დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.03.2026
საქმის ნომერი
ას-1051-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1051-2025

12 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ჯი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „სააგენტო“, „მეიჯარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ჯის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „კომპანია“, „მოიჯარე“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით დაადასტურა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა შესაბამისი პირობებით, თუმცა არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 3 485 ლარის გადახდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ბორჯომში, სოფელ ....... მდებარე 18 919.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .........) (შემდგომში - „იჯარის ხელშეკრულების საგანი“) წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას;

6.2. ზემოაღნიშნულ ქონებაზე 2017 წლის 20 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“, „საიჯარო ხელშეკრულება“). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 8 წელი;

6.3. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ქონების ან მისი ნაწილის სპორტული/ტურისტული მიზნებისთვის გამოყენება;

6.4. 3.1.4. მუხლის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში, ხოლო შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ამასთან თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილია 2 წელიწადზე ნაკლები, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 45 კალენდარული დღისა, მეიჯარეს წარუდგინოს ხელშეკრულების 4.5. მუხლით განსაზღვრული შესაბამისი დასკვნა;

6.5. ხელშეკრულების 6.4. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 3.1.4. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

6.6. 2020 წლის 17 ივნისის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ 2020 წლის 22 ივნისს წარსადგენი გეგმიური აუდიტორული დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან, რადგან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებულ კომპანიათა სიაში მყოფი აუდიტორული კომპანიების მომსახურების თანხა არ არის ხელმისაწვდომი და ვერ დაფარავენ. კომპანიებს არ აქვთ საშეღავათო პირობები, რადგან წარმოადგენენ კერძო ერთეულებს. შესაბამისად, მეიჯარეს ეთხოვა აუდიტორული დასკვნის წარდგენის გადავადება შემდეგ წლამდე, შემდეგ წელში კი წარადგენენ 2 წლის ნაცვლად 3 წლის შემაჯამებელ დასკვნას;

6.7. 2021 წლის 28 ივნისის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ 2020 წლის 22 ივნისს წარსადგენი გეგმიური აუდიტორული დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან, რადგან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებულ კომპანიათა სიაში მყოფი აუდიტორული კომპანიების მომსახურების თანხა არ არის ხელმისაწვდომი და ვერ დაფარავენ. კომპანიებს არ აქვთ საშეღავათო პირობები, რადგან წარმოადგენენ კერძო ერთეულებს. შესაბამისად, მეიჯარეს ეთხოვა აუდიტორული დასკვნის წარდგენის გადავადება შემდეგ წლამდე, შემდეგ წელში კი წარადგენენ 3 წლის ნაცვლად 4 წლის შემაჯამებელ დასკვნას;

6.8. 2022 წლის 18 იანვარს მეიჯარემ მოიჯარეს 17.06.20-სა და 28.06.21 წლების წერილების პასუხად აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის N507 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავისუფლდება 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე იჯარის საფასურის გადახდის ვალდებულებისა და ამავე პერიოდის იჯარის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან; ამასთან, განემარტა, რომ ხელშეკრულების 3.1.4. მუხლის თანახმად, არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა უნდა წარედგინათ აუდიტორული დასკვნა, აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა, შესაბამისად, კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან (23.06.2020წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. წერილის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მეიჯარეს უნდა წარედგინოს აუდიტორული დასკვნა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა შესაბამის რეკვიზიტებზე უნდა მოხდეს;

6.9. 2022 წლის 20 მაისის წერილით მოიჯარემ მიმართა მეიჯარეს, წარუდგინა აუდიტორული დასკვნა, აცნობა, რომ 2020 და 2021 წლის განმავლობაში მსოფლიო პანდემიის გამო ეკონომიკური, შესაბამისად, ტურისტული საქმიანობის სტაგნაციისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კომპანია იყო ფაქტობრივ ზარალში, რის გამოც ითხოვა, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომპანიას საპატიოდ ჩათვლოდა პირგასამტეხლო;

6.10. 2022 წლის 2 ივნისს მეიჯარემ მოიჯარეს 20.05.2022 წლის წერილის პასუხად აცნობა, რომ ხელშეკრულების 3.1.4. მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ, ამავე მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა სააგენტოს ნაცვლად 2020 წლის 22 ივნისისა, წარედგინა ვადაგადაცილებით, 2022 წლის 20 მაისს. ამდენად, კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან 23.06.2020 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 34 850 ლარს;

6.11. 2022 წლის 30 დეკემბერს და 2023 წლის 4 აპრილს მოიჯარემ კვლავ მიმართა სააგენტოს და სთხოვა პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება, რაზეც 2023 წლის 17 იანვრისა და 2023 წლის 11 მაისის წერილებით უარი ეთქვა კომპანიას.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს შემცირებას, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს/ მისი ოდენობის კანონიერებისა და მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-10, 361-ე, 418-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე სახეზეა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო პერიოდზე პანდემიის გამო შეჩერდა ხელშეკრულების მოქმედება, ე.ი. შეჩერდა მხარეთა უფლება-მოვალეობები. ამდენად, ხელშეკრულების შეჩერების პერიოდში, შეუძლებელია რომელიმე მხარეს დაერღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საქმეში წარდგენილი იჯარის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. პანდემიის პერიოდში არ ფუნქციონირებდა არც სპორტული და არც ტურისტული ღონისძიებები, იჯარის საგნის გამოყენება არ ხდებოდა, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო მოსარჩელე. ამდენად, აუდიტორული დასკვნის შედგენა იმის თაობაზე, რომ იჯარის საგანი სადავო პერიოდზე გამოიყენებოდა სპორტული/ტურისტული მიზნით, შეუძლებელი იყო.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვალდებულების დარღვევის, არაჯეროვანი შესრულების, ვადაგადაცილებული დღეებისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა, ხოლო მოპასუხეს თავის მხრივ უნდა დაედასტურებინა მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე მხარემ წარმატებით დაძლია მტკიცების ტვირთი და გასაზიარებელია მისი პოზიცია, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობა - ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, წინამდებარე საქმეში არ გვაქვს.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თითოეული პუნქტი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის N507 დადგენილებით გათვალისწინებული პირობები უნდა განიმარტოს სსკ-ის მე-8 და 115-ე მუხლის ჭრილში, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ბოროტად არ გამოიყენონ უფლება.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, შესაფასებელია: (1) სადავო პერიოდზე (2020-2021წწ.) ხორციელდებოდა თუ არა იჯარის საგნის გამოყენება; (2) იყო თუ არა ეს პერიოდი იმ ფორსმაჟორულ პერიოდად მიჩნეული, როდესაც მოიჯარე თავისუფლდებოდა ვალდებულებისაგან და (3) შესაძლებელი იყო თუ არა ამ პერიოდში აუდიტორული დასკვნის მომზადება მაშინ, როდესაც საიჯარო ფართზე არანაირი ღონისძიება არ ხორციელდებოდა.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სარჩელზე თანდართული 2022 წლის 18 იანვრის N4/2385 სააგენტოს წერილზე, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარე გაათავისუფლა 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან. დასახელებული დოკუმენტით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელემ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ 2020-2021 წლებში პანდემიური მდგომარეობის გამო მოიჯარე არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და გაათავისუფლა საიჯარო ქირის გადახდისაგან. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნია და გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზე, რომ ალოგიკური და დაუსაბუთებელია სააგენტოს მოთხოვნა იმავე პერიოდზე აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვალდებულებაზე, რამდენადაც როგორც აღინიშნა, სააგენტოსათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ამ პერიოდში მოიჯარე არ ახორციელებდა საქმიანობას და სწორედ ამიტომ (პანდემიური ვითარების გამო) გაათავისუფლა იგი ქირის გადახდის ვალდებულებისგან.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

15.1. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა - ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, წინამდებარე დავაში არ გვაქვს. სააგენტოსა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარეს იჯარის უფლებით გადაეცა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვირში მდებარე 18 919 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 64.24.01.441). ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო ქონების ან მისი ნაწილის სპორტული/ტურისტული მიზნით გამოყენება. მითითებული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, 3.1.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში, ხოლო შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ამასთან, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილია 2 წელიწადზე ნაკლები, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 45 კალენდარული დღისა, მეიჯარეს უნდა წარედგინა ხელშეკრულების 4.5 მუხლით განსაზღვრული აუდიტორული დასკვნა. ხელშეკრულების 3.1.4 მუხლით განსაზღვრული აუდიტორული დასკვნა მოიჯარეს სააგენტოში უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით), თუმცა აღნიშნული ვალდებულება შესრულდა ვადაგადაცილებით - 2022 წლის 20 მაისს; ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად, 3.1.4 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 20 მაისამდე (697 დღე) დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 34 850 ლარი (697x50=34850);

15.2. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მე-20 პუნქტის პირველ აბზაცში მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს 2022 წლის აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვალდებულების არსებობა და იქვე დასძენს, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისთვის შესაფასებელია სადავო პერიოდზე (2020-2021 წწ.) ხორციელდებოდა თუ არა იჯარის საგნის გამოყენება. აღნიშნული მსჯელობა სრულიად შეუსაბამოა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების 3.1.4 მუხლით განსაზღვრული აუდიტორული დასკვნა მოიჯარეს სააგენტოში უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა (წარადგინა ვადაგადაცილებით, 2022 წლის 20 მაისს), შესაბამისად, ამავე დასკვნით გათვალისწინებული პერიოდი, როდესაც მოიჯარეს უნდა უზრუნველეყო ქონების ან მისი ნაწილის სპორტული/ტურისტული მიზნით გამოყენება, გულისხმობდა არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ 2020-2021 წლების პერიოდს, არამედ, 2018 წლის 20 ივნისიდან 2020 წლის 20 ივნისამდე პერიოდს;

15.3. საქმეში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ პანდემიის პერიოდში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სუბიექტები არ ახორციელებდნენ აუდიტორულ საქმიანობას, რაც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში აუდიტორული დასკვნის წარდგენას;

15.4. მოვალის აღიარებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვალდებულება. ასევე, უდავოა, რომ მხარეები საკუთარი ნების ავტონომიის, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, შეთანხმდნენ იჯარის ხელშეკრულების ყველა პირობაზე, მათ შორის, პირგასამტეხლოზე და არცერთ ეტაპზე არ გამოკვეთილა ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის შეთანხმების არახელსაყრელი პირობების კარნახის ფაქტი. მოპასუხე მხარე წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილ სუბიექტს, შესაბამისად, იგი ხელშეკრულების გაფორმების მომენტშივე აცნობიერებდა პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს. დაკისრებული პირგასამტეხლო არა თუ გაუქმებას, არამედ შემცირებასაც კი არ ექვემდებარებოდა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად უთხრა უარი მოსარჩელეს/მეიჯარეს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.: სუსგ №ას-848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემბერი; №ას-1274-2022, 2022 წლის 22 ნოემბერი; №ას-1245-2022, 2023 წლის 9 მარტი).

23. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

24. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 2019 წლის 13 დეკემბერი; №ას-89-2024, 2024 წლის 12 აპრილი; №ას-65-2024, 2024 წლის 15 აპრილი).

25. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ.: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ: სუსგ №ას-827-2021, 2021 წლის 3 დეკემბერი).

26. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

27. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მოიჯარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებას ედავება, კერძოდ, სააგენტოს მითითებით, მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვადა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

29. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

30. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა.

31. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა სააგენტოს 2020 წლის 22 ივნისის ნაცვლად 2022 წლის 20 მაისს წარედგინა.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე შესაგებლის ფარგლებში პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად იჯარის ხელშეკრულების მე-8 მუხლსა და პანდემიის არსებობაზე მიუთითებდა.

33. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას (სსკ-ის მე-400 მუხლი). ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (სსკ-ის 401-ე მუხლი).

34. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით. კერძოდ, „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“ (იხ. ჩიტაშვილი ნათია, სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17). ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები (იხ. სუსგ №ას-211-2024, 26.04.2024 წ.).

35. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში განმარტებული აქვს, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ-ები: Nას-1063-2021, 21.12.2022წ.; Nას-1585-2022, 12.06.2023წ.; Nას-950-2022, 5.12.2023წ.; Nას-1383-2023, 18.01.2024წ.)

36. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება 2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა, ამასთან მოიჯარემ ხელშეკრულების 3.1.4 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის ვალდებულება პირველად ვადაში, 2018 წლის 20 ივნისს შეასრულა, რის შემდეგაც შემდეგი აუდიტორული დასკვნის წარდგენის თარიღი, მართლაც დაემთხვა პანდემიის პერიოდს, რამდენადაც აღნიშნული დასკვნის წარდგენა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2020 წლის 22 ივნისისა.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრის ფარგლებში შედავებული არ არის გარემოება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მხედველობაში მიიღო ფაქტი, რომლის შესაბამისად, 2020-2021 წლებში პანდემიის გამო მოიჯარე არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და გაათავისუფლა საიჯარო ქირის გადახდისაგან. ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება უზრუნველყო საიჯარო საგნის ან მისი ნაწილის სპორტული/ ტურისტული მიზნებისათვის გამოყენება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოპასუხე კომპანიის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განუხორციელებლობის ფაქტი, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სადავო აუდიტორული დასკვნის წარდგენა პანდემიის გამო გახდა შეუძლებელი, რამდენადაც მოპასუხე კომპანია ისეთ სფეროში ოპერირებდა, რომელზეც პირდაპირ მოახდინა გავლენა პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა.

38. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელზე დართულ მოპასუხე კომპანიის მიერ 2020 წლის 17 ივნისისა და 2021 წლის 28 ივნისის წერილებზე, რომელთაგან პირველი მოსარჩელეს წარედგინა სადავო ვალდებულების შესრულების თარიღამდე (22.06.2020), სადაც კომპანია მიუთითებდა ქვეყანასა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, პანდემიაზე, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე და მოითხოვდა იჯარის ხელშეკრულების გადახედვას კომპანიის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნავდა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებულ კომპანიათა სიაში მყოფი აუდიტორული კომპანიების თანხა მიუწვდომელი იყო და ითხოვდა ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის წარდგენის გადავადებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ წერილებზე სააგენტომ 2022 წლის 18 იანვარს უპასუხა მოიჯარეს და აცნობა, რომ თავისუფლდებოდა 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე იჯარის ხელშეკრულების საფასურის გადახდის ვალდებულებისა და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, თუმცა ამავე წერილის ფარგლებში მხარეს მოუწოდა ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტის შესრულებისკენ.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლო წინამდებარე განჩინების 15.2 პუნქტში მითითებული კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 3.1.4 მუხლის საფუძველზე ამავე ხელშეკრულების 4.5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი აუდიტორული დასკვნის წარდგენის თარიღი დაემთხვა პანდემიის პერიოდს, მიუხედავად იმისა, რომ წარსადგენ დასკვნას უნდა მოეცვა 2018 წლის 20 ივნისიდან 2020 წლის 22 ივნისამდე პერიოდი, მისი წარდგენის საბოლოო ვადა სწორედ 2020 წლის 22 ივნისი იყო. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღისათვის იყო საჭირო მოპასუხე კომპანიის მხრიდან შესაბამისი თანხების მობილიზება. წინამდებარე საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიამ აუდიტორული დასკვნის წარდგენის გადავადების საფუძვლად სწორედ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებულ კომპანიათა სიაში მყოფი აუდიტორული კომპანიების მომსახურების თანხის მიუწვდომლობა მიუთითა (იხ. 2020 წლის 17 ივნისის წერილი, ს.ფ 49-50). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააგენტომ მხედველობაში მიიღო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მოიჯარე გაათავისუფლა საიჯარო ქირის გადახდისაგან.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები დასახელებული აუდიტორული დასკვნის წარდგენის მიზანი - ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების (უზრუნველყოს „ქონების“ ან მისი ნაწილის სპორტული/ტურისტული მიზნებისათვის გამოყენება) შესრულების დადასტურება. დაგვიანებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დასტურდება, რომ კომპანიამ 20.06.2018-5.05.2022 (იხ. აუდიტორული დასკვნა, ს.ფ. 60) პერიოდში შეასრულა ხელშეკრულების 3.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

41. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართლზომიერად ეთქვა უარი მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ საქმე Nას-649-2022, 18 ოქტომბერი, 2022 წელი), ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

44. კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე