დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1445-2025 12 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ნ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.მ–ძე, ლ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი, ხოლო შემდეგ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ნ.კ–ის წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შ.მ–ძე, ლ.ბ–ი და მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ავტომანქანის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ავტომანქანა იყო შ.მ–ძის საკუთრება. მისი შეძენა და შემდეგში გასხვისება მოხდა სრულიად კანონიერად, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს: - შ.მ–ძეს და ლ.ბ–ს შორის ზეპირი ფორმით დადებული „ბიუიკ რეგალ“ მარკის ავტომანქანის, ტიპი: სედანი, ფერი: თეთრი, ვინ კოდი: ........., სახელმწიფო ნომრით .........., ჩუქების ხელშეკრულება; მოსარჩელე ცნობილ იქნა „ბიუიკ რეგალ“ მარკის ავტომანქანის, ტიპი: სედანი, ფერი: თეთრი, ვინ კოდი: ........., სახელმწიფო ნომრით ........, მესაკუთრედ. ამავე სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, დასუწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განჩინება; სამოქალაქო საქმე N2/1082-21/25 ნ.კ–ის სარჩელის გამო, შ.მ–ძის და ლ.ბ–ის წინააღმდეგ, გარიგების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
5.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი, ხოლო შემდეგ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ნ.კ–ის წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შ.მ–ძე, ლ.ბ–ი და მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ავტომანქანის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა.
5.3. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა 2024 წლის 6 სექტემბერს 13:00 საათზე, რომელიც გადაიდო 2024 წლის 30 სექტემბერს.
5.4. საქმის მომზადების მიზნით ჩატარდა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა, სადაც მოპასუხე მხარე ესწრებოდა.
5.5. 2025 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილით გაფრთხილებული იქნა მოპასუხეთა წარმომადგენელი ნ.ბ–ი.
5.6. 2025 წლის 18 თებერვალს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა ნ.ბ–მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა, 2025 წლის 20 თებერვლის სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ მის მარწმუნებელს ლ.ბ–ს და იმავდროულად ოჯახის წევრს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. გარდა ამისა, შეუძლოდ იყო მის ოჯახის სხვა წევრიც, ჰქონდა ტემპერატურა. სწორედ, ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, მითითებული მიზეზებით, იგი ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას.
5.7. 2025 წლის 19 თებერვალს, სასამართლოს, 2025 წლის 20 თებერვლის სხდომის გადადების შესახებ განცხადებით ასევე მიმართა მოპასუხე ლ.ბ–მა. განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ იმის მიუხედავად, რომ მას ჰყავს წარმომადგენელი, სურს სასამართლო პროცესს უშუალოდ დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს.
5.8. მოპასუხის განმარტებით, ის ამჟამად იმყოფება ღია საავადმყოფო ფურცელზე, რომელიც არაა დახურული და რომელსაც წარმოადგენს დახურვის შემდგომ.
5.9. განცხადებას თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100ა, გაცემული 07.02.2025 წელს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 6 თებერვალს ლ.ბ–ი მოთავსებული იქნა სტაციონარში, სადაც სპინალური ანესთეზიით ჩაუტარდა ფლებექტომია მარჯვენა კიდურიდან. 2025 წლის 7 თებერვალს, სტაციონარიდან გაწერისას დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და მიეცა რეკომენდაცია 2 კვირის ვადაში მძიმე ფიზიკური დატვირთვის აკრძალვისა.
5.10. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საჩივართან ერთად, მოპასუხე მხარემ წარადგინა ბ–ას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლითაც ირკვევა, რომ ლ.ბ–ი 2005 წლის 6 თებერვლიდან - 2025 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
5.11. საჩივართან ერთად, ასევე წარდგენილი იქნა დაბადების მოწმობა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის - „მ.მ“-ს მიერ, 2025 წლის 25 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ მოპასუხე ლ.ბ–ის შვილს - ნ.ბ–ს დაესვა დიაგნოზი-H1N1 რის გამოც, საჭიროებდა ამბულატორიულ მკურნალობას ბინაზე 19.02.2025-დან - 07.03.2025 ჩათვლით.
5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სხდომის გადადების შუამდგომლობაზე, ასევე საჩივარზე დართული საავადმყოფო ფურცლის და სამედიცინო ცნობების შეფასების და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი ყოველთვის ცხადდებოდა სასამართლო პროცესებზე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ 2025 წლის 20 თებერვლს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების შესაბამისი და საპატიოა.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარზე დართული ფორმა 100 მხარეს არ წარუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში მისი წარდგენის საფუძველიც არ არსებობდა.
6.3. კასატორის განმარტებით, წარდგენილი ცნობა ეხება, მხოლოდ ნ.ბ–ს და არა მხარის ან მისი წარმომდგენლის ავადმყოფობას, ამასთან ცნობა გაიცა 25 თებერვალს და მითითებულია, რომ 19 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით საჭიროებს მკურნალობას ბინაზე.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა 2024 წლის 6 სექტემბერს 13:00 საათზე, რომელიც გადაიდო 2024 წლის 30 სექტემბერს. საქმის მომზადების მიზნით ჩატარდა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც მოპასუხე მხარე ესწრებოდა. 2025 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილით გაფრთხილებულია მოპასუხეთა წარმომადგენელი ნ.ბ–ი. 2025 წლის 18 თებერვალს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა ნ.ბ–მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა, 2025 წლის 20 თებერვლის სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ მის მარწმუნებელს ლ.ბ–ს და იმავდროულად ოჯახის წევრს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. გარდა ამისა, შეუძლოდ იყო მის ოჯახის სხვა წევრიც, ჰქონდა ტემპერატურა. სწორედ, ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, მითითებული მიზეზებით, იგი ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას. 2025 წლის 19 თებერვალს, სასამართლოს, 2025 წლის 20 თებერვლის სხდომის გადადების შესახებ განცხადებით ასევე მიმართა მოპასუხე ლ.ბ–მა. განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ იმის მიუხედავად, რომ მას ჰყავს წარმომადგენელი, სურს სასამართლო პროცესს უშუალოდ დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს. მოპასუხის განმარტებით, ის იმყოფებოდა ღია საავადმყოფო ფურცელზე, რომელიც არ იყო დახურული და რომელსაც წარადგენდა დახურვის შემდგომ. განცხადებას თან ერთვოდა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა N100ა, გაცემული 07.02.2025 წელს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 6 თებერვალს ლ.ბ–ი მოთავსებული იქნა სტაციონარში, სადაც სპინალური ანესთეზიით ჩაუტარდა ფლებექტომია მარჯვენა კიდურიდან. 2025 წლის 7 თებერვალს, სტაციონარიდან გაწერისას დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და მიეცა რეკომენდაცია 2 კვირის ვადაში მძიმე ფიზიკური დატვირთვის აკრძალვისა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საჩივართან ერთად, მოპასუხე მხარემ წარადგინა ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლითაც ირკვევა, რომ ლ.ბ–ი 2005 წლის 6 თებერვლიდან - 2025 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საჩივართან ერთად, ასევე წარდგენილია დაბადების მოწმობა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის - „მ.მ“-ს მიერ, 2025 წლის 25 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ მოპასუხე ლ.ბ–ის შვილს - ნ.ბ–ს დაესვა დიაგნოზი-H1N1 რის გამოც, საჭიროებდა ამბულატორიულ მკურნალობას ბინაზე 19.02.2025-დან - 07.03.2025 ჩათვლით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულწილად წარმოადგენს მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მექანიზმს, რასაც უკავშირდება ზემოთ განმარტებული, იმ მხარისათვის არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რომლის მიმართაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნულითაა განპირობებული კანონმდებლის მიერ იმ მკაცრად გაწერილი, სავალდებულო წინაპირობების დაწესება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობას წარმოადგენს იმ ფაქტის დადგენა, რომ მხარის მიერ საპროცესო ვალდებულების შესრულება, ამ შემთხვევაში პროცესზე გამოუცხადებლობა, გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით.
15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებებს და განმარტავს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით ნათლად ჩანს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც შეუძლებელი იყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
18. ცხადია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის თავისებურებათა გათვალისწინებით, ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მიიჩნევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლიანი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს. სასამართლოს ვალდებულება, შეჯიბრებითობის საფუძველზე განახორციელოს საქმისწარმოება, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება, გულისხმობს თითოეული მხარის უფლებისა და ინტერესისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებასაც.
19. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სასამართლოში გამართულ არაერთ სხდომას დაესწრო მხარე და გამოხატა ინტერესი დავის მიმართ. ამასთან, დასტურდება ობიექტური მიზეზებით, რომ 2025 წლის 20 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო და არა დავის მიმართ ინტერესის გაქრობის საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ნ.კ–ს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №30709522398, გადახდის თარიღი 04.12.2025) 1 368 ლარის 70% - 957.6 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია