დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 13.03.2026
საქმის ნომერი
ას-841-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

13 მარტი, 2026 წელი,საქმე №ას-841-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.დ–ი, თ.ლ–ძე, შპს „ს.კ.ს–ო“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 18 დეკემბერს, ნოტარიუს მ.გ–ძესთან სანოტარო აქტი - მინდობილობა გაფორმდა, რომლითაც მ.ფ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მესაკუთრე) თ.ლ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მინდობილი პირი) შემდეგი უფლებამოსილება მიანიჭა: ,,მინდობილი პირი უფლებამოსილია მართოს და განკარგოს ჩემს სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც უნდა შედგებოდეს იგი, დადოს ყველა ის გარიგება, რაც აკრძალული არ არის კანონმდებლობით: გაყიდოს, გაცვალოს, გააქირაოს, დააგირაოს, გააჩუქოს, გადაიფორმოს თავის თავზე, მოაწეროს ხელი შესაბამის ხელშეკრულებას, ჩემი სახელით აიღოს სესხი ფიზიკური ან იურიდიული პირისგან, წარმოადგინოს ჩემი ინტერესები ნებისმიერ ბანკში სესხებისა და/ან სხვა სახის საბანკო პროდუქტების (აკრედიტივი, საბანკო გარანტია, სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთვა) აღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, აიღოს სესხი, სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთოს იპოთეკით, დააგირაოს ჩემს სახელზე რიცხული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება, თანხის, ვადისა და ხელშეკრულების პირობების თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრის უფლებით. და ა.შ.’’

მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით გაიცა და მის გაუქმებამდე იყო ძალაში.

2. 2016 წლის 21 სექტემბერს, მეორე მოპასუხემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დადო შ.დ–თან (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან იპოთეკარი), რომლის თანახმად, შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე, კომპანია) იპოთეკარმა 10 700 ევრო, 24 000 აშშ დოლარი და 70 000 ლარი 6 თვის ვადით (2016 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 21 მარტის ჩათვლით) თვეში 2.08% სარგებლის დარიცხვის პირობით ასესხა.

წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკარის სასარგებლოდ მინდობილმა პირმა იპოთეკით დატვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (200კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, კვების ობიექტი, გაშენების ფართი 200, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი შიბლიანი; - 1 122კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, კვების ობიექტი 77კვ.მ, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი .......; 1 314კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, კვების ობიექტი 77კვ.მ, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი .....; - 2 420კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართი №1, 96კვ.მ, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ......... - 1 503კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ........; - 1 500კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ........; - 1 501კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ..........; - 1 549კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი .........., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება).

3. მოვალემ სესხი დათქმულ ვადაში ვერ დააბრუნა, რის გამოც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება დაიწყო და გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალესა და მოსარჩელეს წინადადება გაეგზავნათ.

4. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთებზე 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პირველ მოპასუხეს ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება. აღნიშნული უფლებამოსილება ნოტარიუსმაც შეამოწმა და საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირდა. 2014 წლის 18 დეკემბრის მინდობილობას მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა, თუმცა განმარტავდა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება მხარეს არ გააჩნდა.

7.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81.1 (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა), 81.2 (თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად) მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან.

შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება მის ნამდვილ ნებას შეესაბამება. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება, ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და სხვ.). ნების გამომვლენი მხოლოდ ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს დაცული გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.

7.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სადავო ხელშეკრულების დადებისას მისი ნების ნაკლის არსებობა და შეცდომაში შეყვანის ფაქტი, მოტყუებით დადებულ გარიგებაზე მსჯელობისას მიზეზ-შედეგობრიობის დადგენისათვის გამოსაყენებელი „თვალსაჩინოების სტანდარტის“ გამოყენების შემთხვევაშიც კი მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება, რის გამოც სსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელეს იმ სარწმუნო ფაქტებსა თუ მტკიცებულებებზე არ მიუთითებია, რაც გარიგების დადების დროს უძრავი ქონების იპოთეკარის არაკეთილსინდისიერებას დაადასტურებდა. ვინაიდან იპოთეკარის არაკეთილსინდისიერება არ დადასტურდა, სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

8. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემოიტანა, რომელმაც აღნიშნა, რომ, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა სესხის ხელშეკრულებას ეფუძნება, მისი მოწესრიგებისთვის დელიქტური პასუხისმგებლობის ნორმების გამოყენება სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთებზე იპოთეკის გაუქმების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა. სარჩელის ძირითად ფაქტობრივ საფუძვლად ხელშეკრულების მოტყუების შედეგად დადების გარემოებაა დასახელებული.

13. პირველ რიგში, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს (მოსარჩელე) ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ან მითითებით ვერ დაადასტურა, რომ სადავო უძრავი ქონებების დატვირთვის შესახებ ნების გამოვლენა მოტყუების და შეცდომაში შეყვანის შედეგი იყო.

14. განსახილველი საკვანძო საკითხის გაანალიზებისას, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 81.1 (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა) და 81.2 (თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად) მუხლებზე და მართებულად განმარტა, რომ მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია, განზრახი მოტყუების საფუძველზე მხარის ნების ფორმირების განხორციელება. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ ახორციელებს მოტყუებას: თავად კონტრაჰენტი თუ მესამე პირი. მთავარია, მხარემ იცოდეს მოტყუების შესახებ, სარგებლობდეს ამით და მოტყუება იყოს არსებითი.

15. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაქცია საქმის მასალებით გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზე:

- 2014 წლის 18 დეკემბრის მინდობილობას მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა, ამ უკანასკნელის განმარტებით, მინდობილი პირი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.

- მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება მინდობილ პირს ჰქონდა. აღნიშნული ნოტარიუსმაც შეამოწმა და საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირდა.

- სადავო ხელშეკრულების დადებისას მისი ნების ნაკლის არსებობა და შეცდომაში შეყვანის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გარიგების დადებისას მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთებზე იპოთეკის გაუქმების თაობაზე სარჩელი წარუმატებელია.

17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 1 800 ლარის ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ფ–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის 30%-ის - 1 800 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია