დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.03.2026
საქმის ნომერი
ას-1337-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1337-2025 5 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – ტ.ი–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ჯ–ია“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე )

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, შეგებებული სარჩელით - ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ფ.ჯ–იამ“ ტ.ი–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ტ.ი–ძეს მოსარჩელე შპს „ფ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების გადაუხდელი ღირებულების (ძირითადი თანხის) – 5 209.70 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხე ტ.ი–ძეს მოსარჩელე შპს „ფ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისრა სატრანსპორტო საშუალების გადაუხდელი ღირებულების (ძირითადი თანხის) – 5 209.70 ლარის გადახდა; ტ.ი–ძის შეგებებული სარჩელი, შპს „ფ.ჯ–იას მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითოხვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

5.2. 2022 წლის 18 მარტს შპს „მ–სა“ (ლიზინგის გამცემი) და ტ.ი–ძეს (ლიზინგის მიმღები) შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება №L18032022/0193. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კი, ამავე თარიღში შპს „მ–სა“ და მესამე პირს - ვ.გ–ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ტ.ი–ძისთვის ლიზინგით გადასაცემი სატრანსპორტო საშუალება - NISSAN FUGA, ვინ კოდი - ........., რეგისტრაციის ნომერი - KA095AK, ტექნიკური პასპორტის ნომერი - ........ 18.03.2022 წ.-ს №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების 1-4 პუნქტების თანახმად, ლიზინგის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება- NISSAN FUGA, VIN კოდი - Y.........., გამოშვების წელი - 2004, ძრავის მოცულობა - 2495, ფერი- შავი. სატრანსპორტო საშუალების ფასი შეადგენს 12 000 ლარს, ლიზინგის ღირებულება- 9 720.00 ლარს, ხოლო ლიზინგის საერთო ღირებულება - 17 118.85 ლარს (აღნიშნული არ მოიცავს სხვა დამატებით გადასახადებს, რაც სტანდარტულ პირობებშია მითითებული). ლიზინგის ვადა განისაზღვრა 36 თვით, ხოლო სალიზინგო საზღაური - დღეში 0.1128%-ით. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადახდის ძირითადი გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული გრაფიკის თანახმად, პირველი გადახდის თარიღი არის 18.04.2022 წ., ხოლო საწყის ეტაპზე ლიზინგის საგნის გადაუხდელი ჯამური ღირებულება- 9 720.00 ლარი.

5.3. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-10 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღებთან გასაფორმებელი ხელშეკრულება შედგება ორი ნაწილისგან. კერძოდ, პირველი ნაწილი შედგება მნიშვნელოვანი პირობებისგან და მეორე ნაწილი სტანდარტული პირობებისგან. ამავე პირობების მე-13 პუნქტის მიხედვით, მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ორივე ნაწილის გაფორმებამდე „მ–მ“ ლიზინგის მიმღებს გააცნო ლიზინგის გაცემასთან, დაფარვასთან დაკავშირებული და სხვა ყველა წინასწარი სახელშეკრულებო ინფორმაცია. ასევე ლიზინგის მიმღების მიერ ყველა გადასახადის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, საპროცენტო განაკვეთი, ჯარიმა, მოსაკრებელი, ხარჯები და ლიზინგის მთლიანი ღირებულება), მოგვიანებით დეტალურად განხილულ იქნა ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა და ლიზინგის მიმღები გამოხატავს თანხმობას ყოველივე ზემოხსენებულზე. კერძოდ, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ყველა უარყოფითი შედეგის შესახებ და სრულად იცნობს ორივე ხელშეკრულების ნაწილებიდან გამომდინარე ვალდებულებებს (ისევე როგორც გადახდის ვალდებულების შესრულების დღეს). ამავე პირობების მე-15 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები წინამდებარე ხელშეკრულებაზე (ნაწილი პირველი) ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების პირველსა (მნიშვნელოვანი პირობები) და მეორე ნაწილში (სტანდარტული პირობები) აღწერილ პირობებს, როგორც მის უფლებებს, ასევე ვალდებულებებს. ლიზინგის მიმღები ინფორმირებულია, რომ ხელშეკრულების მეორე ნაწილი (სტანდარტული პირობები) ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით, კომპანია მ–ს ელექტრონულ ვებ-გვერდზე: www.m.ge და ის დამატებით ხელმოწერას არ საჭიროებს.

5.4. 18.03.2022 წ.-ს №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ლიზინგის გამცემი იღებს სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის მიმღებისთვის ფლობის, სარგებლობისა და შესყიდვის უფლებით გადაცემის ვალდებულებას, ხოლო მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, ლიზინგის მიმღები კისრულობს სალიზინგო საზღაურის იმ ვადაში, ოდენობითა და ვალუტით შეტანის ვალდებულებას, რაც დადგენილია გრაფიკით. ამავე პირობების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ლიზინგის მიმღები ადასტურებს ლიზინგის საგნის- სატრანსპორტო საშუალების ვარგისიანობას და მის შესაბამისობას ლიზინგის მიმღების მოთხოვნებისადმი და აგრეთვე ლიზინგის მიმღების მიერ შემოწმებულია სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობა. „მ“ არ აგებს პასუხს სატრანსპორტო საშუალების ხარისხზე და მის შესაბამისობაზე ლიზინგის მიმღების მოთხოვნებისადმი. ამავე მუხლის 3.3. პუნქტის მიხედვით კი, ლიზინგის მიმღები იღებს ფაქტობრივ მფლობელობაში ლიზინგის საგანს - სატრანსპორტო საშუალებას ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად და მას შემდეგ, რაც მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდება „მ–ს“ სახელზე. ცალკე აქტი სატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე (მიღება-ჩაბარებაზე) საჭირო არ არის. ამავე პირობების მე-9 მუხლის 9.2. პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები ვალდებულია ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით სათანადო გულისყურით, მისი პირდაპირი დანიშნულებით და ტექნიკური მახასიათებლების, მწარმოებლის, „მ–სა“ და სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული გამოყენების მოთხოვნებისა თუ ექსპლუატაციის წესების შესაბამისად. ამავე პირობების მე-13 მუხლის 13.7. პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან „მ“ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან (გარდა სტანდარტული პირობების 13.3.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), „მ–ს“ გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია ლიზინგის საგნის ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან, სტანდარტული პირობების 5.6 პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით. შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაფაროს განსხვავება ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობას, რაც დაკავშირებულია ლიზინგის საგნის ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან და იმ ფასს შორის, რომლის ოდენობითაც „მ“ თანახმაა გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება მესამე პირზე ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით. ფულადი სახსრების ნაშთი, არსებობის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებს არ უბრუნდება, რაზეც ლიზინგის მიმღები აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას.

5.5. ლიზინგის ხელშეკრულების საგნის - სატრანსპორტო საშუალების შეფასება განხორციელდა 2022 წლის 17 მარტს, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი. ავტომობილის შეფასების აქტში ავტომობილის შესახებ ინფორმაციის გრაფაში მითითებულია შემდეგი მონაცემები: მოდელი/მარკა - NISSAN FUGA, VIN კოდი- ........., რეგისტრაციის ნომერი - KA0........., ტექნიკური პასპორტის ნომერი- ........., გამოშვების წელი - 2004, ძრავის მოცულობა - 2495, გარბენი- 273088, საწვავის ტიპი ბენზინი, ძარის ტიპი- sedan, ავტომობილის მფლობელი - ტ.ი–ძე. ამავე აქტში მოცემულია ცხრილი ავტომობილის დეტალური მახასიათებლების შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილია სავარაუდო პრობლემები/დაზიანებები ან/და დეტალები და მათი არსებობა/არარსებობა დადასტურებულია შესაბამისი პრობლემის გასწვრივ დადებითი („კი“) ან უარყოფითი („არა“) პასუხის მონიშვნით. აღნიშნული ცხრილიდან ირკვევა, რომ ავტომობილს დაზიანებული აქვს მხოლოდ საღებავი. შუშის, ფარის, ბამპერის, სალონის, გარე სარკეების დაზიანებებსა და დაქოქვის, კვამლის, ძრავის ხმის პრობლემებზე მონიშნულია უარყოფითი („არა“) პასუხი, ისევე როგორც ჩეკის მაჩვენებელთან დაკავშირებით. ავტომობილის საბოლოო შეფასება განსაზღვრულია 10 800 ლარის ოდენობით. ავტომობილის შეფასების აქტი ხელმოწერილია შემფასებლის თ.კ–სა და ტ.ი–ძის მიერ.

5.6. 18.03.2022 წ.-ს №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი (გაფრთხილების წერილი ლიზინგის საგნის გადმოცემისა და რეალიზაციის შესახებ). აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს მოვალის გაფრთხილებასაც, მათ შორის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის თაობაზეც. მიღება-ჩაბარების აქტში ასევე აღწერილია 18.03.2022 წ.-ს №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების საგნის - სატრანსპორტო საშუალების (NISSAN FUGA, VIN კოდი- Y........., რეგისტრაციის ნომერი- KA095AK, მანქანის პასპორტი- ........., გამოშვების წელი- 2004, გარბენი- 273423) მდგომარეობა. ამასთანავე, აქტში მოცემულია ცხრილი მანქანის ვიზუალური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილია სავარაუდო პრობლემები/დაზიანებები, სხვადასხვა დეტალები და მათი არსებობა/არარსებობა დადასტურებულია შესაბამისი გრაფის გასწვრივ დადებითი ან უარყოფითი პასუხის მონიშვნით. აღნიშნული ცხრილიდან ირკვევა, რომ ავტომობილს დაზიანებული აქვს საღებავი და ბამპერი (თუმცა, გრაფა „ნაავარიების“ გასწვრივ მონიშნულია პასუხი - „არა“), ხოლო ვიზუალური იერსახე აქვს საშუალო მდგომარეობაში. დაზიანების აღწერაში კი მითითებულია შემდეგი: ავტომობილი იქოქება, დადის, ძრავი გადახურებულია, დამწვარია ძრავის საფენი, კოლოფი მუშაობს, აღენიშნება ვიზუალური დაზიანებები ბამპერზე და ფრთებზე. აქტი ხელმოწერილია იმ პირის მიერ, ვინც ჩაიბარა ლიზინგის საგანი და ასევე ტ.ი–ძის მიერ, მის მიერვე დაწერილი შემდეგი კომენტარის მიმდებარედ: „არ ვეთანხმები პირობებს. ავტომობილი არ დაზიანებულა ჩემს მიერ!“.

5.7. 2022 წლის 6 ივლისს შპს „მ–მ“ უზრუნველყო ტ.ი–ძესთან 18.03.2022 წ.-ს დადებული №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების საგნის NISSAN FUGA-ს რეალიზაცია. ნასყიდობის ღირებულებამ შეადგინა 4 700 ლარი. ამონაგები თანხის გაქვითვა განხორციელდა ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 5.6 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი რიგითობით: 4 510.30 ლარით შემცირდა ლიზინგის საგნის გადაუხდელი ღირებულება (სესხის ძირი); 98.68 ლარით - გაიქვითა 2022 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 6 ივლისამდე (ავტომობილის რეალიზაციის დღემდე) დარიცხული პროცენტი (ვადის გადაცილების თარიღიდან რეალიზაციის დღემდე გასულია 79 დღე, შესაბამისად, დარიცხული პროცენტი შეადგენს 9720.00 X 0.1128% X 79 = 866.16 ლარს, რომელიც შემცირებულია მოპასუხის ინტერესებიდან გამომდინარე და ნაცვლად 866.16 ლარისა, გაიქვითა შემცირებულ თანხებში); 91.02 ლარით - გაიქვითა პირგასამტეხლო, რომელიც დარიცხულია 2022 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 6 ივლისამდე (ავტომობილის რეალიზაციის დღემდე), (ვადის გადაცილების თარიღიდან რეალიზაციის დღემდე გასულია 79 დღე, შესაბამისად აღნიშნული თანხა დარიცხულია- 9720.00 X 0.27% X 78 + 20 = 2067.03 ლარი, რომელიც შემცირებულია მოპასუხის ინტერესებიდან გამომდინარე და ნაცვლად 2 067.03 ლარისა გაიქვითა შემცირებულ თანხებში).

5.8. 2023 წლის 27 მარტს შპს „მ–სა“ (გამყიდველი) და შპს „ფ.ჯ–იას“ (მყიდველი) შორის გაფორმდა სალიზინგო პორტფელის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამყიდველმა მყიდველს გადასცა, მრავალთა შორის, 18.03.2022 წ.-ს №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტ.ი–ძის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება.

5.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2022 წლის 18 მარტს შპს „მ–სა“ და ტ.ი–ძეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „მ–მ“ როგორც ლიზინგის გამცემმა აიღო ვალდებულება ტ.ი–ძისთვის, როგორც ლიზინგის მიმღებისთვის გადაეცა ქონება- ავტომობილი „ნისან ფუგა“. ავტომობილი აღმოჩნდა გაუმართავი, გაფუჭებული. ავტომანქანა გარეგნულად დათვალიერდა მხოლოდ. ავტომანქანა მართალია აპელანტმა გაატარა, მაგრამ აღმოჩნდა დაზიანებული და მისი მდგომარეობა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობას. ამიტომ ტ.ი–ძემ აღნიშნული ავტომობილის მფლობელობაში და სარგებლობაში მიღებაზე უარი განაცხადა და ავტომობილი უკან დაუბრუნა ლიზინგის გამცემს. შესაბამისად ავტომობილი დარჩა შპს „მ–ს“ საკუთრებაში და მფლობელობაში, რაზეც შპს „მ–სა“ და ტ.ი–ძეს შორის გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტი. შესაბამისად, დადგენილია, რომ ტ.ი–ძეს ლიზინგის საგანი არ გადასცემია. აღნიშნულის გამო მას არანაირი ვალდებულება გააჩნია არავის მიმართ. ავტომანაქანის დაზიანება დასტურდება იმითაც, რომ ავტომობილი აუქციონზე შეფასებული ღირებულების ნახევარ ფასადაც კი არ გაიყიდა. აგრეთვე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ავტომობილი მის ხელში დაზიანდა. ვინაიდან ტ.ი–ძეს არ მიუღია ავტომანქანა, შესაბამისად ხელშეკრულებაც ბათილად უნდაჩაითვალოს.

5.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო, 2022 წლის 18 მარტს შპს „მ–სა“ (ლიზინგის გამცემი) და ტ.ი–ძეს (ლიზინგის მიმღები) შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს „მ–მ“ იკისრა ლიზინგის მიმღებისათვის 2004 წელს გამოშვებული სატრანსპორტო საშუალების - NISSAN FUGA-ს (VIN კოდი- ........) გადაცემის ვალდებულება, მფლობელობის, სარგებლობისა და შესყიდვის უფლებით, ამ უკანასკნელის მიერ, ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით სალიზინგო საზღაურის გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების სანაცვლოდ.

5.11. საქმეში წარმოდგენილია 18.03.2022წ.-ს №L18032022/0193 სადავო ლიზინგის ხელშეკრულების დადებამდე, 17.03.2022 წლის ლიზინგის საგნის- სატრანსპორტო საშუალების (NISSAN FUGA, VIN კოდი- ..........) მდგომარეობის ამსახველი შეფასების აქტი, რომლის თანახმად, ავტომობილს აღენიშნება მხოლოდ საღებავის დაზიანება.

5.12. ამასთან, 18.03.2022 წ.-ს №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის მიხედვით (რომელზე თანხმობაც მას განცხადებული აქვს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებზე ხელმოწერით (იხ. მნიშვნელოვანი პირობების მე-14 პუნქტი)), ხელშეკრულების დადებით ლიზინგის მიმღები ადასტურებს ლიზინგის საგნის ვარგისიანობას, მის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მის მიერ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმების ფაქტს, ხოლო ამავე მუხლის 3.3. პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები ლიზინგის საგანს- სატრანსპორტო საშუალებას ფაქტობრივ მფლობელობაში იღებს ხელშეკრულებათა პირობათა შესაბამისად და მას შემდეგ, რაც მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდება ლიზინგის გამცემის სახელზე, აღნიშნულის თაობაზე ცალკე აქტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების გარეშე. ამდენად, როგორც 17.03.2022 წ.-ს შეფასების აქტზე, ისე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მოპასუხემ/აპელანტმა ტ.ი–ძემ დაადასტურა ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. ხელშეკრულების 3.3. პუნქტი მხარეებს ათავისუფლებს დამატებითი დოკუმენტის გაფორმების ვალდებულებისაგან უშუალოდ საგნის გადაცემის დროისათვის, ანუ იმ ვალდებულებისაგან, რომელზედაც აპელირებს აპელანტი ავტომობილის გადაცემის ფაქტის გასაქარწყლებლად. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 26 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნების ფაქტს. აღნიშნული აქტით დგინდება, რომ კლიენტის - ტ.ი–ძის მიერ ხდება ლიზინგის საგნის გადაცემა და იგი ჩაბარებულია კრედიტორის- ლიზინგის გამცემის წარმომადგენლის მიერ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული ჰქმნის პრეზუმფციას, სადავო პერიოდში ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების მფლობელობაში ყოფნისა და შესაბამისად, იმ დაზიანებების მის მფლობელობაში შეძენის თაობაზე, რომლებიც აღნიშნულ მიღება ჩაბარების აქტში არის დაფიქსირებული. ამასთან საყურადღებოა, რომ 17.03.2022 წ.-ს მდგომარეობით, ავტომობილის მფლობელად შეფასების აქტში მითითებულია ტ.ი–ძე, რომლის მონაცემთა სისწორე და მათზე თანხმობა ასევე ხელისმოწერით აქვს მას დადასტურებული. ამდენად, როგორც ხელშეკრულებაზე, ისე 17.03.2022 წ.-ს შეფასების აქტზე ხელმოწერით ლიზინგის მიმღებმა დაადასტურა როგორც ლიზინგის საგნის მის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ისე ლიზინგის საგნის მიღება.

5.13. ამდენად, საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, არ დგინდება მხარეთა შორის დადებული №L18032022/0193 ლიზინგის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, ასევე, არ დასტურდება ლიზინგის საგნის დაზიანებების ხელშეკრულების დადებამდე არსებობა და ლიზინგის მიმღების მიერ მის მიღებაზე უარის განცხადება. აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩიების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილი /თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია./ ამავე კოდექსის 5803-ე მუხლის პირველი ნაწილი /მიმწოდებელი პასუხისმგებელია, რომ ქონება იქნება ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში და გამოდგება იმ სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამიზნულია ასეთი ქონება/, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, /ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2.-5.8. ქვეპუნქტები).

14. საკასაციო სასამართლო მხარის პრეტენზიებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად განმარტავს, რომ 2022 წლის 18 მარტს შპს „მ–სა“ (ლიზინგის გამცემი) და ტ.ი–ძეს (ლიზინგის მიმღები) შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს „მ–მ“ იკისრა ლიზინგის მიმღებისათვის 2004 წელს გამოშვებული სატრანსპორტო საშუალების - NISSAN FUGA-ს (VIN კოდი - ..........) გადაცემის ვალდებულება, მფლობელობის, სარგებლობისა და შესყიდვის უფლებით, ამ უკანასკნელის მიერ, ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით სალიზინგო საზღაურის გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების სანაცვლოდ.

15. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი - ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. საკასაციო სასამართლო ასევე სსსკ-ის 105-ე მუხლზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე. (იხ. სუს საქმე №ას-284-273-2012, 04 ივნისი, 2012 წელი ).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის ამსახველი შეფასების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ 18.03.2022წ.-ს №L18032022/0193 სადავო ლიზინგის ხელშეკრულების დადებამდე, ლიზინგის საგანს - ავტომობილს აღენიშნება მხოლოდ საღებავის დაზიანება.

17. ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ხელშეკრულებითვე დგინდება, რომ ლიზინგის მიმღები ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებზე ხელმოწერით ადასტურებდა ლიზინგის საგნის ვარგისიანობას.

18. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ როგორც შეფასების აქტზე, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი და მიიღო კიდეც ავტოსატრანსპორტო საშუალება, ამდენად, კასატორის მითითება ავტომობილის დაზიანებულ მდგომარეობაში მიღების თაობაზე უსაფუძვლოა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. საპირისპიროდ, კი საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 26 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნების ფაქტს. აღნიშნული აქტით დგინდება, რომ კასატორმა ლიზინგის საგანი გადასცა და ჩააბარა ლიზინგის გამცემის წარმომადგენელს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, სადავო პერიოდში ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების მფლობელობაში ყოფნისა და შესაბამისად, სადავო დაზიანებების კასატორის მფლობელობაში შეძენის თაობაზე, რომლებიც აღნიშნულ მიღება ჩაბარების აქტშია დაფიქსირებული. ამასთან საყურადღებოა, რომ 17.03.2022 წ.-ს მდგომარეობით, ავტომობილის მფლობელად შეფასების აქტში მითითებულია ტ.ი–ძე, რომლის მონაცემთა სისწორე და მათზე თანხმობა ასევე ხელისმოწერით აქვს კასატორს დადასტურებული.

19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.ი–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ტ.ი–ძეს (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №62719923, გადახდის თარიღი 21/07/2025 და საგადახდო დავალება №70825191, გადახდის თარიღი 04/11/2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია