გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1410-2025
14 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სს „ნ.ვ.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სარჩელი აღძრა სს „ნ.ვ.დ–ას“ წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა:
1.1. სს „ნ.ვ.დ–ას“ მოსარჩელე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სასარგებლოდ დაეკისროს 9 477 ლარის გადახდა;
1.2. სს „ნ.ვ.დ–ას“ მოსარჩელე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 18.95 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 530.60 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N04/01/23-CON, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 30 აპრილი. ხელშეკრულებით დაიზღვა ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მათ შორის Mercedes – Benz – Vito, სახ. N ........... 2023 წლის 12 ივნისს, მოსარჩელე ცენტრის მძღოლი ლ.ე–ი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ავტომობილის გეგმური შემოწმების მიზნით გადაადგილდებოდა ქ. თბილისში მერსედესის სერვისცენტრის მიმართულებით. ცენტრში მისულმა მძღოლმა აღმოაჩინა ავტომობილზე დაზიანებები. დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანების თაობაზე ეცნობა, როგორც საპატრულო პოლიციას ასევე მზღვეველს. ზიანის ოდენობამ შეადგინა 9 477 ლარი. კერძოდ: სამღებრო მასალა 900 ლარი, სამღებრო სამუშაოები 3 000 ლარი, პოლირება 300 ლარი, დაშლა აწყობა 700 ლარი, ელექტრო ტესტი 132 ლარი, სათუნუქე სამუშაო 600 ლარი, ფირის აცლა 150 ლარი, წინა მარჯვენა კარი 3 770 ლარი, კარის ხმის დამხრჩობი 60 ლარი, ფირის გაკვრა 248 ლარი. ფასდაკლებით გადასახდელი თანხა შეადგენს 9 477 ლარს. ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს 18.95 ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე მხარემ, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მითითებულია, რომ სადაზღვევო კომპანიაში შევიდა შეტყობინება, სადაც მითითებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შესახებ. კერძოდ, მძღოლი იმყოფებოდა მერსედესის ცენტრში შეტყობინების განხორციელებისას, შემთხვევა დაფიქსირდა სხვაგან, არ იცის მისამართი თუმცა განმარტავს, რომ საცობში გაუსვეს. დაზიანების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. დაზიანების შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციისათვის მიწოდებულია არა შემთხვევის ადგილიდან, არამედ ქ. თბილისში, .......... ქუჩაზე მდებარე მერსედესის ცენტრიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ს/ნ ......) სარჩელი სს „ნ.ვ.დ–ას“ (ს/ნ ........) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა და სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300.23 ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ინფორმაციებზე სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით, კერძოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ, შემთხვევის დღეს მზღვეველთან შესულ, სატელეფონო შეტყობინებაზე (ტ. 1, ს.ფ. 194), სადაც აღწერილია დაზღვეული ავტომობილის მძღოლის განმარტება - „ახლა იმყოფება მერსედესის ცენტრში, შემთხვევა დაფიქსირდა სხვაგან, არ იცის მისამართი, საცობში გაუსვეს, არ იცის რა არის დაზიანებული. საპატრულო იყო ადგილზე“; სარჩელზე დართულ ახმეტის რაიონული ცენტრის ექიმ ვ.თ–ის მოხსენებით ბარათზე (ტ. 1, ს.ფ. 71), სადაც განმარტებულია, რომ „თბილისიდან დაბრუნებულმა მძღოლმა ლ. ე–მა უთხრა, რომ იგი მოყვა დიდ ავტოსაცობში, ქაოტურად მოძრაობდნენ მანქანები, თითქოს მოესმა რაღაც ხმა, როგორც იქნა თავი დააღწია ავტოსაცობს. ცენტრში მისულმა აღმოაჩინა მანქანაზე განაკაწრი და დაუკავშირდა სადაზღვევოს“; სარჩელზე დართულ საპატრულო პოლიციის პატაკზე (ტ. 1, ს.ფ. 68), სადაც განმარტებულია, რომ „ლ.ე–მა გააჩერა ა/მ მერსედესი ქ. თბილისში, .........., ხოლო როდესაც დაბრუნდა ავტომობილთან შეჯახების შედეგად დახვდა დაზიანებული. მისთვის უცნობია, თუ რომელმა ავტომობილმა მოახდინა შეჯახება. ასევე უცნობია მისი მარკა, ფერი და სახ. ნომერი. ა/მ მერსედესს დაზიანებული ჰქონდა წინა მარჯვენა კარები“.
5.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადაზღვევო თანხის გაცემის შემდგომ, ბრალეული პირისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაზღვევის ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც კანონმდებლობითაც გამყარებულია. სსკ-ის 832-ე მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ დაზღვევის ურთიერთობებში სუბროგაციას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ კანონი მზღვეველს ათავისუფლებს ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან, თუკი ამ უკანასკნელმა დამზღვევის მოქმედებათა შედეგად დაკარგა ბრალეული პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814.1 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების დარღვევა ასახვას ჰპოვებს მზღვეველის სუბროგაციის უფლებაზე, აღნიშნული უნდა მივიჩნიოთ მზღვეველის ინტერესების არსებით შელახვად.
5.4. სააპელაციო სასამართლოს მითითების თანახმად, დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილმა მძღოლმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ ერთ შემთხვევაში აცხადებდა, რომ საცობში გაუსვეს ავტომობილს, ხოლო შემდგომ ამბობდა, რომ მერსედესის ცენტრიდან გამოსულს დაზიანებული დახვდა ავტომობილი.
5.5. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ანაზღაურებად სადაზღვევო რისკს განეკუთვნებოდა ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება, თუმცა იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც უფლებამოსილი მძღოლის თავდაპირველი შეტყობინებით ავტომობილი დაზიანდა საცობში მოძრაობისას, დგინდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის შემთხვევაში მზღვეველს ექნებოდა შესაძლებლობა ზიანზე ბრალეული პირი გამოევლინა და განეხორციელებინა სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურება, რაც დაუდგენელ ვითარებაში ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელია. სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც უფლებამოსილ მძღოლს არსებითად განსხვავებული შეტყობინებები აქვს გაკეთებული, რაც არსებითად სხვადასხვა შედეგს იწვევს მზღვეველისთვის, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814.3 მუხლის შემადგენლობა, რაც მზღვეველს ათავისუფლებს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისგან.
5.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებოდა სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
5.7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უთითებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციის პირველი ნაწილის პირველი მუხლის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,კ’’ პუნქტებზე, რომლის თანახმად, სადაზღვევო რისკს განეკუთვნება ,,საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ამავე მუხლის ,,ე’’ პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკს განეკუთვნება სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის ან მის კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი აღჭურვილობის დაზიანება ან განადგურება (უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის მიუხედავად), ხოლო ,,კ’’ პუნქტის შესაბამისად ასევე სადაზღვევო რისკს განეკუთვნება დაუდგენელი მიზეზით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
6.2. კასატორის მითითებით, ამ რისკებზე თანხმობა განაცხადა სს ,,ნ.ვ.დ–ამ’’, მიიღო მონაწილეობა ტენდერში და დადო ხელშეკრულება ცენტრთან. შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა ვერ ექცევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რისკებში მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს მსჯელობა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობა, რაც მზღვეველს ათავისუფლებს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისგან, რადგან თუ ავტომობილი დაზიანდა საცობში მოძრაობისას, მზღვეველს ექნებოდა შესაძლებლობა ზიანზე ბრალეული პირი გამოევლინა და განეხორციელებინა სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ვინაიდან სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზღვეველს ზიანის ანაზღაურება ეკისრება და მზღვეველი ამისთვის იღებს სადაზღვევო პრემიას. ამასთან, ის რომ, მზღვეველს ექნებოდა შესაძლებლობა გამოევლინა ზიანზე ბრალეული პირი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს და დაუსაბუთებელ მოსაზრებებს.
6.3. დაზღვეული იხდის პრემიას იმ ვარაუდით, რომ მისი ავტომობილი დაცული იქნება ნებისმიერ გარემოებაში - როგორც საგზაო მოძრაობაში, ისე საცობში, პარკინზე თუ სხვა ადგილას. თუ მზღვეველი აცხადებს, რომ მოძრაობის კონკრეტული გარემოება (საცობი) ათავისუფლებს მას ვალდებულებისგან, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მან ფასი აიღო რისკისთვის, რომლის დაფარვასაც არ აპირებს, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულების არსის დამახინჯებას. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი განსაზღვრავს მზღვეველის სუბროგაციის უფლებას, რომელიც წარმოიშობა მას შემდეგ, რაც მზღვეველმა უკვე აუნაზღაურა ზიანი. ეს უფლება არ არის წინაპირობა სადაზღვევო თანხის გადახდისთვის, არამედ დამატებითი მექანიზმია, რომელიც მზღვეველს აძლევს შესაძლებლობას დაფარული ზიანი გადაიტანოს ბრალეულ მესამე პირზე. სააპელაციო სასამართლო კი პირიქით, ამ დებულებას აქცევს სუბროგაციის ჰიპოთეზურ შესაძლებლობად სადაზღვევო თანხის გადახდის აბსოლუტურ წინაპირობად, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ნორმის არსს და სამართლებრივ ლოგიკას. სასამართლოს მსჯელობა ემყარება საკანონმდებლო ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას უსაფუძვლო ვარაუდებს და უგულებელყოფს სადაზღვევო ხელშეკრულების ძირითად პრინციპებს. სსკ-ის 814.3 მუხლი არ ათავისუფლებს მზღვეველს პირველადი ვალდებულებისგან - ზიანის ანაზღაურებისგან, არამედ მხოლოდ ანიჭებს მას შემდგომ უფლებას, იმოქმედოს ბრალეული მესამე პირის მიმართ. სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვა ანაზღაურებაზე მხოლოდ ფორმალური საფუძვლით, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და სადაზღვევო ხელშეკრულების არსს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
11. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სსკ-ის 799.1 მუხლიდან გამომდინარეობს.
13. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015,1 ივლისი 2016 წელი).
16. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ: სუსგ №ას-1479-2019 21 იანვარი, 2020 წელი).
18. შესაბამისად, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
19. საქმის მასალებითა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებებით ირკვევა, რომ:
- სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და სს „ნ.ვ.დ–ას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N04/01/23-CON, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 30 აპრილი. ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მათ შორის Mercedes – Benz – Vito, სახ. N .........
- 2023 წლის 12 ივნისს, მოსარჩელე ცენტრის მძღოლი ლ.ე–ი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ავტომობილის გეგმური შემოწმების მიზნით გადაადგილდებოდა ქ. თბილისში მერსედესის სერვის-ცენტრის მიმართულებით. ცენტრში მისულმა მძღოლმა აღმოაჩინა ავტომობილზე დაზიანებები. დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანების თაობაზე ეცნობა როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე მზღვეველს.
- ზიანის ოდენობამ შეადგინა 9 477 ლარი. კერძოდ: სამღებრო მასალა 900 ლარი, სამღებრო სამუშაოები 3 000 ლარი, პოლირება 300 ლარი, დაშლა აწყობა 700 ლარი, ელექტრო ტესტი 132 ლარი, სათუნუქე სამუშაო 600 ლარი, ფირის აცლა 150 ლარი, წინა მარჯვენა კარი 3 770 ლარი, კარის ხმის დამხრშობი 60 ლარი, ფირის გაკვრა 248 ლარი. ფასდაკლებით გადასახდელი თანხა შეადგენს 9 477 ლარს.
- ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს 18.95 ლარს.
- დაზიანების შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციისათვის მიწოდებულია არა შემთხვევის ადგილიდან, არამედ ქ. თბილისში, .......... ქუჩაზე მდებარე მერსედესის ცენტრიდან.
20. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია მხარეებს შორის 2024 წლის 30 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N04/01/23-CON ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მათ შორის Mercedes – Benz – Vito, სახ. N ........ ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 30 აპრილი.
21. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო ის არსებითი პირობები, რომლებზეც შეთანხმდნენ მხარეები. ასევე აღნიშნული იყო ფორს-მაჟორული გარემოების დროს მხარეების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ფარგლები.
22. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სადაზღვევო პერიოდში განხორციელდა სადაზღვევო შემთხვევა, დაზიანდა დაზღვევის ობიექტი - ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მათ შორის Mercedes – Benz – Vito, სახ. N ......... უდავოა, რომ სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
23. მხარეთა შორის სადავოა სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის შესრულების საკითხი. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა ის, რომ დაზიანების შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციისათვის მიწოდებულ იქნა არა შემთხვევის ადგილიდან, არამედ ქ. თბილისში, .......... ქუჩაზე მდებარე ,,მერსედესის ცენტრიდან’’.
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, იმის შესახებ, თუ როდის და როგორ გახდა ცნობილი დამზღვევისთვის (უფლებამოსილი მძღოლისთვის) სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და დაარღვია თუ არა დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, მზღვეველის ინფორმირების შესახებ ვალდებულება, კერძოდ, დაირღვა თუ არა მზღვეველის მიერ სადაზღვევო პირობების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.
25. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია შემთხვევის (სადაზღვევო რისკის) დადგომისას იმოქმედოს „დაზღვევის პირობების“ I ნაწილის მე-3 მუხლის შესაბამისად. იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისთვის. „დაზღვევის პირობების“ I ნაწილის მე-3 მუხლის თანახმად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ... შემთხვევაში, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი შემთხვევის შესახებ შეტყობის შემდეგ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიმწოდებლის (მზღვეველის) ცხელ ხაზზე (----------), ხოლო არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) წერილობითი განაცხადი ზარალის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით, მიმწოდებლის (მზღვეველის) მიერ დადგენილი ფორმით (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღნიშნულის გაკეთება შეუძლებელია შემსყიდველის (დამზღვევის) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, ამ შემთხვევაში მიმწოდებლისათვის (მზღვეველისათვის) ინფორმაციის მიწოდებშესაძლებელია განახორციელოს შემსყიდველის (დამზღვევის) წარმომადგენელმა). ამასთან, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილ მძღოლს უფლება აქვს განახორციელოს დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაყვანა შემდეგი პირობების დაცვით: ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) სათანადო სახელმწიფო ორგანოების მოქმედების (გამოძახება დათვალიერების ჩასატარებლად, გამოძიება, გამოძახება სასამართლოში და სხვ.) დაწყება დამდგარი შემთხვევის ფაქტზე; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს (მზღვეველს) მესამე პირისაგან ოფიციალური პრეტენზიის მიღების შესახებ; გ) არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხიმგებლობა; დ) ხელი შეუწყოს მიმწოდებელს (მზღვეველს) რეგრესის უფლების გამოყენებაში, გადასცეს მას სათანადო დოკუმენტაცია, უფლებამოსილებანი და დათმოს მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი (მზღვეველი) იტოვებს უფლებას არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
26. საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, უფლებამოსილი მძღოლისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ავტომანქანის გეგმიური შემოწმების მიზნით, მივიდა მერსედესის სერვის ცენტრში, დაზიანება გამოიწვია სავარაუდოდ საცობში გადაადგილებამ.
27. შემთხვევის დღეს მზღვეველთან შესულ სატელეფონო შეტყობინებაში აღწერილია დაზღვეული ავტომობილის მძღოლის განმარტება: „ახლა იმყოფება მერსედესის ცენტრში, შემთხვევა დაფიქსირდა სხვაგან, არ იცის მისამართი, საცობში გაუსვეს, არ იცის რა არის დაზიანებული. საპატრულო იყო ადგილზე“. სარჩელზე დართულ ახმეტის რაიონული ცენტრის ექიმ ვ.თ–ის მოხსენებით ბარათში განმარტებულია, რომ „თბილისიდან დაბრუნებულმა მძღოლმა ლ. ე–მა უთხრა, რომ იგი მოყვა დიდ ავტოსაცობში, ქაოტურად მოძრაობდნენ მანქანები, თითქოს მოესმა რაღაც ხმა, როგორც იქნა თავი დააღწია ავტოსაცობს. ცენტრში მისულმა აღმოაჩინა მანქანაზე განაკაწრი და დაუკავშირდა სადაზღვევოს“. სარჩელზე დართულ საპატრულო პოლიციის პატაკში განმარტებულია, რომ „ლ.ე–მა გააჩერა ა/მ მერსედესი ქ. თბილისში, .......... ქ. №6-თან, ხოლო როდესაც დაბრუნდა ავტომობილთან შეჯახების შედეგად დახვდა დაზიანებული. მისთვის უცნობია, თუ რომელმა ავტომობილმა მოახდინა შეჯახება. ასევე უცნობია მისი მარკა, ფერი და სახ. ნომერი. ა/მ მერსედესს დაზიანებული ჰქონდა წინა მარჯვენა კარები“.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
29. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
30. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ავტოდაზღვევის ხელშეკრულების მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვეული მანქანის მონაწილეობით ან მისი მოძრაობის დროს, ამავე მანქანაზე, ქონებაზე ან მესამე პირის მიმართ წარმოშობილი ზიანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი, საქმე №ას-653-2019 14 ივლისი, 2021 წელი).
32. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მეორე მუხლში (საერთო გამონაკლისები) ჩამოთვლილია ხელშეკრულებით შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევები, როცა მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო რისკის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებაზეც, რომლითაც განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: ა) ,,საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; ბ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/ გატაცების მცდელობის შედეგად); გ) ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ: მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხიდ დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით; დ) აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის ან მის კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი აღჭურვილობის დაზიანება ან განადგურება (უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის მიუხედავად); ვ) სატრანსპორტო საშუალების კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი დეტალის (ან/და დამატებითი აღჭურვილობის) მინების, სარკეების და ა.შ ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა. ზ) სადაზღვევოს შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალების ევაკუაციასთან და საჯარიმო ავტოსადგომით მომსახურებასთან (საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, დგომა და გადმოყვანა) დაკავშირებული ხარჯები; თ) ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს ,,შემსყიდველის’’ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი; სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ზიანი; წითელ შუქზე გავლის შედეგად გამოწვეული ზიანი; არასწორი პარკირების დროს მესამე პირის მხრიდან მიყენებული ზიანი; გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანი; საგზაო ნიშნის არდამორჩილება; ი) მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; კ) დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
34. განსახილველ შემთხვევაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ გარემოებას, არსებობს თუ არა სსკ-ის 812-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მხოლოდ ისეთი გარემოების (და არა ყველა არსებითი გარემოების) შეტყობინების ვალდებულების დარღვევა წარმოშობს სადაზღვევო თანხის გაცემის მოვალეობისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველს, რომელმაც უშუალოდ მოახდინა გავლენა სადაზღვევო შემთხვევის დადგომასა და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-657-624-2014, 10 ოქტომბერი, 2014 წელი).
35. პალატა განმარტავს, რომ დაუდგენელი მიზეზით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების საგამონაკლისო შემთხვევებით ერთმნიშვნელოვნად გამორიცხული არ არის, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას, ასეთი შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს სადაზღვევო შემთხვევად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ მძღოლმა ავტომანქანის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა არა შემთხვევის ადგილიდან, არამედ სხვა ადგილიდან, ვინაიდან ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველი არცერთ შეტყობინებაში ცალსახად მითითებული არ არის, რომ მძღოლმა ავტომაქანის დაზიანების შესახებ შეიტყო იქამდე სანამ ქ.თბილისში, .......... ქუჩაზე მდებარე მერსედესის ცენტრში გააჩერებდა ავტომანქანას და მისი გარეგანი დათვალიერების შედეგად აღმოაჩენდა დაზიანებას.
36. სწორედ ამას ადასტურებს მძღოლთან უშუალო და ზეპირი გასაუბრების შედეგად (ნეიტრალური მხარის) საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი პატაკი, სადაც მითითებულა, რომ 2023 წლის 12 ივნისის ლ.ე–მა გააჩერა ა/მ მერსედესი ქ. თბილისში, .......... ქ. №6-თან, ხოლო როდესაც დაბრუნდა ავტომობილთან შეჯახების შედეგად დახვდა დაზიანებული. მისთვის უცნობია, თუ რომელმა ავტომობილმა მოახდინა შეჯახება.
37. ამდენად, საკასაციო სასამრთლოს მიაჩნია, რომ მძღოლს სადაზღვევო კომპანიასა და პოლიციისთვის, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული ინფორმაცია არ მიუწოდებია, რაც ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო. მძღოლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევის გამომხატველ გარემოებად არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მის მიერ ავტომანქანის დაზიანების შესახებ გამოთქმული ვერსია, რადგან სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომ მისთვის ცნობილი იყო თუ რა ვითარებაში მიიღო ავტომანქანამ დაზიანება, მოპასუხე მხარეს არ წამოუდგენია.
38. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 814.3 მუხლზე რომლის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველს ეკისრება ამტკიცოს ამ დარღვევის ნეგატიური შედეგები (მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა) და საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ფაქტები. ამ მხრივ დასაბუთებული შედავება კი სს „ნ.ვ.დ–ას“ არ წარმოუდგენია. ხოლო რაც შეეხება მზღვეველის არგუმენტს, რომ მან დაკარგა მესამე პირის მიმართ რეგრესული მოთხოვნის უფლება, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველი.
39. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ განხორციელდა სადაზღვევო რისკი (დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება) და დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა, შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანი უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას და მზღვეველს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის გაცემა 9477 ლარის ოდენობით.
40. მოსარჩელის/კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სს „ნ.ვ.დ–ას“ მოსარჩელე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 18.95 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 530.60 ლარის ოდენობით
41. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის/კასატორის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
42. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები N ას 848-814-2016, 28.12.2016; Nას-816-767-2015, 19.11.2015; Nას-953-918-2016, 22.11.2016).
43. განსახილველი საქმის მხარეებმა წერილობითი ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს შესახებ დებულებები. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.1 მუხლით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.
44. დადგენილია, რომ მოპასუხემ არ გასცა სადაზღვევო ანაზღაურება, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის ვალდებულებას შეადგენს. ვალდებულების დარღვევის გამო, არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
45. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
46. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
47. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
48. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს/მოპასუხეს, კასატორის/მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1200,91 (300,23+400,30+500,38) ლარის ანაზღაურება. ხოლო სს „ნ.ვ.დ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 2490,02 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 53-ე, 55-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტირის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტირის სარჩელი სს ,,ნ.ვ.დ–ას” მიმართ დაკმაყოფილდეს;
4. სს ,,ნ.ვ.დ–ას” სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის 9477 ლარის გადახდა;
5. სს „ნ.ვ.დ–ას“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს 07.03.2025 წლის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს 530,60 ლარის, ხოლო 2025 წლის 08 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 18,95 ლარის გადახდა;
6. სს „ნ.ვ.დ–ას“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1200,91 (300,23+400,30+500,38) ლარის ანაზღაურება;
7. სს „ნ.ვ.დ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2490,02 ლარის გადახდა;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე