დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-223-2026 05 მარტი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ჯ..“ (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - დ.ს–ძე, თ.ნ–კი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ…-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ჯ...“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ..“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...“-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
6. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
7. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
8. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
9. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილ 2025 წლის 05 ნოემბრის სხდომის ოქმს ერთვის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ცალსახაა, რომ კასატორის წარმომადგენელი, (მინდობილობა წარმოდგენილია საქმეში ტ.1 ს.ფ. 146) სოფო დავაძე, იყო ინფორმირებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის შესახებ. (ტ.2 ს.ფ. 39). მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი, მისთვის აღნიშნული გარემოების შესახებ კანონით დადგენილი წესით იყო ცნობილი.
12. შესაბამისად ის, როგორც გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ვალდებული იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
13. შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2025 წლის 09 დეკემბერიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) არაუგვიანეს 19 დეკემბრამდე (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების/განჩინების ასლის ჩაბარება.
14. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება დააგვიანა და იგი მხარეებს კანონით დადგენილი ვადის შემდეგ ჩააბარა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ჩაბარების დასტურიდან დგინდება, რომ კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება ჩაიბარა 2025 წლის 19 დეკემბერს, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. (ტ.2. ს.ფ.58)
15. ამდენად, მხარისათვის სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია 2025 წლის 20 დეკემბერი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2026 წლის 09 იანვარი. საკასაციო საჩივარი კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2026 წლის 13 იანვარს, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული კი, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021).
17. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარს ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ოდენობით გადახდის ქვითარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ...“-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჯ...“-ს (ს.კ. ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N1767687069; გადახდის თარიღი: 06.01.2026) 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე