გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.02.2026
საქმის ნომერი
ას-1236-2023
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1236-2023 27 თებერვალი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა.ე. – ....“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თურქული კომპანია შპს „ლ.ე.ტ.ვ.დ.თ–თი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თურქულმა კომპანია შპს „ლ.ე.ტ.ვ.დ.თ–თმა“ (შემდგომ – მოსარჩელე, კონსულტანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ე. – ....-ის“ (შემდგომ – მოპასუხე, დამკვეთი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების - 150 000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის, სარჩელის აღძვრამდე 20 000 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად 1 250 აშშ დოლარის დარიცხვა დავალიანების ძირი თანხის სრულ დაფარვამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე იყო შემსრულებელი, ხოლო მოპასუხე - დამკვეთი. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი, სულ - 600 000 აშშ დოლარი.

3. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ აუნაზღაურა მხოლოდ 450 000 აშშ დოლარი. დანარჩენი თანხის გადახდაზე კი უარი განაცხადა.

4. მოსარჩელემ მოითხოვა როგორც დავალიანების, ისე მიუღებელი ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეუსრულებია. ფაქტობრივად, მან შესრულება შეწყვიტა ბოლო ანგარიშსწორების 2014 წლის მაისის შემდგომ. აღნიშნული პერიოდიდან მოპასუხე დამოუკიდებლად მუშაობდა.

6. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ვალდებულება იყო განგრძობითი და იგი ვალდებული იყო, პროექტის დასრულებამდე (ანუ ორივე ჰესის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე) შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა, ერთმნიშვნელოვნად ასახულია ხელშეკრულებაში. მოსარჩელის მიერ სადავო ვალდებულებების შესრულების მტკიცება თავად მოსარჩელეს ევალებოდა, რისი დადასტურებაც მან ვერ შეძლო.

7. მოპასუხემ არაერთხელ, ზეპირი ფორმით მოსთხოვა მოსარჩელეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თუმცა წარუმატებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ წინაპირობას, რადგან მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით ვერ შეასრულა. მოსარჩელე წლების განმავლობაში უგულებელყოფდა მოპასუხის სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რის გამოც მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150 000 აშშ დოლარის, მიუღებელი სარგებლის სახით სარჩელის აღძვრამდე - 20 000 აშშ დოლარის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიური გადასახდელის სახით 1 250 აშშ დოლარის გადახდა დავალიანების ძირი თანხის სრულ დაფარვამდე.

9. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხის საქმიანობის სფეროა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობასთან 2008 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მან იკისრა აჭარაში, მდინარე ჭოროხზე ორი ელექტროსადგურის - „კ.ჰ–სა“ და „ხელვაჩაური ჰესი 1-ის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების ვალდებულება.

12. ზემოხსენებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით, 2011 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკონსულტაციო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც: ხელშეკრულების საგანია კონსულტანტის (მოსარჩელის) მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული პროექტის ფარგლებში, მოპასუხესა და საქართველოს სახელმწიფოს ან/და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების/მოწესრიგების უზრუნველყოფა; პროექტის შეცვლის უზრუნველყოფა ისე, რომ მთლიანი სიმძლავრე გაიზარდოს 101 მეგავატამდე და შემცირდეს ამჟამად მოქმედ მემორანდუმში მითითებული სიმძლავრე ან/და პროექტი შეიცვალოს მოპასუხის მიერ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი ფორმით; მოპასუხის მიერ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებისა და მისი დანართების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წინაშე მიღებული სახელშეკრულებო მოგებების შენარჩუნების/დაცვის პირობით, ახალი უფლებებისა და მოგების მიღების მიზნით, ხელშეკრულების 4.1.2 მუხლის შესაბამისად, შესწორების ან განახლების უზრუნველყოფა, რის შემდეგაც ხელშეკრულების მთავრობის მხრიდან დამტკიცებისა და ხელმოწერის უზრუნველყოფა; პროექტის მშენებლობის დასრულებისა და სისტემაში ჩართვის, ასევე, შესაბამისი სამსახურების მიერ პროექტის ოფიციალურ ჩაბარებამდე ვადაში, ნებისმიერი სახის ნებართვის, ლიცენზიისა და ცნობის აღების საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; შემდგომ პერიოდში მოპასუხისათვის საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა; პროექტში ენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის ინვესტიციებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის სტრატეგიული მხარდაჭერისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; მხარეებს შორის არსებული უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა და რეგულირება (მუხლი 3);

13. ხელშეკრულებაში კონსულტანტის ვალდებულებები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: კონსულტანტს კარგად აქვს გაცნობიერებული ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს და/ან მთავრობის, და განსაკუთრებით კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვალდებულებები (4.1.1 მუხლი); მოპასუხის მიერ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებისა და მისი დანართების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წინაშე მიღებული სახელშეკრულებო მოგებების შენარჩუნების/დაცვის პირობით, უზრუნველყოს მემორანდუმში ცვლილებების/კორექტირების შემდეგი სახით შეტანა: პროექტი შეიცვალოს ისეთი ფორმით, რომ მთლიანი სიმძლავრე გაიზარდოს 101 მეგავატამდე ან შემცირდეს ამჟამად მოქმედ მემორანდუმში მითითებული სიმძლავრე და/ან პროექტი შეიცვალოს მოპასუხის მიერ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი ფორმით, და გაუქმდეს ნაკისრი ყოველწლიური 544.10 მეგავატის გამომუშავების ვალდებულება; არსებულ მემორანდუმში გაუთვალისწინებელი და საზღვარგარეთ ელექტროენერგიის გასვლის საკითხთან დაკავშირებით არსებული და/ან მშენებარე გადამცემი ხაზების 15-წლიანი გამტარიანობის შენარჩუნება და ე–თან ხელშეკრულების გაფორმება; არსებული მემორანდუმის ფარგლებში, წლიური ელექტროენერგიის გამომუშავების 40%-ის ოქტომბერ-მარტში საქართველოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გამოყენების შესახებ დებულების შეცვლა ისე, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოყენებულ იქნეს საქართველოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ყოველწლიურად ოქტომბერ-მარტის პერიოდში რომელიმე სამი თვის განმავლობაში; საქართველოს შიდა ბაზარზე სარეალიზაციო ელექტროენერგიის უმაღლესი ფასი, ყოველი კილოვატ საათისთვის განისაზღვროს 4,8 აშშ დოლარით, ხოლო მინიმალური ფასი განისაზღვროს 4,5 აშშ დოლარით. ასევე „ე.ს.კ.ო–თან“ გაფორმდეს ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება; მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მემორანდუმის დარღვევის ან, მოპასუხისგანვე დამოუკიდებელი მიზეზით, ნებართვების აღების დაგვიანების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ტიპის ტენდერების განხორციელებისას საგარანტიო წერილი არ აღრიცხოს შემოსავლად და მთავრობის მიერ მოპასუხეს განესაზღვროს დამატებითი ვადა; საქართველოს მთავრობამ იკისროს ვალდებულება, რომ არ დაამტკიცებს სხვა ისეთ პროექტს, რომელიც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს კომპანიის პროექტზე; იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აღარ ექნება ელექტროენერგიის საჭიროება, მაშინ მოპასუხე თავისუფალი იქნება, მოახდინოს მის მიერ წარმოებული და, შიდა მოხმარების ვალდებულების შესაბამისად, გამოყოფილი ენერგიის რეალიზაცია (ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ); მემორანდუმის გაუქმების ან მისი მთავრობის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში, ფინანსისტებს მიენიჭოს პროექტის შესყიდვის ან, მოპასუხის ნაცვლად, ალტერნატიული ინვესტორის მოძიება/ჩართვის უფლება; მოპასუხის მიერ მემორანდუმის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ მემორანდუმის შეწყვეტის უფლების გამოყენებამდე მოპასუხეს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად (4.1.2 მუხლი);

14. კონსულტანტი კისრულობს ვალდებულებას: პროექტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს და/ან მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმებისას და შეხვედრის დროს დაიცვას მოპასუხის უფლებები და ინტერესები, იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე, მოპასუხეს გაუწიოს კონსულტაცია კორექტირებული ხელშეკრულების დამტკიცებიდან და გაფორმებიდან პროექტის მშენებლობის დასრულებისა და სისტემაში ჩართვამდე, შესაბამისი სამსახურების/დაწესებულებების მიერ პროექტის ოფიციალურად ჩაბარებამდე ვადაში საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და დოკუმენტაციის მიღებაში, ასევე, ყველა პრობლემის გადაჭრაში, ასევე, კონსულტანტი ვალდებულია, მოპასუხეს გაუწიოს დახმარება სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით (4.1.3 მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულებასთან და მის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ კონსულტანტის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის პერიოდში, კონსულტანტის მიერ მოპასუხისგან, მისი აქციონერებისაგან, მოპასუხის აქციონერთა კომპანიებისგან, მენეჯერებისგან, ასევე, ნებისმიერი სახის საინვესტიციო გეგმიდან და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიული ურთიერთობიდან გამომდინარე, ზეპირი, წერილობითი ან სხვა რაიმე ფორმით მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. კონსულტანტი კისრულობს ვალდებულებას, რომ დაიცავს ინფორმაციის კონფიდენციალობას, ასევე, მოპასუხის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნისა და საგნის საწინააღმდეგოდ, არცერთ დაწესებულებას, ორგანიზაციას ან ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ გადასცემს კონფიდენციალურ ინფორმაციას (4.1.4 მუხლი); კონსულტანტი მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შემდგომში მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ან თურქეთის კანონმდებლობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა ეკისრება კონსულტანტს (4.1.5 მუხლი); თავისი სახელით ან სხვა პირებთან ერთად ან სხვა პირების სახელით და აქციონერის, მენეჯერის, პარტნიორის, კონსულტანტის ან სხვა სტატუსით, პირდაპირი ან ირიბი გზით არ იმოქმედოს და არ გააკეთოს ისეთი ახსნა-განმარტება, რომელიც ზიანს აყენებს და რეპუტაციას ულახავს მოპასუხეს, მის აქციონერებს, იმ კომპანიებს, რომლის აქციონერებიც თავად მოპასუხის აქციონერები არიან; ასევე არცერთი დაწესებულებისა და ორგანიზაციის წინაშე არ განახორციელოს კომპანიისათვის უარყოფითი შედეგის მომტანი ქმედებები (4.1.6 მუხლი); საქართველოს სახელმწიფოსთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით დაიცვას მოპასუხის უფლებები და ინტერესები და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად; მოპასუხეს გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებიდან მშენებლობის დასრულებისა და სისტემაში ჩართვამდე და წარმოების დაწყებამდე პერიოდში ადმინისტრაციული და კანონიერი ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების საკითხთან და შესაბამისი პრობლემების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით (4.1.8 მუხლი).

15. მოპასუხემ იკისრა შემდეგი ვალდებულებები: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, კონსულტანტს დროულად და სრულად აუნაზღაუროს საკონსულტაციო მომსახურების საფასური (4.2.1 მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონსულტანტის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პერიოდში, კონსულტანტს შესაბამისი ინვოისის საფუძველზე აუნაზღაუროს მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები (4.2.2 მუხლი); მოპასუხე პასუხისმგებელია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ელექტროენერგიის წარმოებისა და სისტემაში ჩაშვებამდე და შესაბამისი სამსახურების მიერ საბოლოო ჩაბარებამდე ვადაში, საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და დოკუმენტების აღებისათვის შეადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და დროულად მიაწოდოს შესაბამის დაწესებულებას (4.2.4 მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი თვის ბოლოს, მოპასუხე, ინვოისის საფუძველზე, კონსულტანტს მითითებული საბანკო ანგარიშის საშუალებით, აუნაზღაურებს 10.000 აშშ დოლარს (ათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ. (მუხლი 5.1). კონსულტანტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და უნაკლოდ შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე, ქვემოთ მითითებული პირობებითა და შესრულების კალენდარის ფარგლებში, გადასახადების გარეშე, კონსულტანტს ჯამურად გადაუხდის ჰონორარს - 600.000 აშშ დოლარის ოდენობით (ექვსასი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%). (5.2.მუხლი); ხელშეკრულების 4.1.2. მუხლში მითითებული ფორმით კორექტირებისა და საქართველოს სახელმწიფოს ან მთავრობის მიერ დამტკიცებისა და ხელმოწერის თარიღისათვის მოპასუხე კონსულტანტს აუნაზღაურებს 150.000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%). (5.2.1. მუხლი); პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ნებართვის (მშენებლობის ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ლიცენზია და სხვა საჭირო ნებართვები) შესაბამისი დაწესებულებისგან მიღების თარიღისათვის, მოპასუხე კონსულტანტს აუნაზღაურებს 150.000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%). (5.2.2. მუხლი); კუთვნილი პროექტის ფარგლებში, წინა მუხლში მითითებული მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, მოპასუხე მშენებლობის დაწყების თარიღისათვის კონსულტანტს აუნაზღაურებს 150.000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%). (5.2.3. მუხლი); პროექტის მშენებლობის დასრულების და შესაბამისი სამსახურების მიერ ოფიციალური საბოლოო ჩაბარებისა და ენერგიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოპასუხე კონსულტანტს აუნაზღაურებს 150.000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%). (5.2.5. მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონსულტაციის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პერიოდში, კონსულტანტს შესაბამისი ინვოისის საფუძველზე აუნაზღაუროს მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები. (5.2.6. მუხლი); კონსულტანტი ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის გადასახდელი საფასური წარმოადგენს ფიქსირებულ და ექსკლუზიურ ანაზღაურებას, გამომდინარე აქედან, კონსულტანტი მოპასუხისგან არ მიიღებს არანაირ ანაზღაურებას გარდა მითითებულისა (მუხლი 5.2); წინამდებარე ხელშეკრულების ან ხელშეკრულების საფასურის მიზეზით, წარმოქმნილი ბეჭდის მოსაკრებლის ნახევრის გადახდაზე პასუხიმგებელია მოპასუხე, ხოლო მეორე ნახევრის გადახდაზე პასუხიმგებელია კონსულტანტი. გარდა დღგ-სა, წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მისი საფასურიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის გადასახადის გადახდაზე პასუხიმგებელია კონსულტანტი (მუხლი 5.3).

16. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერიდან პროექტის საბოლოო ჩაბარებამდე. მხარეთა ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

17. ხელშეკრულების ფარგლებში, კონსულტანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს, კონსულტანტს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, სადაც კონსულტანტს განუსაზღვროს 15-დღიანი ვადა და მოითხოვოს კონსულტანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან დარღვევის შედეგების აღმოფხვრა. აღნიშნულ ვადაში კონსულტანტის მიერ მოპასუხის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს, ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება (მუხლი 6.1).

18. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის შეუთანხმებლობისა და დავების მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა. დავებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები და აღსრულების ბიუროები (მუხლი 6.3).

19. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან - 2011 წლის 8 თებერვლიდან, თუმცა, ყოველთვიური საკონსულტაციო საფასურის ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულების 5.1. მუხლი ძალაში იყო არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელი იყო მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით.

20. მოსარჩელე/კონსულტანტ მხარეს, ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, 5.2.1, 5.2.2 და 5.2.3 მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ეტაპობრივად, სრულად აქვს ანაზღაურებული მოპასუხე/დამკვეთისაგან, სულ - 450 000 აშშ დოლარი.

21. 2019 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ №2019/GEO-1 წერილით მიმართა მოპასუხეს, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ითხოვდა ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის ღირებულების - 150 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რაზეც წარდგენილ იქნა ინვოისი.

22. 2019 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ საპასუხო წერილით, უარი განაცხადა აღნიშნული თანხის (150000 აშშ დოლარის) გადახდაზე და მიუთითა, რომ 2014 წლის 5 თებერვლიდან მოსარჩელეს შესაბამისი მომსახურება არ გაუწევია.

23. 2019 წლის 7 ნოემბერის მოსარჩელემ გაფრთხილების წერილით მიმართა მოპასუხეს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. ამასთან, მათი მხრიდან მოვალეობების შესრულების შეყოვნების, ან დარღვევის, ან შეუსრულებლობის შესახებ არავითარი შეტყობინება არ მიუღია. კომპეტენტური სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანოების ჩანაწერებიდან დგინდებოდა, რომ პროექტი დასრულდა და დაიწყო ელექტროენერგიის რეალიზაცია, რის გამოც დადგა ბოლო ეტაპისთვის გადასახდელი თანხის - 150 000 აშშ დოლარის გადახდის დრო. მოსარჩელემ მოითხოვა, არაუგვიანეს 15 დღისა, დავალიანების ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითებდა, რომ მიმართავდა კანონით დადგენილ ზომებს, რაც გამოიწვევდა გადასახდელი თანხის გაზრდას.

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე მოსარჩელემ 2019 წლის 19 ნოემბრის საპასუხო წერილით კვლავ უარი განაცხადა და კვლავ მიუთითა, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 5 თებერვლიდან არავითარი მომსახურება არ გაუწევია, არ მომხდარა პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება და არ გაფორმებულა ენერგიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რაც გამორიცხავდა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას.

25. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ დაასრულა „კ.ჰ–სა“ და „ხ.1 ჰ–ის“ მშენებლობა და ისინი მიღებულია ექსპლუატაციაში.

26. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 28 თებერვლის №23/1521 წერილით დასტურდება, რომ ობიექტები ჩართულია ქსელში და გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ელექტროსისტემას. ამასთან, დადგენილია, რომ „კ.ჰ.“ ექსპლუატაციაში მიღებულია შეზღუდული სიმძლავრით (27.47 მგვტ, ნაცვლად 51,251 მგვტ-ისა), რაც გამოწვეულია წყალსაცავის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგობით. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა პროტესტი უკავშირდებოდა, ნაკვეთების ექსპროპრიაციის სანაცვლოდ, შეთავაზებული თანხის ოდენობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზემოხსენებული წერილით დასტურდება, რომ მოპასუხესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის შემდგომაც შესაძლებელი იქნება „კ.ჰ–ს“ მთელი სიმძლავრით ამუშავება.

27. საქართველოს მთავრობას, მოპასუხეს, შპს „ე–სა“ და სს „ე.ს.კ.ო–ს“ შორის 2023 წლის 22 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებით ირკვევა, რომ „კ.ჰ–ს“ ექსპლუატაციაში მიღების (სრული სიმძლავრით) ვადა გაგრძელდა 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

28. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებიდან, რაც თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული საზღაურისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 629-ე, 394.1, 408.1 და 411-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.

29. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის შეფასებას ექვემდებარება მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მართლზომიერება. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის 2011 წლის 8 თებერვალს დადებული საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უკვე აუნაზღაურდა ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის - 600 000 ლარის ნაწილი, კერძოდ, აუნაზღაურდა პირველი სამი ეტაპის საზღაური, სულ - 450 000 ლარი, ხოლო ანაზღაურებას ექვემდებარება გაწეული მომსახურების ბოლო ეტაპის ღირებულება - 150 000 აშშ დოლარი, რომლის ანაზღაურებაზეც მოპასუხე უარს აცხადებს. მოპასუხე მხარის მტკიცებით კი, მოსარჩელეს არ გაუწევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის მომსახურეობა, რაც გამორიცხავს სარჩელით სადავო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას, ანუ მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების გარემოება.

30. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე/აპელანტი მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით, ასევე, მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების მიზანი ორი ჰიდროელექტროსადგურის - „კ.ჰ–სა“ და „ხ.1 ჰ–ის“, მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოთა წარმოების ხელშეწყობა იყო, რაც ინტელექტუალური დახმარებით - კონსულტაციების გაწევით, სახელმწიფო ორგანოებთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობით, თუ საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადების სახით უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენდა სულ - 600 000 აშშ დოლარს.

31. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე/კონსულტანტმა მხარემ ჯეროვნად შეასრულა მასზე ნაკისრი ყველა ვალდებულება, რაც დასტურდება სხვადასხვა გარემოების ერთობლიობით, მათ შორის, მოპასუხის მიერ მისთვის 450 000 აშშ დოლარის ანაზღაურებით. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებით მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მომსახურება შესრულდა ჯეროვნად, რის გამოც ვალდებულმა პირმა ის აანაზღაურა. ნიშანდობლივია, რომ ამ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი გარემოებები და მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. პირიქით, გადახდილი ღირებულების შესატყვისი მომსახურების მიღების ფაქტი მას სადავოდ არც გაუხდია.

32. უდავოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი - ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება, წარმატებით განხორციელდა. მოპასუხემ დაასრულა „კ.ჰ–სა“ და „ხ.1 ჰ–ის“ მშენებლობა და ისინი მიღებულია ექსპლუატაციაში, ობიექტები ჩართულია ქსელში და გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ელექტროსისტემას. მართალია, „კ.ჰ–“ ექსპლუატაციაში მიღებულია შეზღუდული სიმძლავრით, მაგრამ ეს გამოწვეული არ არის/არ უკავშირდება მოსარჩელის მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებას. შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობა, რომლის მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მომსახურების ღირებულება, სულ - 600 000 აშშ დოლარი, დამდგარია.

33. საყურადღებოა, რომ სახელშეკრულებო ღირებულება - 600 000 აშშ დოლარი, მოიცავდა მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე შესასრულებელ იმ სამუშაოთა ერთობლიობას, რაც ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნის მიღწევას განაპირობებდა. უდავოა, რომ სახელშეკრულებო მიზანი მიღწეულია. ასევე, უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბოლო ეტაპისათვის გადასახდელი 150 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას რაიმე კონკრეტული სამუშაოს შესრულების პირობას არ უკავშირებდა. აღნიშნული თანხის ანაზღაურების ვალდებულება მშენებლობის დასრულებასა და ჰესების ექსპლუატაციაში მიღებას უკავშირდებოდა. უდავოა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რაიმე პრეტენზია მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სამუშაოს შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების თაობაზე არ წარუდგენია, პირიქით, აუნაზღაურა კიდეც გაწეული მომსახურების ღირებულება - 450 000 აშშ დოლარი. მოპასუხეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მოსარჩელეს მხრიდან მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებაში. მართალია, მოპასუხე მხარე აპელირებს, რომ 450 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შემდეგ მოსარჩელეს რაიმე სამუშაო მოპასუხე მხარის სასარგებლოდ არ შეუსრულებია, თუმცა მას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით არ მიუთითებია, რომ 450 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შემდგომ პერიოდში, მოითხოვეს/დასჭირდათ და ვერ მიიღეს საკონსულტაციო მომსახურება მოსარჩელისაგან.

34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „კ.ჰ–სა“ და „ხ.1 ჰ–ის“ მშენებლობა რეალურად დასრულებულია და ისინი მიღებულია ექსპლუატაციაში. მართალია, ჰიდროელექტროსადგური „კ.ჰ.“ პროექტით გათვალისწინებული სრული სიმძლავრით არ მუშაობს, თუმცა, აღნიშნული ვერ ჩაითვლება შეთანხმებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან, უდავოდ დადგენილია, რომ მითითებული ჰესი ფუნქციონირებს და მუშა მდგომარეობაშია. ხოლო ის გარემოება, რომ „კ.ჰ.“ სრული სიმძლავრით არ ფუნქციონირებს, არ არის დაკავშირებული მოსარჩელე იურიდიული პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასთან ან არაჯეროვან შესრულებასთან. აღნიშნული გამოწვეულია გარემოებით, (ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა), რაც სცილდება მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებით განსახორციელებელი საქმიანობის ფარგლებს.

35. აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წლის 8 თებერვალს, მხარეთა შორის დადებული საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში იყო მისი ხელმოწერიდან პროექტის საბოლოო ჩაბარებამდე. მხარეთა ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, კონსულტანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება ჰქონდა კონსულტანტისათვის გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, სადაც კონსულტანტს განუსაზღვრავდა 15-დღიან ვადას და მოითხოვდა კონსულტანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან დარღვევის შედეგების აღმოფხვრას. აღნიშნულ ვადაში კონსულტანტის მიერ მოსარჩელისათვის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას უფლება ჰქონდა ვადამდე მოეშალა ხელშეკრულება.

36. საყურადღებოა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მთელი პერიოდის მანძილზე მოპასუხეს საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების 6.1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით არ უსარგებლია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე პრეტენზიით მოსარჩელისათვის არ მიუმართავს, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსარჩელის მტკიცების მართებულობას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

37. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სრულად შეასრულა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც ნარდობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტით შეთანხმებული საზღაურის - ბოლო ეტაპის ღირებულების - 150 000 აშშ დოლარის ანაზღაურების საფუძველია.

38. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა, მოპასუხემ არ გადაუხადა შეთანხმებული ბოლო ეტაპის საზღაური, რამაც შეადგინა 150 000 აშშ დოლარი. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

39. უდავოა, რომ მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი, რომლის ძირითადი საქმიანობის საგანია მომსახურების გაწევა და შესაბამისი ანაზღაურების მიღება.

40. როგორც უკვე აღინიშნა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, მით უფრო მოგებაზე ორიენტირებული მოქმედი მეწარმე სუბიექტისათვის, რომლისთვისაც ნებისმიერი შემოსავალი თანხის სათანადო დაბანდებისა და შესაბამისი ნაცვალგების მიღების საშუალებას წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოსარჩელეს.

41. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ზიანის მიყენების შესაძლებლობა მისთვის განჭვრეტადი ვერ იქნებოდა, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს ფულად-საკრედიტო ინსტიტუტს. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ხელშემკვრელი მხარეები რამდენიმე წელია ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მოპასუხისათვის, როგორც მეწარმე სუბიექტისათვის, ცნობილი იყო ის რისკები, რის წინაშეც შეიძლება დადგეს კომპანია, თუ ხელშეკრულების მხარეები გამოიჩენენ გულგრილობას და დროულად არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული ზიანი უფრო თვალსაჩინოა, როდესაც საქმე ეხება ფულადი ანაზღაურების მიღებას, ვინაიდან თავისუფლად აკუმულირებული თანხა საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი მეწარმე სუბიექტისათვის, უზრუნველყოს მოგების მიღება, არა მხოლოდ მისი სხვადასხვა პროექტში დაბანდებით, არამედ საბანკო სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებითაც.

42. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ წერილობით არაერთხელ ითხოვა მოპასუხისაგან ბოლო ეტაპის ღირებულების ანაზღაურება, ხოლო 2019 წლის 7 ნოემბრის გაფრთხილების წერილით მოითხოვა, არაუგვიანეს 15 დღისა, დავალიანების ანაზღაურება, ასევე განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართავდნენ კანონით დადგენილ ზომებს, რაც გამოიწვევდა მათი მხრიდან გადასახდელი თანხის გაზრდასაც. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების შესაძლებლობა გონივრული განსჯის ფარგლებში, მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო იყო.

43. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სსკ-ის 411-ე მუხლის გამოყენებისა და მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის წლიური 10%-ის დაკისრების წინაპირობა, რაც გონივრული და სამართლიანია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

44. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

45. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევებით. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას 2023 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით, მოპასუხის პროტესტის მიუხედავად, უკანონოდ მიიღო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები, კერძოდ, 2023 წლის 9 იანვრის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, 2023 წლის 24 იანვრის სააგენტოს წერილი, 2023 წლის 6 თებერვლის მოსარჩელის მიმართვა და 2023 წლის 28 თებერვლის წერილი.

46. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მას ჯეროვნად არ შეუსრულებია. ფაქტობრივად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის ბოლო ანგარიშსწორების - 2014 წლის მაისის შემდგომ არანაირი მომსახურება არ გაუწევია. აღნიშნული პერიოდიდან მოპასუხე დამოუკიდებლად მუშაობდა. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ვალდებულება იყო განგრძობითი და იგი ვალდებული იყო, პროექტის დასრულებამდე (ანუ ორივე ჰესის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე) შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა, ერთმნიშვნელოვნად ასახულია ხელშეკრულებაში. მოსარჩელის მიერ სადავო ვალდებულებების შესრულების მტკიცება თავად მოსარჩელეს ევალებოდა, რისი დადასტურებაც მან ვერ შეძლო.

47. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ წინაპირობას, რადგან მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით ვერ შეასრულა. მოსარჩელე წლების განმავლობაში უგულებელყოფდა მოპასუხის სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რის გამოც მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

48. მოსარჩელის მიერ სადავო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მტკიცებულებად სასამართლომ მიიჩნია მოპასუხის მხრიდან მისთვის 450 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხის შესაბამისი მომსახურების მიღება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა 2014 წლის შემდეგ მოპასუხის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

49. ამასთან, მოპასუხეს სადავო თანხის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა იმ შემთხვევაშიც, მოსარჩელეს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნადაც რომ შეესრულებინა, ვინაიდან არ დამდგარა თანხის გადახდის სამივე კუმულატიური პირობა - მშენებლობის დასრულება, ორივე ჰესის საბოლოოდ, ოფიციალურად ჩაბარება და ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება.

50. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ანაზღაურდება მხოლოდ გაწეული სამუშაოს ღირებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარემ მიუთითა 369-ე მუხლის დანაწესზეც.

51. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა, რომ 2019 წლის 7 ნოემბრის წერილში მოსარჩელე მიუთითებდა სადავო 150 000 აშშ დოლარზე, როგორც „წარმატების საფასურზე“, აღნიშნულით მხარემ დაადასტურა, რომ ბოლო გადახდის მომენტის შემდგომ მას მოპასუხისათვის მომსახურება არ გაუწევია. ანალოგიური განმარტა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რაც დაფიქსირებულია საოქმო აუდიოჩანაწერში (27.18 წთ.).

52. კასატორმა მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიმართ სადავო ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ამდენად, საფუძველს მოკლებულია სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილშიც. ამასთან, მხარემ დასძინა, რომ არაგონივრულია ვარაუდის დაშვება მიუღებელი თანხის დეპოზიტზე განთავსებასთან დაკავშირებით იმ სუბიექტის მიერ, რომლის საქმიანობის საგანია ელექტრომასალების, მათთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების, ნავთობპროდუქტების, სამშენებლო მასალების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტირება, ექსპორტი და შიდა ვაჭრობა.

53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

54. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

55. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ნარდობის/საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის მართლზომიერება.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).

57. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-240-2023, 21.03.2023წ. პ.10; №ას-740-2024, 13.02.2025წ.; №ას-60-2025, 27.02.2026წ.).

58. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. განსხვავება ამ ხელშეკრულებებს შორის მდგომარეობს შემდეგში: ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი (რეზულტატი). მაშასადამე, ნარდობის ხელშეკრულება აგებულია შემდეგი ფორმულით: თუ არ არის სახეზე შესრულებული შედეგი, მაშინ ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას. რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, მისი შედეგი ატარებს არამატერიალურ ხასიათს. მომსახურების ხელშეკრულებებს მიეკუთვნება კავშირგაბმულობის, სამედიცინო, აუდიტის, საკონსულტაციო, საინფორმაციო, საშუამავლო, ტურისტული მომსახურება და სხვა მისი მსგავსი ხელშეკრულებები (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 156).

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1522-2019, 12.02.2021წ. პ.34.; №ას-60-2025, 27.02.2026წ.).

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას. რელატიური უფლება გულისხმობს განსაზღვრული პირისგან შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილებას. იგი მიმართულია არა განუსაზღვრელი პირთა წრის, არამედ მხოლოდ კონკრეტული პირის მიმართ, კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით. აღნიშნული უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1166-2019, 06.04.2020წ.).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოების დროულად შესრულება. სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ დაკავშირებულია დროის ფაქტორთან, ვინაიდან ვადა უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის წესრიგს და განაპირობებს ხელშეკრულების პირობების ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომლისთვის დამახასიათებელია დინამიურობა და დროის შეზღუდულობა, ვადებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება აუცილებელია. სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას, ასევე იმ მოქმედებების შესრულებას, რომელიც განსაზღვრულია კანონით ან ხელშეკრულებით. ვალდებულების დროულად შესრულება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, ხოლო ვალდებულების შესრულების დრო ითვლება იმ მომენტად, როდესაც იგი უნდა შესრულებულიყო.

62. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს.

63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა - time is of the essence. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. „გონივრული ვადა“ წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით.

64. თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა ეჭვის ქვეშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვას. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ.

65. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვით: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“. მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგალითად: ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; №ას-671-2023, 12.09.2023წ.; №ას-1425-2023, 31.10.2025წ.; №ას-60-2025, 27.02.2026წ.). სსკ-ის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1634-2019, 04.03.2019წ.; №ას-1187-2020, 16.06.2021წ.; №ას-601-2020, 13.04.2022წ.; №ას-925-2022, 30.09.2022წ.).

66. სსკ-ის 636-ე მუხლი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო დანაწესია, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა, ამავე ნორმის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშობა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოსა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-901-851-2015, 05.02.2016წ.; №ას-981-926-2015, 11.03.2016წ.; №ას-671-2023, 12.09.2023წ.). ამდენად, შემკვეთს შეუძლია ხელშეკრულება შეწყვიტოს ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითების გარეშე. ამავდროულად, შემკვეთის ინიციატივით ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას, მენარდის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო (მაგალითად, მენარდე დროულად არ შეუდგა სამუშაოს შესრულებას ან სამუშაოს ისე ნელა ასრულებს, რომ შეუძლებელია მისი დამთავრება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც შემკვეთი ინტერესს კარგავს ხელშეკრულების მიმართ), აუცილებლად დაცული უნდა იყოს სსკ-ის 399-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენება ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი (იხ. ზ.ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2011).

67. ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოპასუხეს გააჩნდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოშლის მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა. თუმცა, სადავო საკონსულტაციო ხელშეკრულების მოშლილად მიჩნევისათვის კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების სტანდარტის დაცვით, უნდა დაედასტურებინა აღნიშნული გარემოება სასამართლოსთვის დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით. მიუხედავად ამისა, კასატორმა საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითა ისეთი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა.

68. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

69. მოპასუხის საქმიანობის სფეროა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობასთან 2008 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მან იკისრა აჭარაში, მდინარე ჭოროხზე ორი ელექტროსადგურის - „კ.ჰ–სა“ და „ხ. ჰ. 1-ის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების ვალდებულება.

70. ზემოხსენებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით, 2011 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკონსულტაციო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც: ხელშეკრულების საგანია კონსულტანტის (მოსარჩელის) მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული პროექტის ფარგლებში, მოპასუხესა და საქართველოს სახელმწიფოს ან/და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების/მოწესრიგების უზრუნველყოფა; პროექტის შეცვლის უზრუნველყოფა ისე, რომ მთლიანი სიმძლავრე გაიზარდოს 101 მეგავატამდე და შემცირდეს ამჟამად მოქმედ მემორანდუმში მითითებული სიმძლავრე ან/და პროექტი შეიცვალოს მოპასუხის მიერ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი ფორმით; მოპასუხის მიერ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებისა და მისი დანართების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წინაშე მიღებული სახელშეკრულებო მოგებების შენარჩუნების/დაცვის პირობით, ახალი უფლებებისა და მოგების მიღების მიზნით, ხელშეკრულების 4.1.2 მუხლის შესაბამისად, შესწორების ან განახლების უზრუნველყოფა, რის შემდეგაც ხელშეკრულების მთავრობის მხრიდან დამტკიცებისა და ხელმოწერის უზრუნველყოფა; პროექტის მშენებლობის დასრულებისა და სისტემაში ჩართვის, ასევე, შესაბამისი სამსახურების მიერ პროექტის ოფიციალურ ჩაბარებამდე ვადაში, ნებისმიერი სახის ნებართვის, ლიცენზიისა და ცნობის აღების საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; შემდგომ პერიოდში მოპასუხისათვის საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა; პროექტში ენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის ინვესტიციებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის სტრატეგიული მხარდაჭერისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; მხარეებს შორის არსებული უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა და რეგულირება (მუხლი 3);

71. ხელშეკრულებაში კონსულტანტის ვალდებულებები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: კონსულტანტს კარგად აქვს გაცნობიერებული ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს და/ან მთავრობის, და განსაკუთრებით კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვალდებულებები (4.1.1 მუხლი); მოპასუხის მიერ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებისა და მისი დანართების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წინაშე მიღებული სახელშეკრულებო მოგებების შენარჩუნების/დაცვის პირობით, უზრუნველყოს მემორანდუმში ცვლილებების/კორექტირების შემდეგი სახით შეტანა: პროექტი შეიცვალოს ისეთი ფორმით, რომ მთლიანი სიმძლავრე გაიზარდოს 101 მეგავატამდე ან შემცირდეს ამჟამად მოქმედ მემორანდუმში მითითებული სიმძლავრე და/ან პროექტი შეიცვალოს მოპასუხის მიერ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი ფორმით, და გაუქმდეს ნაკისრი ყოველწლიური 544.10 მეგავატის გამომუშავების ვალდებულება; არსებულ მემორანდუმში გაუთვალისწინებელი და საზღვარგარეთ ელექტროენერგიის გასვლის საკითხთან დაკავშირებით არსებული და/ან მშენებარე გადამცემი ხაზების 15-წლიანი გამტარიანობის შენარჩუნება და ე–თან ხელშეკრულების გაფორმება; არსებული მემორანდუმის ფარგლებში, წლიური ელექტროენერგიის გამომუშავების 40%-ის ოქტომბერ-მარტში საქართველოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გამოყენების შესახებ დებულების შეცვლა ისე, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოყენებულ იქნეს საქართველოს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ყოველწლიურად ოქტომბერ-მარტის პერიოდში რომელიმე სამი თვის განმავლობაში; საქართველოს შიდა ბაზარზე სარეალიზაციო ელექტროენერგიის უმაღლესი ფასი, ყოველი კილოვატ საათისთვის განისაზღვროს 4,8 აშშ დოლარით, ხოლო მინიმალური ფასი განისაზღვროს 4,5 აშშ დოლარით. ასევე „ე.ს.კ.ო–თან“ გაფორმდეს ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება; მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მემორანდუმის დარღვევის ან, მოპასუხისგანვე დამოუკიდებელი მიზეზით, ნებართვების აღების დაგვიანების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ტიპის ტენდერების განხორციელებისას საგარანტიო წერილი არ აღრიცხოს შემოსავლად და მთავრობის მიერ მოპასუხეს განესაზღვროს დამატებითი ვადა; საქართველოს მთავრობამ იკისროს ვალდებულება, რომ არ დაამტკიცებს სხვა ისეთ პროექტს, რომელიც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს კომპანიის პროექტზე; იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აღარ ექნება ელექტროენერგიის საჭიროება, მაშინ მოპასუხე თავისუფალი იქნება, მოახდინოს მის მიერ წარმოებული და, შიდა მოხმარების ვალდებულების შესაბამისად, გამოყოფილი ენერგიის რეალიზაცია (ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ); მემორანდუმის გაუქმების ან მისი მთავრობის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში, ფინანსისტებს მიენიჭოს პროექტის შესყიდვის ან, მოპასუხის ნაცვლად, ალტერნატიული ინვესტორის მოძიება/ჩართვის უფლება; მოპასუხის მიერ მემორანდუმის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ მემორანდუმის შეწყვეტის უფლების გამოყენებამდე მოპასუხეს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად (4.1.2 მუხლი);

72. კონსულტანტი კისრულობს ვალდებულებას: პროექტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს და/ან მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმებისას და შეხვედრის დროს დაიცვას მოპასუხის უფლებები და ინტერესები, იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე, მოპასუხეს გაუწიოს კონსულტაცია კორექტირებული ხელშეკრულების დამტკიცებიდან და გაფორმებიდან პროექტის მშენებლობის დასრულებისა და სისტემაში ჩართვამდე, შესაბამისი სამსახურების/დაწესებულებების მიერ პროექტის ოფიციალურად ჩაბარებამდე ვადაში საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და დოკუმენტაციის მიღებაში, ასევე, ყველა პრობლემის გადაჭრაში, ასევე, კონსულტანტი ვალდებულია, მოპასუხეს გაუწიოს დახმარება სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით (4.1.3 მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულებასთან და მის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ კონსულტანტის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის პერიოდში, კონსულტანტის მიერ მოპასუხისგან, მისი აქციონერებისაგან, მოპასუხის აქციონერთა კომპანიებისგან, მენეჯერებისგან, ასევე, ნებისმიერი სახის საინვესტიციო გეგმიდან და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიული ურთიერთობიდან გამომდინარე, ზეპირი, წერილობითი ან სხვა რაიმე ფორმით მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. კონსულტანტი კისრულობს ვალდებულებას, რომ დაიცავს ინფორმაციის კონფიდენციალობას, ასევე, მოპასუხის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნისა და საგნის საწინააღმდეგოდ, არცერთ დაწესებულებას, ორგანიზაციას ან ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ გადასცემს კონფიდენციალურ ინფორმაციას (4.1.4 მუხლი); კონსულტანტი მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შემდგომში მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ან თურქეთის კანონმდებლობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა ეკისრება კონსულტანტს (4.1.5 მუხლი); თავისი სახელით ან სხვა პირებთან ერთად ან სხვა პირების სახელით და აქციონერის, მენეჯერის, პარტნიორის, კონსულტანტის ან სხვა სტატუსით, პირდაპირი ან ირიბი გზით არ იმოქმედოს და არ გააკეთოს ისეთი ახსნა-განმარტება, რომელიც ზიანს აყენებს და რეპუტაციას ულახავს მოპასუხეს, მის აქციონერებს, იმ კომპანიებს, რომლის აქციონერებიც თავად მოპასუხის აქციონერები არიან; ასევე, არცერთი დაწესებულებისა და ორგანიზაციის წინაშე არ განახორციელოს კომპანიისათვის უარყოფითი შედეგის მომტანი ქმედებები (4.1.6 მუხლი); საქართველოს სახელმწიფოსთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით დაიცვას მოპასუხის უფლებები და ინტერესები და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად; მოპასუხეს გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებიდან მშენებლობის დასრულებისა და სისტემაში ჩართვამდე და წარმოების დაწყებამდე პერიოდში ადმინისტრაციული და კანონიერი ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების საკითხთან და შესაბამისი პრობლემების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით (4.1.8 მუხლი).

73. მოპასუხემ იკისრა შემდეგი ვალდებულებები: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, კონსულტანტს დროულად და სრულად აუნაზღაუროს საკონსულტაციო მომსახურების საფასური (4.2.1 მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონსულტანტის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პერიოდში, კონსულტანტს შესაბამისი ინვოისის საფუძველზე აუნაზღაუროს მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები (4.2.2 მუხლი); მოპასუხე პასუხისმგებელია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ელექტროენერგიის წარმოებისა და სისტემაში ჩაშვებამდე და შესაბამისი სამსახურების მიერ საბოლოო ჩაბარებამდე ვადაში, საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და დოკუმენტების აღებისათვის შეადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და დროულად მიაწოდოს შესაბამის დაწესებულებას (4.2.4 მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი თვის ბოლოს, მოპასუხე, ინვოისის საფუძველზე, კონსულტანტს მითითებული საბანკო ანგარიშის საშუალებით, აუნაზღაურებს 10 000 აშშ დოლარს (ათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ. (მუხლი 5.1). კონსულტანტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და უნაკლოდ შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე, ქვემოთ მითითებული პირობებითა და შესრულების კალენდარის ფარგლებში, გადასახადების გარეშე, კონსულტანტს ჯამურად გადაუხდის ჰონორარს - 600 000 აშშ დოლარის ოდენობით (ექვსასი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%) (5.2.მუხლი); ხელშეკრულების 4.1.2. მუხლში მითითებული ფორმით კორექტირებისა და საქართველოს სახელმწიფოს ან მთავრობის მიერ დამტკიცებისა და ხელმოწერის თარიღისათვის მოპასუხე კონსულტანტს აუნაზღაურებს 150 000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%). (5.2.1. მუხლი); პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ნებართვის (მშენებლობის ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ლიცენზია და სხვა საჭირო ნებართვები) შესაბამისი დაწესებულებისგან მიღების თარიღისათვის, მოპასუხე კონსულტანტს აუნაზღაურებს 150 000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%) (5.2.2. მუხლი); კუთვნილი პროექტის ფარგლებში, წინა მუხლში მითითებული მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, მოპასუხე მშენებლობის დაწყების თარიღისათვის კონსულტანტს აუნაზღაურებს 150 000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%) (5.2.3. მუხლი); პროექტის მშენებლობის დასრულების და შესაბამისი სამსახურების მიერ ოფიციალური საბოლოო ჩაბარებისა და ენერგიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოპასუხე კონსულტანტს აუნაზღაურებს 150 000 აშშ დოლარს (ას ორმოცდაათი ათასი აშშ დოლარი) + დღგ (18%) (5.2.4. მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონსულტაციის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების პერიოდში, კონსულტანტს შესაბამისი ინვოისის საფუძველზე აუნაზღაუროს მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები (5.2.5. მუხლი); კონსულტანტი ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის გადასახდელი საფასური წარმოადგენს ფიქსირებულ და ექსკლუზიურ ანაზღაურებას, გამომდინარე აქედან, კონსულტანტი მოპასუხისგან არ მიიღებს არანაირ ანაზღაურებას გარდა მითითებულისა (მუხლი 5.2.6); წინამდებარე ხელშეკრულების ან ხელშეკრულების საფასურის მიზეზით, წარმოქმნილი ბეჭდის მოსაკრებლის ნახევრის გადახდაზე პასუხიმგებელია მოპასუხე, ხოლო მეორე ნახევრის გადახდაზე პასუხისმგებელია კონსულტანტი. გარდა დღგ-სა, წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მისი საფასურიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის გადასახადის გადახდაზე პასუხიმგებელია კონსულტანტი (მუხლი 5.3).

74. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერიდან პროექტის საბოლოო ჩაბარებამდე. მხარეთა ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

75. ხელშეკრულების ფარგლებში, კონსულტანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს, კონსულტანტს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, კონსულტანტს განუსაზღვროს 15-დღიანი ვადა და მოითხოვოს კონსულტანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან დარღვევის შედეგების აღმოფხვრა. აღნიშნულ ვადაში კონსულტანტის მიერ მოპასუხის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს, ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება (მუხლი 6.1).

76. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის შეუთანხმებლობისა და დავების მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა. დავებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები და აღსრულების ბიუროები (მუხლი 6.3).

77. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან - 2011 წლის 8 თებერვლიდან, თუმცა, ყოველთვიური საკონსულტაციო საფასურის ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულების 5.1. მუხლი ძალაში იყო არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელი იყო მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით.

78. მოსარჩელე/კონსულტანტ მხარემ, ზემოხსენებული ხელშეკრულების 5.2.1, 5.2.2 და 5.2.3 მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ სრულიად მიიღო ანაზღაურება მოპასუხე/დამკვეთისაგან, ჯამში 450 000 აშშ დოლარი.

79. 2019 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ №2019/GEO-1 წერილით მიმართა მოპასუხეს, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ითხოვდა ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის ღირებულების - 150 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რაზეც წარდგენილ იქნა ინვოისი.

80. 2019 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ საპასუხო წერილით, უარი განაცხადა აღნიშნული თანხის (150000 აშშ დოლარის) გადახდაზე და მიუთითა, რომ 2014 წლის 5 თებერვლიდან მოსარჩელეს შესაბამისი მომსახურება არ გაუწევია.

81. 2019 წლის 7 ნოემბერის მოსარჩელემ გაფრთხილების წერილით მიმართა მოპასუხეს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. ამასთან, მათი მხრიდან მოვალეობების შესრულების შეყოვნების, ან დარღვევის, ან შეუსრულებლობის შესახებ არავითარი შეტყობინება არ მიუღია. კომპეტენტური სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანოების ჩანაწერებიდან დგინდებოდა, რომ პროექტი დასრულდა და დაიწყო ელექტროენერგიის რეალიზაცია, რის გამოც დადგა ბოლო ეტაპისთვის გადასახდელი თანხის - 150 000 აშშ დოლარის გადახდის დრო. მოსარჩელემ მოითხოვა, არაუგვიანეს 15 დღისა, დავალიანების ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითებდა, რომ მიმართავდა კანონით დადგენილ ზომებს, რაც გამოიწვევდა გადასახდელი თანხის გაზრდას.

82. მოთხოვნილი თანხის გადახდაზე მოსარჩელემ 2019 წლის 19 ნოემბრის საპასუხო წერილით კვლავ უარი განაცხადა და კვლავ მიუთითა, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 5 თებერვლიდან არავითარი მომსახურება არ გაუწევია, არ მომხდარა პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება და არ გაფორმებულა ენერგიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რაც გამორიცხავდა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას.

83. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაასრულა „კ.ჰ–სა“ და „ხ.1 ჰ–ის“ მშენებლობა და ისინი მიღებულია ექსპლუატაციაში.

84. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 28 თებერვლის №23/1521 წერილის თანახმად, ობიექტები ჩართულია ქსელში და გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ელექტროსისტემას. ამასთან, „კ.ჰ–“ ექსპლუატაციაში მიღებულია შეზღუდული სიმძლავრით (27.47 მგვტ, ნაცვლად 51,251 მგვტ-ისა), რაც გამოწვეულია წყალსაცავის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგობით. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა პროტესტი უკავშირდებოდა, ნაკვეთების ექსპროპრიაციის სანაცვლოდ, შეთავაზებული თანხის ოდენობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზემოხსენებული წერილით დასტურდება, რომ მოპასუხესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის შემდგომაც შესაძლებელი იქნება „კ.ჰ–ს“ მთელი სიმძლავრით ამუშავება.

85. საქართველოს მთავრობას, მოპასუხეს, შპს „ე–სა“ და სს „ე.ს.კ.ო–ს“ შორის 2023 წლის 22 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, „კ.ჰ–ს“ ექსპლუატაციაში მიღების (სრული სიმძლავრით) ვადა გაგრძელდა 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

86. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის საკონსულტაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადავო, საბოლოო გადახდა უკავშირდება მითითებული ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტს, რომელიც ადგენს საბოლოო ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად შესრულებულია რამდენიმე წინაპირობა: პროექტის მშენებლობის დასრულება; შესაბამისი სამსახურების მიერ ოფიციალურად, საბოლოოდ ჩაბარება; ენერგიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ამავდროულად, მხარეებმა გაითვალისწინეს კონკრეტული სიმძლავრე, რომლის მიხედვითაც ჰესებმა უნდა იმუშაონ.

87. თავად მოსარჩელის განმარტებით, მითითებული სადავო გადახდა მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული ვალდებულების შესრულებას არ უკავშირდებოდა. იგი წარმოადგენდა დამკვეთისაგან ერთგვარ წახალისებას, ე.წ ბონუსის (ჯილდო-პრემიის) დაპირებას, რათა მენარდე-კონსულტანტს ჯეროვნად შეესრულებინა 5.2.1, 5.2.2 და 5.2.3 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები (იხ. სარჩელი).

88. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა პრაქტიკაში, მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში, კონკრეტული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს დამატებითი, წამახალისებელი ანაზღაურება, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ვალდებულების ფორმალურ შესრულებას, არამედ მისი შედეგიანობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას. ასეთი ანაზღაურება, როგორც წესი, უკავშირდება წინასწარ განსაზღვრულ შედეგს ან მიღწევას და არა მხოლოდ მოქმედების შესრულების ფაქტს. მსგავსი ტიპის დათქმა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ კონკრეტულ ქმედებათა შესრულებას არ გულისხმობს, არამედ უფრო ზოგად ხასიათს ატარებს და ამა თუ იმ საკითხის წარმატებით განხორციელებას უკავშირდება. მითითებული კუთხით, წარმატება გაგებულ უნდა იქნეს არა შეთანხმებული მოვალეობის ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილებად, არამედ ვალდებულების განხორციელების პრაქტიკული შედეგების მიღებად, რაც აძლიერებს ხელშეკრულების მიზნობრიობას და უზრუნველყოფს, რომ მხარეთა თანამშრომლობა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ასეთი ტიპის „წარმატების საფასური“ აქტუალურია, მაგალითად, ადვოკატის შემთხვევაში, როდესაც ანაზღაურება პირდაპირ დამოკიდებულია სასამართლო დავის მოგებაზე და მის აღსრულებაზე ან სხვა საქმიანობის წარმატებით განხორციელებაზე. თუმცა, ეს პრაქტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი ან პროფესიული სფეროთი. იგი შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერ ხელშეკრულებაში, სადაც მხარეები გარკვეულ შედეგებზე არიან შეთანხმებულნი. მსგავსი შეთანხმება, ემსახურება მხარეთა ინტერესთა ბალანსის დაცვას: ერთი მხრივ, შემსრულებელი იღებს დამატებით სტიმულს ვალდებულების მაქსიმალურად ეფექტიანად შესრულებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, დამკვეთი იხდის დამატებით ანაზღაურებას მხოლოდ რეალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. შედეგად, ასეთი მექანიზმი ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გაზრდას, საქმიანობის ეფექტურობას, ურთიერთნდობის გაღრმავებას და მთლიანობაში სახელშეკრულებო ურთიერთობის გამჭვირვალობასა და სტაბილურობას.

89. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ცალსახად ადგენს ანაზღაურების ორნაწილიან მექანიზმს. კერძოდ, ხელშეკრულება განასხვავებს ერთმანეთისგან ეტაპობრივ და საბოლოო ანაზღაურებას როგორც მათი სამართლებრივი ბუნებით, ასევე გადახდის წინაპირობებით. ერთი მხრივ, ეტაპობრივი გადახდები დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე და არ არის დამოკიდებული პროექტის საბოლოო შედეგის მიღწევაზე. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული თითოეული სამუშაო წარმოშობს დამოუკიდებელ ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. მეორე მხრივ, ხელშეკრულება დამატებით ითვალისწინებს საბოლოო ანაზღაურებას, რომლის გადახდა დამოკიდებულია განსაზღვრული წინაპირობების ერთობლივად დადგომაზე. შესაბამისად, თუ აღნიშნული პირობებიდან ერთიც კი არ შესრულდა და პროექტმა არ მიაღწია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბოლოო შედეგს, მოპასუხეს არ წარმოეშობა საბოლოო ანაზღაურების გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, მოსარჩელემ შეასრულა თუ არა ეტაპობრივი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, კონსულტანტი ინარჩუნებს უფლებას მიიღოს მხოლოდ ის ანაზღაურება, რომელიც უკავშირდება უკვე შესრულებულ ეტაპობრივ სამუშაოებს.

90. მოცემულ საქმეზე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სადავო გადახდის სამართლებრივი ბუნებისა და ხასიათის განსაზღვრა. თავად მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადახდა წარმოადგენს ერთგვარ ჯილდოს პროექტის წარმატებით დასრულებისთვის, რაც მიუთითებს მის შედეგზე დამოკიდებულ ხასიათზე. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, შესრულდა თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 5.2.4 მუხლით გათვალისწინებული კუმულატიური პირობები, რომელთა ერთობლივი არსებობაც განაპირობებს ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობას.

91. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც თავად მოსარჩელის, ისე სააპელაციო პალატის მსჯელობა გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებას, რაც მოიცავს, მათ შორის, სადავო ჰესების მშენებლობის დასრულებასა და მათ ექსპლუატაციაში მიღებას, რის საფუძველზეც, მოსარჩელის პოზიციით, წარმოიშვა შეთანხმებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება. მეორე მხრივ კი, თავად მოსარჩელე მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული წინაპირობების სრულად შესრულებას. კერძოდ, რომ მოპასუხე კომპანიას ერთ-ერთი ჰესის მშენებლობა არ დაუსრულებია და იგი შეთანხმებული სიმძლავრით ვერ ფუნქციონირებს. აღნიშნული გარემოება, თავისი შინაარსით, შეიძლება მიუთითებდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის მიუღწევლობაზე ან ნაწილობრივ შესრულებაზე, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ვალდებულების წარმოშობაზე. ამგვარ ვითარებაში, სასამართლოსათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი და ზუსტი დადგენა, რომლებიც უკავშირდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების რეალურ შესრულებას. აღნიშნული საკითხების დადგენის გარეშე, სასამართლო ვერ შეძლებს ობიექტურად შეაფასოს, არსებობს თუ არა სადავო თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, შეუძლებელია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგების სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება. სწორედ ამიტომ, ასეთი წინააღმდეგობრივი გარემოებების პირობებში, აუცილებელია მტკიცებულებათა სრულყოფილი შეფასება და ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრული ანალიზი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დავის სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტა.

92. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.

93. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლი ითვალისწინებს კასატორი მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო პალატისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობებს. აღნიშნული შესაძლებელია, როდესაც: „ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა“.

94. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა საქმის კანონიერად გადაწყვეტისათვის აუცილებელი ამა თუ იმ გარემოების ფაქტობრივი კვლევა და დადგენა, საკასაციო სასამართლო, ამ ინსტანციისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო, მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ამგვარი ფაქტები, შესაბამისად, საქმე უბრუნდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელსაც ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია.

95. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღება არ ხდება.

96. შესაბამისად, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეებს ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის/გამოთხოვის საპროცესო უფლებას მოქმედო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ანიჭებს. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პალატისათვის კანონდარღვევით ახალი მტკიცებულების წარდგენის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ იმავე მოცემულობის არსებობას, რაც იყო სარჩელის წარდგენისას სადავო ჰესის დატვირთვისა და მშენებლობის მდგომარეობის შესახებ.

97. ამდენად, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების შედეგად უნდა დაადგინოს, წარმოიშვა თუ არა მხარეთა შორის არსებული საკონსულტაციო ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტით გათვალისწინებული ე.წ „წარმატების საფასურის“ სადავო, ბოლო ანაზღაურების - 150 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის შეთანხმებული წინაპირობები. კერძოდ, სასამართლომ უტყუარად უნდა დაადგინოს: დასრულდა თუ არა პროექტის მშენებლობა; შესაბამისმა სამსახურებმა ოფიციალურად საბოლოოდ ჩაიბარეს თუ არა იგი; განხორციელდა თუ არა ენერგიის შესყიდვა და ფუნქციონირებს თუ არა ჰესები იმგვარად, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ. სწორედ აღნიშნული პირობების სრულფასოვნად არსებობისასაა შესაძლებელი სარჩელით მოთხოვნილი „წარმატების საფასურის“ ანაზღაურება.

98. მითითებული საკითხის გარკვევის შემდეგ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ასევე უნდა შეაფასოს საკითხი მიუღებელი ზიანის დაკისრების შესახებ.

99. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მხარემ მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელემ ვერ მიიღო კუთვნილი თანხა, რომლისგანაც მიიღებდა სარგებელს.

100. საკასაციო პალატამ მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე რომ ამას არ მოჰყვეს მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად აუცილებელია მტკიცებულებების არსებობა აშკარა ქონებრივი დანაკლისის დასასაბუთებლად, უსაფუძვლო გამდიდრების გამორიცხვისთვის. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრულობის კრიტერიუმებით შემოფარგვლა უსაფუძვლო გამდიდრებისა და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა ინტერესთა წონასწორობის რღვევის პრევენციას ახდენს (შდრ. ნათია ჩიტაშვილი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თსუ, 2016, გვ. 151).

101. მხოლოდ მოსამართლის როლისა და მხარეთა მტკიცების ტვირთის ზრდის პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მოხდეს მტკიცებულებებისა და გარემოებების კომპლექსურად შეფასება (შდრ. ნათია ჩიტაშვილი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თსუ, 2016, გვ. 154).

102. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება/საქმე №ას-1168-2022, 18.01.2023წ.) განმარტა, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატის განმარტების საგანია სსკ-ის 992-ე და 408.1-ე მუხლების დანაწესი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმით დადგენილ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა („Total reparation-ის“ პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც, სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

103. სსკ-ის 408.1-ე, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ („pure economic loss“). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

104. მიუღებელი შემოსავალი გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც არ იარსებებდა მოვლენები რომ მართლზომიერების ფარგლებში განვითარებულიყო. საკანონმდებლო სტანდარტის არსებობის პირობებშიც, მიუღებელი შემოსავლის დასაბუთება კვლავ მოკლებულია სამართლებრივ კონკრეტიკას და აბსტრაქტულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. სამომავლო ზიანის დასადასტურებლად არ არსებობს მტკიცების წინასწარ დადგენილი ერთიანი სტანდარტი ან არგუმენტაციის ერთხმად აღიარებული ფორმულა, რომელსაც ყველა მოსამართლე უპირობოდ გაიზიარებდა, რადგან მიუღებელი შემოსავლის დასაბუთება ყოველთვის მოითხოვს საკითხის ინდივიდუალიზაციას. შესაბამისად, ამ სფეროში ერთაგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება კონცეფტუალურად მსგავს შემთხვევებშიც კი შეიძლება რთული აღმოჩნდეს საქმის კონკრეტული გარემოებების თავისებურებების მხედველობაში მიღებით.

105. მიუხედავად ამისა, ზიანის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანამდევი შედეგის, არსებობა ობიექტურ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს და არ უნდა შორდებოდეს სამართლებრივ და ეკონომიკურ განსაზღვრულობას. ზიანის არსებობის ფაქტი მიუღებელი შემოსავლის მტკიცების პროცესშიც მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, კერძოდ, მან გამოხატვა უნდა ჰპოვოს ეკონომიკურ ერთეულში და მისი მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ობიექტურად, სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების საფუძველზე. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ ამას არ მოჰყვეს მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად აუცილებელია მტკიცებულებების არსებობა აშკარა ქონებრივი დანაკლისის დასასაბუთებლად, უსაფუძვლო გამდიდრების გამორიცხვისთვის. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრულობის კრიტერიუმებით შემოფარგვლა უსაფუძვლო გამდიდრების და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა ინტერესთა წონასწორობის რღვევის პრევენციას ახდენს.

106. მაშასადამე, ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. განცდილი ზიანის ოდენობა კი, განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს. ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა.

107. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ, ზემოთ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ხელახლა უნდა იკვლიოს, წარადგინა თუ არა მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებულებას ადასტურებენ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 412-ე, 284-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.ე. – ....-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია