 2020 წლის 30 ნოემბერს ს.ჯ–მა, როგორც შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს დირექტორმა უფლება-მოვალეობები სრულად გადასცა ჭ.ლ–უს;

- 2020 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“-ს წილის 40%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა ს.ჯ–ი, 49%-ის მესაკუთრეს - ჭ.ლ–უ, ხოლო 11%-ის - რ.ბ–ძე. საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო რ.ბ–ძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ს.ჯ–ი და ჭ.ლ–უ;

- 2021 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“-ს წილის 89%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა ჭ.ლ–უ, ხოლო 11%-ის - რ.ბ–ძე. საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო რ.ბ–ძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ს.ჯ–ი და ჭ.ლ–უ;

- 2022 წლის 12 მაისს შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს და ს.ჯ–ს შორის გაფორმდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს.ჯ–ის გასამრჯელო შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს დირექტორის პოზიციაზე შეადგენდა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში;

- სასამსახურო ხელშეკრულების 5.2. მუხლის თანახმად, დირექტორის ფუნქციების შესრულებისათვის გასამრჯელო წარმოადგენდა 7000 აშშ დოლარის 90%-ს, ხოლო სხვა დამატებით შეთავსებული პოზიციისათვის გასამრჯელო შეადგენდა 7000 აშშ დოლარის 10%-ს;

- 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს წილის 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“. საზოგადოების დირექტორი იყო რ.ბ–ძე;

- სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის სისტემის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 14-18 ივლისს შპს „მ.ე.კ.ლ“-ში განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა სამი პირველი დონისა და 19 მეორე დონის ნაკლოვანება;

- ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, შპს „მ.ე.კ.ლ.“ ექსპლუატაციას უწევდა ორი B738 ტიპის საჰაერო ხომალდს (სამგზავრო) და ერთ B737 ტიპის საჰაერო ხომალდს (სატვირთო);

- სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესული (OCC დეპარტამენტში არსებული პრობლემების შესახებ - დეპარტამენტის მომუშავე ყველა დისპეტჩერი განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან და პრაქტიკულად OCC დეპარტამენტი არ ფუნქციონირებდა) ინფორმაციის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში შეიცვალა ხელმძღვანელი პირების 50%-ზე მეტი (აღმასრულებელი დირექტორი, ხარისხის მართვის მენეჯერი, ფრენის უსაფრთხოების მენეჯერი, სწავლებების მენეჯერი და მომსახურე ეკიპაჟის მენეჯერი) და აგრეთვე, სხვა დეპარტამენტებში შეინიშნებოდა პერსონალის გადინება (მაგალითად, საფრენოსნო ეკიპაჟის 12-მა წევრმა დატოვა სამსახური), ზემოაღნიშნულ ექსპლუატანტზე მიმაგრებული ინსპექტორის მიერ დაგეგმილ იქნა არაგეგმური კომპლექსური აუდიტი;

- აუდიტის დასკვნით: საფრენოსნო დეპარტამენტში არ ჰქონდათ ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ (მოწყვეტილნი არიან ორგანიზაციიდან); OCC დეპარტამენტი არ ფუნქციონირებდა; გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და აგრეთვე, რიგი ხელშეკრულებების დადება ხორციელდებოდა მფლობელის წარმომადგენლის მიერ, რომელიც არ ფიგურირებდა სააგენტოს მიერ დამტკიცებულ არცერთ სახელმძღვანელოში;

- ინსპექტირების ანგარიშის დასკვნის თანახმად, ინსპექტირების განმავლობაში აღმოჩენილი სისტემური ნაკლოვანებებიდან/დარღვევებიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება ორგანიზაციის შემდგომი ოპერირების შესახებ. პირველი დონის ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე ორგანიზაციას შეეზღუდა საფრენოსნო ექსპლუატაცია, ხოლო მეორე დონის ნაკლოვანებების პირველადი მიზეზებისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკის წარმოსადგენად შპს „მ.ე.კ.ლ“-ს მიეცა ერთი თვის ვადა;

- 2022 წლის 25 ივლისის შპს „მ.ე.კ.ლ“-ს დირექტორის ბრძანებით, ს.ჯ–ს შეუჩერდა შპს „მ.ე.კ.ლ“-ს საფრენოსნო დეპარტამენტის დირექტორის უფლებამოსილება მის მიმართ არსებული დისციპლინური წარმოების დასრულებამდე;

- 2022 წლის 29 ივლისის სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N169 ბრძანების საფუძველზე შპს „მ.ე.კ.ლ“-ს შეუჩერდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის N092 სერტიფიკატის მოქმედების ვადა, არაუმეტეს 90 დღით;

- შპს „მ.ე.კ.ლ“-ს დირექტორის 2022 წლის 8 აგვისტოს N39 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა (დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) და „ო“ ქვეპუნქტით (სხვა ობიექტური გარემოება) ს.ჯ–ი გათავისუფლდა საფრენოსნო სამსახურის დირექტორის (47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი) და ხომალდის მეთაურის (47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი) თანამდებობიდან;

- 2022 წლის 23 სექტემბრის სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N201 ბრძანების საფუძველზე, შპს „მ.ე.კ.ლ“-ს აღუდგა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის N092 სერტიფიკატს მოქმედების ვადა;

- საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ს.ჯ–ის მიმართ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დისციპლინური ხასიათის ღონისძიების გამოყენება;

- საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა განმარტებით არ დასტურდებოდა 2017 წლის 11 აგვისტოს შპს „მ.ე.კ.ლ.“-სა და ს.ჯ–ს შორის გაფორმებული N018/11.08.2017 შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა 2022 წლის 8 აგვისტომდე;

- 2020 წლის 26 ნოემბრიდან ს.ჯ–თან, როგორც შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულება, 2022 წლის 12 მაისამდე გაფორმებული არ ყოფილა;

- ს.ჯ–ის სახელფასო ანგარიშზე: - 2022 წლის იანვრის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 17 თებერვალს ჩაირიცხა 21 364.70 ლარი; - 2022 წლის თებერვლის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 10 მარტს ჩაირიცხა 22 078 ლარი; - 2022 წლის მარტის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 12 აპრილს ჩაირიცხა 16 709 ლარი; - 2022 წლის აპრილის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 11 მაისს ჩაირიცხა 16 413.70 ლარი; - 2022 წლის მაისის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 11 ივლისს ჩაირიცხა 14 644.50.

13. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია გამოვლენილია თუ არა ყოფილ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა (დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) და „ო“ ქვეპუნქტით (სხვა ობიექტური გარემოება) გათვალისწინებული გარემოებები. ასევე, უნდა შეფასდეს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, და ამავე კოდექსის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

14. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს.ჯ–ი სადავოდ ხდიდა მასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო მოპასუხის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, შედავებულია დავის გადაწყვეტა შრომითსამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელე იყო კომპანიის დირექტორი, რომელთანაც ურთიერთობა რეგულირდებოდა ე.წ. სასამსახურო ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია რამდენად მართლზომიერად, კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობითაა განპირობებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაზიარებელია საკასაციო საჩივარში მოყვანილი ვრცელი მსჯელობა კომპანიის დირექტორსა და კომპანიას შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რამეთუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

16. შესაბამისად, დადგნელი პრაქტიკის შესაბამისად, საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. კომპანიასა და დირექტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორ სამართლებრივ დოკუმენტს: დანიშვნის აქტსა და სასამსახურო ხელშეკრულებას. დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. ამ დროს ისეთივე წარმომადგენლობით ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორც ეს რწმუნებულის შემთხვევაში გვხვდება. დირექტორისათვის საწარმოს მართვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაიმე საფუძვლის, მოტივისა და მიზეზის მითითების გარეშე გაათავისუფლონ დირექტორი თანამდებობიდან (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან). Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004. http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).

17. მიუხედავად მოხმობილი მსჯელობისა, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირთან მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ერთხელ სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმება არ უნდა იწვევდეს იმგვარი პრეზუმფციის დაშვებას, რომ გათავისუფლებისას მასთან ამგვარი ურთიერთობა არსებობდა, ანუ შესაბამისი შედავების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, დირექტორის უფლება-მოვალეობების წარმოშობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, როგორიცაა პირის დირექტორად დანიშვნის შესახებ ბრძანება, სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმება და სამეწარმეო რეესტრში ამგვარი რეგისტრაციის ფაქტის არსებობა გათავისუფლების მომენტში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ სასამართლო პრაქტიკით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დირექტორისათვის საწარმოს მართვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებისთვის ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითების გარეშე, დირექტორის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების უფლებას იძლევა, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომის კოდექსით დადგენილი დასაქმებულის უფლებების დაცვის სტანდარტის გვერდის ავლის საშუალებად. შესაბამისად, მარტოოდენ სასამსახურო ხელშეკრულების არსებობა, პირის გათავისუფლებისას, არ არის საკმარისი შრომისსამართლებრივი კოდექსით დადგენილი სტანდარტის გამოყენებაზე უარის სათქმელად, აუცილებელია გამოირიცხოს ხელშეკრულების შინაარსს, პირის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასა და ხელშეკრულების დასახელებას შორის დისბალანსი.

18. საკასაციო პალატა კასატორის იმ არგუმენტის გასაქარწყლებლად, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული იყო სასამსახურო ხელშეკრულება და არ არსებობდა დავის შრომითსამართლებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტის საფუძველი, ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს: 2017 წლის 11 აგვისტოს შპს „მ.ე.კ.ლ.“-სა და ს.ჯ–ს შორის დაიდო N018/11.08.2017 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ს.ჯ–ი დაინიშნა შპს „მ.ე.კ.ლ“- ში საფრენოსნო ოპერაციების დირექტორისა და საჰაერო ხომალდის მეთაურის პოზიციაზე. დასაქმებულის ხელფასი შეადგენდა 16 814 ლარს (7000 აშშ დოლარი). 2020 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“-ს წილის 49%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა ჭ.ლ–უ, 40%-ის - ს.ჯ–ი, ხოლო 11%-ის - რ.ბ–ძე. საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო რ.ბ–ძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ს.ჯ–ი და ჭ.ლ–უ. 2020 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს წილის 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“. საზოგადოების დირექტორი იყო ს.ჯ–ი; 2020 წლის 30 ნოემბერს ს.ჯ–მა, როგორც შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს დირექტორმა უფლება-მოვალეობები სრულად გადასცა ჭ.ლ–უს. 2020 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“-ს წილის 40%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა ს.ჯ–ი, 49%-ის მესაკუთრეს - ჭ.ლ–უ, ხოლო 11%-ის - რ.ბ–ძე. საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო რ.ბ–ძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ს.ჯ–ი და ჭ.ლ–უ. 2021 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“-ს წილის 89%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა ჭ.ლ–უ, ხოლო 11%-ის - რ.ბ–ძე. საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო რ.ბ–ძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები - ს.ჯ–ი და ჭ.ლ–უ. 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს წილის 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“. საზოგადოების დირექტორი იყო რ.ბ–ძე. მოხმობილი მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, მოსარჩელესთან ნამდვილად დაიდო სასამსახურო ხელშეკრულება, ვინაიდან მისი უფლებამოსილება არა მხოლოდ გაფორმებულ ხელშეკრულებაში, არამედ სამეწარმეო რეესტრის შესაბამის ამონაწერებშიც იქნა დაფიქსირებული (ტომი I, ს.ფ. 41-42). თუმცა, სარჩელში მითითებული გარემოებების სისწორეს, რაც მის მიერ დირექტორის ფუნქციებისგან რეალურ გამიჯნულობას მიემართებოდა, ადასტურებს 2020 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება, რომლის ძალითაც ს.ჯ–მა, როგორც შპს „მ.ე.კ.ლ.“-ის დირექტორმა უფლება-მოვალეობები სრულად გადასცა ჭ.ლ–უს, როლითაც ფაქტობრივად გაფორმდა მისი, როგორც დირექტორის ფიქტიურობა, რაც ფორმალურად დადასტურდა კიდეც მოგვიანებით სამეწარმეო ამონაწერში განხორციელებული ცვლილებებით, ვინაიდან 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს წილის 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ფ.ა.ი.კ.ლ“, ხოლო საზოგადოების დირექტორი იყო რ.ბ–ძე. საკასაციო პალატის განსჯით, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდეც იგი რეალურად არ ასრულებდა კომპანიის დირექტორის უფლება მოვალეობებს, ხოლო უშუალოდ გათავისუფლებისას, იგი არც იყო რეგისტრირებული დირექტორად, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას მის მიმართ აღარ გააჩნდა ის პატივსადები ინტერესი, რომელსაც კანონმდებლობა სასამსახურო ხელშეკრულების უაპელაციოდ გაუქმებას უკავშირებს (დირექტორისათვის საწარმოს მართვის უფლების მინიჭების რისკის დაკომპენსირება). ზემოთმოხმობილ, მტკიცებულებათა სისტემურ და სიღრმისეულ გამოკვლევაზე დაფუძნებულ მსჯელობას ამყარებს თავად დასაქმებულის კონკლუდენტური ქმედებაც, რაც გამოიხატა სადავო გათავისუფლების ბრძანების შრომის კოდექსის ნორმებით დასაბუთებაში. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დავის შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტის უკანონობას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

19. საკასაციო პალატა კასატორის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს სამართლის დოქტრინაში მსგავს თემაზე არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც გერმანული სამართალი უშვებს და აღიარებს სამსახურებრივი ხელშეკრულებისა და პასიური შრომითი ხელშეკრულების ერთმანეთის პარალელურად არსებობას, რომლის თანაარსებობის შეუძლებლობასაც საკასაციო საჩივრის ვრცელი ნაწილი ეძღვნება. დოქტრინის კვლევისას კი, ინტერესს იწვევს სწორედ ის თუ რა ბედი ეწევა ყოფილ თანამშრომელთან დადებულ სასამსახურო ხელშეკრულებას. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში (თუ არ არსებობს სპეციალური შეთანხმება მხარეებს შორის) მანამდე არსებული შრომითი ურთიერთობა კონკლუდენტურად უქმდება და იდება მომსახურების, იგივე სასამსახურო ხელშეკრულება ან, შრომითი ხელშეკრულება გადადის პასიურ რეჟიმში, პირის მიერ დირექტორის მოვალეობების შესრულების ხანგრძლივობით. ასეთ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულება „ავტომატურად” აქტიურდება დირექტორის გათავისუფლებისთანავე, რასაც ადგილი ჰქონდა ს.ჯ–ის შემთხვევაშიც (იხ. 5/2025 Deutsch-Georgische ZEITSCHRIFT FÜR RECHTSVERGLEICHUNG შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, კაპიტალური ტიპის საზოგადოების მმართველ ორგანოსთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების სამართლებრივი რეგულირება საქართველოსა და გერმანიაში ულრიხ ჰაგენლოხი / სოფიკო ზარანდია, 2025 წელი).

20. რაც შეეხება კასატორის მეორე არგუმენტს, რომელიც მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევას მიემართებოდა, საკასაციო პალატის აზრით, საკასაციო საჩივრის წარმატების პერსპექტივა არც ამ ნაწილში იკვეთება. პალატა მიუთითებს, რომ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ზოგადად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.). საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კი, რაც მოსარჩელის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ მხოლოდ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამ მხრივ, კომპანია უთითებდა, მოსარჩელის ქმედებათა შეუსაბამობას კომპანიის დირექტორატისა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებთან, თანამშრომლებთან არასანდო კონსოლიდაციასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, კომპანიის საფრენოსნო საქმიანობის შეჩერებას. საკასაციო პალატა არც ამ მიმართებით იზიარებს კასატორის პათოსს. ნიშანდობლივია, რომ სადავო გათავისუფლების ბრძანება ეფუძნება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კომპანიაში 2022 წლის 14-18 ივლისს განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების ანგარიშს და სააგენტოს დირექტორის ბრძანებას კომპანიისათვის საფრენოსნო საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ. ამ მიმართებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა უშუალოდ მისი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ სააგენტოსადმი გაგზავნილი შეტყობინებებით, რომლითაც სააგენტოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მენეჯმენტის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის, დამფუძნებელი ჭ.ლ–უ უხეშად ერეოდა და იღებდა გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. საქმის მასალებში წარმოდგენილ სააგენტოს დასკვნაში მითითებულია პირველი დონის დარღვევები (სულ სამი პირველი დონის ნაკლოვანებები), რომელიც საფუძვლად დაედო კომპანიისთვის საფრენოსნო საქმიანობის შეჩერებას, და რეალურად არცერთი მათგანი მიეკუთვნებოდა მოსარჩელის საქმიანობას. საგულისხმოა, რომ შრომით ურთიერთობებში დამსაქმებელი ე.წ. „ძლიერ მხარეს“ წარმოადგენს, რის გამოც უკეთ ხელეწიფება და ევალება კიდეც, რომ არა მხოლოდ სათანადოდ მიუთითოს, არამედ მაღალი დამაჯერებლობის სტანდარტით დაასაბუთოს მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015). საკასაციო პალატა, მხედველობაში იღებს რა, საქმის მასალებში წარმოდგენილ საჰაერო ხომალდის ფრენების ოპერაციების დირექტორის ფუნქცია-მოვალეობებს, მოსარჩელეთა გაფორმებულ ხელშეკრულებას, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკითხულ კომპანიის ყოფილი თანამშრომლების/დისპეჩერების/მენეჯერების ახსნა განმარტებებს, სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას მასზედ, რომ შპს „მ.ე.კ.ლ.“-სათვის ხომალდის ექსპლუატანტის N092 სერტიფიკატის 90 დღით შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ავიაკომპანიაში არსებული სისტემური პრობლემები, რაშიც არ იკვეთებოდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა. ამიტომ, გასაზიარებელია ის მოსაზრებაც, რომ სადავო ბრძანება წარმოადგენდა უკანონო სამართლებრივ აქტს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი მართებულად გახდა.

21. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თანმდევი სამართლებრივი შედეგის სახით, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების უკანონობასთან მიმართებით. საკასაციო პალატა სრულად ემიჯნება კასატორის იმ არგუმენტს, რომელიც სასამართლოს მიერ, ინკვიზიციურობის გამოყენებით, მოსარჩელის თანამდებობის ვაკანტურობის კვლევას მიემართება. საკასაციო პალატა მხარეს ხაგზასმით განუმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს/მოპასუხეს, დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმებაა შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-840-2020 15 აპრილი, 2022 წელი, საქმე №ას-890-857-2016, 9 ოქტომბერი, 2017 წელი). რაც შეეხება დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია, ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: 2017 წლის 11 აგვისტოს შპს „მ.ე.კ.ლ.“-სა და ს.ჯ–ს შორის გაფორმდა N018/11.08.2017 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ს.ჯ–ი დაინიშნა შპს „მ.ე.კ.ლ.“-ში საფრენოსნო ოპერაციების დირექტორის და ხომალდის მეთაურის პოზიციაზე. დასაქმებულის ხელფასი შეადგენდა 16 814 ლარს (7000 აშშ დოლარი). ს.ჯ–ის შრომითი ხელშეკრულების N1 დამატებითი შეთანხმებით, დასაქმებულის ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი, მის მიერ თვეში 80 საათამდე ფრენის რაოდენობის შესრულებისას შეადგენდა 7000 აშშ დოლარს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ფრენის საათების რაოდენობა აღემატება 80 საათს, დასაქმებული ყოველი ასეთი გადაცილებული საათისათვის ხელფასზე დამატებით მიიღებდა ხელზე ასაღებ თანხას 100 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. 2020 წლის 25 მარტს ცვლილება შევიდა ს.ჯ–ის შრომის ხელშეკრულებაში და დასაქმებულის ხელზე ასაღები ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრა 5600 აშშ დოლარით. (დამატებითი შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე). 2020 წლის 30 ოქტომბერს ცვლილება შევიდა ს.ჯ–ის შრომის ხელშეკრულებაში და დასაქმებულის ხელზე ასაღები ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრა 4200 აშშ დოლარით. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს შპს „მ.ე.კ.ლ.“-სა და ს.ჯ–ს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება (N018/11.08.2017) მოქმედების ვადის მითითების გარეშე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2022 წლის 8 აგვისტომდე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა. საქმეზე დადგენილია, რომ ს.ჯ–ი 2020 წლიდან წარმოადგენდა შპს „მ.ე.კ.ლ.“-ს დირექტორს. ასევე დადგენილია, რომ ს.ჯ–ის სახელფასო ანგარიშზე 2022 წლის იანვრის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 17 თებერვალს ჩაირიცხა 21 364.70 ლარი. 2022 წლის თებერვლის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 10 მარტს ჩაირიცხა 22 078 ლარი, 2022 წლის მარტის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 12 აპრილს ჩაირიცხა 16 709 ლარი, 2022 წლის აპრილის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 11 მაისს ჩაირიცხა 16 413.70 ლარი, ხოლო 2022 წლის მაისის თვის ხელფასის სახით 2022 წლის 11 ივლისს ჩაირიცხა 14 644.50 ლარი. მოხმობილი მსჯელობისა და მტკიცებულებების შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლების მომენტში, აღარ იყო რეგისტრირებული დირექტორი და არც ფაქტობრივად ასრულებდა კომპანიის დირექტორის უფლება-მოვალეობებს, ასევე ვინაიდან დადგენილია, რომ არ დასტურდება 2022 წლის 8 აგვისტომდე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, ამასთან ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, იქმნება შრომითი ურთიერთობის არსებობის (ძველ ფორმატში გაგრძელების) პრეზუმფცია, რაც ს.ჯ–ისთვის მის მიერ ბოლო ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული ხელფასის (არსებითი პირობა), იძულებითი ანაზღაურების სახით, დაკისრების მართლზომიერებას მოწმობს.

22. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „მ.ე.კ.ლ“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „მ.ე.კ.ლ“-ს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 18/06/2025წ. №1 (რეფ. #472931005) საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი