დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.03.2026
საქმის ნომერი
ას-1300-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1300-2025 12 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „თ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ტ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2023 წლის 27 ივნისს მოსარჩელესა და სს „თ.დ–ვას“ შორის გაფორმდა N CMO1085325/23 ავტომობილის დაზღვევის პოლისი და N CMO-001/16 ავტოდაზღვევის მნიშვნელოვანი პირობები, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 106 000 ევროთი, ხოლო წლიური სადაზღვევო პრემიის თანხად - 6360 ევრო.

2. სს „თ.ბ–ის“ სესხზე მიბმული ავტომობილის დაზღვევის პირობების #C/MO-001/16 თანახმად, დაზღვეულ რისკებში შედის ავტო-საგზაო შემთხვევა (ავარია) ამავე ხელშეკრულების მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) განმარტებულია, როგორც გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება.

3. 2023 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში, .......... მიმდებარედ ზ.ტ–მა, რომელიც მართავდა BMW მარკის ავტომობილს, სახ. ნომრით ......., ვერ უზრუნველყო მოძრაობის წესების დაცვის უსაფრთხოება, კერძოდ, არ დაიცვა უსაფრთხო დისტანცია და შეჯახება მოახდინა მის წინ მიმავალი სუბარუს მარკის ა/მანქანაზე სახ. ნომრით ........, რომელსაც მართავდა მოქალაქე მაია არჩვაძე. შეჯახების შედეგად ბმვ-ს მარკის ა/მანქანას დაუზიანდა წინა მხარე, ხოლო სუბარუს მარკის ა/მანქანას - უკანა მხარე. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალეულობა გამოიკვეთა ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლის მხრიდან, რომლის მიმართ ასკ-ის 125*-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი eu387038, რომელიც მას ჩაბარდა.

4. 2023 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში, .........., მოსარჩელეს მოუხდა სადაზღვევო შემთხვევა, რომლის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურებაზე, სს „თ.დ–ვის“ 2023 წლის 26 დეკემბრის N MOCL175908-C, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტით, მოსარჩელეს ეთქვა უარი, შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის საფუძვლით. კერძოდ, მზღვეველი უთითებს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარის შეზღუდვა არის 40 კმ/სთ, ასკ 125-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იზრდება, თუკი მძღოლი დადგენილ სიჩქარეს აჭარბებს 40 კმ/სთ და მეტი სიჩქარით. უფლებამოსილი მძღოლის მიერ კი დადგენილ სიჩქარეს გადაჭარბებულ იქნა 51 კმ/სთ-ით რაც წარმოადგენს სამართალდარღვევასა და უხეშ გაუფრთხილებლობას.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/12/2023 წლის N008708 დასკვნის თანახმად, ავტომობილი BMW M5, სახ. ნომრით ......., საიდენტიფიკაციო ნომრით, ........საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევამდე 0.5 წამით ადრე მოსარჩელე 91 კმ/სთ მოძრაობდა, ხოლო შეჯახებისას 73 კმ/სთ.

6. ქ. თბილისში, .......... სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარე ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ.

7. შპს „ჯ. მ–ის“ მიერ 2023 წლის 30 ნოემბერს შედგენილი მომსახურების შეთავაზების თანახმად, ავტომობილის შესაკეთებელი ხარჯი ჯამში 181 019.53 ლარს შეადგენს, საიდანაც ავტომობილის ნაწილების საფასურია - 164 355,26 ლარი, ხოლო ხელობის საფასური - 16 664,27 ლარი.

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 12 თებერვლის N000774824 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2023 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ BMW M5-ზე სახელმწიფო ნომრით .........., საიდენტიფიკაციო ნომრით .........., დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 156 366 ლარს.

9. 25.01.2024 წელს ზ.ტ–მა განმეორებით მიმართა სს თ.დ–ვას მიყენებული ზიანის - 177 865.12 ლარის ანაზღაურების თაობაზე, მიმართვაში საუბარია ასევე მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ამაღლების ქუჩაზე, სადაც მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა, მოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა 40 კმ/სთ, ვინაიდან მოსარჩელე 91 კმ.სთ მოძრაობდა, დამზღვევმა ჩათვალა, რომ 40 კმ სთ და მეტი სიჩქარით გადაჭარბება წარმომადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას, რის გამოც უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. მოსარჩელის მითითებით, თბილისში, ........... სატრანსპორტო მოძრაობის სიჩქარე ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარე და უხეშ გაუფრთხილებლობად აღარ ითვლება და ექვემდებარება სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებას. აღნიშნულის პასუხად, 2024 წლის 02 თებერვალს სს თ.დ–ვამ მიმართა ზ.ტ–ს და განუმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის ტერიტორიაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/სთ, აღნიშნულ მაქსიმალურ სიჩქარეზე 15 ან ნაკლები კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება არ ითვლება სამართალდარღვევად და უხეშ გაუფრთხილებლობად, 15 კმ/თ-ზე მეტი კი წარმოადგენს სამართალდარღვევას და გათვალისწინებულია ჯარიმა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ამაღლების ქუჩა წარმოადგენს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას, აღნიშნულ ქუჩაზე სიჩქარის შეზღუდვები გათვალისწინებულია 40-დან 60 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარემდე და ცხადია, ამ გარემოებების გათვალისწინებით უფლებამოსილი მძღოლის ქმედება ჩაითვლება უხეშ გაუფრთხილებლობად.

10. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ.ტ–მა სარჩელი აღძრა მოპასუხის - სს „თ.დ–ვის“ მიმართ, სასარჩელო მოთხოვნით: მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ - 156 366 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

11. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, (1). ზ.ტ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „თ.დ–ვას“ ზ.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის 156 366 ლარის გადახდა.

13. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სს „თ.დ–ვის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა; აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

15. საკასაციო საჩივარი

15.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15.2. კასატორის მითითებით, ის ცდილობდა სასამართლოს გაემახვილებინა ყურადღება შემთხვევის ფარგლებში არსებულ იმ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებებზე, რომლების ერთობლიობაც უხეშ გაუფრთხილებლობას ქმნიდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ არ იმსჯელა გარემოებათა ერთობლიობაზე და მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბების დონეზე ააგო არგუმენტაცია. ასევე, სასამართლოთი დადგენილი გარემოებების არარსებობაზე მიუთითა. აღნიშნული გარემოებები რეალურად, არ არის ამომწურავად დადგენილი სასამართლო პრაქტიკით.

15.3. კასატორმა მიუთითა შემდეგ გასათვალისწინებელ გარემოებებზე: სასამართლო უთითებს, რომ დასახელებულ ადგილას დასაშვები სიჩქარე 40-60 კმ საათია. ექსპერტიზაში მითითებულია, რომ მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანის შემდეგ ავტომობილი 91 კმ/სთ-ით მოძრაობდა, რაც სასამართლოს არ უხსენებია.

15.4. აქსელერაციის მხრივ, ექსპერტი მიუთითებს, რომ მძღოლი შემთხვევამდე 3.5 წამით ადრე მაქსიმალური დატვირთვით დააწვა სამუხრუჭე აქსელერატორს და ძრავის ბრუნვაც მკვეთრად იცვლება. შემთხვევის დროს კი მაჩვენებელთა დაფაზე ბრუნვა წითელი ზონის ზღვარზე იყო.

15.5. სასამართლო სიჩქარის გადაჭარბების ფაქტსა და აჩქარების დროს არ აფასებს შემთხვევის ადგილთან მიმართებაში. შემთხვევის ადგილის ქუჩა არის საკმაოდ ვიწრო, მოსახვევებით დატვირთული და მჭიდროდ დასახლებული, სადაც არის ინტენსიური მოძრაობა. აღნიშნული გარემოებების ცოდნის გამო, მძღოლი ვალდებული იყო მაქსიმალურად დაეცვა უსაფრთხოების წესები და სიფრთხილე. სასამართლო დაუსაბუთებლად ადგენს, რომ რადგან ქუჩა დატვირთული იყო, მანქანამ 31 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. ეს მსჯელობა ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ასეთ ადგილას სავსებით შესაძლებელია 91 კმ/სთ სიჩქარით გავლა.

15.6. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ მძღოლზე მანამდე გამოწერილია 12 საჯარიმო ქვითარი სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით. ასეთი სამართალდამრღვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების მიცემა იქნება წახალისება იგივეს გაკეთებისთვის.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია: სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების მართლზომიერების კვლევა. ზიანის ანაზღაურება დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად იქნებოდა სახეზე დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობა, რადგან ეს უკანასკნელი შემთხვევა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების საფუძველს. შესაბამისად, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად შეეძლო წინამდებარე სავარაუდო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე.

21. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე [„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლი].

22. დაზღვევის ხელშეკრულების ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 799-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

23. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).

24. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 14, გვ. 4, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).

25. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში [სსკ-ის 821-ე მუხლი]. სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი [სსკ-ის 823-ე მუხლი].

26. სადაზღვევო თანხა ის ფულადი თანხაა, რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევის ობიექტის დაზღვევა. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის ობიექტის ეკონომიკური ღირებულების მიხედვით (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 24, გვ. 7, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016). შესაბამისად, თუ დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების ეკონომიკური ღირებულება იცვლება, აღნიშნული უნდა აისახოს სადაზღვევო თანხაზეც. ამ თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსი ადგენს როგორც გადაჭარბებული დაზღვევის (იხ. 822 I), ისე შემცირებული (არასრული) დაზღვევის მოწესრიგების წესებს (იხ. 827 I). სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც დაზღვეულ ქონებას გააჩნია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 821-ე მუხლის კომენტარი, ველი 3, 5, გვ. 1, ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016).

27. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ შესაფასებელი იყო ის, თუ რამდენად იყო სახეზე უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევა, რასაც უნდა გამოერიცხა ან დაედგინა მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურება.

28. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზღვეული, შეჯახებამდე 0.5 წამით ადრე 91 კმ/სთ მოძრაობდა, ხოლო შეჯახებისას 73 კმ/სთ-ით. სიჩქარის გადამეტების აღნიშნული მაჩვენებელი კი მზღვეველის განმარტებით უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან ჩადენილ უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. საქმის მასალებში მოთავსებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მომართვა, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ - .......... ქუჩა N1-დან N25-მდე (შეჯახების ადგილას) სატრანსპორტო მოძრაობის სიჩქარე დაშვებულია არაუმეტეს 60 კმ/სთ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან, შეჯახებამდე, ადგილი ჰქონდა სიჩქარის გადაჭარბებას 31 კმ/სთ სიჩქარით.

29. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, შესაფასებელია, სახეზე იყო უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა“ (იხ საქმე 1306-1226-2015).

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა განამტკიცებს დაზღვევის ხელშეკრულების ფუნდამენტურ პრინციპს. აღნიშნული პრინციპი დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს. ნორმის მიზანია დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე 829-ე მუხლში მოცემული ნორმის ადგილი, სისტემური თვალსაზრისით, დაზღვევის მომწესრიგებელ დებულებებს შორისაა (იხ. 829-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge). შესაბამისად, ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა, უნდა დადგინდეს დამზღვევის ბრალეულობის ხარისხი შემთხვევის დადგომისას.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თითოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. გაუფრთხილებლობა უხეშია თუ მარტივი, დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც განსაკუთრებით მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს (იხ. სუსგ, საქმე №ას-618-618-2018). მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014; ამგვარი განმარტებაა ასევე მოცემული საქმეში №ას-943-901-2013).

32. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2015).

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად (იხ. სუსგ №1319-1257-2014).

34. აღსანიშნავია, რომ უხეში გაუფრთხილებლობის მზა დეფინიციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. აღნიშნულის დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის კომპლექსურად გაანალიზების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-662-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი).

35. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებას კისრულობს სადაზღვევო კომპანია, ხოლო ხელშეკრულება მოიცავს იმ სტანდარტული გამონაკლისების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხება. კერძოდ, არ ანაზღაურდება ზარალი, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც, მაგ. მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, არ ემორჩილება ამკრძალავი და გამაფრთხილებელი საგზაო მონიშვნების/ნიშნების მოთხოვნებს, უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. ხოლო თუ დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლებოდა შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.

36. მოცემულ შემთხვევაში, მომხდარი ავარიის მიმართ დამდგარი შედეგების და ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, მძღოლის ქმედება ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად, მძღოლის ქმედების მარტივ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომ საგზაო მოძრაობის მოთხოვნები დაირღვა უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მძღოლის მხრიდან ე.წ. „მარტივ გაუფრთხილებლობას“, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. რამდენადაც, უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა.

37. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე არსებული გარემოებების/მტკიცებულებების (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) ანალიზის საფუძველზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის/მასშტაბის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა მართლზომიერია.

38. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „თ.დ–ვას“ (ს.კ. 4........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N1760523484; გადახდის თარიღი: 15.10.2025, მიმღები: ხაზიანის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტი) 8000 ლარის 70% - 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი