დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1178-2025 27 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ.ჩ–ძის (შემდგომში – მოპასუხე, კასატორი) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნ.გ–ძის (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/კ ........) და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა მოსარჩელე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. კასატორის მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოწინააღმდეგე მხარემ 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოპასუხისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ნება საჯარო რეესტრიში ხელმოწერით დააფიქსირა. კასატორის განმარტებით, გარიგება დაიდო არა მოტყუების, არამედ ნამდვილი ნების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და რომლებმაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება ან დადგენა, მატერიალური სამართლის ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სასამართლომ დაადგინა, რომ:
10.1 მოსარჩელეს უძრავი ქონება, მდებარე თბილისიში, .........., გადაეცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლებით დედისგან – მ.გ–ძისგან, ხოლო საჯარო რეესტრიში მოსარჩელის საკუთრების უფლება აღირიცხა 28.11.2022 წელს;
10.2 2022 წლის 29 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მოპასუხეს 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიჰყიდა;
10.3 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.07.2024 წლის მომართვის თანახმად, მოპასუხე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
11. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, უფლება აქვს მოსთხოვოს მიმღებს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; აგრეთვე, სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
12. პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობასა და მათ ლოგიკურ ურთიერთკავშირს.
13.განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად იგი მიუთითებს, რომ 2022 წლის ნოემბერში, როდესაც მარტო იმყოფებოდა, გახდა ავად. მისი გარდაცვლილი ძმის მეუღლე, რომელიც მუდმივად მასთან ცხოვრობს, იმ დროისთვის არ იმყოფებოდა თბილისიში. მოსარჩელესთან მივიდა მისი ნათესავი - მოპასუხე, რომელმაც გარკვეული დახმარება გაუწია და სანაცვლოდ შესთავაზა ბინის გადაფორმება. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის 79 წლის, თავს გრძნობდა ცუდად, ეშინოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მარტოობის, რის გამოც საჭიროებდა მოვლას. მოპასუხის რჩევით, 2022 წლის 28 ნოემბერს სადავო ქონებაზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება, ხოლო მომდევნო დღეს - 29 ნოემბერს, მოპასუხემ წაიყვანა საჯარო რეესტრიში, სადაც გაფორმდა ვითომ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც, როგორც მოსარჩელემ შემდგომ აღმოაჩინა, მითითებული იყო, რომ მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა სახლის ღირებულება, 40 000 აშშ დოლარი, ფიქციური ხელშეკრულების გაფორმებამდე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
14.პალატა, მხარეთა განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხარეთა შორის 2022 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილი სამართლებრივი ბუნება.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგების ორ შემთხვევას: მოჩვენებითსა და თვალთმაქცურ გარიგებებს. ორივე მათგანი მიიჩნევა კერძო ავტონომიის ნეგატიური გამოვლინების მაგალითად (იხ. ლ. ჭანტურია, „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი I, მუხ. 56, 2017, ველი 2), მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას, კერძოდ, გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამომვლენის ნამდვილ შინაგან ნებას და გარიგება ნების გარეგნული გამოვლენის შედეგად დაიდო. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში დგება მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების მხარეები ერთობლივად მოქმედებენ და ნების გამოვლენის შინაარსის ძირითად ელემენტად ამ გამოვლენილი ნების არარსებობას აქცევენ. თვალთმაქცური გარიგებისას, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. თვალთმაქცური გარიგებისას, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო, თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1090-2021, 18.05.2021წ.; №ას-1293-2024, 08.11.2024წ.; №ას-266-2025, 28.05.2025წ.).
16.სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგებისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-487-461-2015, 17.06.2015წ; №ას-1382-2018, 25.01.2019წ; №ას-3-2020, 16.06.2020წ; №ას-705-2023, 12.09.2023წ.; №ას-604-2024, 20.03.2025წ.).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობა ეფუძნება მხარეთა ნების თავისუფალ და რეალურ გამოვლენას. ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისთვის აუცილებელია, რომ გამყიდველმა თავისუფლად და გაცნობიერებულად გამოხატოს ნება ქონების საკუთრების მყიდველზე გადაცემის შესახებ, ხოლო მყიდველმა შესაბამისი სანაცვლო შესრულების (საფასურის გადახდის) ვალდებულება იკისროს (სსკ-ის 477-ე მუხლი). ამასთან, კანონმდებლობა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის ითვალისწინებს სავალდებულო წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფორმალური მოთხოვნა დაცულია, ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმებულია წერილობით და შეიცავს კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებს. თუმცა, მხოლოდ ფორმის დაცვა არ არის საკმარისი გარიგების ნამდვილობის დასადასტურებლად, თუ სადავოა მხარეთა რეალური ნება. სამართლებრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად შეესაბამება ხელშეკრულების შინაარსი მხარეთა ნამდვილ შეთანხმებას და ფაქტობრივ ურთიერთობას.
18.მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ მას არ განუზრახავს ქონების ნასყიდობის საფუძველზე გასხვისება და შესაბამისად, არ გამოუვლენია ნება ქონების საკუთრების საფასურის სანაცვლოდ გადაცემაზე. მისი განმარტებით, მხარეთა რეალური შეთანხმება უკავშირდებოდა არა ნასყიდობას, არამედ ქონების გადაცემას მოვლა-პატრონობისა და ზრუნვის სანაცვლოდ.
19.საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოხატული ნების ნამდვილობას. პირიქით, საქმის მასალების ანალიზი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამისდღეშიო რჩენის ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც სადავო ქონების გადაცემა უკავშირდებოდა მარჩენლის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას და არა მის რეალურ გასხვისებას ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ.
20. პალატა მიუთითებს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლიანობის შეფასებისას, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგების მიმართ რეალური ინტერესის არსებობის განსაზღვრისას, მნიშვნელობა ენიჭება საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობას და მათ ურთიერთშეფასებას. დავას არ იწვევს, რომ მოწინააღმდეგე მხარე არის მარტოხელა, პენსიონერი პირი, რომელსაც დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია თვეში 450 ლარის ოდენობით, ასევე სოციალური პაკეტი, როგორც 9 აპრილის მონაწილეს, თვეში 60 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება მიუთითებს მის სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაზე და ცხოვრების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის შეზღუდულ შესაძლებლობებზე. სარჩელსა და მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებებში თანმიმდევრულად არის ხაზგასმული, რომ სადავო გარიგების დადების მომენტში მოსარჩელე იმყოფებოდა მარტო, განიცდიდა შიშს, იყო ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის პირობებში და საჭიროებდა მუდმივ მოვლასა და მხარდაჭერას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სადავო გარიგების საფუძველზე კასატორი საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე უძრავ ქონებას დღემდე უწყვეტად ფლობს და ფაქტობრივად არ დაუკარგავს მასზე კონტროლი, რაც ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების უფლების რეალური გადაცემის ეკონომიკურ და სამართლებრივ შინაარსს. გარდა ამისა, უდავოა გარემოება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული 40 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, დადგენილია, რომ კასატორი 2022 წლის ნოემბრიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და თბილისში მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდა, რაც დამატებით მიუთითებს მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეალურ შესაძლებლობებზე, დამოუკიდებლად განეხორციელებინა სადავო გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
21. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა, როგორიცაა გამსხვისებლის მოწყვლადი მდგომარეობა, ქონებაზე ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნება, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა და მხარეთა მიერ აღწერილი რეალური ურთიერთობის შინაარსი, ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ სადავო გარიგების ფორმალური შინაარსი არ ასახავს მის ნამდვილ სამართლებრივ და ეკონომიკურ ბუნებას. საგულისხმოა თავად კასატორის განმარტებაც, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სინამდვილეში წარმოადგენდა მოსარჩელის კეთილი ნების გამოვლენის შედეგს, ხოლო მოსარჩელე დღემდე იმყოფება მის კმაყოფაზე. ეს გარემოება დამატებით ადასტურებს მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი ურთიერთობის ისეთ შინაარსს, რომელიც სცდება სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნასყიდობის სამართლებრივ კონსტრუქციას.
22.პალატის მითითებით, მოსარჩელემ წარადგინა და დაამტკიცა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ სამისდღეშიო რჩენის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა კასატორს. ამ უკანასკნელმა კი ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს შესაგებელი კანონით დადგენილი ვადის დაცვით არ წარმოუდგენია, რაც ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (2311 მუხლი) გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითად, რაზეც, შედავების არარსებობისა და საპროცესო ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა დეტალურად არ იმსჯელებს. თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს დაგვიანებით წარმოდგენილი შესაგებლის ფაქტობრივ საფუძვლებზე და მიუთითებს, რომ მოპასუხე ძირითადად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი მოსარჩელეს უვლიდა და ფინანსურად უზრუნველყოფდა, რაც თავის შინაარსით არ შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ სამართლებრივ ბუნებას და ამყარებს ვარაუდს, რომ მხარეთა ნამდვილი ნების მიზანს არ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება.
23. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას გარიგების ფორმასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სსკ-ის 942-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების გადაცემით დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობა უკავშირდება რთული სანოტარო ფორმის დაცვას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველობის გამო, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ სწორად მიიჩნია იგი ბათილად.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-261-2024, 26.07.2024წ.; №ას-1001-2021, 11.03.2022წ.).
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია