გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
6 თებერვალი, 2026 წელი,საქმე №ას-1238 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 28 მარტს, სს „ხ.ბ.ს–ოსა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ბანკი) და გ.ს–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი ან მოპასუხის შვილი) შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #000301.428 და დამატებითი საბანკო კრედიტის N000301.428/1 ხელშეკრულებები გაფორმდა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საკრედიტო ხელშეკრულება). გარიგებების მიხედვით მსესხებელმა სესხად მიიღო - 97580 ლარი 120 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთის - 13%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის - 14.03 % დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა, ვადაგადაცილებული თანხის 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის - 0.27%.
2. 2019 წლის 28 მარტს ბანკსა და მ.ჩ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) შორის სანოტარო წესით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით; შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა ქუთაისში, ..........., მდებარე N28 ბინა, 82.10 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, 10,44 კვ.მ მანსარდა, ასევე ........... ქუჩა N14-ში და ........... ქუჩა #N65-ში მდებარე მიწის ნაკვეთები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, იპოთეკის საგანი). შეთანხმება საჯარო რეესტრში პირველი რიგის იპოთეკად დარეგისტრირდა.
2.1. იპოთეკა სრულად უზრუნველყოფდა იპოთეკარის მოქმედ, მომავალ და პირობით მოთხოვნებს.
იპოთეკით ასევე სრულად უზრუნველყოფილია ზარალი (საერთო ზარალი), რომელიც შესაძლოა მიყენებული იქნეს პირადი მოვალის მიერ იპოთეკარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვანი შესრულებისას.
სასამართლო, სააღსრულებო ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევასთან, მის შენახვასა და დაცვასთან, მათ შორის სპეციალისტის გასამრჯელო არასასამართლო რეალიზაციისას, ასევე ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები (იხ. ხელშეკრულების 1.5 პუნქტი).
2.2. იპოთეკარს უფლება აქვს, მოითხოვოს მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილება და სასამართლო განხილვისას მოიწვიოს მესაკუთრე მოპასუხედ.
მესაკუთრის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, იპოთეკარს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განახორციელოს აღნიშნული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქმედებები და მოსთხოვოს მესაკუთრეს ზარალის ანაზღაურება, ასევე პირგასამტეხლოს, საკომისიოს და სარგებლის გადახდა, მოახდინოს გადახდევინების მიქცევა იპოთეკის საგანზე (იხ. ხელშეკრულების მე-2 მუხლი).
3. მსესხებელი - 2021 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა.
4. მოპასუხე/იპოთეკის საგნის მესაკუთრე მსესხებლის დედაა.
5. მსესხებლის სახელზე უძრავი ან მოძრავი ნივთი რეგისტრირებული არ არის.
6. სამკვიდრო ქონების არ არსებობის გამო, სამკვიდრო მოწმობა მსესხებლის მემკვიდრეებზე (მათ შორის იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე) არ გაცემულა.
7. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება - 95190.77 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა - 90645,50 ლარი, სარგებელი - 3863.76 ლარი და პირგასამტეხლო - 681,51 ლარს შეადგენს.
8. 2022 წლის 24 იანვარს ბანკმა მოპასუხეს/იპოთეკის საგნის მესაკუთრეს დავალიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა (იხ. N 05/039 შეტყობინება).
9. ზემოღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ იპოთეკის საგნის რეალიზაციის და მიღებული თანხით საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მოთხოვნით.
10. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, კერძოდ, ის ამტკიცებდა რომ, იპოთეკა აქცესორული უფლება იყო და ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობდა, შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების - 95190.77 ლარის (საიდანაც, ძირითადი თანხა - 90645,50 ლარია, სარგებელი - 3863.76 ლარია და პირგასამტეხლო - 681,51 ლარია), დაფარვა დადგინდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ-ით #.......... და ს/კ-ით #.........., იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
12. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
14. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
14.1. კასატორის მტკიცებით, იპოთეკა აქცესორული უფლებაა და ძირითადი ვალდებულების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, მოპასუხე კრედიტორის მიმართ არ არის სოლიდარული მოვალე და არც გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდრო მიუღია შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნაც უსაფუძვლოა. მოსარჩელეს გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებისთვის ვალდებულების შესრულების პრეტენზია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში არ წარუდგენია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ იქნეს.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის უმთავრეს საგანს იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
18. გარდაცვლილი მსესხებლის ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველია მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობის შეუსრულებლობა, რომელიც გამომდინარეობდა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 873-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი) მუხლების დანაწესიდან.
რაც შეეხება იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე კრედიტორის მოთხოვნას, მის უსაფუძვლობას სსკ-ის 1484.1. (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1488-ე (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობა განაპირობებს.
19. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის ყურადღებას მიაპყრობს სსკ-ის 1319-ე და 1328.1 მუხლეზე, რომელთა თანახმად, პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად იხსნება სამკვიდრო, რომელიც შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
20. ამასთან, იმავე კოდექსის 1316-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; კანონით მემკვიდრეობა (გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე) მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამასთან, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად (1484-ე მუხლი).
21. ამდენად, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას.
მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი). თუმცა, სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებას ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017).
22. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1488.1 მუხლზე, რომელიც ადგენს მამკვიდრებლის კრედიტორებსა და მემკვიდრეებს შორის ურთიერთობის სპეციალურ წესს, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მითითებული წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე მხოლოდ იმ მემკვიდრეების პასუხისმგებლობას, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო (შდრ. სუსგ. №ას-724-2022, 26.10.2023).
23. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 1 დეკემბრისა და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის წერილების საფუძველზე დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონების არ არსებობის გამო, სამკვიდრო მოწმობა მოვალის პოტენციურ მემკვიდრეებზე არ გაცემულა და გარდაცვლილის სამკვიდრო არავის არ მიუღია;
შესაბამისად, გარდაცვლილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებების არამემკვიდრე სუბიექტის ქონების რეალიზაციის გზით დაფარვის მოთხოვნა, ზემომითითებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში ვერ მოექცევა, რაც კასატორის პრეტენზიას დასაბუთებულს ხდის.
24. რაც შეეხება საქმეში წარდგენილ 2022 წლის 24 იანვრის შეტყობინებას, რომლითაც ბანკმა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს დავალიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა (იხ. N05/039 შეტყობინება), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაითვლება ბანკის/კრედიტორის მხრიდან გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენად, სამკვიდრო ქონების არ არსებობის და მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის გაცხადების საფუძვლით.
25. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 153.1 (აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს) მუხლზე და განმარტავს, რომ იპეთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო უფლებაა და მისი დადგენისთვის აუცილებელია უზრუნველსაყოფი მოთხოვნის არსებობა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს დამოუკიდებელი სახის მატერიალურ მოთხოვნას და იგი დამოკიდებულია იმ მოთხოვნაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა იქნა გამოყენებული. ამდენად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მხოლოდ სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის (ძირითადი მოთხოვნის) დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი (შდრ. სუსგ. №ას-720 -2024წ, 14.11. 2024წ).
26. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეებს არც უძრავი და არც მოძრავი ქონების არ არსებობის გამო, სამკვიდრო არ მიუღიათ, კრედიტორის მოთხოვნას მამკვიდრებლის ვალების მემკვიდრეებისთვის გადაკისრების თაობაზე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მისი აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნაც წარუმატებელია.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
28. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის უმთავრესი პრეტენზია, იმის თაობაზე, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და ძირითადი ვალდებულების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, კანონშესაბამისია, რაც თავისთავად გამორიცხავს იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ხ.ბ.ს–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სს „ხ.ბ.ს–ოს“, მ.ჩ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 4 919.53 (160+4759.53) ლარი;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია