გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1513-2025
26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „თ.ს.ი–ის“ 2025 წლის 10 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „თ.ს.ი–ის“ 2025 წლის 10 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
2. სს „თ.ბ–მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება.
3. კ.ქ–მა (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“, „კერძო საჩივრის ავტორი“, „განმცხადებელი“) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა პოზიცია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებით, ამასთან, განცხადება შეიცავდა ინფორმაციას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა წარმოდგენილი განცხადება იყო საჩივარი, რომლითაც მხარე ითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას თუ განცხადება, თავისი შინაარსით, წარმოადგენდა შესაგებელს. ამასთან, მხარეს დაევალა შესაბამისი ბაჟის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას.
5. ზემოაღნიშნული განჩინება მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 7 ოქტომბერს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი (შესაგებელი) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „თ.ს.ი–ის“ 2025 წლის 10 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც განჩინება საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2025 წლის 7 ოქტომბერს, მისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 8 ოქტომბერს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 2025 წლის 17 ოქტომბერს ამოიწურა. საჩივრის ავტორს ხარვეზი უნდა შეევსო 2025 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიმართა განცხადებებით 2025 წლის 27 ოქტომბერს, ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2025 წლის 27 ოქტომბერს საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებას მხარს უჭერს, ითხოვს განცხადება განხილულ იქნას როგორც შესაგებელი და გაუქმდეს უკანონოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. მეორე განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული განცხადება გამოიგზავნა 2025 წლის 16 ოქტომბერს წარმომადგენლის ელექტრონული ფოსტით (მეილით), მაგრამ როგორც მისთვის ცნობილი გახდა, განცხადება ტექნიკური ხარვეზის მიზეზით ვერ დარეგისტრირდა, შესაბამისად, განცხადებას ხელმეორედ გზავნის სასამართლოში, ითხოვს გაშვებული ვადა სასამართლომ ჩათვალოს საპატიოდ და განცხადება განიხილოს როგორც შესაგებელი.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივრის ავტორმა ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება. მხარე განცხადებაში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ განცხადებას მხარს უჭერს, ითხოვს სასამართლომ განცხადება განიხილოს როგორც შესაგებელი, თუმცა იგი განცხადებებში საჩივრის ავტორად არის მითითებული და იქვე მოითხოვს სასამართლომ გააუქმოს უკანონოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება კი შესაძლებელია მხოლოდ საჩივრის წარდგენის გზით („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი)), შესაბამისად, სასამართლოსთვის ბუნდოვანია აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საჩივარს, რომლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, თუ შესაგებელს.
10. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე მუხლებზე მითითებით წარდგენილი საჩივარი (შესაგებელი) განუხილველად დატოვა, დაუშვებლობის გამო.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა კერძო საჩივარი.
12. კერძო საჩივრის თანახმად, ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა სასამართლოში 2025 წლის 16 ოქტომბერს, თუმცა ვერ დარეგისტრირდა სააპელაციო სასამართლოში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო. შესაბამისად, განცხადება ხელმეორედ გაიგზავნა 2025 წლის 27 ოქტომბერს. მხარე მოითხოვდა გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევას. განმცხადებლის მითითებით, კერძო საჩივარს ერთვის ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც ადასტურებს განცხადების ვადაში გაგზავნას. მხარე წარმოდგენილ კერძო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო შესაგებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე.
13. მხარემ სასამართლოში ასევე წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2025 წლის 24 ნოემბერს გაცემული წერილი, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით აღინიშნებოდა ხარვეზი, რის გამოც სასამართლო სისტემაში ელექტრონული წერილების შემოსვლა დახარვეზებული იყო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევის მოტივით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი საჩივრის (შესაგებლის) განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში ასევე - „სსსკ“) 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება - სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის ხარვეზი, რომელმაც განაპირობა სასამართლო სისტემაში ელექტრონული წერილების შესვლის ხარვეზი და შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი განცხადების სასამართლოში დროულად დარეგისტრირება, შესაბამის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ნამდვილად წარმოადგენს განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარს ერთვის ელექტრონული ფოსტიდან ამონაბეჭდი, რომლის შესაბამისად, 2025 წლის 16 ოქტომბერს ნამდვილად გაიგზავნა განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე. ამონაბეჭდიდან ასევე ირკვევა, რომ განცხადება წარდგენილია 2ბ/4193-25 საქმეზე, ხოლო ელ. ფოსტის თანდართული ფაილის ვიზუალური ანაბეჭდით (ე.წ „სქრინშოტით“) ირკვევა, რომ განცხადების შედგენის თარიღია 16.10.25 წელი. საქმის მასალებში ასევე მოიპოვება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2025 წლის 24 ნოემბერს გაცემული წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2025 წლის 16 ოქტომბერს ელექტრონულ ფოსტას ნამდვილად აღენიშნებოდა ხარვეზი და სასამართლო სისტემაში ელექტრონული წერილების შესვლა დახარვეზებული იყო (იხ. ს.ფ.167, 176-177).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, მხარემ წარადგინა 2025 წლის 16 ოქტომბერს, განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის დაცვით, თუმცა მისი დარეგისტრირება ვერ მოხდა სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე არსებული ხარვეზის გამო. ამდენად, დასტურდება, რომ განმცხადებელს ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა შესაგებლის დასაშვებობის საკითხს, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (ელექტრონული ფოსტის ამონაბეჭდი, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2025 წლის 24 ნოემბერს გაცემული წერილი) შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
24. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს კ.ქ–ის შესაგებლის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე,285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ქ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს კ.ქ–ის შესაგებლის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე