გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 20.03.2026
საქმის ნომერი
ას-960-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

20 მარტი, 2026 წელი,საქმე № ას-960-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა მ.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ალიმენტის ოდენობის შემცირების, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან, 2019 წლის 20 სექტემბერს დაბადებულ მ.მ–ძესთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბავშვი ან მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი) ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის პარასკევისა და შაბათის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთი (იგულისხმება მხოლოდ დღის მონაკვეთი) დედის/მოპასუხის თანდასწრებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირებასა და მოპასუხისთვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელი უარყოფილ იქნა.

3. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ნაწილში, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:

4.1. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი გადაწყვეტილებას დაკისრებული ალიმენტის შემცირების ნაწილში ასაჩივრებდა და ნაცვლად - 400 ლარისა, ალიმენტის - 250 ლარის, დაკისრებას მოითხოვდა; შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი მხოლოდ - 150 ლარს შეეხებოდა, რაც განაპირობებდა დავის საგნის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე (2 000 ლარი) ნაკლები მოცულობით განსაზღვრას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სრულად, დავის საგნის ღირებულება და გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი არ განუსაზღვრავს, შესაბამისად, შეუძლებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავად დაედგინა რა ღირებულებას შეადგენდა სააპელაციო საჩივრის დავის საგანი (დეტალურად იხ. კერძო საჩივარი).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობს, სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობასთან წინააღმდეგობის საფუძვლით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების მართლზომიერებაზე.

8. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრების ლეგიტიმური მიზნით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).

10. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.).

სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ალიმენტის ოდენობის შემცირების, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და თანხის (5000 ლარი) დაკისრების მოთხოვნით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან, 2019 წლის 20 სექტემბერს დაბადებულ მ.მ–ძესთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბავშვი ან მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი) ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის პარასკევისა და შაბათის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთი (იგულისხმება მხოლოდ დღის მონაკვეთი) დედის/მოპასუხის თანდასწრებით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირებასა და მოპასუხისთვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

13. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხვნის ნაწილში, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის კრიტერიუმს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმებისას უნდა გაანალიზდეს როგორც სასარჩელო მოთხოვნების მოცულობა ისე მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის რეალური ფარგლები.

16. სსსკ-ის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - გადასახდელი თანხით, იმავე მუხლის “გ“ ქვეპუნქტით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო სსსკ-ის 41.2. მუხლის მიხედვით, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

17. სსსკ-ის 40.2 მუხლის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სადაოდ ხდიდა როგორც ალიმენტის შემცირებაზე უარის (დავის საგნის ფასი ამ ნაწილში შეადგენს 1800 ლარს) ისე მოპასუხისთვის 5000 ლარის დაკისრების უარყოფის ნაწილში.

პალატის დასკვნით, სააპელაციო საჩივრის ფასის მხოლოდ ალიმენტის ოდენობის შემცირების ნაწილის ღირებულებით და განცალკევებულად განსაზღვრა, სააპელაციო საჩივრის სხვა ელემენტების მხედველობაში მიღების გარეშე, არ შეესაბამება სსსკ-ის 40.2 მუხლის დანაწესით დადგენილ დავის საგნის ღირებულების ერთობლივად დაანგარიშების წესს. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის მთლიანი ღირებულება შეადგენს 6800 ლარს (5000+1800=6800) რისი გათვალისწინებითაც იგი სსსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს და მისი ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სსსკ-ის ნორმებიდან არ გამომდინარეობს.

19. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ალიმენტის შემცირების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.მ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება და საქმე ალიმენტის ოდენობის შემცირების ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია