დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 05.03.2026
საქმის ნომერი
ას-411-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

05 მარტი 2026 წელი

№ას-411-2025 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.ო–ი, ა.ო–ა

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ბ–ვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზ.ბ–ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ო–ას და ა.ო–ის მიმართ და მოითხოვა გადაცემული საოჯახო ნივთებისა და ძვირფასეულობის უკან დაბრუნება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ.ბ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა: ა.ო–ას და ა.ო–ს ზ.ბ–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6445 ლარის გადახდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ა.ო–მა და ა.ო–ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ო–ას და ა.ო–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ.ბ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეების - ა.ო–ას და ა.ო–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სხვადასხვა დასახელების მოძრავი ნივთები და გადაეცა ზ.ბ–ვას. თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთები არ აღმოაჩნდებათ მოპასუხეებს, ა.ო–ას და ა.ო–ს მოსარჩელე ზ.ბ–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ ქონების ღირებულება 6 445 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ა.ო–ამ და ა.ო–მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით ა.ო–ას და ა.ო–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 322 ლარის და 25 თეთრის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათში მითითებული იყო, რომ მისამართი არასრულია და გაკითხვით ვერ მოიძებნა. დამატებით 2025 წლის 07 ივლისს, სატელეფონო შეტყობინებით ხარვეზის შესახებ ეცნობა კასატორების ყოფილ წარმომადგენელს - მზია თომაშვილს. რომელმაც განმარტა, რომ კასატორებს ვერ უკავშირდებოდა და სჭირდებოდა დამატებითი დრო მათ მოსაძიებლად. აგრეთვე ახალი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაფორმებლად.

2025 წლის 16 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების განცხადება, რომლითაც მათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის ერთი კვირით გაგრძელება ითხოვეს, იმ მიზეზით, რომ ესაჭიროებოდათ დამატებითი დრო მინდობილობის გასაცემად და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. წარმოდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული კასატორთა მისამართი ან სატელეფონო ნომერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით ა.ო–ის და ა.ო–ას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, კასატორებს ა.ო–ს და ა.ო–ას გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 322 ლარის და 25 თეთრის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატებს გზავნილი კვლავ არ ჩაბარდათ. აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით ისევ ეცნობა საკასაციო საჩივარში საკონტაქტო პირად მითითებულ მზია თომაშვილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით ა.ო–ის და ა.ო–ას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, კასატორებს ა.ო–ს და ა.ო–ას გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალათ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 322 ლარის და 25 თეთრის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნა საქმეში მითითებულ ძირითად მისამართზე. საკასაციო საჩივარში მითითებულია მზია თომაშვილის ძირითადი მისამართი და სატელეფონო ნომერი, რომელსაც აღარ აქვს კასატორთა წარმომადგენლობის უფლებამოსილება. თავად კასატორების მიერ კი მითითებულია არასრული მისამართი - დმანისის რაიონის სოფელი კამარლო, რომელზეც საკასაციო სასამართლოს განჩინება არ ბარდებათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორებს ორჯერ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათში მითითებული იყო, რომ მისამართი არასრულია და გაკითხვით ვერ მოიძებნა. ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება გაგზავნილი იქნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა. აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით კვლავ ეცნობა საკასაციო საჩივარში საკონტაქტო პირად მითითებულ პირს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მასალებში და საკასაციო საჩივარში უშუალოდ კასატორთა სრული მისამართი მითითებული არ არის, რის გამოც გზავნილები მათ ვერ ბარდებათ. საკასაციო სასამართლო, კასატორებისათვის გზავნილს ჩაბარებულად მიიჩნევს 2025 წლის 28 დეკემბერს, როდესაც კურიერი უკანასკნელად გამოცხადდა კასატორთა მიერ მითითებულ არასრულ მისამართზე და ადრესატებს გზავნილი ვერ ჩააბარა. ამასთან, საკასაციო საჩივარში მითითებული საკონტაქტო პირი ინფორმირებულია საკასაციო საჩვარზე არსებული ხარვეზის და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის შესახებ, მაგრამ სასამართლოსათვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით ან რაიმე შუამდგომლობით კასატორებს არ მოუმართავთ (იხ. სატელეფონო აქტები).

საკასაციო საჩივარზე ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 29 დეკემბერს და ამოიწურა 2026 წლის 8 იანვარს (7 იანვრის ჩათვლით იყო უქმე დღეები)

როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ო–ას და ა.ო–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი