დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
6 მარტი, 2026 წელი,საქმე №ას-505 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „პ.ც.ც.უ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „პ.ც.ც.უ–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ცირკი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, შპს „თ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დამკვეთი ან ორგანიზატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს - 42 897.65 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არასრული, დაუსაბუთებელი და უსწოროა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნეს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2020 წლის 17 იანვარს მხარეებს შორის ღონისძიების ჩატარების შესახებ N2 ხელშეკრულება გაფორმდა.
4.4. მხარეები სათანადო კომპლექსის სცენაზე თეატრალური წარმოდგენების - ,,შოუ წყალზე ,,Waterland” ჩატარების თაობაზე შეთანხმდნენ (იხ. შეთანხმების 1.1. პუნქტი). ორგანიზატორს მოედნები, ბილეთების რეალიზაცია, სარეკლამო კომპანია და ცირკის ტექნიკური აღჭურვა (სპეციალური აუზი_სცენის განთავსება და მისი მომსახურება, განათების და ხმოვანი მოწყობილობებით უზრუნველყოფა) უნდა უზრუნველეყო (იხ. შეთანხმების 1.1.2 პუნქტი). ღონისძიება - 2020 წლის 15 მარტიდან იმავე წლის 12 აპრილის ჩათვლით უნდა გამართულიყო (იხ. შეთანხმების 1.2. პუნქტი).
4.5. ბილეთების გავრცელებასა და სარეკლამო კამპანიაისთან დაკავშირებული მხარეთა ვალდებულებები ხელშეკრულების მე-3 მუხლში გათვალისწინდა (იხ. შეთანხმების 2.3. პუნქტი). შეთანხმების 3.3.4. პუნქტის მიხედვით, ორგანიზატორი ღონისძიების ვადაში სარეკლამო კამპანიის ჩატარების უზრუნველყოფას კისრულობდა.
4.6. მხარეთა ფინანსური ურთიერთობები შეთანხმების მე - 4 (მხარეთა ფინანსური ურთიერთობები) მუხლით მოწესრიგდა, კერძოდ:
4.6.1. საცირკო ნომრების შესრულებისათვის „ცირკი“, ორგანიზატორს - 85 000 ლარს (დღდ-ს ჩათვლით) ჩაურიცხავდა;
4.6.2. მთლიანი შემოსავლის დარჩენილი ნაწილი ორგანიზატორის მომსახურების ხარჯებისა და შესრულებული გადარიცხვის გამოკლებით, ხელშეკრულების 4.5. პუნქტით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერიდან 5 დღეში უნდა გადახდილიყო.
4.6.3. თანხა ,,ცირკის’’ მიერ ორგანიზატორის ანგარიშზე ფულადი სახსრების უნაღდო/ნაღდი გადარიცხვის/შეტანის გზით უნდა ანაზღაურებულიყო. ორგანიზატორს ღონისძიების ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯებიც სრულად უნდა ანაზღაურებოდა.
4.6.4. 50 000 ლარი - წინასწარი გადახდის სახით 28.02.2020 წლამდე, დარჩენილი - 35 000 ლარი, არაუგვიანეს 20.03.2020 წლამდე, მომსახურების ხარჯები კი, ცირკის მიერ ორგანიზატორისთვის გადარიცხვასთან ერთად უნდა გადახდილიყო.
4.7. ,,შოუ წყალზე ,,Waterland” თეატრალური წარმოდგენები თბილისში, გმირთა მოედნის N..-ში მდებარე თბილისის ცირკში უნდა გამართულიყო.
4.8. 2020 წლის 13 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ა–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სარეკლამო კომპანია) შორის სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, კომპანიამ დამკვეთის სარეკლამო მასალის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ მონიტორზე განთავსების, ხოლო დამკვეთმა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს. მომსახურების ღირებულება 15010 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 42 897.65 ლარია.
4.8.1. დამკვეთმა სარეკლამო კომპანიას - 10266 ლარი აუნაზღაურა.
4.9. სს „ცირკმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეიჯარე) თბილისში, გმირთა მოედნის N1-ში მდებარე საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი მასში განთავსებულ ინვენტართან და ტექნიკურ მოწყობილობებთან ერთად, თეატრალური შოუს ჩასატარებლად მოსარჩელეს/მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა. საიჯარო პერიოდის ხანგრძლივობა 2020 წლის მარტ-აპრილს შეადგენდა.
4.10. მოპასუხე საქართველოში ჩამოვიდა, ჩამოიყვანა არტისტები, ცხოველები, ჩამოიტანა ინვენტარი... რასაც ადასტურებს საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განჩინება, რომლითაც, ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას და 2020 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც, მოპასუხეს უფლების ბოროტად გამოყენება აეკრძალა და ,,ცენტრ უკრაინას’’ მიენიჭა უფლება მოპასუხის ნებართვის გარეშე მოეხდინა საქართველოში შემოტანილი საქონლის, საცირკო წარმოდგენებისათვის განკუთვნილი ინვენტარის, აქსესუარების და რეკვიზიტების (მითითებულია სასამართლო აქტში), რეექსპორტი.
4.11. ,,ცირკ წყალზე’’ 2020 წლის მაისში გასამართ წარმოდგენებზე (17 წარმოდგენა) შპს „ე. ბ–ის“ მიერ გაყიდული ბილეთების (3100 ბილეთი) საერთო თანხა - 52 055 ლარია (იხ. 15.11.2021 წლის წერილი). ამასთან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 19 ისეთი საცირკო წარმოდგენა როგორიცაა ,,ცირკი წყალზე’’, მაისის თვეშიც უნდა გამართულიყო, საქმეში არ წარდგენილა.
4.12. მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე ღონისძიების ჩატარების შეზღუდვების გამო, საცირკო წარმოდგენები „თბილისის ცირკში“ ვერ გაიმართა.
4.13. გარემოებები რომელიც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა საყოველთა პანდემიისა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამო არსებითად შეიცვალა, თუმცა შეთანხმების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან მხარეეებს არ მოუხდენიათ (სსკ-ის 398.1 მუხლი).
4.14. ღონისძიების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯი მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 648-ე (შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების ნაწილის არსებობა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად არ იყო შესრულებული.
7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 629-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითია კი - მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. სსკ-ის 629.1 მუხლის მიხედვით, საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმები პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
8. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა.
9. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე/კასატორი მოსარჩელესა და სარეკლამო კომპანიას შორის შეთანხმების დადებისა და სარეკლამო მომსახურების გაწევის ფაქტს სადავოდ ხდის, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
10.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
10.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
10.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
10.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 17 იანვარს მხარეებს შორის ღონისძიების ჩატარების შესახებ N2 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მხარეები კომპლექსის სცენაზე ,,შოუ წყალზე ,,Waterland” თეატრალური წარმოდგენების ჩატარების თაობაზე შეთანხმდნენ (იხ. შეთანხმების 1.1. პუნქტი). ორგანიზატორს მოედნები, ბილეთების რეალიზაცია, სარეკლამო კომპანია და ცირკის ტექნიკური აღჭურვა (სპეციალური აუზი_სცენის განთავსება და მისი მომსახურება, განათების და ხმოვანი მოწყობილობებით უზრუნველყოფა) უნდა უზრუნველეყო (იხ. შეთანხმების 1.1.2 პუნქტი). ღონისძიება - 2020 წლის 15 მარტიდან იმავე წლის 12 აპრილის ჩათვლით უნდა გამართულიყო (იხ. შეთანხმების 1.2. პუნქტი). მხარეთა ფინანსური ურთიერთობები შეთანხმების მე - 4 (მხარეთა ფინანსური ურთიერთობები) მუხლით მოწესრიგდა.
12. ასევე დადგენილია, რომ ღონისძიების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2020 წლის 13 თებერვალს მოსარჩელესა და სარეკლამო კომპანიას შორის სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, კომპანიამ დამკვეთის სარეკლამო მასალის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ მონიტორზე განთავსების, ხოლო დამკვეთმა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს. მომსახურების ღირებულება 15010 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 42 897.65 ლარია.
13. დადგენილია ისიც, რომ სს „ცირკმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეიჯარე) თბილისში, გმირთა მოედნის N1-ში მდებარე საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი მასში განთავსებულ ინვენტართან და ტექნიკურ მოწყობილობებთან ერთად, თეატრალური შოუს ჩასატარებლად მოსარჩელეს/მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა. საიჯარო პერიოდის ხანგრძლივობა 2020 წლის მარტ-აპრილს შეადგენდა.
14. მოპასუხე საქართველოში ჩამოვიდა, ჩამოიყვანა არტისტები, ცხოველები, ჩამოიტანა ინვენტარი... რასაც ადასტურებს საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განჩინება, რომლითაც, ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას და 2020 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც, მოპასუხეს უფლების ბოროტად გამოყენება აეკრძალა და ,,ცენტრ უკრაინას’’ მიენიჭა უფლება მოპასუხის ნებართვის გარეშე მოეხდინა საქართველოში შემოტანილი საქონლის, საცირკო წარმოდგენებისათვის განკუთვნილი ინვენტარის, აქსესუარების და რეკვიზიტების (მითითებულია სასამართლო აქტში), რეექსპორტი.
15. დადასტურებულია, რომ „ცირკ წყალზე’’ 2020 წლის მაისში გასამართ წარმოდგენებზე (17 წარმოდგენა) შპს „ელ. ბილეთების“ მიერ გაყიდული ბილეთების (3100 ბილეთი) საერთო თანხა - 52 055 ლარია (იხ. 15.11.2021 წლის წერილი). ამასთან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 19 ისეთი საცირკო წარმოდგენა როგორიცაა ,,ცირკი წყალზე’’, მაისის თვეშიც უნდა გამართულიყო, საქმეში არ წარდგენილა.
16. მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე ღონისძიების ჩატარების შეზღუდვების გამო, საცირკო წარმოდგენები „თბილისის ცირკში“ ვერ გაიმართა.
17. გარემოებები რომელიც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა საყოველთა პანდემიისა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამო არსებითად შეიცვალა, თუმცა შეთანხმების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან მხარეეებს არ მოუხდენიათ (სსკ-ის 398.1 მუხლი).
18. დადგენილია, რომ ღონისძიების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯი მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია.
19. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ შედავებულ ნაწილში სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაადასტურა მასსა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, ასევე ხარჯების გაწევის ფაქტი (სსკ-ის 629.1 მუხლი), ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი), შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების არგუმენტაცია დასაბუთებულია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 2 144.88 ლარის, 30%-ის - 643.46 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ.ც.ც.უ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „პ.ც.ც.უ–ას“ (ს/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 2 144.88 ლარის, 30%-ის - 643.46 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია