დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1600-2025
24 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.თ–ი“ (ყოფილი შპს „ბ.ს.ტ–სა“) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ბ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.თ–ის“ (ყოფილი შპს „ბ.ს.ტ–სა“) (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კომპანია“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 3 474,75 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება - თვეში 800 ლარის ოდენობით, 2021 წლის 30 აგვისტოდან უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ..........., სართული 17, ბინა 16098, ს.კ. .........., მოსარჩელისათვის ჩაბარებამდე.
4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში: წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი; გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით და წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; წარედგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირი გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ან წარედგინა მოპასუხის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი; წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.
6. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში აპელანტის დირექტორებმა - გ.ს–ვამ და გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლეს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 14 დღით გაგრძელების შესახებ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნათ აპელანტის წარმომადგენლებს - გ.ს–ვას და გ.ბ–ძეს (დირექტორები) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე (ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობაში მითითებული მისამართი) - ქალაქი ბათუმი, .......... საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილი 2025 წლის 24 ოქტომბერს ჩაბარდა თანამშრომელს ს.კ–ძეს (პ.ნ. ......). აპელანტს ხარვეზის შევსებისთვის ვადა ჰქონდა 2025 წლის 07 ნოემბრის 24:00 საათამდე, თუმცა მას არც ხარვეზი აღმოუფხვრია და არც ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 372-ე, 374.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
12. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
12.1. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, აპელანტისთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოს 01.10.2025წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადა გაუგრძელდა 14 დღით, თუმცა აღნიშნული განჩინება კომპანიას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია;
12.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო შეტყობინება მხარეს უნდა ჩაბარდეს, ორგანიზაციის შემთხვევაში კი, მის წარმომადგენელს ან/და კანცელარიას. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 01.10.2025წ. განჩინება სააპელაციო სასამართლომ გაგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, .........., სადაც სასამართლო შეტყობინება (განჩინება) 2025 წლის 24 ოქტომბერს ჩაიბარა ვინმე ს.კ–ძემ, რომელიც მოპასუხის თანამშრომელი არ არის და არც არასოდეს ყოფილა კომპანიაში დასაქმებული. სასამართლო შეტყობინება არც მეორეჯერ გაგზავნილა აპელანტის იურიდიულ მისამართზე. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი წესის დაცვით არ ჩაბარებია;
12.3. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი, მათ შორის, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების მექანიზი, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 78-ე მუხლი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
17. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მას ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. მისი განმარტებით, ფოსტის უკუგზავნილზე აღნიშნული პირი არ არის და არც არასოდეს ყოფილა მასთან დასაქმებული პირი.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს; იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; ხოლო, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
19. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი; გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით და წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; წარედგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირი გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ან წარედგინა მოპასუხის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი; წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა ამ განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადით; დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტ კომპანიას მისი დირექტორების მიერ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, .........) და ჩაბარდა თანამშრომელს - ს.კ–ძეს 2025 წლის 24 ოქტომბერს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 15, 28-30). ეს გარემოება წარმოშობს პრეზუმფციას, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კი, ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს. შესაბამისად, სწორედ მან უნდა წარუდგინოს სასამართლოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პირი, რომელმაც გზავნილი ჩაიბარა, მასთან დასაქმებულ პირს არ წარმოადგენდა. მოპასუხის აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
20. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო და საკმარისი მტკიცებულება, რომ ს.კ–ძე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 01.10.2025წ. განჩინების ჩაბარების დროისათვის მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული პირს არ წარმოადგენდა. ასეთად ვერ მიიჩნევა კერძო საჩივაზე დართული სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.12.2025წ. ცნობა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით 16.12.2025წ. (16:41 საათის) მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 112 მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში დაქირავებულ პირთა რეესტრიდან ფ/პ ს.კ–ძე არ ფიქსირდება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 46). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო გზავნილი ს.კ–ძემ ჩაიბარა 2025 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო შემოსავლების სამსახურის ცნობაში მითითებულია 16.12.2025წ. მდგომარეობით არსებული ინფორმაცია და ბუნდოვანია მოიცავს თუ არა კომპანიაში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაციას 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 01.10.2025წ. განჩინება გაიგზავნა თავად კომპანიის დირექტორების მიერ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.
21. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ კერძო საჩივართან დაკავშირებით წარმოადგინა განცხადება (პოზიცია), რომელსაც ერთვის WhatsApp-ში განხორციელებული მიმოწერის სურათები (ე.წ. „სქრინშოთები“). მოსარჩელის განმარტებით, WhatsApp-ში მოპასუხის ადმნისტრაციის მიერ შექმნილია ჯგუფი, სადაც კომპანიის წარმომადგენლები და ბინების მესაკუთრეები/მაცხოვრებლები არიან გაწევრიანებულები და ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია; ამ ჯგუფში ს.კ–ძე 2025 წლის დეკემბერში მათ გაეცნო, როგორც მოპასუხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული მიმოწერების შინაარსის თანახმად, სამენეჯმენტო გუნდის ცვლილების შემდგომ ს.კ–ძემ დაიკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია; აღსანიშნავია, რომ მიმოწერები განხორციელებულია, მათ შორის, 2025 წლის ბოლოს; ამასთან, მიმოწერების შინაარსიდან ასევე ირკვევა, რომ მოპასუხესა და ბინების მესაკუთრეებს/მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაცია სწორედ ს.კ–ძის მეშვეობით ხორციელდებოდა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 71-79).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 01.10.2025წ. განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.
24. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
25. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხეს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 2025 წლის 24 ოქტომბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 14-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2025 წლის 25 ოქტომბრიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 07 ნოემბერს, თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
26. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „კ.თ–ის“ (ყოფილი შპს „ბ.ს.ტ–სა“) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია