გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-603-2024
05 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორები - შ.ო–ძე, გ.ო–ძე, მ.ო–ძე, ლ.გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.დ–ძე, ი.ზ–ა, ი.ზ–ა (მოსარჩელეები)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები - ბმა „ქ. ბ. N41 საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა“, ლ.გ–ი, მ.კ–ძე, შ.ო–ძე, გ.ო–ძე, მ.ო–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
I კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქონებაზე საერთო საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ.დ–ძემ (შემდგომში – „პირველი მოსარჩელე“), ი.ზ–ამ (შემდგომში – „მეორე მოსარჩელე“), ი.ზ–ამ (შემდგომში – „მესამე მოსარჩელე“) და ლ.ბ–ძემ (შემდგომში – „მეოთხე მოსარჩელე“ ან „კასატორი“) (შემდგომში ერთობლივად - „აპელანტები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბმა „ქ. ბ. N41 საბინაო-სამშენებლო ამხანაგობის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „ამხანაგობა“), ლ.გ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „კასატორი“), მ.კ–ძისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და ს.ო–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს: ბათილად იქნას ცნობილი ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმი მეორე მოპასუხისათვის 99,80 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ........), მესამე მოპასუხისათვის 84,21 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. .......) და მეოთხე მოპასუხისათვის 113,70 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ..........) ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და აღნიშნული უძრავი ქონებები აღიარებულ იქნას ამხანაგობის საერთო საკუთრებად. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2.1. მოსარჩელეები არიან ქ. ბათუმში, ......... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები, შესაბამისად, მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხებათ საცხოვრებელი ბინები. საცხოვრებელი სახლი არის 9-სართულიანი და გააჩნია სამეურნეო დანიშნულების ფართი - სხვენი, რომლითაც მოსარჩელეები სარგებლობდნენ წლების განმავლობაში, როგორც ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ისე კანონის ამოქმედების შემდეგ. ამჟამადაც მოსარჩელეები სარგებლობენ სადავო ფართით და იქ შენახული აქვთ ნივთები;
2.2. მოსარჩელეებმა 2019 წლის ბოლოს მიმართეს ამხანაგობას და მოითხოვეს კრების ჩატარება მათ სარგებლობაში არსებულ სამეურნეო ფართებზე სარგებლობის უფლების დადასტურებისა და 2/3-ის თანხმობით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუმცა ამხანაგობის კრების ჩატარება ვერ მოხერხდა. ამასთან, საჯარო რეესტრიდან მოძიებული დოკუმენტებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმით საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე მცხოვრებ ბინათმესაკუთრეებს საკუთრებაში გადაეცათ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მთლიანი სხვენი;
2.3. ზემოაღნიშნული კრების ოქმი მიღებულია ამხანაგობის წევრების, მათ შორის, იმ წევრების ინფორმირების გარეშე, რომლებიც სარგებლობდნენ სადავო ფართით და სარგებლობას დღესაც აგრძელებენ;
2.4. მოსარჩელეებმა აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესად მიუთითეს, რომ უძრავი ქონება (სხვენი), რომელიც ამჟამად მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაშია რეგისტრირებული, დაბრუნდება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), რის შედეგადაც მოსარჩელეებს, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს, მიეცემათ უფლება, მოითხოვონ შესაბამისი პროცედურების დაცვით სადავო უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, მეოთხე მოპასუხის გარდაცვალების გამო, წინამდებარე საქმეში ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ - შ.ო–ძე, გ.ო–ძე და მ.ო–ძე (შემდგომში ერთობლივად - „მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეები“, „კასატორები“). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა; აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის - მეორე და მესამე მოპასუხეების, ასევე, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელი დარჩა განუხილველად. მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება და მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მეოთხე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმი (გადაწყვეტილება) მეორე მოპასუხისათვის 99,80 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ………) და მეოთხე მოპასუხისათვის 113,70 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. …….) ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და აღნიშნული უძრავი ქონებები აღიარებულ იქნა ამხანაგობის საერთო საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 11.1. ქ. ბათუმში, ........ მდებარეობს მრავალბინიანი, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც შექმნილია და ფუნქციონირებს ამხანაგობა. საცხოვრებელ სახლს ბოლო სართულის ზემოთ გააჩნია სხვენი - არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართი;
11.2. ამხანაგობის წევრები არიან მოსარჩელეები, ასევე, მოპასუხეები, მათ შორის, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეები;
11.3. პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში, …….. მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-8 სართულზე, ხოლო მეოთხე მოსარჩელე მეორე სადარბაზოს მე-8 სართულზე და გააჩნიათ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინები;
11.4. მეორე მოპასუხეს და მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებს ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნიათ იმავე საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-9 სართულზე მდებარე ბინები, მესამე მოპასუხეს კი, მეორე სადარბაზოს მე-9 სართულზე;
11.5. ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 საერთო კრების ოქმში დაფიქსირებულია, რომ საერთო კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 60 წევრი, რაც შეადგენდა მესაკუთრეთა 74%-ს;
კრებაზე დღის წესრიგად მითითებულია ამხანაგობის წევრების, ამავე საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე მცხოვრები პირების - მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების, ასევე, მ.ვ–ძის, დ.ბ–ის, დ.ბ–ძის, ბ.ბ–ძის, ვ.ბ–ძის, ვ.ბ–ძის და მ.კ–ძის განცხადების განხილვა მათი საცხოვრებელი ბინის თავზე მდებარე სხვენების, მათ ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებულ ბინებზე მიშენებული აივნების, ამოშენებული ფართების, საერთო სარგებლობის ფართების და სარდაფების საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამხანაგობის წევრების - მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების, ასევე, მ.ვ–ძის, დ.ბ–ის, დ.ბ–ძის, ბ.ბ–ძის, ვ.ბ–ძის, ვ.ბ–ძის და მ.კ–ძის მოთხოვნა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, „ნივთზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე N41 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინათ ………. ქ. N9-ში მდებარე ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს მათი საცხოვრებელი სახლის ზემოთ მდებარე სხვენები, მიშენებული აივნები და სარდაფები, მათ შორის: მესამე მოპასუხეს - 84,21 კვ.მ სხვენი, მეორე მოპასუხეს - 99,80 კვ.მ სხვენი, 18,40 კვ.მ აივანი, 3,94 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართი, ხოლო მეოთხე მოპასუხეს - 113,70 კვ.მ სხვენი, 21,65 კვ.მ აივანი, 3,94 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართი;
11.6. ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 საერთო კრების ოქმი 2011 წლის 03 მაისს დამოწმდა ნოტარიუსის მიერ, წარედგინა საჯარო რეესტრს და ამჟამად, აღნიშნული კრების ოქმის (გადაწყვეტილების) საფუძველზე, ქ. ბათუმში, ………. მდებარე 84,21 კვ.მ სხვენი ირიცხება მესამე მოპასუხის საკუთრებაში, 99,80 კვ.მ სხვენი მეორე მოპასუხის საკუთრებაში, ხოლო 113,70 კვ.მ სხვენი მეოთხე მოპასუხის საკუთრებაში;
11.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს 25.02.2022წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ.ლ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი. ისინი (ზ–ები, დ–ძე, ო–ძე, გ–ლი) ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ. თავად ცხოვრობს მე-6 სართულზე. სადავო კრება არ ჩატარებულა. მათ სადავო კრების ჩატარების შესახებ არაფერი იცოდნენ, ამის შესახებ გაიგეს 2019 წელს, როდესაც უნდოდათ აეღოთ მშენებლობის ნებართვა. არც ის და არც მისი მეუღლე არ ესწრებოდნენ კრებას. მეზობლების უმეტესობა ამბობს, რომ სადავო კრება არ ჩატარებულა. ამხანაგობის წევრი არის მისი მეუღლე, რადგან ბინა მის სახელზეა. სადავო სხვენით სარგებლობდა ზ–ების ოჯახი და მ.დ–ძე. მათ წლები იქ საოჯახო ნივთები ჰქონდათ განთავსებული (იხ. ტ. 2, ს.ფ. 27-49; მოწმის ჩვენება 12:33-12:49 სთ);
11.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს 25.02.2022წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი.თ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი, სადაც ცხოვრობს 1989 წლიდან. 2011 წელს თავად იყო ამხანაგობის წევრი, ხოლო ამჟამად ამხანაგობის წევრი არის მისი მეუღლე. 2011 წელს სადავო კრება არ ჩატარებულა. ყველა კრების მოწვევაზე განცხადება იკვრებოდა. სადავო კრება რომ ჩატარებულიყო, აუცილებლად გაიგებდა. მისთვის არავის უცნობებია კრების შესახებ. სხვენის დაკანონება რომ დაიწყო, მაშინ გაიგეს სადავო კრების შესახებ, დაახლოებით 2019 წელს. სადავო სხვენით სარგებლობდნენ ზ–ები, წყლის ავზი ჰქონდათ იქ, ასევე, განთავსებული ჰქონდათ საოჯახო ნივთები. სხვენი თავიდან ღია იყო, მაგრამ მოგვიანებით დაიკეტა, რომლის გასაღები ჰქონდათ ზ–ბს, ჯ–ძეებს, მ.დ–ძეს. სადავო სხვენის ფართით ისინი 2007-2011 წლებშიც სარგებლობდნენ. მოპასუხეები კრების ოქმის მიღების დროისათვის სხვენით არ სარგებლობდნენ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 27-49; მოწმის ჩვენება 12:51-13:12 სთ);
11.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს 25.02.2022წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე.ხ–ის ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი, სადაც ცხოვრობს 1997 წლიდან, კერძოდ, კორპუსის მე-9 სართულზე, მისი ძმის ოჯახში. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. სადავო სხვენით მისი ოჯახიც სარგებლობს. 2019 წლამდე ამ სხვენზე პრეტენზია არავის ჰქონია, პრობლემა წამოვიდა სხვენის დაშენების შემდეგ. სადავო კრება ჩატარდა, თუმცა სად და რა ვითარებაში არ იცის (იხ. ტ. 2, ს.ფ. 27-49; მოწმის ჩვენება, 13:16-13:27 სთ);
11.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს 25.02.2022წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ.კ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი, სადაც ცხოვრობს 1995 წლიდან. სახურავიდან ჩამოდიოდა წყალი. მოსარჩელეები არ ფლობენ სადავო ფართს, მას ფლობენ მოპასუხეები. კრებას ცოტა ხალხი ესწრება ხოლმე. ის ესწრებოდა სადავო კრებას. ზ–ბი იმ პერიოდში არ იყვნენ ბინაში და კრებას არ ესწრებოდნენ, გაქირავებული ჰქონდათ. თავის დროზე სხვენი არავის უნდოდა, რომ მოწესრიგდა მერე მოუნდა ყველას. მას სადავო კრებით გადაეცა 107 კვ.მ ფართი. კრება ჩატარდა ეზოში. კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 2/3 წევრი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 27-49; მოწმის ჩვენება 13:30-14:09 სთ);
11.11. პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.04.2022წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ.კ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი და ამხანაგობის წევრი. 1989 წლიდან ცხოვრობს ბინის მე-8 სართულზე. სადავო სხვენით სარგებლობდნენ მოსარჩელეები - ზა–ები და დ–ძე, წყლის ავზი ჰქონდათ იქ. მათ ჰქონდათ სხვენის გასაღები. ლ.ბ–ძე ცხოვრობს მე-8 სართულზე. სადავო კრებაზე თავად არ ყოფილა. რაც შეეხება ს.ო–ძეს, 2011 წლამდე ბინაში არ უცხოვრია, მოგვიანებით გადმოვიდა ბინაში, თუმცა ნაყიდი ჰქონდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 60-84; მოწმის ჩვენება 14:30-14:48 სთ);
11.12. პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.04.2022წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი.ხ–ის ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი და ამხანაგობის წევრი. 1995 წლიდან ცხოვრობს ბინის მე-9 სართულზე. სადავო სხვენით სარგებლობდნენ გ–ლი და ც–ძე. მან იცის, რომ წყლის ავზი იყო სადავო ფართში, თუმცა ვისი იყო არ იცის. კორპუსში წყალი ჩადიოდა და ვინც ცხოვრობდა მე-9 სართულზე, ისინი უვლიდნენ. სხვენის გასაღები ჰქონდა ო–ეს. სადავო კრება ჩატარდა ეზოში. მ.დ–ძე მას სხვენში არ უნახავს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 60-84; მოწმის ჩვენება 14:49-15:02 სთ);
11.13. პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.04.2022წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ.ბ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი და ამხანაგობის წევრი. სადავო კრება ჩატარდა ეზოში. ის ესწრებოდა კრებას. ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები სარგებლობდნენ სადავო სხვენით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 60-84; მოწმის ჩვენება 15:03-15:16 სთ);
11.14. საქმეზე წარდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალებით, ფოტოსურათებით, ასევე, ქუთაისის სააპელაციო პალატის მიერ 02.12.2023წ. ადგილზე დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ პირველი სადარბაზოს სადავო სხვენში განთავსებულია წყლის 3 (სამი) ლითონის ავზი, რომლიდან გამომდინარე მილები მიემართება ქვედა სართულებისკენ. მეორე და მესამე მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ერთი ავზი მათი იყო, რომლის დასადასტურებლად მათ ბინაში არსებულ წყლის მილებზე მიუთითეს; პირველმა მოსარჩელემ განმარტა, რომ მეორე ავზი მათ საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მეორე მოპასუხემ ასევე მიუთითა მის საცხოვრებელ ბინაში სხვენიდან ჩამომავალ მილებზე და განმარტა, რომ სხვენზე არსებული წყლის ერთი ავზით ის სარგებლობდა.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მხარეთა შორის სადავოა ამხანაგობის საერთო კრების ოქმში დაფიქსირებული იმ გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა, რომლითაც მოპასუხეებზე განიკარგა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში და მოსარჩელეთა მფლობელობა/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება - სხვენი. მოცემულ საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.07.2023წ. განჩინებაში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, დავის სწორად გადაწყვეტისა და აპელანტთა პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს შემდეგი საკითხები: 1) ფლობდნენ თუ არა მოსარჩელეები ქ. ბათუმში, ……….. მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენის ფართებს; 2) 13.04.2011წ. ამხანაგობის კრება მოწვეულ იქნა თუ არა კანონით დადგენილი წესით; 3) 13.04.2011წ. ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით განიკარგა თუ არა მოსარჩელეთა მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ფართები.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - მ.ლ–ძის, ი.თ–ძისა და ნ.კ–ძის ჩვენებების, ასევე, ფაქტების კონსტატაციის მასალების, საქმეში განთავსებული ფოტოსურათებისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მეორე და მესამე მოსარჩელეების ოჯახი და პირველი მოსარჩელე 2007 წლის ივლისისათვის, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების დროისათვის, ფლობდნენ და სარგებლობდნენ ამხანაგობის 13.04.2011წ. კრების გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხისათვის მიკუთვნებული 99,80 კვ.მ სხვენის ფართითა (ს.კ. ……..) და მეოთხე მოპასუხისათვის მიკუთვნებული 113,70 კვ.მ სხვენის ფართით, რაც გამოხატული იყო სხვენში სასმელი წყლის ავზების განთავსებითა და მოხმარებით, ასევე, საოჯახო ნივთების განთავსებით. რაც შეეხება მეოთხე მოსარჩელის მტკიცებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მან, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარედგინა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა მისი საოჯახო ნივთების განთავსებით მე-2 სადარბაზოში, მესამე მოპასუხისათვის გადაცემული სხვენის ფართის მფლობელობას/სარგებლობას.
14. სააპელაციო პალატამ მოიხმო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4, 5.1, 5.4, 27.4, 28.8 მუხლები და განმარტა, რომ დასახელებული ნორმების თანახმად, ამხანაგობის კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მოპასუხეები არიან ვალდებულნი ამტკიცონ ის ფაქტი, რომ ამხანაგობის სადავო კრება მოწვეული იყო კანონის დაცვით, მოსარჩელეები მოწვეულნი იყვნენ წერილობით და მათთვის ცნობილი იყო კრების დღის წესრიგი.
15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სხვენის მფლობელი/მოსარგებლე ამხანაგობის წევრი მოსარჩელეების კრებაზე მიწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე მათი ინფორმირების ფაქტს, დადგენილად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელეთა მსჯელობა, რომ 2011 წლის 13 აპრილს ამხანაგობის საერთო კრება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩატარებულა.
16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები არ ფლობდნენ სადავო სხვენს და ამხანაგობის კრებაზე ისინი მოწვეულნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის, მ.კ–ძის ჩვენება სარჩელის უარსაყოფად სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა, ვინაიდან მოწმე თავად წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რომლის ოჯახსაც გასაჩივრებული კრების ოქმით საკუთრებაში გადაეცა სხვენის ფართი. რაც შეეხება მოწმე ი.ხ–ს, მისთვის ცნობილი არ ყოფილა ვის კუთვნილებას წარმოადგენდა სადავო ფართში განთავსებული წყლის ავზი, ხოლო ვ.ბ–ძემ სარწმუნოდ ვერ განმარტა მოსარჩელეთა მიერ სადავო სხვენის ფლობასთან დაკავშირებული ფაქტი.
17. ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2011 წლის 13 აპრილს ამხანაგობის საერთო კრება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩატარებულა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პირველ სადარბაზოში მეორე მოპასუხისათვის 99,80 კვ.მ სხვენის ფართის და მეოთხე მოპასუხისათვის 113,70 კვ.მ სხვენის ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, სსკ-ის 54-ე და სსსკ-ის 248-ე მუხლებიდან გამომდინარე, ბათილია და სსკ-ის 976.1.,,ა“ და 979.1 მუხლების შესაბამისად, ამ უძრავი ქონების (სხვენის) ამხანაგობის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველია.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ, ასევე, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის თანახმად, ამხანაგობის წევრებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე სარგებლობასა და მფლობელობაში ჰქონდათ სამეურნეო სათავსოები, გააჩნიათ ამ ფართებზე საკუთრების უფლების დაფიქსირების შესაძლებლობა. ვინაიდან კასატორები ათეული წლების განმავლობაში სარგებლობდნენ სხვენის ფართით და მის მოვლა-პატრონობას და შესაბამისი ფინანსური ხარჯის გაღებასაც მხოლოდ ისინი ახორციელებდნენ, მათ მიმართეს ამხანაგობას სხვენის ფართებზე მათი მხრიდან მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტის დადასტურებისა და მისი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემის თაობაზე, რაც ამხანაგობის 13.04.2011წ. კრების ოქმით დაკმაყოფილდა. ამდენად, კასატორები ქ. ბათუმში, ........ მდებარე სხვენებს ფლობდნენ და სარგებლობდნენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე;
19.2. ამხანაგობის აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრთა ხმების 2/3-ზე მეტით, დასტურდება საქმის მასალებით. სადავო კრების ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 74% (60 წევრი). ამდენად, სადავო ოქმით ამხანაგობამ დაადასტურა სხვენის ფართების მოპასუხეთა ინდივიდუალურ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებობის ფაქტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და მიიღო გადაწყვეტილება მათი საჯარო რეესტრში მეორე და მეოთხე მოპასუხეების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ იმის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება, რომ სადავო სხვენები მათ სარგებლობაში იყო;
19.3. ვიდრე სააპელაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებდა, მნიშვნელოვანი იყო შეფასებულიყო - ჰქონდათ თუ არა აპელანტებს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფდა თუ არა მათი მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა კრების ოქმის ბათილად ცნობის რეალურ იურიდიულ ინტერესზე. მოსარჩელეებს სადავო ფართებთან შემხებლობა არ ჰქონიათ, შესაბამისად, მათ არ გააჩნდათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი;
19.4. არც საქმეში წარდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალებით, არც ფოტოსურათებით და არც ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დგინდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო სხვენის ფლობის ფაქტი. წარდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალებითა და ფოტოსურათებით ნათელია, რომ სხვენი ჩაკეტილია, შესაბამისად, ბუნებრივია, დასადგენი იყო, ვის გააჩნდა აღნიშნული სხვენის გასაღები და ვინ ფლობდა მას. სხვენის გასაღები გააჩნდა კასატორ მხარეს. აღნიშნული დადასტურდა, მათ შორის, ადგილზე დათვალიერების დროსაც, როდესაც სხვენის გაღება კუთვნილი გასაღებით მოახდინეს კასატორებმა. ასევე, მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კარის დაყენება მოხდა კასატორთა მიერ და უკვე წლებია სხვენი დაკეტილ მდგომარეობაშია. რაც შეეხება სხვენში განთავსებულ ავზებს, აღნიშნული ავზები არ წარმოადგენენ მოწინააღმდეგე მხარეთა კუთვნილ ავზებს. ბუნებრივია, არ ხდება და არც არასდროს ხდებოდა აღნიშნული ავზებიდან წყლის მიწოდება მე-8 სართულზე მცხოვრებ პირებთან. საერთოდ, გაუგებარია როგორ უნდა მიწოდებულიყო წყალი სხვენიდან მე-8 სართულზე მცხოვრებ ოჯახებთან ისე, რომ არ მომხდარიყო მილის გატარება მე-9 სართულის საცხოვრებელში. ავზები წარმოადგენდა კასატორთა საკუთრებას, რაც მიუთითეს კიდეც სასამართლოს;
19.5. სასამართლო შეიჭრა ექსპერტიზის კომპეტენციაში და თავად, ვიზუალური დათვალიერებით (რაც რეალურად შეუძლებელი იყო) მიიჩნია დადასტურებულად, რომ სხვენში არსებული ავზების მილები მიემართებოდა მე-8 სართულზე განთავსებულ საცხოვრებელ ბინებში. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს მიემართა ექსპერტიზისათვის და დაედგინა - რეალურად გამოედინებოდა თუ არა ხსენებული ავზებიდან წყალი და ხდებოდა თუ არა მათი დაერთება მე-8 სართულზე არსებულ მილებში, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად, მხოლოდ და მხოლოდ აპელანტის მითითების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია გარემოება, რომლის ამ გზით დადასტურება შეუძლებელი იყო. სასამართლომ სწორედ აღნიშნული ბუნდოვანი და დაუდასტურებელი გარემოება დაუდო საფუძვლად მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მიიჩნია, რომ წყლის ავზები დაერთებული იყო მე-8 სართულზე განთავსებული ბინების მილებზე და, შესაბამისად, მე-8 სართულის მაცხოვრებლები ფლობდნენ სადავო სხვენს;
19.6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია მოწმეების - მ.ლ–ძის, ი.თ–ძის და ნ.კ–ძის მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებიც ბუნდოვნად, ყოველგვარი დამაჯერებლობის გარეშე აცხადებდნენ, თითქოს, სადავო ფართებს ფლობდნენ მოსარჩელეები, კრება არ ჩატარებულა და სხვენში მოსარჩელეთა პირადი ნივთები ინახებოდა;
19.7. აღნიშნულ მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოდ დაიკითხნენ სხვა მეზობლებიც, კერძოდ, ე.ხ–ი, მ.კ–ძე, ი.ხ–ი და ვ.ბ–ძე, რომელთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა შემდეგი გარემოებები: მეორე და მეოთხე მოპასუხეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში, .......... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე, აღნიშნული საცხოვრებელი აგებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში და მასში მობინადრეთა შესახლება განხორციელდა 90-იან წლებში. ვინაიდან საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში, უხვი ნალექის, ძლიერი წვიმისა და ქარის დროს ხშირად ადგილი ჰქონდა სახურავიდან და სხვენიდან მე-9 სართულზე წყლის ჩადინებას, რაც აზიანებდა მე-9 სართულის მაცხოვრებელთა საოჯახო ნივთებსა და ბინების ფართებს. შესახლების დღიდან მე-9 სართულის მაცხოვრებლები, მათ შორის, მოპასუხეები მეზობლების წინაშე აყენებდნენ მოთხოვნას, რომ ერთობლივი სახსრებით მომხდარიყო სახურავისა და სხვენის გვერდითი ფასადის იმგვარად შეფუთვა, რომ წვიმის დროს აღარ ჩასულიყო მე-9 სართულის ბინებში წყალი, თუმცა იმ პერიოდში ყველა უარს აცხადებდა ამ საკითხში ფინანსურ მონაწილეობაზე და არგუმენტად მოჰყავდათ ის გარემოება, რომ ვისაც კონკრეტულად ეს პრობლემა აწუხებდა, ხარჯიც მას უნდა გაეღო. ამ მოცემულობაში მოპასუხეები იძულებულნი გახდნენ საკუთარ თავზე აეღოთ მათ ზევით არსებული სხვენის მოვლა-პატრონობის საკითხი. საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულის მაცხოვრებლებმა, მათ შორის, კასატორებმა სხვენის ფართებში განახორციელეს რიგი სამუშაოები იმ მიზნით, რომ წვიმის დროს შეწყვეტილიყო წყლის ჩადინება. ამასთან, ფართის შესასვლელში მოაწყვეს რკინის კარები, ხოლო თავად ფართში წლების განმავლობაში განთავსებული ჰქონდათ სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო და მეორადი მოხმარების ძველი ნივთები. კასატორები დაახლოებით 1992 წლიდან დღემდე ფლობენ და სარგებლობენ სხვენის ფართით და მათი მფლობელობა და სარგებლობა სხვენებზე იმთავითვე გამოკვეთილი იყო. სხვენების ფლობასა და სარგებლობაზე არცერთი ამხანაგობის წევრს მოპასუხეების მიმართ არავითარი პრეტენზია 2020 წლამდე არ ჰქონია. აღნიშნული პრეტენზია მოსარჩელეთა მხრიდან დაფიქსირდა მას შემდგომ, რაც შეიტყვეს გაცემული დაშენების ნებართვის თაობაზე. მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ სადავო კრება ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ეზოში და ისინი ესწრებოდნენ კრებას. მათ მიერ ასევე ცალსახად დადასტურდა კასატორების მხრიდან სადავო ფართის ფლობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადგინა, რომ სადავო ფართს ფლობდნენ მოსარჩელეები.
20. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ასევე წარადგინა მეოთხე მოსარჩელემ, რომლითაც მისი ნაწილობრივ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
21.1. სააპელაციო სასამართლომ მეოთხე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მესამე მოპასუხისათვის 84,21 კვ.მ სხვენის ფართის გადაცემის ნაწილში არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მიიჩნია, რომ მეოთხე მოსარჩელემ გარდა მისი ახსნა–განმარტებისა სხვა მტკიცებულება ვერ წარადგინა და მოწინააღმდეგე მხარესთან შედავება ვერ განახორციელა, თუმცა სასამართლოს ეს დასკვნა არ არის სწორი და არ გამომდინარებს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან;
21.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 02 დეკემბერს ჩატარდა ადგილზე დათვალიერება ქ. ბათუმში, ......... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ორ სადარბაზოში მდებარე სხვენის დათვალიერების მიზნით. დათვალიერდა მეორე სადარბაზოში მდებარე სადავო სხვენი. როგორც ადგილზე დათვალიერების ოქმით დასტურდება, ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდნენ მხარეები, მათ შორის, მეოთხე მოსარჩელე და მისი მოწინააღმდეგე - მესამე მოპასუხე. ოქმში ვკითხულობთ შემდეგს: „სხვენის შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს, ბოლო ნაწილში აგურით ნაშენი კედლის ტიხრით გამოყოფილ ფართში, ბეტონის ფილაზე, მარცხენა კუთხეში დაფენილია მუყაოს ნაჭრები, რაც თითქმის გამოყოფილი ფართის ნახევარს მოიცავს. მასზე განთავსებული იყო მცირე ზომის, დაახლოებით 40 სმ სიგრძის ხის თარო. [მეოთხე მოსარჩელის] განმარტებით, ის ცხოვრობს ამ სადარბაზოში და სწორედ სხვენის ამ ნაწილით სარგებლობდა, სადაც დალაგებული ჰქონდა თავისი საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის, ეს ხის თაროც, ასევე, გაზის ბალონი, შეშის ღუმელი, ბოთლები, ბოცები, ხის ფიცრები, ძველი მაგიდა და სხვა წვრილმანი ნივთები, რომლებსაც აღარ მოიხმარდა. ეს ნივთები აღებულია მის დაუკითხავად. მიუხედავად მისი სურვილისა და არაერთგზის მოთხოვნისა, წვდომა არ ჰქონდა სხვენთან, ვინაიდან იგი დაკეტეს და ამხანაგობის თავმჯდომარე დ.ბ–ი გასაღებს არ აძლევდა. რაც შეეხება სხვენის შესასვლელში მიმოფანტულ ნივთებს, მასში მის კუთვნილ ნივთებს ვერ პოულობს და აპირებს აღნიშნულის თაობაზე განაცხადოს პოლიციაში“. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სხვენში მეოთხე მოსარჩელის სხვა ნივთები არ აღმოჩნდა, ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ მეოთხე მოსარჩელემ სასამართლოს მიუთითა ის ადგილი, რომლითაც იგი სარგებლობდა, მისი დაგებული იყო მუყაოს ნაჭრები (ლინოლეუმი), ასევე, აღმოაჩინა ხის თარო, სადაც ალაგებდა ნივთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია მოწინააღმდეგეს - მესამე მოპასუხეს და ასეთი რამ ოქმში არ არის აღნიშნული. მეოთხე მოსარჩელეს წყლის ავზი არ ჰქონია სხვენში, შესაბამისად, რატომ არ შეიძლებოდა ხის თაროთი და სხვენში გამოყოფილი ადგილით, თავისივე მოწყობილი იატაკის საფარით დადასტურებულიყო სხვენის სარგებლობის ფაქტი. მეოთხე მოსარჩელეს ნამდვილად არ გააჩნდა იმის მოლოდინი, რომ სხვენში აღმოჩენილი იქნებოდა მისი ნივთები, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელის აღძვრამდე გამოცვალეს სხვენის გასაღები, რის შემდგომაც მოსარჩელეებმა გაიგეს 2011 წლის სადავო კრების ოქმის შესახებ, თუმცა მათ წვდომა აღარ ჰქონდათ სხვენთან, რამაც გამოიწვია სასამართლოში სარჩელის აღძვრა. ანუ ადგილის დათვალიერება ჩატარდა ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმე განიხილებოდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და მოსარჩელეებს არანაირი წვდომა სხვენის ფართთან აღარ გააჩნდათ. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების თაობაზე, რამაც შესაძლებლობა მისცა მოწინააღმდეგე მხარეს სადავო სხვენიდან გაეტანათ ნივთები. მიუხედავად ამ გარემოებისა, სასამართლოს მიერ დაგვიანებით ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმი და სხვენში აღმოჩენილი მეოთხე მოსარჩელის კუთვნილი ხის თარო ცალსახად მიუთითებდა მის მიერ სხვენით სარგებლობის ფაქტზე;
21.3. სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ ამხანაგობას 2011 წლის 13 აპრილს კრება არ ჩაუტარებია და აღნიშნულის თაობაზე ამხანაგობის წევრებისათვის არ უცნობებია. თუმცა, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ეს ფაქტი და მეოთხე მოსარჩელის ნაწილში მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება;
21.4. მართლაც, სადავო კრების ოქმი ისე შედგა, რომ არ უცნობებიათ ამხანაგობის იმ წევრებისთვის, რომლებიც სარგებლობდნენ სადავო ფართებით და ამ ფართებით სარგებლობას აგრძელებდნენ 2019 წლამდე. გარდა მე–9 სართულზე მაცხოვრებელი მესაკუთრეებისა, არავინ იცოდა სადავო კრების ოქმის შესახებ. ეს მესაკუთრეები არიან დაინტერესებული პირები, სხვა მესაკუთრეები კი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ მოსარჩელეთა მიერ სხვენით სარგებლობის ფაქტს ამხანაგობის შესახებ კანონის ამოქმედებამდე და 2019 წლამდე;
21.5. მესამე მოპასუხე ამხანაგობის შესახებ კანონის ამოქმედების დროისათვის (2007წ.) აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა და შეუძლებელი იყო ასეთ ვითარებაში სასამართლოს დაედგინა მისი მხრიდან სხვენით სარგებლობის ფაქტი;
21.6. სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებათა შეფასების სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი, რის შედეგადაც საქმეზე არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები. მეოთხე მოსარჩელის მიერ სხვენის ფართით სარგებლობის ფაქტი დადასტურდა, როგორც მისი ახსნა-განმარტებით, ასევე, დანარჩენი მოსარჩელეების მიერ, ადგილზე დათვალიერების ოქმითა და მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, სადავო კრების ოქმი მიღებულ იქნა ისე, რომ ამხანაგობის წევრებმა არ იცოდნენ ამის შესახებ. კრების ოქმი არ გამოხატავს ამხანაგობის წევრთა ნამდვილ ნებას. კრების ოქმი მიღებულია ამხანაგობის იმდროინდელი თავმჯდომარის - ბ.ბ–ძის პერიოდში, რომელიც ცხოვრობდა მე-9 სართულზე და იმავე კრების ოქმით მას გადაეცა სხვენის ფართი საკუთრებაში, რაც იმას ნიშნავს რომ იგი იყო დაინტერესებული პირი. ამჟამინდელი ამხანაგობის თავმჯდომარეც არის მე-9 სართულზე მაცხოვრებელი და სადავო კრების ოქმით მანაც მიიღო საკუთრებაში სხვენის ფართი, შესაბამისად, იგიც დაინტერესებული პირია. ფაქტობრივად, სასამართლო პროცესზე ამხანაგობის თავმჯდომარე არ წარმოადგენდა ამხანაგობას, არამედ პროცესზე იძლეოდა არასწორ ჩვენებას;
21.7. იმ პირობებში, როდესაც სადავო კრების ოქმი შედგენილია კანონით დადგენილი წესის დარღვევით და არსებობს კრების ოქმში დაფიქსირებული ნების ეჭქვეშ დაყენების დასაბუთებული ვარაუდი, მესამე მოპასუხის ნაწილშიც სახეზეა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეოთხე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე მოპასუხისა და მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მეორე და მეოთხე მოპასუხეების ნაწილში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და ამ კრების ოქმის საფუძველზე განკარგული ქონების (სხვენის) ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნების მართლზომიერება; ასევე, მესამე მოპასუხის ნაწილში ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 სადავო კრების ოქმი, რომელშიც ამხანაგობის წევრთა სახელით ფორმულირებულია ამხანაგობის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, .......... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენის ფართის მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ წარმოადგენს გარიგებას - ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოვლენას (სსკ-ის 50-ე მუხლი), რომლის ბათილად ცნობის, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების, წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე Nას-202-191-2017, 27 სექტემბერი, 2017 წელი). წინამდებარე საქმეში მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმის ბათილად ცნობა მეორე მოპასუხისათვის 99,80 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. .........), მესამე მოპასუხისათვის 84,21 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ........) და მეოთხე მოპასუხისათვის 113,70 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ........) ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და აღნიშნული უძრავი ქონების ამხანაგობის საერთო საკუთრებად აღიარება. მოსარჩელეები აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ ისინი სარგებლობენ სადავო სხვენით, შესაბამისად, აღნიშნული ქონების ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევაში, მათ, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს, მიეცემათ უფლება, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვონ სადავო უძრავი ქონების მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია, რისი მიღწევაც ფაქტობრივად შესაძლებელია სასამართლოს გარეშე. საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე 2023 წლის 03 ივლისს მიღებული განჩინებით დაადგინა, რომ მოსარჩელეებს დავის მიმართ გააჩნიათ შესაბამისი იურიდიული ინტერესი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (იხ. სუსგ საქმე Nას-17-14-2015, 01 ივლისი, 2015 წელი). „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, იმის მიხედვით საერთო საკუთრებაშია თუ ფაქტობრივ მფლობელობაში სადავო სამეურნეო სათავსები (სხვენი), შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას. შესაბამისად, სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად საკმარისია ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და დავის მიმართ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსის - სხვენის განკარგვის თაობაზე ამხანაგობის გადაწყვეტილების მართლზომიერების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს სადავო სათავსი რა სამართლებრივი შინაარსით ხასიათდება - ანუ, წარმოადგენს თუ არა იგი მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებას. მხოლოდ ამ გარემოების დადასტურების შემდგომ უნდა შემოწმდეს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სხვა კომპონენტების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების, ფაქტების კონსტატაციის მასალების, ფოტოსურათებისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების დროისათვის ფლობდნენ და სარგებლობდნენ ამხანაგობის 13.04.2011წ. კრების ოქმით მეორე და მეოთხე მოპასუხეების სასარგებლოდ განკარგული სხვენის ფართით, რასაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები - მეორე მოპასუხე და მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეები სადავოდ ხდიან. მათი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არაჯეროვნად განახორციელა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება და აღნიშნული გარემოება არასწორად დაადგინა. კასატორების განმარტებით, სადავო სხვენის ფართის მფლობელობასა და მოვლა-პატრონობას, როგორც კანონის ამოქმედებამდე, ისე მისი ამოქმედების შემდეგაც მხოლოდ მოპასუხეები ახორციელებენ; რაც შეეხება მეოთხე მოსარჩელეს, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა მესამე მოპასუხის სასარგებლოდ განკარგულ სხვენის ფართზე მისი მფლობელობის ფაქტი, რასაც იგი სადავოდ ხდის. მეოთხე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ასევე მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებას ემყარება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო სხვენზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მოსარჩელეთა მიერ მფლობელობის განხორციელების ფაქტის დადასტურება მათივე მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეებმა ეს გარემოება სათანადოდ ვერ დაადასტურეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების მიერ ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმით მეორე და მეოთხე მოპასუხეებისათვის მიკუთვნებული სხვენის ფართის მფლობელობის შესახებ. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების შედავებას, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ეს გარემოება სათანადოდ არ დასტურდება. რაც შეეხება მეოთხე მოსარჩელის მიერ იმავე კრების ოქმით მესამე მოპასუხისათვის მიკუთვნებული სხვენის ფართის მფლობელობის ფაქტს, ამ ნაწილში მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ....... მდებარეობს მრავალბინიანი, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც შექმნილია და ფუნქციონირებს ამხანაგობა; მოსარჩელეები, ასევე, მოპასუხეები ამხანაგობის წევრებს წარმოადგენენ; საცხოვრებელ სახლს ბოლო სართულის ზემოთ გააჩნია სხვენი - არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართი; დადგენილია, ასევე, რომ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში, .......... მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-8 სართულზე, ხოლო მეოთხე მოსარჩელე მე-2 სადარბაზოს მე-8 სართულზე და ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვთ ბინები; მეორე მოპასუხეს და მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებს ასევე ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნიათ იმავე საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-9 სართულზე მდებარე ბინები, ხოლო მესამე მოპასუხეს კი, მე-2 სადარბაზოს მე-9 სართულზე მდებარე ბინა; სადავო სხვენი მდებარეობს საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულის თავზე, ანუ მეორე და მესამე მოპასუხეების, ასევე, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების კუთვნილი ბინების თავზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების საფუძველზე სადავო სხვენის ფართებში ჩატარდა ადგილზე დათვალიერება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე დათვალიერება ჩატარდა ქ. ბათუმში, .......... მდებარე მრავალბინიანი სახლის ორ სადარბაზოში მდებარე სხვენზე. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს დათვალიერების ოქმში მითითებულ გარემოებას, რომ პირველ სადარბაზოში მდებარე სხვენის შესასვლელში მოწყობილია დაბალი კონსტრუქციის რკინის კარი, რომელიც ჩაკეტილი იყო ბოქლომით და რომლის გასაღებს ფლობდა მეოთხე მოპასუხის ერთ-ერთი უფლებამონაცვლე - მ.ო–ძე; დათვალიერების ოქმის თანახმად, სხვენის შესასვლელში დგას სხვადასხვა ზომის ლითონის კონსტრუქციის სამი ავზი, მათგან ორი მარცხენა, ხოლო მესამე მარჯვენა მხარეს. აღნიშნული ავზებიდან ერთ-ერთ, ყავისფერ, რკინის ავზზე მესამე მოსარჩელემ განცხადა, რომ მისი საკუთრებაა და ამ ავზიდან გამომავალი მილები დაერთებული ჰქონდა სახლში შემავალ მილებთან და მიეწოდებოდა წყალი, ახლა კი, მისი ნებართვის გარეშე მოჭრილია მილები, ანუ გაკეთებული აქვს დემონტაჟი. მესამე მოსარჩელემ განაცხადა, რომ იქ კიდევ იყო მისი კუთვნილი მეორე ავზი, რაც აღებულია; დათვალიერება განხორციელდა მესამე მოსარჩელის საცხოვრებელ ფართში (მე-8 სართული) მდებარე აბაზანაშიც, სადაც აღმოჩნდა წყლის ორი მილი, რომელთაგან, მესამე მოსარჩელის განცხადებით, ერთი სხვენზე ამავალი მილია, მეორე კი ავზიდან ჩამომავალი;
დათვალიერების ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ მესამე მოსარჩელის მიერ მითითებული ავზის გვერდით დგას ვერცხლისფერი ოთხკუთხედი ავზი, რომლის თაობაზეც მ.ო–ძემ განაცხადა, რომ იგი სარგებლობდა ამ ავზით. მასზე დაერთებული მილები დაკავშირებული იყო მის სახლში არსებულ წყლის სისტემასთან, რაც დღეს გაუქმებულია, თუმცა აბაზანაში ეს მილები გადაჭრილ მდგომარეობაში ამჟამადაც ადგილზეა; დათვალიერება განხორციელდა მ.ო–ძის საცხოვრებელი სახლის (მე-9 სართული) აბაზანაშიც, სადაც სხვენზე განთავსებული ავზის გასწვრივ (ქვეშ) ჭერიდან ჩამომავალი წყლის ერთი მილი გადაჭრილია. მ.ო–ძის განმარტებით, სწორედ ამ მილით მიეწოდებოდა წყალი სადავო ავზიდან. დღეის მდგომარეობით, ახალი წყალგაყვანილობა გაკეთდა და გადაიჭრა ძველი მილები, ავზით აღარ სარგებლობენ და ის გაუქმებულია;
იმავე ავზზე პირველმა მოსარჩელემაც განაცხადა, რომ სწორედ ეს ავზი იყო მისი საკუთრება, საიდანაც საცხოვრებელ სახლში (მე-8 სართული) წყალი მიეწოდებოდა. მესამე მოსარჩელის აბაზანის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ აბაზანა მოპირკეთებულია კაფელით, ხოლო პირველი მოსარჩელის განმარტებით, სხვენში განთავსებულ ავზთან დამაკავშირებელი მილები მოქცეულია კაფელის ქვეშ (იხ. 02.12.2023წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი, ტ. 3, ს.ფ. 50-53).
ადგილზე დათვალიერების ოქმის შინაარსის ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირველ მოსარჩელეს, ასევე, მეორე და მესამე მოსარჩელეების ოჯახს სადავო სხვენში განთავსებული ჰქონდათ სასმელი წყლის ავზები, ვინაიდან დათვალიერების ოქმით ეს გარემოება ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვენში მდგარი ვერცხლისფერი, ოთხკუთხედი ავზის კუთვნილების შესახებ განაცხადა როგორც პირველმა მოსარჩელემ, ასევე, მ.ო–ძემ. ამასთან, მ.ო–ძის საცხოვრებელ სახლში მდებარე აბაზანაში, აღნიშნული ავზის გასწვრივ (ქვეშ) მართლაც აღმოჩნდა გადაჭრილი წყლის მილები, ხოლო პირველი მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში მდებარე აბაზანაში ასეთი მილები არ აღმოჩნდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი მოსარჩელის სიტყვიერ განმარტებას, რომ აბაზანის კაფელით მოპირკეთების შემდგომ ავზთან დამაკავშირებელი მილები კაფელის ქვეშ მოექცა, რადგან ეს გარემოება სხვა სახის მტკიცებულებით არ არის გამყარებული. რაც შეეხება მესამე მოსარჩელის მიერ სხვენში არსებული ყავისფერი წყლის ავზის კუთვნილებას, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორების შედავებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები ცხოვრობენ მე-8 სართულზე, ხოლო წყლის ავზი მე-9 სართულის თავზე არსებულ სხვენში მდებარეობს, მხოლოდ ადგილზე, ვიზუალური დათვალიერების შედეგად იმის დადასტურებულად მიჩნევა, რომ მესამე მოსარჩელის სააბაზანოში აღმოჩენილი წყლის გადაჭრილი მილები დაერთებული იყო სხვენში არსებულ წყლის ავზებთან, საიდანაც მას წყალი მიეწოდებოდა, შეუძლებელია. მეოთხე მოპასუხის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სადარბაზოში მდებარე სადავო სხვენით სარგებლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.12.2023წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას, რაც ამგვარ ფაქტს დაადასტურებდა. დათვალიერების ოქმის თანახმად, მეორე სადარბაზოში მდებარე სხვენის შესასვლელში მოწყობილია დაბალი კონსტრუქციის რკინის კარი, რომლის გასაღებიც ჰქონდა მესამე მოპასუხის შვილს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მეოთხე მოსარჩელემ, ხის თაროს გარდა, სხვენში არსებულ ვერცერთ ნივთზე ვერ მიუთითა მისი კუთვნილების შესახებ. პირიქით, მან განმარტა, რომ არ იცის ვისია სხვენში არსებული ნივთები (იხ. 02.12.2023წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი, ტ. 3, ს.ფ. 50-53; 21.02.2024წ. განჩინება, ტ. 3. ს.ფ. 85-91). იმ გარემოებას, რომ სხვენში მეოთხე მოსარჩელის სხვა ნივთები არ აღმოჩნდა, იგი საკასაციო საჩივარშიც ადასტურებს. რაც შეეხება სხვენში მისი ნივთების განთავსებისა და ამ ნივთების მისი ნების საწინააღმდეგოდ აღების ფაქტს, იმ პირობებში როდესაც საქმეში არ არის წარდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, რაც ასახულია ოქმშიც, ამ გარემოების დამადასტურებელ საკმარის და რელევანტურ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. წინამდებარე საქმეში სადავო გარემოებების დადგენის მიზნით, დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც მოდავე მხარეთა მეზობლები არიან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (იხ. სუსგ საქმე Nას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი). მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხნენ მოწმეები მ.ლ–ძე, ი.თ–ძე და ნ.კ–ძე. მოწმე მ.ლ–ძის ჩვენების თანახმად, სადავო სხვენით სარგებლობდა ზ–ების ოჯახი და მ.დ–ძე და მათ წლები იქ საოჯახო ნივთები ჰქონდათ განთავსებული; მოწმე ი.თ–ძემ განმარტა, რომ სადავო სხვენით სარგებლობდნენ ზ–ბი და იქ წყლის ავზი და საოჯახო ნივთები ჰქონდათ განთავსებული; მოწმე ნ.კ–ძის ჩვენების თანახმად, სადავო სხვენით სარგებლობდნენ ზ–ბი და დევაძე და იქ ჰქონდათ წყლის ავზი განთავსებული (იხ. მოწმის ჩვენებები, წინამდებარე განჩინების 11.7, 11.8 და 11.11 პუნქტები). წინამდებარე საქმეზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე, დაიკითხნენ სხვა მოწმეებიც, კერძოდ, მოწმე ე.ხ–ის ჩვენების თანახმად, ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, 2019 წლამდე სხვენზე პრეტენზია არავის ჰქონია, პრობლემა წამოვიდა სხვენის დაშენების შემდეგ; მოწმე მ.კ–ძემ ასევე განმარტა, რომ სახურავიდან ჩამოდიოდა წყალი, სადავო ფართს ფლობენ მოპასუხეები, ხოლო მოსარჩელეები მას არ ფლობენ. თავის დროზე სხვენი არავის უნდოდა, როდესაც მოწესრიგდა მერე მოუნდა ყველას; მოწმე ი.ხ–ის ჩვენების თანახმად, სადავო სხვენით სარგებლობდნენ გ–ი და ც–ძე. მან იცის, რომ წყლის ავზი იყო სადავო ფართში, თუმცა ვისი იყო არ იცის, კორპუსში წყალი ჩადიოდა და ვინც მე-9 სართულზე ცხოვრობდა ისინი უვლიდნენ. მ.დ–ძე მას სხვენში არ უნახავს (იხ. მოწმის ჩვენებები, წინამდებარე განჩინების 11.9, 11.10 და 11.12 პუნქტები). ამდენად, ზემოთ დასახელებული მოწმეთა ჩვენებების შინაარსი ცხადყოფს, რომ მოწმეთა ნაწილი (მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები) მიუთითებენ სადავო სხვენზე მოსარჩელეთა ნაწილის - პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების მფლობელობაზე, ხოლო მოწმეთა ნაწილი (მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები) მოპასუხეთა მფლობელობაზე. დასახელებული მოწმეები მოდავე მხარეთა მეზობლები არიან. შესაბამისად, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოა, საკასაციო სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს და იმ გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები ფლობდნენ სხვენის ფართებს და იქ წყლის ავზები ან/და საოჯახო ნივთები ჰქონდათ განთავსებული. მოწმეებს მეოთხე მოსარჩელის მიერ სადავო სხვენით სარგებლობაზე არ მიუთითებიათ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოწმე მ.კ–ძე თავად წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან, მართალია, გასაჩივრებული კრების ოქმით მის ოჯახსაც გადაეცა საკუთრებაში სხვენის ფართი, თუმცა მის ნაწილში კრების ოქმი სადავოდ არ არის გამხდარი. რაც შეეხება მოწმე ი.ხ–ის ჩვენებას, მართალია, მან განაცხადა, რომ არ იცის ვის ეკუთვნის სხვენში განთავსებული ავზები, თუმცა მან მიუთითა, რომ სადავო სხვენით სარგებლობდა მეორე მოპასუხე, ასევე, დაადასტურა მოპასუხეთა მიერ მითითებული ის გარემოება, რომ კორპუსში წყალი ჩადიოდა და ვინც მე-9 სართულზე ცხოვრობდა ისინი უვლიდნენ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში დაკითხული მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობის შეფასება სასამართლომ განახორციელა მათი შინაარსის სრულყოფილი შესწავლა-ანალიზის და არა მოწმეთა მიერ მითითებული მხოლოდ კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე. მოწმეთა ჩვენებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხეთა მიერ შესაგებელში, ასევე, საკასაციო საჩივარში სარჩელის უარსაყოფად განვითარებულ თანმიმდევრულ განმარტებას. კერძოდ, მოპასუხეთა განმარტებით, „ვინაიდან საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში, უხვი ნალექის, ძლიერი წვიმისა და ქარის დროს ხშირად ადგილი ჰქონდა სახურავიდან და სხვენიდან მე-9 სართულზე წყლის ჩადინებას, რაც აზიანებდა მე-9 სართულის მაცხოვრებელთა საოჯახო ნივთებსა და ბინების ფართებს. შესახლების დღიდან მე-9 სართულის მაცხოვრებლები, მათ შორის, მოპასუხეები მეზობლების წინაშე აყენებდნენ მოთხოვნას, რომ ერთობლივი სახსრებით მომხდარიყო სახურავისა და სხვენის გვერდითი ფასადის იმდაგვარად შეფუთვა, რომ წვიმის დროს აღარ ჩასულიყო მე-9 სართულის ბინებში წყალი, თუმცა იმ პერიოდში ყველა უარს აცხადებდა ამ საკითხში ფინანსურ მონაწილეობაზე და არგუმენტად მოჰყავდათ ის გარემოება, რომ ვისაც კონკრეტულად ეს პრობლემა აწუხებდა, ხარჯიც მას უნდა გაეღო. ამ მოცემულობაში მოპასუხეები იძულებულნი გახდნენ საკუთარ თავზე აეღოთ მათ ზევით არსებული სხვენის მოვლა-პატრონობის საკითხი. საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულის მაცხოვრებლებმა, მათ შორის, კასატორებმა სხვენის ფართებში განახორციელეს რიგი სამუშაოები იმ მიზნით, რომ წვიმის დროს შეწყვეტილიყო წყლის ჩადინება. ამასთან, ფართის შესასვლელში მოაწყვეს რკინის კარები, ხოლო ფართში წლების განმავლობაში განთავსებული ჰქონდათ სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო და მეორადი მოხმარების ძველი ნივთები. მოპასუხეები დაახლოებით 1992 წლიდან დღემდე ფლობენ და სარგებლობენ სხვენის ფართებით და მათი მფლობელობა და სარგებლობა სხვენებზე იმთავითვე გამოკვეთილი იყო. სხვენების ფლობასა და სარგებლობაზე არცერთი ამხანაგობის წევრს მოპასუხეების მიმართ არავითარი პრეტენზია 2020 წლამდე არ ჰქონია. აღნიშნული პრეტენზია მოსარჩელეთა მხრიდან დაფიქსირდა მას შემდგომ, რაც შეიტყვეს გაცემული დაშენების ნებართვის თაობაზე“. სადავო არაა, რომ საცხოვრებელი სახლის დაშენების მიზნით გაცემულია მშენებლობის ნებართვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ფაქტების კონსტატაციის მასალებიდან და არც წარდგენილი ფოტოსურათებიდან არ ირკვევა ფაქტობრივი გარემოება სადავო სხვენის მოსარჩელეთა მიერ ფლობის შესახებ. საქმეში ასევე არ არის წარდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება. ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელეები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ფლობდნენ ამხანაგობის 13.04.2011წ. კრების ოქმით მოპასუხეთა სასარგებლოდ განკარგულ სხვენის ფართებს, შესაბამისად, ასევე არ დასტურდება მოსარჩელეთა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ შემთხვევაში სასამართლო აღარ იკვლევს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სხვა კომპონენტების არსებობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეოთხე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო მეორე მოპასუხისა და მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეოთხე მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი. 59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
60. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა სარჩელს დაკმაყოფილებაზე სრულად ეთქვა უარი. შესაბამისად, მათ მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი, ასევე, მეოთხე მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ხოლო, მეორე მოპასუხის, ასევე, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ პირველ, მეორე და მესამე მოსარჩელეებს მოპასუხეთა სასარგებლოდ.
61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
62. ვინაიდან, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო: მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი, .......... ქუჩა N9 (ს.კ. N..........); მეოთხე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი,.......... ქუჩა N9 (ს.კ. N..........) და მესამე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი,. .......... ქუჩა N9 (ს.კ. N ..........).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შ.ო–ძის, გ.ო–ძის, მ.ო–ძისა და ლ.გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება მ.დ–ძის, ი.ზ–ას და ი.ზ–ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. მ.დ–ძის, ი.ზ–ას და ი.ზ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ლ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
6. მ.დ–ძეს, ი.ზ–ას და ი.ზ–ას შ.ო–ძის, გ.ო–ძის, მ.ო–ძისა და ლ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 300 ლარის გადახდა ამ უკანასკნელთა მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო: მოპასუხე ლ.გ–ის (პ/ნ.......... ) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი,.......... ქუჩა N9-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .........); მოპასუხე ს.ო–ძის (პ/ნ ........) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, .......... ქუჩა N9-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0 .......) და მ.კ–ძის (პ/ნ ..........) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, . .......... ქუჩა N9-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .........);
8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან მიქაბერიძე