დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1145-ა-8-2026
19 მარტი, 2026 წელი ქ . თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ტ.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ნა
განმცხადებლის მოთხოვნა - გაუქმდეს უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ასევე გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინება და მის საფუძველზე 2025 წლის 28 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ა–ნას სარჩელი ტ.რ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა მოპასუხის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და მოითხოვა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით ა.ა–ნას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმე N A25116552, კრედიტორი ა.ა–ნა, მოვალე ტ.რ–ი. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2026 წლის 16 თებერვლის წერილის თანახმად მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალისაგან ამოსაღები თანხა შეადგენს 19824.44 ლარს, საიდანაც კრედიტორის მისაღები თანხა არის 18527.51 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური 1296.93 ლარი.
2025 წლის 19 ივნისს მოპასუხის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა.
სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. გაუქმდა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N401/1668/22 ა.ა–ნას სარჩელი, ტ.რ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ტ.რ–ისთვის უკრაინიდან (ჩეხეთის რესპუბლიკის გავლით) სასამართლო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა ,,საქართველოს ფოსტის'' მეშვეობით 2026 წლის 03 თებერვალს.
საცნობი დადგენილების თანახმად სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 08.08.2025 წელს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 10 მარტს განცხადებით მომართა ტ.რ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა გაუქმდეს უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინება და მის საფუძველზე 2025 წლის 28 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი; ასევე მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ განიხილა ტ.რ–ის განცხადება უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებისა და მის საფუძველზე 2025 წლის 28 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელის გაუქმების შესახებ და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ.: სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. იმავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამასთან, იმავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს გაუქმდეს უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინება და მის საფუძველზე 2025 წლის 28 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ასევე შუამდგოლმობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ განმცხადებლის წარმომადგენელმა 2026 წლის 18 თებერვალს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე ითხოვდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოების შეჩერებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით ტ.რ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლიდან გამომადინარე. (ერთთვიანი ვადის დაუცველობის გამო). ასევე განუხილველად დარჩა ტ.რ–ის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის NA25116552 წარმოების შეჩერების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლიდან გამომდინარე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლომ 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით ერთხელ უკვე იმსჯელა წარმოდგენილ განცხადებაზე, ასევე იმსჯელა შუამდგომლობაზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის NA25116552 წარმოების შეჩერების შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით განიხილოს წარმოდგენილი განცხადება/შუამდგომლობა, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას გაუქმდეს უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება (კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N401/1668/22 ა.ა–ნას სარჩელი, ტ.რ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე) გაუქმდა სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით, რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე ითხოვდა 2026 წლის 18 თებერვლისა და 2026 წლის 10 მარტის განცხადებებით და რომელიც დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 426-ე, 429-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ტ.რ–ის განცხადება უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების და მის საფუძველზე 2025 წლის 28 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელის გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. ტ.რ–ის შუამდგომლობა-შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმე NA25116552, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დარჩეს განუხილველად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია