დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1470-2025 12 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ი.ჩ–ძის წარმომადგენლის პ.კ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, გარდაცვლილი მხარის, აპელანტ ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა შეჩერდა საქმის წარმოება ა) მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის ოდენობით ანაზღაურების; ბ) 2020 წლის 16 იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 4 000 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრების; გ) 2020 წლის 16 იანვრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 224 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების; დ) 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 898.20 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში. განემარტათ მხარეებს, რომ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლის არ ჩართვის შემთხვევაში, ი.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მოწინააღმდეგე მხარის სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის თ.ზ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საქმეზე N2ბ/408-25, უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ა) მორალური ზიანის 400 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ბ) ი.ჩ–ძის გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე - 2025 წლის 19 აგვისტოდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ხელფასის სახით მიუღებელი თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. კერძო საჩივრის ავტორმა, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თაობაზე წარმოადგინა პრეტენზიები, ხოლო, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების დასკვნები და შედეგი გაიზიარა.
6. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 1330-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა სადავო საკითხთან მიმართებით.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე, წარდგენილი მოთხოვნის - მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნას უკავშირებდა ჯანმრთელობის - ანუ მისი არამატერიალური სიკეთის, პირადი არაქონებრივი, ბუნებით განუყოფელი უფლების ხელყოფას, შესაბამისად, მოთხოვნა გამომდინარეობს პირადი ხასიათის უფლებიდან, რაც გამორიცხავს უფლებამონაცვლეობას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხარეთა განცხადებები, კერძოდ საქმისწარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა შემდეგ მოთხოვნებზე - ა) მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ბ) 2020 წლის 16 იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 4 000 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრება; გ) 2020 წლის 16 იანვრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 224 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურება; დ) 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ი.ჩ–ძის გარდაცვალებამდე, 2025 წლის 19 აგვისტომდე, ყოველთვიურად 898.20 ლარის, ხელფასის სახით მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში., ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურებისა და გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე ხელფასის მიუღებელი თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმისწარმოება შეწყდა.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს პირები მიმართავენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სარჩელის წარდგენის შემდეგ ხდება სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლა, რაც დღის წესრიგში აყენებს იმავე ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოში მიმდინარე პროცესის მხარეთა დაზუსტების აუცილებლობასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველია მოქალაქის გარდაცვალება. საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად დამოკიდებულია მატერიალურ სამართალზე. თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
14. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა პირდაპირ კავშირშია მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების სხვა პირისთვის გადაცემის საკითხის დადგენასთან. საპროცესო უფლებამონაცვლედ მიიჩნევა პირი, რომელსაც მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული მხარის უფლებები გადაეცა ან/და ვალდებულებები დაეკისრა. სწორედ ამიტომ, საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენისთვის აუცილებელია, განისაზღვროს უფლების სამართლებრივი ბუნება - რამდენად ექვემდებარება იგი სხვა პირზე გადაცემას. თუკი საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სადავო საკითხი წამოიჭრა მოსარჩელის გარდაცვალების გამო, შემსაბამისად სადავო საკითხის რეგულირებისთვის გამოსაყენებელ ნორმებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმები. სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 1330-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროში არ შედის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის 76 179.99 ლარის და მორალური ზიანის 400 000 ლარის ანაზღაურება, აგრეთვე, სარჩოს სახით 4 000 ლარის დაკისრება 2020 წლის 16 იანვრიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე, 224 ლარის გადახდა 2020 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე და 898.2 ლარის გადახდა მიუღებელი ხელფასის სახით, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე.
17. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების ნაწილში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მის მიმართ არსებული მოთხოვნის პირადი ხასიათის მქონედ განხილვის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირადი ხასიათის მქონედ შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს უფლებები და მოთხოვნები, რომლებიც იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებასთან, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მათი დაცვა/აღსრულება სხვა პირის მიმართ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, რომ სარჩოს სახით 4 000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უფლებამონაცვლეობა დასაშვებია. საგულისხმოა, რომ სარჩოს გადახდის შესახებ მოთხოვნა თავად მოსარჩელემ წარმოადგინა, ამდენად, ის არგუმენტი, რომ შვილებს არ აქვთ სარჩოს მოთხოვნის უფლება, მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია, ამასთან არაა კავშირში იმ ფაქტთან მოსარჩელის მომავალი უფლებამონაცვლე იყო თუ არა მატერიალურად დამოკიდებული მშობელზე.
19. საფუძვლიანია, აგრეთვე მიუღებელი ხელფასის შესახებ მოთხოვნები, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნებზე უფლებამონაცვლეობა შეზღუდულად იქნება შესაძლებელი, მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე დანარჩენ პერიოდზე კი მართლზომერად შეწყდა საქმისწარმოება.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების ნაწილში საქმისწარმოების შეჩერება არამართლზომიერია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია