დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.03.2026
საქმის ნომერი
ას-1250-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1250-2025 05 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ხ–მა (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ 2023 წლის 01 ივნისის N1000395 623 00574414 ბრძანება მ.ხ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

მ.ხ–ი აღდგენილ იქნეს შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე;

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2023 წლის 01 ივნისიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 3 000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა), დარიცხული - 3 750 ლარი.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ხ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ 2023 წლის 01 ივნისის N1000395 623 00574414 ბრძანება მ.ხ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ას“ მ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 11 250 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით; სარჩელი დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელე მ.ხ–ი 2022 წლის 20 ივნისიდან 2022 წლის 01 სექტემბრამდე, დასაქმებული იყო შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–აში“ შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

4.2. 2022 წლის 01 სექტემბერს, მ.ხ–სა და შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ას“ შორის გაფორდა შრომის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის, თანახმად, დასაქმებული მიიღება კლინიკაში საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ შრომის ინსპექციის საკითხებში და თანახმაა განახორციელოს: შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი/კონტროლი; შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების დაცვის კონტროლი; შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი; სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროცესისა და სამედიცინო პროექტების კონტროლი შრომის უსაფრთხოების კუთხით; კომპეტენციის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვა.

4.3. დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა თვეში ფიქსირებული 3750 ლარის ოდენობით.

4.4. დასაქმებული სამუშაოზე მიიღება 2022 წლის 01 სექტემბრიდან 2023 წლის 01 სექტემბრამდე.

4.5. 2022 წლის 12 სექტემბერს შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ ხელმძღვანელის მიერ გამოიცა N14-1501/კ ბრძანება შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მ.ხ–ის შრომის ინსპექციის საკითხებში, საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე. ბრძანების მიხედვით, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში დარიცხული 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, იგი ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

4.6. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 01 ივნისის N1000395 6 23 00574414 ბრძანებით შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ წესდების 5.1. პუნქტის, ამავე კლინიკის შიდა აუდიტორის, გ.კ–ძის 2023 წლის 31 მაისის N 1000395 9 23 00564689 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მ.ხ–ის მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, ამავე ხელშეკრულების 5.4. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, კლინიკის შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის, ამავე შინაგანაწესის 36–ე მუხლის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევების ჩადენის შესაბამისად გამოყენებულ იქნა კლინიკის შინაგანაწესის 37-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 02 ივნისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

4.7. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ 2023 წლის 07 ივლისის წერილით, მოსარჩელეს 2023 წლის 30 ივნისის განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ 2023 წლის 01 ივნისის N 1000395 6 23 00574414 ბრძანებით მ.ხ–ს 2023 წლის 02 ივნისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ამავე ბრძანების თანახმად, მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულია კლინიკის შიდა აუდიტორის, გ.კ–ძის 2023 წლის 31 მაისის N 1000395 9 23 00564689 მოხსენებითი ბარათი. წერილის მიხედვით, მოკვლევის შედეგად დადგენილ იქნა რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება: შრომის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირებისადმი სასერტიფიკატო მოთხოვნები რეგულირდება 2019 წლის 19 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონით N4283-IIს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება N01-25/ნ-ით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობებით“; მ.ხ–ის პირად საქმეში დევს მის სახელზე, შპს „ს–ოს“ მიერ IOSH-ის ეგიდით გაცემული ინგლისურენოვანი სერტიფიკატის ასლი და 2022 წლის 25 ივლისს გაცემული ცნობა, რომ მ.ხ–მა გაიარა შრომის უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი და წარმატებით ჩააბარა ტესტირება. კურსის დაწყების თარიღია 2019 წლის 22 ივლისი“; 2023 წლის 11 მაისს - კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა N1000395 1 23 00498298 წერილით მიმართა საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს შრომის ინსპექციის საკითხებში, რომ მის სახელზე გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი აღარ არის ვალიდური (3 წლიანი ვადის გასვლის გამო) 2022 წლის 28 ივლისიდან და განუსაზღვრა ახალი სერტიფიკატის წარმოდგენის ვადა არა უგვიანეს 2023 წლის 16 მაისისა; 2023 წლის 16 მაისს - მ.ხ–ი წერილით, N1000395 3 23 00510501 მიმართავს კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სადაც აღნიშნავს, რომ „მიმდინარე წლის 11 მაისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ესაჭიროება შრომის უსაფრთხოების სასერთიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარება“, რის შესახებაც მას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა მისი მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურს განცხადებით სასერტიფიკატო გამოცდაზე დაშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით“.

4.8. მ.ხ–თან დადებულ ხელშეკრულებაში შეუსაბამისობაა თანამდებობასა და ხელშეკრულების საგანში დაფიქსირებულ უფლება-მოვალეობებში, კერძოდ: 1.1. თანამდებობა ფორმულირებულია როგორც „საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე შრომის ინსპექციის საკითხებში“. 1.2. უფლება-მოვალეობები: 1.2.1. შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი; 1.2.2. შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების დაცვის კონტროლი, 1.2.3. და ა. შ. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სხვა მოვალეობები. 2. არსებულ სერტიფიკატსა და შესაბამის ცნობასთან დაკავშირებით: 2.1. პირად საქმეში არსებულ სერტიფიკატში არაა მითითებული გაცემის თარიღი; 2.2. სერტიფიკატის გამცემი კომპანიის მიერ გაცემულ ცნობაში საუბარია, რომ მ.ხ–მა დაიწყო სასერტიფიკატო კურსი და წარმატებით ჩააბარა ტესტირება. თუმცა არაა მითითებული, როდის დაასრულა კურსი და როდის გაიცა მასზე სერტიფიკატი; 2.3. სერტიფიკატის გამცემ კომპანიას შესაბამისი ცნობის გაცემის დროს უნდა სცოდნოდა, რომ მათ მიერ გაცემული სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უკვე ვალიდური აღარ იყო.

4.9. 2023 წლის 11 მაისის წერილში კადრების სამსახურის უფროსმა მ.ხ–ს განუსაზღვრა ახალი სერტიფიკატის წარმოდგენის ვადა არა უგვიანეს 2023 წლის 16 მაისისა. 16 მაისს ახალი სერტიფიკატი წარმოდგენილი არ ყოფილა. დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მ.ხ–თან მიმოწერის დროს გამოიკვეთა შემდეგი: 6.1. კითხვა (1): „სერტიფიკატის ვადის გასვლიდან, 2022 წლის 28 ივლისიდან 2023 წლის 11 მაისამდე ცნობილი იყო თუ არა თქვენთვის აღნიშნულის თაობაზე?“; 6.2. პასუხი: „2022 წლის 28 ივლისიდან 2023 წლის 11 მაისამდე, სერთიფიკატის ვალიდურობასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ იყო და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული არ ვყოფილვარ.“; 6.3. აუდიტორის კომენტარი: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა მ.ხ–ის სამსახურებრივი მოვალეობაა; 6.4 კითხვა (2): „2022 წლის 28 ივლისიდან 2023 წლის 11 მაისამდე შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებდით თუ არა?, 6.5. პასუხი: „პირადად მქონდა კომუნიკაცია არაერთხელ სერთიფიკატის გამცემ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ცალსახად, გარკვევით განმიმარტეს, რომ მე ვფლობ უვადო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერთიფიკატს და სასერთიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარებას ექვემდებარებიან მხოლოდ ვადიანი სერთიფიკატის მქონე პირები. აღნიშნულიდან გამომდინარე დღემდე ვასრულებ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს“; 6.6. კითხვა (3): „მეორე კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, განმარტოთ, რის საფუძველზე ახორციელებდით ნაკისრ უფლება–მოვალეობებს და რომელი საკანონმდებლო აქტით ხელმძღვანელობდით?“; 6.7. პასუხი: „ვხელმძღვანელობ სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებით მოქმედ შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ნორმატიული აქტებით და ტექნიკური რეგლამენტით. ასევე, კლინიკის შრომის უსაფრთხოების კუთხით მოქმედი რეგულაციებით“; 6.8. აუდიტორის კომენტარი: მოთხოვნილი იყო კონკრეტული ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რაც არ იქნა მოწოდებული. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მ.ხ–ი უთითებს, რომ ხელმძღვანელობდა სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებით მოქმედი შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ნორმატიული აქტებით და ტექნიკური რეგლამენტებით. აღნიშნული არსებულ რეალობას მოკლებულია. მაშინ, როდესაც შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს ზოგადი დებულებები, რომლის შესახებ თავად მაკონტროლებელი პირი უთითებს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას, საეჭვოა მის მიერ რამდენად ხორციელდებოდა ნორმატული აქტებით ხელმძღვანელობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ მ.ხ–ის მხრიდან, არ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეტიც, საერთოდ არ იყო ინფორმირებული მის სამოქმედო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ; 6.9. კითხვა (4): „2023 წლის 16 მაისის (N1000395 3 23 00510501) განცხადებას თანდართული აქვს თქვენ მიერ შრომის ინსპექციაში წარდგენილი განცხადება, გამოცდაზე რეგისტრაციის თაობაზე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნული განცხადების 2023 წლის 11 მაისს სსიპ შრომის ინსპექციაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი“, 6.10. პასუხი: „მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საჭირო იყო სასერთიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარება, იმ დღესვე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კერძოდ შრომის ინსპექციის სამსახურს და მათთან კონსულტაციის შემდგომ, იმავე დღეს გადავაგზავნე მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, სასერთიფიკატო გამოცდაზე დასარეგისტრირებლად. დღეს მქონდა მორიგი კომუნიკაცია შრომის ინსპექციის სამდივნოს წარმომადგენელთან, რომელმაც დაწვრილებით განმიმარტა, რომ დოკუმენტაციისა და განცხადების წარმოდგენიდან სასერთიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისა და თარიღის ჩანიშვნის ვადად განსაზღვრულია 30 დღე, რის გამოც, მე სამსახურში უნდა წარვადგინო შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მითითებულ მეილზე გადაგზავნილი დოკუმენტების ამონაწერები, რაც დაადასტურებს, რომ სასერთიფიკატო გამოცდაზე სარეგისტრაციო განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურში“; 6.11. აუდიტორის კომენტარი: მ.ხ–ის მიერ წარმოდგენილ იქნა გაგზავნილი განცხადების ტექსტი და წერილის გაგზავნის დამადასტურებელი სქრინი (დანართი N9), თუმცა არ წარმოუდგენია განცხადების 2023 წლის 11 მაისს სსიპ შრომის ინსპექციაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან ნიშანდობლივია, რომ წერილი გაგზავნილია არა infolio@moh.gov.ge მისამართზე, არამედ infolio@moh.ge არარსებულ მისამართზე. მოგვიანებით, 2023 წლის 29 მაისს მ.ხ–ის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ შრომის ინსპექციაში იმავე დღეს გაგზავნილი ახალი განცხადება (დანართი N10) და ასევე განცხადების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი N11).

4.10. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა შიდა აუდიტორის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, ვინაიდან საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე შრომის ინსპექციის საკითხებში მ.ხ–ი 10 თვეა იკავებდა შრომის უსაფრთხოების საკითხებში არაუფლებამოსილ თანამდებობას, არ ფლობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციას, ვერ ასრულებდა მასზე ნაკისრ უფლება-მოვალეობებს და არღვევდა ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება;

4.11. შრომითი ურთიერთობის პერიოდში, გარდა სარჩელით სადავო ბრძანებისა, მ.ხ–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.12. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.09.2022წ. ბრძანებით დამტკიცდა შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლითაც მოპასუხე ორგანიზაციის საოპერაციო დეპარტამენტში გათვალისწინებული იქნა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა შრომის ინსპექციის მიმართულებით. ამავე საშტატო ნუსხის თანახმად, ორგანიზაციაში კვლავ არსებობს შრომის უსაფრთხოების სამსახური - სამსახურის უფროსის და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეულით.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

7.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.

7.3. პალატამ მიუთითა, რომ ახალი სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ გამოცემული 12.09.2022წ. N14-1501/კ საკადრო ბრძანება, შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მ.ხ–ის შრომის ინსპექციის საკითხებში, საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე, მიუთითებდა, რომ იგი ვრცელდებოდა 2022 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მხარეები იმყოფებოდნენ ვადიან შრომით ურთიერთობაში, რაც მათ შორის გაფორმებული 01.01.2022წ. შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 2023 წლის 01 სექტემბრამდე.

7.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: მტკიცების ტვირთის განაწილების იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს და რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი დასკვნის საფუძველია პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, ან, რომ მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია, ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა, ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობს. მით უფრო, რომ ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევევების ფლობის საკითხი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება (იხ. სუსგ #ას-151-147-2016 19.04.2016წ.).

7.5. დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცებას და აპელირებს სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნაზე, შესაბამისად, თვითონვეა ვალდებული წარადგინოს მტკიცებულებები, რომელთა სამართლებრივი წონადობა და ვარგისიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი გახდება.

7.6. მოცემულ შემთხვევაში, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივებს და მიიჩნია, რომ მოპასუხემ შრომითი დავებისათვის დამახასიათებელი სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ თანამშრომელი ვერ ასრულებდა სამუშაოს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც მისი პოზიციისათვის იყო აუცილებელი. როგორც აღინიშნა, კონკრეტული ქმედებები, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი მოვალეობების შესრულებისას ხარვეზების, დარღვევების კონკრეტული ფაქტები, რაც უხეშ დარღვევად და სშკ-ის 47.1 „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძვლად შეიძლება შეფასებულიყო, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

7.7. ვალდებულების უხეშ დარღვევად დამსაქმებელმა მიიჩნია ის გარემოება, რომ შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ვადის ამოწურვის გამო, იგი არ იყო ვალიდური, ხოლო ახალი სერტიფიკატი, მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელეს არ წარუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული გარემოება - დაკავებული თანამდებობისათვის საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატის) არ ქონა (ასეთი აუცილებელი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) - მოიაზრება სშკ-ის 47.1 „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველში, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს და რომელიც არ დადებია საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებას.

7.8. პალატამ მიუთითა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების შესრულების ორგანიზებისათვის, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს ერთი ან ერთზე მეტი დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და დასაქმებულთა წარმომადგენელი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი. ხოლო, მეორე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო მოთხოვნები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის #01-25/ნ ბრძანებით. ამდენად, მითითებული კანონით დადგენილია დამსაქმებელ ორგანიზაციათა ვალდებულება, ჰყავდეს სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ამასთან, განსაზღვრავს მათ მინიმალურ რაოდენობას.

7.9. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.09.2022წ. ბრძანებით დამტკიცებული კლინიკის სტრუქტურითა და საშტატო ნუსხით, საოპერაციო დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო შრომის უსაფრთხოების სამსახური - სამსახურის უფროსის და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეულით, რაც მხარეთა მითითებით, შეესაბამებოდა დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას. ამდენად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სერტიფიცირებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა სათანადო რაოდენობა დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის, მოსარჩელე იკავებდა საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას, რაც შესაბამის სფეროში მენეჯერულ, ზედამხედველობით საქმიანობას გულისხმობდა, რომლისთვისაც სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნა არ დგინდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განახლებული სერტიფიკატის წარდგენის თაობაზე დამსაქმებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ვერ შეფასდებოდა ვალდებულების უხეშ დარღვევად, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გაამართლებდა, ხოლო ის გარემოებები, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და/ან, რომ არ ფლობდა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო.

7.10. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო დამსაქმებლის მიერ შრომის ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობა იარსებებდა 2023 წლის 1 სექტემბრამდე. შესაბამისად, ვინაიდან საქმის განხილვის მომენტისთვის აღნიშნული ვადა გასული იყო, არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის მოთხოვნას, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა განაცდური, რასაც იგი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიიღებდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გააჩნდა თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენდა თუ არა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.უნდა მოეხდინა ანალიზი დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვის მხრივ - სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში.

9.2. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხების შეფასება განხორციელდა ზედაპირულად და მხედველობაში არ იქნა მიღებული საკვანძო მნიშვნელობის მქონე გარემოებები მასზედ, რომ დასაქმებულს არ გააჩნდა კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატი; დამსაქმებელი ცდილობდა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას; დამსაქმებელს სახელმწიფოში მოქმედი შრომის უსაფრთხოების თაობაზე არსებული კანონების გათვალისწინებით არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ სერტიფიკატის უქონლობის გამო დასაქმებული გაეთავისუფლებინა სამსახურიდან.

9.3. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატის არქონა საკმარისი საფუძველის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვი, მიუხედავად იმისა, გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია თუ არა შრომის კოდექსით გათვალისწინებული სათანადო პუნქტი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

16. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა.

17. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

19. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-48 მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის 12 სექტემბერს შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ ხელმძღვანელის მიერ გამოიცა N14-1501/კ ბრძანება შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მ.ხ–ის შრომის ინსპექციის საკითხებში, საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე.

21. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 01 ივნისის N1000395 6 23 00574414 ბრძანებით შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ წესდების 5.1. პუნქტის, ამავე კლინიკის შიდა აუდიტორის, გ.კ–ძის 2023 წლის 31 მაისის N 1000395 9 23 00564689 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მ.ხ–ის მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, ამავე ხელშეკრულების 5.4. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, კლინიკის შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის, ამავე შინაგანაწესის 36–ე მუხლის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევების ჩადენის შესაბამისად გამოყენებულ იქნა კლინიკის შინაგანაწესის 37-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 02 ივნისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ 2023 წლის 07 ივლისის წერილით, მოსარჩელეს 2023 წლის 30 ივნისის განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ 2023 წლის 01 ივნისის N 1000395 6 23 00574414 ბრძანებით მ.ხ–ს 2023 წლის 02 ივნისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ამავე ბრძანების თანახმად, მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულია კლინიკის შიდა აუდიტორის, გ.კ–ძის 2023 წლის 31 მაისის N 1000395 9 23 00564689 მოხსენებითი ბარათი. კლინიკის მიერ გათვალისწინებულ იქნა შიდა აუდიტორის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, ვინაიდან საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე შრომის ინსპექციის საკითხებში მ.ხ–ი 10 თვეა იკავებდა შრომის უსაფრთხოების საკითხებში არაუფლებამოსილ თანამდებობას, არ ფლობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციას, ვერ ასრულებდა მასზე დაკიდრებულ უფლება-მოვალეობებს და არღვევდა ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

23. გათავისუფლების მიზნებისათვის, საჭიროა დარღვევის ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა. უნდა შეფასდეს რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია დარღვევებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება.

24. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio-ს“ პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, ასევე, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცვას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07. 2019წ; Nას-416-399-2016, 29.06.2016წ.).

25. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხზე და მიუთითებს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე მიუთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-379-2020, 21.10.2021წ.)

26. საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის შეფასებით თვალსაზრისით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.09.2022წ. ბრძანებით დამტკიცებული კლინიკის სტრუქტურითა და საშტატო ნუსხით, საოპერაციო დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო შრომის უსაფრთხოების სამსახური - სამსახურის უფროსის და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეულით, რაც მხარეთა მითითებით, შეესაბამებოდა დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას. ამდენად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სერტიფიცირებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა სათანადო რაოდენობა დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში ხოლო, სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის, მოსარჩელე იკავებდა საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას, რაც შესაბამის სფეროში მენეჯერულ, ზედამხედველობით საქმიანობას გულისხმობდა, რომლისთვისაც, სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნა არ დგინდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განახლებული სერტიფიკატის წარდგენის თაობაზე დამსაქმებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ვერ შეფასდება ვალდებულების უხეშ დარღვევად, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გაამართლებს, ხოლო ის გარემოებები, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და არ ფლობდა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, საქმის მასალებით არ დასტურდება.

27. პალატა ყურადღებას გაამახვილებს აუდიტის დასკვნაზე, რაც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას. აუდიტორის დასკვნა, დაფუძნებული იყო არა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების კონკრეტულ ფაქტებზე, არამედ მის ვარაუდსა და ეჭვზე, რომ „როდესაც შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს ზოგადი დებულებები, რომლის შესახებ თავად მაკონტროლებელი პირი უთითებს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას, საეჭვოა მის მიერ რამდენად ხორციელდებოდა ნორმატული აქტებით მისი კონკრეტული ხელმძღვანელობა“. ამდენად, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევის არსებობა, კონკრეტული ფაქტები, რაც, თავის მხრივ, მოსარჩელის სათანადო კვალიფიკაციის არ ქონაზე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებაზე, ან/და არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა.

28. ამდენად, ვალდებულების უხეშ დარღვევად დამსაქმებელმა მიიჩნია ის გარემოება, რომ შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ვადის ამოწურვის გამო, იგი არ იყო ვალიდური, ხოლო ახალი სერტიფიკატი, მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელეს არ წარუდგენია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული გარემოება - დაკავებული თანამდებობისათვის საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატის) არ ქონა (ასეთი აუცილებელი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) - მოიაზრება სშკ-ის 47.1 „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველში, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს და რომელიც არ დადებია საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 562.50 ლარის 70% – 393.75 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ა. ნ. ყ. ს. ც. ს. კ–ას“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 562.50 ლარის (გადახდის ქვითარი N682, გადახდის თარიღი 09.10.2025) 70% – 393.75 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია